"მანჰეტენზე ბიზნესმენმა 5.000 დოლარად შეიძინა ჩემი ნამუშევარი" - კვირის პალიტრა

"მანჰეტენზე ბიზნესმენმა 5.000 დოლარად შეიძინა ჩემი ნამუშევარი"

ციცი დუნდუა 29 წლის გახლავთ. იგი ამერიკაში მატერიალურ პრობლემებს არ გაჰქცევია.

ამბობს, რომ ასე საკუთარი ოცნებების ასახდენად და შვილების უკეთესი მომავლისთვის მოიქცა, ახლა კი ძალებს არ ზოგავს, მიზანს რომ მიაღწიოს.

- სამტრედიიდან გახლავართ. 3 წლიდან ვცეკვავ და ხელოვნებით ყოველთვის გატაცებული ვიყავი. ჩემი ბავშვობა კონცერტებთან, გასტროლებთან და გადაღებებთან ასოცირდება. ქუთაისში დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი, შემდეგ კი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. ვთამაშობდი თეატრალურ დასში "ლიბერტა" და რეჟისორ თამარ საღინაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში "ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ". ჩვენი სპექტაკლი ძალზე პოპულარული იყო. ვითამაშეთ სხვადასხვა ქალაქში და მაყურებლის დიდი სიყვარული მივიღეთ, რისთვისაც მადლობელი ვარ. ის წლები, რაც უკავშირდება ხელოვნებას, სცენას და კონცერტებს, საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

- რა ფაკულტეტზე სწავლობდით უნივერსიტეტში?

- უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდით პროფესიით?

- პედაგოგად არასდროს მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით იმ გამოცდილებას, როცა პრაქტიკანტ მასწავლებლად ვმუშაობდი... რაღაც პერიოდი საქართველოში ვასწავლიდი ცეკვას, შემდეგ კი ამერიკაში წამოსვლა გადავწყვიტე, რადგან აქ ვხედავდი ჩემს თავს.

- როგორ მიიღეთ თავის დროზე სპექტაკლზე როლი?

- კასტინგით მიმიღეს. მახსოვს, პირველად რეჟისორმა მომცა ასეთი დავალება: უხმოდ უნდა მეთამაშა ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი და ჩემი განცდები და ემოცია გადმომეცა. დავალება კარგად შევასრულე და "ლიბერტას" დიდ ოჯახს შევუერთდი. შემდეგ დამაკავეს ზემოთ ხსენებულ სპექტაკლში, სადაც ეშმაკის როლი მომცეს და რომელიც ძალზე საინტერესო სამუშაო იყო ჩემთვის.

- ოჯახზეც მიამბეთ...

- მყავს უსაყვარლესი ოჯახი და ორი შვილი, ლიზი და სალო. ლიზი მოცეკვავეა, სალო კი ხატავს და ძერწავს. ხელოვნების ნიჭი დედისგან მერგო საჩუქრად. ჩემი ოჯახიც ყოველთვის გამოირჩეოდა ხელოვნების სიყვარულით, ყველა უკრავს, მღერის ან ხატავს, ქარგავს და ა.შ.

- ამერიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ამერიკა ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც მინდოდა მეცხოვრა, რადგან ზუსტად ვიცოდი, აქ შევძლებდი ჩემი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას. ორი წელია უკვე ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ყოველი დღე ჩემთვის სიახლე, ახალი გამოწვევაა.

- მანდ ჩასასვლელად რა გზა გაიარეთ?

- ჯერ ევროპაში ვიმოგზაურე და შემდეგ აქ მექსიკიდან გადმოვედი. 1 კვირაში უკვე ამერიკაში ვიყავი, გზაში არ მქონია პრობლემები. ჩემთვის თავდაპირველად ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ ვიყავი სრულიად მარტო, მხოლოდ მე შემეძლო საკუთარი თავის გაძლიერება. დრო არ მქონდა ცუდზე საფიქრად. ორი არჩევანი იყო: ან უნდა ავყოლოდი ამ ქვეყნის რიტმს და გადავრჩენილიყავი, ან ვერაფერს მივაღწევდი, ვერ შევძლებდი განვითარებას. მე რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ავირჩიე და მეორე დღიდანვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ყველაზე რთული იყო ასევე შვილების მონატრება, რომელსაც როგორმე უნდა გავმკლავებოდი, ამისთვის საკუთარ თავში ძალა უნდა მეპოვა ისევ მათი უკეთესი მომავლისთვის.

- ამერიკაში თქვენი პირველი სამსახური რა იყო?

- ერთ-ერთ ცნობილ ქართულ რესტორანში დავსაქმდი მიმტანად, მაგრამ სამწუხაროდ, სამსახურიდან დამითხოვეს, რისი მიზეზიც დღემდე არ ვიცი და უკვე არც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ მაშინ, როდესაც გაუფრთხილებლად გამომიშვეს, ძალიან ვინერვიულე, პრობლემები გაჩნდა, რადგან ქირა მქონდა გადასახდელი, ადვოკატისთვის თანხა მისაცემი, ბანკის წინაშე ვალდებულებაც და როდესაც მოულოდნელად სამსახურის გარეშე დავრჩი, ცხადია, განვიცადე. თუმცა, აქ მცხოვრები ჩემი მეგობრები მხარში ამომიდგნენ, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. მადლობა უფალს, რომ ჩემი ქართველი მეგობრის, ქალბატონი მერის მხარში დგომის წყალობით მანჰეტენზე მივედი გასაუბრებაზე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ბერძნულ რესტორანში, სადაც მიმიღეს და დამასაქმეს. ჩვენი რესტორნის წინ ყოველდღე იღებენ "ნეთფლიქსის" ფილმებს, რომლებშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩამოსვლის დღიდან სრულიად უცხო ადამიანები მეხმარებიან, ისინი უკვე ჩემი ქართველი და ბერძენი მეგობრები არიან, ჩემი მეორე ოჯახი ამერიკაში - ქვეყანაში, სადაც ნამდვილად არ ჩამოვსულვარ იმ მიზეზით, რომ მატერიალურად მიჭირდა ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ მინდოდა ჩემი ნიჭის განვითარება, სურვილების ასრულება, რაც მგონია, რომ კარგად გამომდის... გამოგიტყდებით, თავიდან მქონდა ენის ბარიერი, რაც საბედნიეროდ, მალევე დავძლიე. ახლა ყოველდღიურად მიწევს 3 ენაზე საუბარი და მეოთხე ენას - ბერძნულსაც ვსწავლობ.

- რა არის თქვენი მიზანი და რამდენად მიუახლოვდით საკუთარ ოცნებას?

- იცით, ამჟამად ვსწავლობ ბიემსის უნივერსიტეტში, მინდა სწავლა გავაგრძელო არტ-ხელოვნების მიმართულებით, სადაც ასწავლიან ნიუ-იორკის ცნობილი მხატვრები, რომელთა ნამუშევრებიც განთავსებულია მანჰეტენზე, მუზეუმში.

- ამერიკაში ხატვაშიც მოსინჯეთ ძალები. რაიმე გამოცდილება გქონდათ?

- ხატვა ერთ ჩვეულებრივ დღეს დავიწყე, მანამდე არ მიცდია... ერთ საღამოს, როდესაც ოკეანეზე ვიყავი, მომეჩვენა, რომ საღამო რაღაცნაირად მაგიური იყო და როცა შინ ვბრუნდებოდი, სურვილი გამიჩნდა, მეყიდა ფუნჯები, საღებავები და სახლში მისულმა დავიწყე ხატვა. ამან ისე გამიტაცა, რომ ვერც მივხვდი, თავზე როგორ დამათენდა. ამის შემდეგ არ გავჩერებულვარ. ჩემი ყველა ნახატი არის ემოციებზე აგებული. საკუთარი განცდები ტილოზე გადამაქვს. ვფიქრობ, სიტყვებზე უფრო საინტერესო, ნახატებით საუბარია. ყველა მათგანში დევს რაღაც ამბავი: ზოგი სევდიანია, ზოგიც პირიქით - მხიარული. დილით მაქვს ლექციები და შემდეგ ვმუშაობ მანჰეტენზე, რესტორანში "არგო", სადაც თავს ვგრძნობ ისე, როგორც საკუთარ სახლში. ასევე ვსწავლობ სასმელების მომზადებას და უკვე ვამზადებ კიდეც სხვადასხვა კოქტეილს. მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ამერიკაში წარმატებულ ადამიანებთან - ეს ჩემთვის ძალზე საინტერესოა, რადგან ისინი ძალიან უბრალო, უშუალო ხალხია. უბრალოება კი არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანში... ვხატავ, რადგან მაბედნიერებს ეს პროცესი. ჩემი ბოლო ნახატი წარმატებით გაიყიდა მანჰეტენზე. ის შეიძინა უცხოელმა ბიზნესმენმა 5.000 დოლარად, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ უკეთ გავერკვე ამ საქმეში, არ გავჩერდე და უკეთესი ტილოები შევქმნა.

- ციცი, შვილები დედათქვენთან დატოვეთ? როგორ შეეგუვნენ ამ ამბავს?

- დიახ, შვილები არიან ჩემს მშობლებთან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით, თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მათ მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ მუდამ მხარს მიჭერენ. მათი დახმარების გარეშე მე ვერაფერს შევძლებდი... ბავშვებთან მაქვს მუდმივი კონტაქტი, ჩემთვის მათ გარეშე წუთიც არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ.

- ამერიკაში წარმატებულ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობაო, თქვით. რას გულისხმობთ?

- დიახ, აქ ურთიერთობა მაქვს წარმატებულ ბიზნესმენებთან, ხელოვანებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მათი მიწვევით ვიყავი მანჰეტენზე მოწყობილ გამოფენაზე, სადაც ნამუშევრები იყიდება და ვგეგმავ, იქ მეც გავიტანო ჩემი ნახატი...

- თუ არ ვცდები, მოდელობთ კიდეც, ამის ამსახველი რამდენიმე ვიდეო შემხვდა თქვენს "ფეისბუკ"-გვერდზე. ამაზეც მიამბეთ...

- როდესაც რესტორანში დავიწყე მუშაობა, გახსნის დღეს გადაღებისთვის მოწვეული იყვნენ ფილიპინელი და ინდოელი ფოტოგრაფები. მათ ჩემი გარეგნობა მოეწონათ და ჩემს უფროსს დაელაპარაკნენ, ფოტოსესიის მოწყობა გვინდა და წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო? მათ წინადადებას რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდი და ამის შემდეგ მქონდა გადაღებები სხვადასხვა ფოტოგრაფთან. ერთ-ერთი ფოტოსესია მოეწყო ცენტრალპარკში, სადაც აზიელი დიზაინერის ტანსაცმელი მეცვა. ჩვენი ფოტოსესია ბილბორდისთვის იყო განკუთვნილი და მალევე, ტაიმსქვერზე გამოჩნდა ჩვენი ფოტო, რომელიც ანთებული იყო მთელი 4 საათის განმავლობაში. ეს გახლდათ ჩემი საუკეთესო ფილიპინელი მეგობრის დამსახურება, რომელიც ასევე ფოტოგრაფია. ის ჩართული იყო ჩემს გადაღებებში. რია ცდილობდა ჩემს გაპიარებას ნიუ-იორკში. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ფოტოს მიღებდა, მეუბნებოდა, რომ სჯეროდა ჩემი წარმატებების და მეც დავპირდი, რომ არასდროს დავივიწყებდი სტიმულის მომცემ მის ამ სიტყვებს და ყველგან მოვყვებოდი მასზე, სადაც კი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა. ბილბორდზე ჩემი ფოტოს "ანთების" შემდეგ, ფოტოგრაფ რიასთან ერთად მიმიწვიეს "ფეშენ ვიკზე", როგორც ფოტომოდელი, რაც ძალზე ემოციური იყო ჩემთვის. ახლაც იგეგმება ფოტოსესიები, მაქვს სხვადასხვა შემოთავაზება, რასაც აუცილებლად დავთანხმდები. აქ ჩემი ოცნებები ნელ-ნელა ხდება და მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობს.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"