"სიყვარული კარგი რამეა და ადამიანს დადებითისკენ ცვლის. ჩემს რჩეულს საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. არ წარმომედგინა, რომ ამ ასაკში დავოჯახდებოდი, თუმცა როცა სიყვარული გეწვევა, რატომაც არა?" - კვირის პალიტრა

"სიყვარული კარგი რამეა და ადამიანს დადებითისკენ ცვლის. ჩემს რჩეულს საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. არ წარმომედგინა, რომ ამ ასაკში დავოჯახდებოდი, თუმცა როცა სიყვარული გეწვევა, რატომაც არა?"

ახლახან ლიზი ქონიაძეს, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარული რეალითი შოუდან გახდა, დაბადების დღეზე რჩეულმა ხელი სთხოვა. ლიზი საკუთარ პირად ცხოვრებას ფართო აუდიტორიისთვის ყოველთვის ასაიდუმლოებდა. ამიტომ სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის ამსახველი კადრების ხილვამ ბევრი გააკვირვა...

liza-qoniadze-3-1660553800.jpg

- ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის გრანდიოზულად ვხვდები, რადგან ძალიან მიყვარს: წინასწარ ვგეგმავ, ვემზადები... წელსაც ასე მინდოდა მოვქცეულიყავი, თუმცა ჩემმა შეყვარებულმა (ახლა უკვე - მეუღლემ) მითხრა, - მოდი, ეს მე მომანდე, ყველაფერს თავად გავაკეთებო... დავთანხმდი. ვიფიქრე, რომ დაბადების დღის ზუსტად ისეთ წვეულებას მომიწყობდა, როგორიც მინდოდა - ჩემი გემოვნების შესახებ იცის... ამიტომ არ მინერვიულია, პირიქით - მთლიანად რჩეულს მივენდე. თან, ისიც იცის, ჩემი დაბადების დღე როგორ მიყვარს. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად გააკეთა, ამაზე კარგს ვერც ვისურვებდი. თან, თურმე, წინ სიურპრიზი მელოდა (იღიმის)... ჩემი და მისი ოჯახის ყველა წევრიც იქ იმყოფებოდა... ძალიან ბედნიერი დღე იყო!..

- პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდი. ახლა მაინც გვითხარი, შენი რომანი როდის, როგორ დაიწყო?

- დაახლოებით 3 წელია, რაც მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა თავდაპირველად, ხშირი კონტაქტი არ გვქონია. 1 წელია, რაც შეყვარებულები ვართ. ერთმანეთს ყველაფრით ვეწყობით... გადაწყვიტა, რომ ჩემს დაბადების დღეზე ასე გავეხარებინე - ხელი მთხოვა. მოკლედ, 3-წლიანი ნაცნობობის და 1-წლიანი შეყვარებულობის მერე, ცოლად გავყევი (იღიმის).

- როგორ მოიგო შენი გული?

- ძალიან დადებითი, ყველანაირად იდეალური ადამიანია. მანამდე შეყვარებული საერთოდ არ მყოლია - ჩემი პირველი სიყვარულია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. ჩემთვის ეს მართლა განსაკუთრებული გრძნობაა. ყველას ძალიან უკვირდა - რა? შეგიყვარდა? ძლივსო!.. უახლოეს დაქალებს, ოჯახის წევრებსაც ასეთი რეაქცია ჰქონდათ... ჩემი რჩეულის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან სხვებისგან გამორჩეულია ღირსებით, მამაკაცურობით, სერიოზულობით, პატიოსნებით... განსაკუთრებულად ამიტომ მოვიხიბლე.

- ვინ არის შენი რჩეული?

- ჩემგან განსხვავებით, საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის - მგონი, ყველაზე მეტად ამით განვსხვავდებით, თუმცა ყველაფერში მხარს მიჭერს. მთავარია, ჩემი გემოვნებისაა, იდეალური ბიჭია და ღირსეული, კარგი ოჯახი ჰყავს. ისიც და მისი ოჯახიც ძალიან მიყვარს.

- ქორწინებისთვის იდეალურად რომელი ასაკი მიგაჩნდა? იფიქრებდი, რომ 22 წლის დაოჯახდებოდი?

- რა თქმა უნდა, ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ ამ ასაკში დავოჯახდებოდი, თუმცა როცა სიყვარული გეწვევა, რატომაც არა? ეს ასაკი ქორწინებისთვის ნაადრევად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, როცა ადამიანი გიყვარს, მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობ და ოჯახის შესაქმნელად მზად ხარ, მათ შორის - მენტალურად, ეს ნაბიჯი უნდა გადადგა, რატომაც არა?!

- როგორია ოჯახური თანაცხოვრება?

- იდეალური. ერთმანეთს ყველანაირად კარგად ვეწყობით... სასიამოვნო თანაცხოვრება გვაქვს.

- საოჯახო საქმეები როგორ გაქვთ განაწილებული?

- ჩვეულებრივად: ზოგ რამეს მე ვაკეთებ, ზოგს - ის. ფუსფუსი, კულინარია მე უფრო მიყვარს...

- ქორწილის გადახდას გეგმავთ?

- რა თქმა უნდა. ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღე იქნება. ამიტომ ქორწილის დაგეგმვა უკვე დავიწყეთ, თუმცა კონკრეტულად, თარიღი, ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები არ გადაგვიწყვეტია. რამდენიმე აზრი გვაქვს. საუკეთესოს ავარჩევთ...

lizii-1716709412.jpg

- შენი ქორწილი როგორი წარმოგიდგენია?

- ძალიან ზღაპრული... ისეთი, როგორიც ძალიან მომწონს და მასაც მოეწონება. ამ საკითხთან დაკავშირებითაც, თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს... დეტალებს თანდათან ვგეგმავთ. ვნახოთ, როგორი გამოვა...

- შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, შენს რჩეულს შენი სამეგობრო წრე როგორ შეაფასებდა?

- რაკი ჩემი რჩეული ჩემი სამეგობრო წრიდან გავიცანი, ჩემი მეგობრები მასზე გიჟდებიან, ისე უყვართ, დიდ პატივს სცემენ... მათთვის სასურველი იყო, რომ ერთად ვეხილეთ, როგორც წყვილი. ძალიან კარგი საერთო სამეგობრო გვყავს.

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მშობლებთან რამდენად გულახდილი იყავი? შენი რომანის შესახებ საქმის კურსში იყვნენ?

- მშობლებს არასოდეს არაფერს ვუმალავ. მათ ყველაფერზე თავისუფლად ვესაუბრები. ჩემი და ჩემი დის მიმართ ყოველთვის მეგობრულები იყვნენ. ძალიან თავისუფლად გაგვზარდეს - ყოველთვის ისე გვექცეოდნენ, როგორც მეგობრებს. ამიტომ მათთვის რამის დამალვის სურვილიც არასოდეს გამჩენია. არაფერს გვიკრძალავდნენ, პირიქით - ჩვენს არჩევანს, გადაწყვეტილებას ბავშვობიდან დიდ პატივს სცემდნენ. რა თქმა უნდა, შეყვარებულობასთან დაკავშირებული ჩემი სერიოზული ნაბიჯიც არ დამიმალავს. იცოდნენ, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ დიდი სიყვარულით გადავდგამდი, სხვა შემთხვევაში - არა. ჩემს გადაწყვეტილებას ყველა საკითხში ენდობიან... ჩემი მეორე ნახევარი მათაც ძალიან მოსწონთ. ბედნიერები არიან, რომ ასეთ ბედნიერს მხედავენ. ეს ორმაგად მაბედნიერებს...

- სიყვარულმა შეგცვალა?

- სხვათა შორის - კი. წინათ მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი, საჭმელს მხოლოდ ჩემთვის ვიმზადებდი, ჩემს "ამბებში" ვიყავი... ახლა უკვე 2 ადამიანზე - საკუთარ თავსა და მასზე – ვფიქრობ. ბევრად მზრუნველი გავხდი. მზრუნველი ყოველთვის ვიყავი, თუმცა ჩემი ეს თვისება სიყვარულმა უფრო გააღვივა. მოკლედ, სიყვარული კარგი რამეა და ვფიქრობ, ადამიანს ყოველთვის დადებითისკენ ცვლის. ყველა იმსახურებს, თავისი ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვოს, რომელთანაც უბედნიერესი იქნება. ამაზე კარგი გრძნობა მართლა არ არსებობს!..

- შენს გამომწერებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა შენი დაოჯახების შესახებ შეიტყვეს?

- რეალურად, ჩემს რჩეულს ხშირად არ ვაჩენდი. მხოლოდ 1-2-ჯერ გამოვაჩინე, მაგალითად - ვალენტინობის დღესასწაულზე. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ეს ადამიანი. ბევრმა არ იცოდა, რომ საერთოდ, შეყვარებული მყავდა. ამის შესახებ პირდაპირ ხელის თხოვნის ამსახველი ვიდეოდან შეიტყვეს, რაც მათთვის სრული შოკი იყო... ჩემი რომანის შესახებ იმ მეგობრებმაც არ იცოდნენ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში არ მინახავს. სოციალური ქსელით ეს ამბავი ყველამ გაიგო და ჩემი ბედნიერება გაიზიარა.

liza-qoniadze-1660554002.jpg

- ლიზი, შენს ამჟამინდელ საქმიანობაზე რას გვეტყვი?

- წელს უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას ვასრულებ. ეს პროფესია მართლა ჩემი ყოფილა - ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა: ერთი სული მაქვს, მუშაობას როდის დავიწყებ, სისხლის სამართლის განხრით... ასევე, რამდენიმე ინტერნეტგადაცემის წამყვანი ვარ. როგორც ყოველთვის, სოციალურ ქსელშიც ვაქტიურობ, თუმცა ოჯახური ცხოვრების გამო, სოციალურ ქსელს ყურადღება ცოტათი მოვაკელი, მაგრამ ისევ ძველებურად გავაქტიურდები (იცინის).

- კარიერა და ოჯახური ცხოვრება ერთად როგორ გესახება?

- ერთმანეთს ხელს საერთოდ არ უშლის, მით უმეტეს, როცა ისეთი მეუღლე გყავს, როგორიც - მე: ყველაფერში ხელს მიწყობს. მეხმარება, რომ ყურადღება არ გამეფანტოს, ყველაფერი გავაკეთო, მოვახერხო... ამასაც ძალიან ვაფასებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"