"ქვეყანაში პოლიტიკური ჯოჯოხეთია" - გია ხუხაშვილის ანალიზი ამერიკულ სანქციებზე, "მასონებზე" და "გლობალური ომის პარტიაზე" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში პოლიტიკური ჯოჯოხეთია" - გია ხუხაშვილის ანალიზი ამერიკულ სანქციებზე, "მასონებზე" და "გლობალური ომის პარტიაზე"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციები დაანონსა. ამას საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ სუვერენიტეტი ვიზებში არ იცვლება. გუშინ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუბარი ოლივერ ვარჰეიზე იყო) მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მაგალითი შეახსენა, რომელსაც ქუჩაში ესროლეს და მძიმედ დაჭრეს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს მუქარად აღიქვა.

- ენტონი ბლინკენის განცხადების შეფასებით დავიწყოთ...

- ფაქტობრივად, ქვეყნის ხელისუფლება და იმედი მაქვს - არა ქვეყანა, თვითიზოლაციისკენ მიდის. ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ. დღეს ხდება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორის 180 გრადუსით შემოტრიალება. ბუნებრივია, ამაზე რეაგირებს დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. მართალია, ხელისუფლებას არ სჯეროდა და ვინც შეშფოთებული იყო ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებით, იმათაც არწმუნებდა, არაფერი მოხდება, უბრალოდ, გვემუქრებიან, თორემ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ... სამწუხაროდ, რიტორიკული დაპირისპირების დრო გავიდა და დასავლეთს უწევს კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა. სასანქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ამით სახელმწიფო ზიანდება, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი კონსტიტუციით გამაგრებული დასავლური ვექტორი. ქვეყანა ასეთ ვითარებაშია, გვეუბნებიან, რომ მეგობარი არის მტერი და მტერი არის მოყვარე. უკვე სრულ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში არიან, იგივე ხდება ქვეყანაშიც და გუშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება საერთოდ უპრეცედენტო მოვლენა იყო.

- როგორ ფიქრობთ, პრემიერმა სიმართლე თქვა?

- მსოფლიო ისტორიაში არ მეგულება მაგალითი, ასეთი განცხადება გაეკეთებინოს ქვეყნის პირველ პირს და იმ სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დაედანაშაულებინოს, ლამის, ტერაქტში, საითაც თითქოს მივისწრაფვით - წარმოუდგენელია, რაც მან გააკეთა. ძალიან სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ დაიჯეროს, თითქოს რაღაც მუქარას ჰქონდა ადგილი. ეს არის პარანოის, არაჯანსაღი დამოკიდებულების, აფექტური მდგომარეობის შედეგი, როდესაც შეიძლება ადამიანი ამინდზე გელაპარაკებოდეს და ამის უკან შენ დაინახო ბოროტი განზრახვა და თქვა, უბრალოდ, ამინდზე იმიტომ ილაპარაკა, რომ ცუნამის გამოწვევა უნდა და სურს, თბილისი წალეკოს ცუნამმაო. თუმცა ამ ხელისუფლებისგან, რომელიც კარგა ხანია, "მასონებზე" და რაღაც "გლობალური ომის პარტიაზე" გველაპარაკება, არაფერი გასაკვირი არ არის. სხვა საკითხია, რომ ეს აღარ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა და ამიტომ არის ასეთი განცხადებები სახიფათო, თორემ ვიღაცას თუ რამე ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მივეხმარებოდით, მაგრამ აქ უკვე ზიანი გადადის ქვეყანაზე, ყველა ვზარალდებით.

- საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, პრემიერის განცხადების ადრესატი, ძირითადად, "ოცნების" მომხრეები იყვნენ, რათა ისინი დაერწმუნებინა საშიშროებაში.

- ძალიან მიჭირს ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელიც ამას მართლა დაიჯერებს. თვითონაც არ სჯერათ, უბრალოდ, ლაპარაკობენ. მაღალი წარმოდგენის არ ვარ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდზე, მაგრამ მათაც გაუჭირდათ ამ სისულელის დაჯერება.

კამერებთან, რა თქმა უნდა, ილაპარაკებენ - ისევე, როგორც კობახიძე, მაგრამ მათ არ სჯერათ. აბა, ნახეთ, რა ხდება წმინდა პოლიტიკური პრაგმატიზმის კუთხითაც - ერთადერთი ლობისტი ჰყავდათ, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, ბოლო მომენტამდე თანამშრომლობდა "ქართულ ოცნებასთან" და მასზე წავიდა ამ ტიპის შეტევა. დღეს უკვე ამ პრემიერ-მინისტრს არათუ არავინ შეხვდება, ტელეფონზეც აღარ დაელაპარაკებიან იმის შიშით, რომ სატელეფონო საუბარს სხვანაირი ინტერპრეტაცია არ მისცეს. მან წარმოუდგენლად ოდიოზური განცხადებით თვითიზოლაცია მოახდინა, თვითსტერილიზაცია განიცადა. რომელიმე სახელმწიფოს ლიდერი ან რომელიმე ჩინოვნიკი საერთოდ კონტაქტზე გავა კობახიძესთან? რეაქციაც აღარავის აღარ აქვს - ჩვენ ხომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მთელი სერიოზულობით საუბრობს "მასონებზე", "გლობალური ომის პარტიაზე".

- ბევრი ამბობს, ამას ხომ ვერ მოიგონებს ხელისუფლება, ალბათ, არსებობს გლობალური ომის პარტიაო.

- ელემენტარულად, თავის თავს ხომ უნდა დაუსვან კითხვა - როგორ ხდება, რომ ეს მარტო საქართველოს ხელისუფლებას ეხება? არსებობს რაღაც ძალა, რომელიც აკონტროლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას და ეს ამბავი მარტო კობახიძემ და ბიძინამ იციან? მარტო ისინი ებრძვიან? სუპერმენები არიან? ამ სიგიჟეს ვინმე დაიჯერებს? ვისაც ამის სჯერა, სიმართლე გითხრათ, ასეთ ადამიანებზე მაღალი წარმოდგენის ვერ ვიქნები.

- მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სანქციების არ ეშინიათ...

- ამათ როგორ შეაშინებენ! გუშინ "ნაცებში" რომ იყვნენ, ახლა აქ არიან და ცდილობენ კიდევ სხვაგან გადაბარგებას. ესენი ხომ ძალიან "ვაჟკაცი", უკომპრომისო ხალხია, ყველა ხელისუფლებას რომ ეტენებიან. ისეთი "ვაჟკაცები" არიან, ნახავთ - ახალი ხელისუფლების დროს რომ ჩასხდებიან ციხეში, ყველაფერს როგორ გადააბრალებენ ბიძინას. სიტყვა ეხლა არის ქართველ საზოგადოებაზე, დეგრადაციის პროცესი რაღაცნაირად უნდა შევაჩეროთ, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ასანთი გამოვგლიჯოთ ხელიდან ამ ხელისუფლებას.

- როგორ ფიქრობთ, ბოლოსდაბოლოს კანონს გაიწვევენ?

- თვითონ ჩაიგდეს თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ეშინიათ მიღებისაც და - ყველაფრის. აფექტის მდგომარეობაში არიან და რა პროგნოზი უნდა გავაკეთო? - როცა მხდალი ადამიანი აფექტის მდგომარეობაშია, კუთხეში მიყენებულია, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს? ბლინკენის განცხადება უმძიმესია ქვეყნისთვის, თორემ კისერი უტეხია კობახიძეს და სხვებს...

იმედი მაქვს, რომ მხოლოდ კონსერვაცია მოხდება და არ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, რომლის უკან შემობრუნება სამომავლოდ შეუძლებელი გახდება. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ფინანსური სანქციებიც. როდესაც ბლინკენი აცხადებს, გადავხედავთ ყველა მიმართულებით ამ ურთიერთობებსო, გამოდის, ქმედებების კომპლექსთან გვაქვს საქმე.

- არის მოქალაქეების კატეგორია, რომელთაც სჯერათ, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან წამოსული უზარმაზარი წნეხის ბრალია...

- აბა, ომი გინდათ? ეს სპეკულაციები დიდი ხანია, გვესმის. თვითონ დაიწყეს ომი. საარჩევნოდ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ. თვითონ დაიწყეს და თვითონ გახდნენ მორიგი ესკალაციის ინიციატორები. რაც შეეხება რუსეთს - საქართველო ამ ქვეყნის წნეხის ქვეშ ყოველთვის არის, ეს ყველამ ვიცით და სიფრთხილე არის საჭირო, მაგრამ კაპიტულაციაში გადასული სიფრთხილე უკვე -ღალატია.

(სპეციალურად საიტისთვის)