არ მინდა, საქართველოს დროშის ნაცვლად ძონძები ფრიალებდეს - კვირის პალიტრა

არ მინდა, საქართველოს დროშის ნაცვლად ძონძები ფრიალებდეს

ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილმა დროშებმა ისე გამაბრაზა და ზოგადად ბაირაღების, ალმებისა და სიმბოლიკის თემამ იმდენად დამაინტერესა, რომ ბევრი რამ წავიკითხე დროშისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

რა თქმა უნდა, ჩემ ბლოგში ამ ყველაფერს ვერ დავწერ. გამოგიტყდებით, და რომც მინდოდეს, იმდენად მოცულობითი და კაცობრიობის ისტორიაში ღრმად ფესვგადგმული თემაა, რომ თქვენი მონა-მორჩილი ბუზღუნა ათიოდე სტატიის წაკითხვის შემდეგ, თავს უფრო მეტ დილეტანტად თვლის "დროშოლოგიაში" ვიდრე იმ სტატიების წაკითხვამდე...

რაც მთავარია, ის ამოვიკითხე, რაზეც ახლა მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო:

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს თავისი სახელმწიფო დროშა.

დროშაზე სიმბოლურად არის მინიშნებული ქვეყნის მთავარი იდეები, რელიგიური მრწამსი... ფერების შერჩევა დროშაზე გარკვეული მოსაზრებით ხდება. მიღებულია დროშის ფერების სიმბოლური მნიშვნელობა: თეთრი სიწმინდეს და სიბრძნეს ნიშნავს, შავი - სიმტკიცეს, წითელი - სიმამაცეს, სამართლიანობას, ხოლო ლურჯი - დიდებასა და პატიოსნებას.

დღეს არსებულთა შორის ყველაზე ძველი, დანიის სახელმწიფო დროშაა, რომელიც XIII საუკუნეშია შემოღებული...

ფოტოზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რაიონული ოფისის მიმდებარე ტერიტორია ჩანს. ეს დაკონკილი ალმები, ყოფილი შავი ზღვის, ახლანდელი ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ფრიალებს.

მსოფლიო ისტორიის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჯარი ან ლაშქარი დროშის გარეშე შეკრებილიყოს. ყოველი ბრძოლის დროს სწორედ დროშა მიუძღოდა მებრძოლებს შეტევაში. სწორედ დროშა ფრიალებდა ციხე-სიმაგრეებზე და ძალას აძლევდა მათ დამცველებს...

ზუსტად ამიტომ იყო, რომ მედროშეობა ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო ტვირთი იყო. ყველა ცდილობდა, მოწინააღმდეგის მედროშე მოეკლა, ან უკეთესი - მტრის დროშა ჩაეგდო ხელში. ასეთი შემთხვევის დროს ბრძოლის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო ხოლმე...

ეს "ჭინჭები" ლილოს ბაზრობის ტერიტორიას საკმაოდ დიდ ხანს "ამშვენებდა". საბედნიეროდ, სხვასაც მოხვდა თვალში და დღეს უკვე ჩამოხსნილია...

ზოგიერთი ქვეყნის არმიაში დროშის დაკარგვის გამო დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა. ხოლო მტრის დროშის მომპოვებელი განსაკუთრებულ პატივს, ჯილდოსა და დაწინაურებას იმსახურებდა...

დღეს კანონები უფრო ლიბერალური გახდა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში დროშის დაკარგვის შემთხვევაში, ნებისმიერი საბრძოლო ერთეული წყვეტს თავის ფუნქციონირებას და ექვემდებარება რეორგანიზაციას...

როგორც ხვდებით ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება წეროს ადამიანმა, ამიტომ მოვრჩები ზოგად თემებზე ლაპარაკს და კონკრეტულ მაგალითებს დავუბრუნდები:

არ ვიცი აქვს თუ არა ფოტოების კომენტირებას აზრი. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის კუთვნილ ფლაგშტოკზე აფრიალებული საქართველოს ეროვნული დროშა.

ფოტო 1. ეს "უბედური" დროშა უკვე დიდი ხანია კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის გადაკვეთაზე არის მავთულებში გაჩხერილი. ეტყობა რომელიმე სტუმრის ჩამოსვლის დროს ბოძზე ცუდად მიამაგრეს, ქარმა მოგლიჯა და ეხლა ამ შუქნიშანს დაჰყურებს...

ფოტო 2.  ეს დროშა ისნის მეტროსთან მიმდინარე კერძო მშენებლობის ჭიშკარზეა მიმაგრებული...

ფოტო 3. დროშის მახლობლად მდებარე ფირნიშზე ამაყად წერია: თბილისის მერია, ისანი-სამგორის რაიონი, ნავთლუღი.

ამ ფოტოკოლექციას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაგროვებდი. გაზაფხული თბილისში ქარიანი იცის და ყოველ გავლა-გამოვლაზე ვამოწმებდი დახეული დროშა ხომ არ შეცვალეს მეთქი.

სიხარულით გეტყვით, რომ რამდენიმე შელახული დროშა ძალიან ოპერატიულად შეიცვალა. მაგალითად, აეროპორტის ტრასაზე, ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის უზარმაზარი დროშა ქარმა დაძენძა. მეორე დღეს ფოტოს გადასაღებად მისულს ახალი, მედიდურად მოფრიალე გაფითქინებული დროშა დამხვდა და მართლა გამიხარდა, რომ პაპარაცობის მცდელობა ჩამივარდა.

25 მარტის ინფორმაციით (იქ ყოველდღე არ დავდივარ), ლილოს ბაზრობაზეც ჩამოუხსნიათ დახეული დროშები, რომლებიც მართლა სამარცხვინო სანახაობას წარმოადგენდნენ (იხილეთ ფოტო).

ეს ორი ზემოხსენებული, პოზიტიური მაგალითია, თუმცა ძალიან ბევრ ადგილზე დღესაც ფრიალებს ან ყოველ შემთხვევაში, "ცდილობს" იფრიალოს ჭუჭყიანმა, ან დახეულმა ნაჭერმა, რომელსაც ოდესღაც საქართველოს ეროვნული დროშა ერქვა.

ნაციონალური მოძრაობის ახლადაშენებული ოფისის შენობაზეც თუ იგივე პრობლემა დამხვდებოდა, რას ვიფიქრებდი. ფოტოზე რკალით აღნიშნული დროშა აშკარად განსხვავდება სხვებისგან ფერითა და სისუფთავით.

როგორც წესი, დროშები უმეტესწილად პოლიტიკური გაერთიანებების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ობიექტების თავზე ან სიახლოვეს ფრიალებს. სწორედ ამიტომ არის რომ ფოტოგალერეაში უფრო მეტად ოფიციალური სტრუქტურებია დაფიქსირებული. თუმცა როგორც ფოტომასალიდან ხედავთ, არც კომერციული სტრუქტურები გამოირჩევა დროშისადმი ყურადღებით...

ამათ შემხედვარე მიჩნდება კითხვა: უნდა ჰქონდეს, თუ არა, ყველას სახელმწიფო დროშის გამოყენების უფლება? და თუ აქვთ, ვინ უნდა მოსთხოვოს მათ დროშისადმი პატივისცემა?

საერთოდ ახსოვს ვინმეს, რომ დროშა - ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლო, კანონით არის დაცული და მისი შეურაცხყოფა ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც პატივცემული საქართველოს პრეზიდენტის შეურაცხყოფა?!

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი მაისის მოვლენების შემდეგ ახალგაზრდამ, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრთან ბატონ პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამ კანონის სიმკაცრე საკუთარ ტყავზე გამოსცადა...

აი, რა წერია საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ:

მუხლი 5

1. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. (1.11.2008 N 464)

2. აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩემი მიზანი ვინმეს დასჯა ნამდვილად არ არის. მე მინდა რომ როდესაც ხუთჯვრიან დროშას შევხედავ, სადაც არ უნდა ფრიალებდეს, ერთნაირი სიამაყის გრძნობა მეუფლებოდეს და არასოდეს მომინდეს ფლაგშტოკის მეპატრონის შუაზე გაგლეჯვა...

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge