აქეთ "პეტრიოტი", იქით "ჰაიმარსი", უკან კიდევ F-35 - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის რუმინული "თავგადასავალი" - კვირის პალიტრა

აქეთ "პეტრიოტი", იქით "ჰაიმარსი", უკან კიდევ F-35 - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის რუმინული "თავგადასავალი"

თავი სიზმარში გგონია -ერთი ხელის გაწვდენაზე მარცხნივ „პეტრიოტი“ დგას, მარჯვნივ - „ჰაიმარსი“, უკან F-16 გიდგას, წინ - „აბრამსი“, შენ კიდევ ხელი ჩამოდებული გაქვს თვით... F-35-ის ცხვირზე!

მაგრამ ეს სიზმარი არ ყოფილა, ეს ცხადში გახდლათ, რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ BSDA 2024 Black Sea Defense and Aerospace-ზე, შავი ზღვის თავდაცვის, აეროკოსმოსური და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც ამ ბლოგის ავტორი ეწვია და არც უნანია, რადგან ეს თანამედროვე შეიარაღების ნამდვილი მექა გახლდათ, სადაც ყოფნას ნებისმიერი სამხედრო ჟურნალისტი ინატრებდა...

ერთია, როდესაც წერ შეიარაღების სახეობებზე, რომელთა ნაწილის შესახებაც ძირითად ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებ და სულ სხვაა, როდესაც შენი სტატიების „გმირებზე“ - ტანკზე აძვრები, სარაკეტო დანადგარს ყველა მხრიდან დეტალურად დაათვალიერებ და მით უმეტეს - F-35-ს „ჩაეხუტები“...

F-35-ი ბუქარესტის გამოფენის მთავარ ექსპონატად იქცა (მის საბრძოლო ვარიანტთან ახლოს მისვლა შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ, მის სრულ მოდელში კაბინაში ჩაჯდომაც შეიძლებოდა), რაც შემთხვევითი არ გახლდათ, რადგან რუმინეთს მეხუთე თაობის ამ, ამერიკული მრავალდანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა აქვს გადაწყვეტილი, მიუხედავად მათი წარმოუდგენელი სიძვირისა.

1-1716538181.jpeg
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული BSDA 2024-ის საერთაშორისო სამხედრო გამოფენის ექსპოზიცია...

თვით ის ფაქტიც, რომ ბუქარესტში BSDA 2024-ზე შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი 30 ქვეყნის 400-ზე მეტი ფირმა შეიკრიბა, ძალიან ბევრზე მეტყველებს - რუმინეთი თავისი არმიის სერიოზულ გადაირაღებას იწყებს და მსოფლიოს წამყვანი საიარაღო კონცერნებით დაწყებული, ყველა ცდილობს, რუმინელ გენერლებს თავისი პროდუქცია მოაწონოს...

რუმინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 2004 წელს გახდა და განვლილ ორ ათეულ წელში მისი არმია თანდათანობით გადავიდა ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე, თუმცა - არა ბოლომდე.

დღეს რუმინეთის არმიის რიცხოვნობა 80-ათასამდეა და მის შეირაღებაში რამდენიმე წელია, გამოჩნდა ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ზალპური ცეცხლის „ჰაიმარსები“, საზენიტო-სარაკეტო „პეტრიოტები“, მაგრამ ბუქარესტს სურს, უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება შეიძინოს, რაც შეიძლება ახლო მომავალში, რასაც თავისი სერიოზული მიზეზიც გააჩნია - მას 614 კმ სახმელეთო და 33 კმ საზღვაო საზღვარი აკავშირებს იმ უკრაინასთან, რომელიც მესამე წელია, თავს იცავს აგრესორი რუსეთისგან და ჯერ არავინ იცის, საბოლოოდ რით დამთავრდება ეს ომი და პუტინის არმია ხომ არ მიადგება უშუალოდ ნატოს საზღვარს, მათ შორის - რუმინეთთან?

სხვათა შორის, ამის თაობაზე ერთგვარი ორაზროვანი სიტუაცია შეიქმნა ამ გამოფენის საზეიმო გახსნისას, როდესაც რუმინეთის გენშტაბის უფროსმა ხაზი გაუსვა საფრთხეების ზრდას, რაც რუმინეთის არმიის გადაირაღების დაჩქარებას მოითხოვს, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში მოსახლეობა დააწყნარა, რომ ამ ეტაპზე რუმინეთს პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ ემუქრებაო...

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რუმინეთმა და პოლონეთმა, ერთ-ერთმა პირველებმა, „გამოიღვიძეს“, განსხვავებით ნატოს „ბებერი“ წევრებისგან, რადგან ხვდებიან, რომ ალიანსის ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში ისინი ყველაზე ახლოს აღმოჩნდნენ პუტინის აგრესორ რუსეთთან და თავის უსაფრთხოებაზე თავადვე უნდა იზრუნონ...

ბუქარესტის BSDA 2024-ის სამხედრო გამოფენაზე კი ნამდვილი „ომი“ გაიმართა ცნობილ გერმანულ საირაღო კონცერნ Rheinmetall-სა და სამხრეთკორეულ, არანაკლებ ცნობილ Hyundai Rotem-ს შორის, რადგან თითოეულ მათგანს ძალიან სურს, რომ რუმინეთის არმიას თავისი ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და თვითმავალი საარტილერი დანადგარების დიდი პარტია მიჰყიდოს...

3-1-1716538456.jpg
თურქული Cobra II ეფექტიანად ტრიალებდა ექსპოზიციაზე... ასეთი პრეზენტაცია ქართულ „დიდგორსაც“ დაამშვენებდა...

რუმინეთი უკვე შეუთანხმდა აშშ-ს 54 „აბრამსის“ შეძენაზე, მაგრამ ჯავშანსატანკო პარკის გადაიარაღების გაგრძელება სურს, რისთვისაც გერმანული Rheinmetall-ი რუმინეთის გენშტაბს სთავაზობს თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანას Lynx KF4-ს, ხოლო სამხრეთკორეული Hyundai Rotem-ის შეთავაზება ბევრად უფრო მრავალფეროვანია-K2 Black Panther-ის ტიპის ტანკები, Redback-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და K9 Thunder - თვითმავალი საარტილერიო დანადგარები...სამხრეთკორეელების შანსები, რომ გაიმარჯვონ გერმანელების შეთავაზებებზე, საკმაოდ მაღალია, რაც კიდეც იგრძნობოდა მათ გამოხედვებში გამოფენაზე, მით უმეტეს - მას შემდეგ, რაც პოლონეთთან სწორედ ამ ტიპის შეიარაღების მიყიდვაზე ფანტასტიკური მოცულობის გარიგებები გააფორმეს.

რუმინელების მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ რუმინეთის ტერიტორიაზე განხორციელდეს, რასზეც სამხრეთ კორეელები წინააღმდეგი სულაც არ არიან იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ ტანკებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს სწორედ ის ლიცენზირებული ძრავები და ლულები უყენიათ, რომელთა წარმოების უფლება Hyundai Rotem-ს თავის დროზე სწორედ... გერმანულმა Rheinmetall-მა მიჰყიდა ...

საიარაღო გიგანტების ორთაბრძოლის პერიპეტიებიდან ისევ უშუალოდ გამოფენის ატმოსფეროს დავუბრუნდები და პირად შთაბეჭდილებას გაგიმხელთ - სამხედრო ჟურნალისტიკაში 32-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მრავალნაირ სამხედრო ტექნიკასთან მქონია შეხება (მათი ტარებისა და ცეცხლის წარმოების ჩათვლით), გინდ გამოფენებზე, პოლიგონებზე და მით უმეტეს - უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონებში, შედეგად ბუქარესტის BSDA 2024-ის სამხედრო გამოფენაზე ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია აღმოვაჩინე: უსაშველოდ იზრდება თანამედროვე ჯავშანტექნიკის გაბარიტები - ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა თავის ზომებში ბევრად გაასწრეს ძირითად საბრძოლო ტანკებს, რაც, ერთი მხრივ, გასაგებია -ქვეითთა საბრძოლო მანქანაში მჯდომ დესანტს ბევრად მაღალი დონის დაცვის უზრუნველყოფა სჭირდება, ვიდრე ეს საბჭოთა „ბე-ემ-პეს“ ან ამერიკულ „ბრედლის“ აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამხელა „გარდერობის“ გამოჩენა ბრძოლის ველზე ნებისმიერი ყუმბარმტყორცნელის ოცნების აღსრულებად იქცევა, რომ აღარაფერი ვთქვათ FPV-დრონების ოპერატორებზე, რასაც კარგად გვაჩვენებს უკრაინის ფრონტის გამოცდილებაც...

4-1716538402.jpg
გამოფენას ქართული სამხედრო დელეგაციაც ეწვია, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით...

და ერთიც - რუმინეთს გამოცხადებული აქვს 4x4 კონფიგურაციის მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანების შეძენის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც 9 მოდიფიკაციის (სადაზვერვო, საევაკუაციო, მობილური ნაღმსატყორცნი, საშტაბო, კავშირგაბმულობის და ა.შ.) 1 059 ასეთი ჯავშანმანქანის ყიდვას აპირებს და ამ გამოფენაზე გამოიკვეთა, თუ ვინ შეიძლება გახდეს ამ ძალზე მოგებიანი გარიგების მეორე მხარე - დიდი ალბათობით, თურქული Otokar, რომელსაც ბუქარესტის გამოფენაზე ძალზე ეფექტიანად ჰქონდა წარმოდგენილი თავისი Cobra II 4x4... ეს სწორედ ის თურქული „ოტოკარია“, რომლისგან ნაყიდი „კობრების“ პირველი მოდელები ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დროს გამოვიყენეთ...თურქული „კობრას“ მეორე მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედისგან და ის საკმაოდ წააგავს ქართული „დიდგორების“ ბოლო მოდიფიკაციებს, რამაც ძალაუნებურად გააჩინა სურვილი -რამდენად წარმატეული იქნებოდა, რომ რუმინეთში გამართულ ამ მაღალი დონის სამხედრო გამოფენაზე საქართველოსაც მოეწონებინა თავი „დიდგორებით“?!

P.S. 25 წლის წინ, 1999 წელს, საქართველომ პირველად გაიტანა თავის შეიარაღების ნიმუშები საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე EXPOMIL'99-ზე, რომელიც სწორედ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა.

55-1716538314.jpg
სამხრეთკორეული ძირითადი საბრძოლო ტანკი K2 Black Panther, რომელიც რუმინეთის არმიამ შეიძლება შეისყიდოს...

ამ ბლოგის ავტორი მაშინ სამხედრო ჟურნალისტის რანგში მცირერიცხოვანი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა და გახდა ამ ისტორიული მომენტის მონაწილე... „კვირის პალიტრის“ ორშაბათის, 27 მაისის ნომერში დაინტერესებულ მკითხველს მიეცემა საშუალება, გაეცნოს ქართული წარმოების შეიარაღების საერთაშორისო ასპარეზზე პირველი გასვლის ისტორიას, უშუალოდ მონაწილის მოგონებიდან...