"მოვემზადებით 26 მაისის აქციისთვის... "თავისუფლების მარშის" მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან" - კვირის პალიტრა

"მოვემზადებით 26 მაისის აქციისთვის... "თავისუფლების მარშის" მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან"

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ.

მარშის მონაწილეებს ის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები.

მარშის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებდნენ.

სამოქალაქო აქტივისტის, საბა ცხვიტარიძის თქმით, სამინისტროსთან იქნება სიტყვით გამოსვლები, ასევე მოაწყობენ პერფორმანს.

მისივე თქმით, დღევანდელი მარში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება.

ახალგაზრდები, აქციას 26 მაისს, 19:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართავენ.

„მოვემზადებით 26 მაისის აქციისთვის. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიასთან შევიკრიბებით და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მოვაწყობთ. დიდი აქციაა და მაგისთვის მოვემზადებით“, - განაცხადა საბა ცხვიტარიძის.

სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"