არასამთავრობოები, ევროპული გამოცდილების ცრუ მქადაგებლები! - კვირის პალიტრა

არასამთავრობოები, ევროპული გამოცდილების ცრუ მქადაგებლები!

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე უნდა ვთქვა ის, რაც ყოველთვის მინდოდა, მეთქვა. მაგრამ, უპირველესად განვმარტავ, რომ კონსტრუქციული უკმაყოფილება არ უნდა აგვერიოს კრიტიკაში, რაც ჩვენს ქვეყანაში უკვე (მიზანმიმართულად) არეულია. შეგახსენებთ - კონსტრუქციული უკმაყოფილების დროს იკვეთება პრობლემის უკეთ გადაჭრის გზა, კრიტიკა კი მხოლოდ უკმაყოფილებას გულისხმობს,

აქვე - ლანძღვა კი მხოლოდ ადამიანის, პიროვნების განადგურებას.

ჭორის დონეზე დაყვანილი გარჩევები არ არის პოლიტიკური ოპონირება. ხშირად ვფიქრობ, უკმაყოფილო სტუდენტი რომ დახვედროდა საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და „ბატონო-მონა“ დაეძახა, რაც გინდა პრობლემური საკითხიდან გამოწვეული უკმაყოფილება ყოფილიყო, მშვიდად აიტანდა თუ არა?

მე პასუხი კარგად ვიცი. თქვენ დაფიქრდით, ვინც ზიზღის პოლიტიკას აწყობთ და ეს არ ხდება მხოლოდ ერთი მხრიდან.

დემაგოგიური დისკუსია ქვეყნის მთავარ პრობლემებზე გრძელდება. ამ ფონზე, როდესაც სიტყვა "არასამთავრობო" მესმის, სამწუხაროდ, პირველი, რასაც ვფიქრობ არის: -ნეტავ, რამდენს უხდიან, რომ კონკრეტულ პრობლემაზე ასე ცალმხრივად ლაპარაკობენ-მეთქი?! გულწრფელად გეტყვით - მირჩევნია ვიყო ღარიბი, ვიდრე, თუნდაც, მილიონის ფასად ვილაპარაკო ის, რისიც თვითონ არ მჯერა; ან მხოლოდ დამიკვეთონ და ბრმად შევასრულო; ან ვხედავდე, რომ სიმართლესთან შესაბამისობაში არ არის, მაგრამ ფულისთვის მიღირდეს...

მოკლედ, მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომელიც თავად "არასამთავრობოებმა" შექმნეს, ბოლო წლების განმავლობაში, ვითომდა, დღეს ისინი არიან პროდასავლურები და დანარჩენი, მთელი ერი - "პრორუსული" და, ამასთანავე, გაუნათლებელი.

"არასამთავრობოები" ხშირად აპელირებენ ევროპული ქვეყნის გამოცდილებით, მაგრამ სინამდვილეში ეს არარეალურია. ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ისინი „სწავლობენ“, თუკი შეეხე, მტერი ხდები.

საკუთარი ერის მუდმივი შეურაცხყოფა, ნებისმიერი საკითხის ცალმხრივად გაშუქება, საზოგადოებისთვის არასწორი მიმართულების მიცემა - კიდევ რამდენი დამახასიათებელი ნიშანი ჩამოვთვალო, რომ დღევანდელი "არასამთავრობოების" რეალური სახე წარმოვაჩინო?

ჩემი თვალთახედვით, დღეს აქტიური "არასამთავრობო ორგანიზაციები" (გამოკვეთილად რამდენიმე მაინც) ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს საბოლოოდ შეაძულონ დასავლური ცივილიზაცია. ამასთანავე, დააკნინონ და გაათახსირონ ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოს წინაშე. ხშირ შემთხვევაში, არასწორი მიმართულება ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდის, რასაც მოსდევს ხოლმე არასწორი პოლემიკა და შეფასებები.

ერთ-ერთი მაგალითი, რასაც ისინი ხშირად წარმოაჩენენ, თითქოს დასავლური ღირებულებები ცალმხრივად და უპირობოდ ლგბტ პირების დაცვაა, რაც ასე არ არის (ან ამ თემაზე დიდი ფული კეთდება).

ასეთი ამბავი იყო: თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ლგბტ პირსა და ჰეტეროსექსუალს შორის ჩხუბი მოხდა. ლგბტ პირმა ჰეტეროსექსუალი ჯერ გააღიზიანა და შემდეგ დაჭრა. პოლიციამ კი ჰეტეროსექსუალი დააკავა, რადგან რეალურად ვინც იყო დამნაშავე ანუ ლგბტ პირი რომ დაეკავებინა, "ჩასაფრებული არასამთავრობოები" ერთ ამბავს ატეხდნენ: ეს "ბნელეთის მოციქული" ქართველი ერი რამდენს ბედავსო (ჩანს პოლიციამაც აირიდა ეს ამბავი).

განვითარებულ ქვეყნებში არსებობს კანონი, რომელიც მე, როგორც უცხოელს, ლგბტ პირს, ქუჩაში მჯდომ ხელგამოწვდილ კაცს და მთავრობის ნებისმიერ წევრს თანაბარ პოზიციაში გვაყენებს. „არასამთავრობოები“ ამაზე არაფერს ამბობს და არაფერს აკეთებს. მაშ, სადღაა მათი სიმართლე?

ჩვენთან, ბევრ სეგმენტში ძველი სისტემა მუშაობს, რომლის კრიტიკაც არ ხდება ანაც - რიგ შემთხვევაში, მიშას დამკვიდრებული სისტემაა და ერიდებიან, არ აკრიტიკებენ ანუ სიმართლეს არ ემსახურებიან. და ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რას ნიშნავს არასაბჭოური სისტემით მოწყობილი ქვეყანა; არ იცის, რას ნიშნავს, როცა შენი ღირსება და უფლება დაცულია ყველგან და ყოველთვის.

არასამთავრობოებს ვეკითხები, რომელ ევროპულ ქვეყანაში ეძებენ მიზეზს საკუთარი ხალხის დასაკნინებლად? სად იცავენ მხოლოდ ლგბტ პირებს და არა ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლებებს? სად მალავენ მთელ რიგ უსამართლობებს?

განვითარებულ ქვეყნებშიც აქვთ პრობლემები (თქვენ ეს იცით), მაგრამ იქ კანონი მუშაობს, ყველა დონეზე. კანონის სიმკაცრით ვერავინ გაბედავს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება.

როდესაც უცხოურ გავლენებზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ ვიწრო პარტიული, ვიწრო პირადული და ბიძაშვილ-ახლობლების გავლენიდან არ ვართ გამოსულები და არც ხელისუფლება აკეთებს რამეს ამ მიმართულებით.

ჩვენ დღეს გვჭირდება რეალურად ქვეყნის პრობლემებზე მომუშავე, ეროვნული არასამთავრობოები, რომ სათანადო ოპონირება გაუწიონ უოპოზიციოდ დარჩენილ ხელისუფლებას და არა - ფულზე გაყიდულები, რომლებიც, კაცმა არ იცის, ვისგან ფინანსდებიან და ვისთვის აკეთებენ საქმეს.

ჩვენს ქვეყანაში, როცა ადამიანი დილით სახლიდან გამოდის და ფიქრობს, კიდევ ერთი დღე როგორ გადაიტანოს, ადამიანი, რომლის უფლება ყველგან ირღვევა, ყველანაირ პასუხისმგებლობას კიდევ მას ვაკისრებთ და, ამასთანავე, ხან გაუნათლებელია, ხან ანტიევროპული, ხანაც პრორუსული. ეს უბრალოდ ცრუევროპული პროპაგანდაა, რაც ერის გამოფიტვას იწვევს.

და ვიდრე ერიც და ბერიც ფეხზე გკიდიათ, კვლავაც ვიმეორებ იმ ფრაზას, რისთვისაც ტკივილით ვწერ ხოლმე ჩემს ბლოგებს: ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა - "პრორუსულ თუ ანტიევროპულ ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.