აქციები და სანქციები - „ძალიან რთული ზაფხული გველის...“
24 მაისს, თბილისის დროით დილის 4 საათზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მათთვის, ვინც "ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში", - ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას", - ნათქვამია განცხადებაში. ვაშინგტონისა და ბრიუსელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტი ევროატლანტიკურ კურსსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს დააზიანებდა, პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას "ქართული ოცნება" ფლობს, სამი მოსმენით მაინც მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო "აგენტების კანონს". 21 მაისს ვენეციის კომისიამ "მტკიცედ ურჩია" ხელისუფლებას, კანონი გააუქმოს, რადგან მას "ფუნდამენტური ხარვეზები" აქვს. თუმცა ხელისუფლება ამას არ აპირებს. "ქართული ოცნება" გეგმავს, 27 მაისს ჯერ კომიტეტზე დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, შემდეგ კი, საბოლოოდ, 28 მაისს, პლენარულ სესიაზე. ვითარება ქვეყანაში უკიდურესად რთულია, სანქციების დაწესებას, როგორც ჩანს, არაერთი მაღალჩინოსანი დაექვემდებარება, რაც ქვეყნის უკიდურესად გართულებულ საგარეო პოლიტიკას უფრო დაამძიმებს. შიში იმისა, რომ ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას ცდილობს, სულ უფრო მძაფრდება. პროცესი ქვეყანაში პერმანენტული პროტესტის ფონზე მიმდინარეობს და სულ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე სვამს კითხვას - საით მიდის საქართველო? ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:
- უკვე კარგა ხანია ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება მითურ "გლობალური ომის პარტიაზე", თუმცა სადღაც ბოლო თვე-ნახევარი იქნება ამ გამოგონილ ტერმინს უშუალოდ აშშ-ის მისამართით იყენებენ.
"ქართული ოცნების" დესტრუქციული პოლიტიკა ჩვენი მთავარი პარტნიორის მიმართ არახალია, ამიტომაც ამერიკელებმა დაიწყეს ამ ყველაფრის შესწავლა და ენტონი ბლინკენის გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიუღიათ ემოციურად, ერთ ღამეში, ეს დაკვირვების შედეგია. როგორც ჩანს, ამერიკელებს აქვთ საკმარისი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის პროდასავლური კურსი მთლად პრორუსულით თუ არა, იზოლაციონიზმით შეცალოს. ამერიკელებმა ამ გადაწყვეტილებით სწორედ ხელისუფლების ამ პოლიტიკას უპასუხეს. მათთვის საქართველო მხოლოდ მისი ხელისუფლება არ არის, ეს არის საქართველოს ხალხი და ასევე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისადმი მათი პოლიტიკური ინტერესები, რაც ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან თანხვედრაშია.
დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუციების ხელში ჩაგდებას ცდილობს; "ქართულმა ოცნებამ" დაივიწყა, რომ ის საქართველოს მოსახლეობის დაქირავებულია და ვალდებულია ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები ზედმიწევნით დაიცვას, მას კი ეს არათუ ვერ გამოსდის, ისმის კითხვა, წარმოადგენს კი ეს ხელისუფლება ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს საერთოდ? აი, ახლა სწორედ ეს ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კონსტიტუციურად და გაცხადებულად აქვს არჩეული პროდასავლური კურსი, საქართველოს ხელისუფლება კი ცდილობს ამ კურსის ობსტრუქციას და მისთვის ხელის შეშლას. ის ცდილობს დასავლეთისკენ გზის გადათხრას. სწორედ ამან განაპირობა აშშ-ის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამერიკელებს თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესებიც აქვთ ამ რეგიონში, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის ინტერესები სრულად თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მათთვისაც და ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია არ გაქრეს კავკასიაში ერთადერთი დემოკრატიული წერტილი. თუკი საქართველოში დემოკრატია დაემხობა, ეს ნიშნავს საქართველოში პრორუსული ავტოკრატიის დამყარებას, რის შედეგად სომხეთსაც დაეკარგება შანსი, რომ გახდეს დემოკრატიული და პროდასავლური ალიანსის წევრი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში საერთოდ აღარ იქნება პროდასავლური ძალა... რეგიონში მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ ვგულისხმობ.
- გასულ კვირას პრემიერ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ შოკის მომგვრელი განცხადება, რომ მას თითქოს სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელიც ახლახან მძიმედ დაჭრეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ევროკომისარი, რომელზეც კობახიძე ლაპარაკობდა, არის უნგრელი დიპლომატი ოლივერ ვარჰეი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩეოდა. ის გაოგნებული ჩანდა კობახიძის ბრალდებით, როდესაც განაცხადა, რომ მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს.
- მართალი ბრძანდებით, ვარჰეი "ქართული ოცნების" მიმართ აშკარა სიმპათიას გამოხატავდა, რაც იმით აიხსნებოდა, რომ ის ევროკომისიაში ორბანის პარტიის წარდგენილია, რომელთან მეგობრობითაც ასე იწონებს თავს ხელისუფლება, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოიყვანეს, რომ ისიც "გლობალური ომის პარტიის" წევრი ყოფილა. ცოტა სასაცილო კია, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც რუსეთის ისე ეშინია, კანკალით ამბობს წარამარა, აბა, ომი გინდათო, უცებ გადაწყვიტა, რომ თავდადებული ბრძოლა გაუმართოს "გლობალური ომის პარტიას", რომელიც თითქოს მთელ მსოფლიოს აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, შიშის პოლიტიკის გამტარებელია. სულ იმას ჩასჩიჩინებს მოსახლეობას, თუ ასე გავაკეთეთ, რაღაც საშინელებას გვიზამენო. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის შიშია, რომლის დათესვასაც ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში. სამაგიეროდ, ის ძალა, რომელიც რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკობს, თურმე დევგმირულად ებრძვის "გლობალური ომის პარტიას".
რატომ აკეთებს ამას? - ჩემი აზრით, ამას ორი სავარაუდო პასუხი, ორი სცენარი აქვს. ერთის თანახმად, თავად პარტიის ლიდერს აქვს პოლიტიკური რეალობის აღქმა დაკარგული, რაც ხდება ხოლმე, როდესაც წლების განმავლობაში იზოლაციაში იმყოფები, გარშემო კი ყველა გადიდებს, ბრძენს გეძახის და გარწმუნებს, რომ მთელი საქართველო შენ გვერდით არის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მარტივად დაიჯერო ეს და გადაწყვიტო, რომ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რაც მოგესურვება. ასეთ ვითარებაში ლიდერი ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა მისი საფეოდალოა, მიწაც და მასზე დასახლებული ხალხიც მისი საკუთრებაა. შესაძლოა ამის შემდეგ უკვე საჭიროდ ჩათვალა, რომ სახელმწიფო სრულად მას უნდა ემსახურებოდეს, ამისთვის კი საჭირო იყო მიეღოთ კანონი, რომელიც ყველას ჩამოაშორებდა ჩვენს სახელმწიფოს. სურს ამის შედეგად სრულიად გაღარიბებული და მარტოდ დარჩენილი მოსახლეობა კიდევ მეტად გახდეს მასზე დამოკიდებული. ამ სცენარს მე ნაკლებად ვიზიარებ, ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა.
რაც შეეხება მეორე სცენარს, ის უფრო რეალისტურად მეჩვენება. ამ სცენარის თანახმად, რუსეთიდან აშკარად მოდის მითითება, რომ საქართველო უნდა დაადგეს პრორუსულ კურსს. კრემლს სურს აჩვენოს თითქოს ომს იგებს უკრაინაში, რაც ნამდვილად არ არის ასე, და თან უომრად აძლიერებს გავლენას საქართველოზე. საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში შესაძლოა მართლაც სჯერათ რუსეთის უძლეველობის და იმის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ რუსეთთან ყოფნაა მათთვის საიმედო და არა დასავლეთთან. აქედან გამომდინარე, დაჰყვნენ რუსულ მითითებებს და ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები დასავლეთთან. ყოველივე ამაში აშკარად რუსეთის იმედად ყოფნის ნიშნები ჩნდება, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, რუსეთი საქართველოს საბოტაჟს უწყობს ხელისუფლების მანიპულირებით. ეს დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება, არეულობა, კრიზისი მხოლოდ რუსეთს აწყობს. როგორ გამოვალთ ამ ვითარებიდან, რთული სათქმელია. თუ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო, მივიღებთ რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყანას, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფს, ვიდრე ლუკაშენკოს ბელარუსია. თუ ძალაუფლებას დაკარგავს, რუსეთი მაინც მოგებული დარჩება, რადგან საზოგადოების ეს დაპირისპირება და გათითოკაცება უცებ არ დასრულდება, დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაც კიდევ კარგა ხანს გაჭიანურდება. შესაბამისად, გაჭიანურდება ქვეყნის ევროინტეგრაციაც. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი მოგებული დარჩება, საქართველო კი წაგებული... ამას დავუმატოთ, რომ დიდი საფრთხეა ჩავარდეს წლევანდელი ტურისტული სეზონი, სანქციების დაწესებაც არ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე დიდად სასარგებლოდ. საქმე ისაა, რომ ხელისუფლების წევრებისთვის დაწესებული სანქციები აჩენს საფრთხეს, რომ თუ ყველაფერი ასევე გაგრძელდა, ქვეყანაც დასანქცირდეს, რაც ნამდვილად კატასტროფა იქნება. იმედია, ეს არ მოხდება, მაგრამ ეს მოლოდინიც კი ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში დიდ დარტყმას მიაყენებს. ჩვენი ეკონომიკა დასავლეთზე იმაზე მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
- ბოლო დროს ჯერ ხელისუფლების ქვედა ეშელონების წარმომადგენლები ცდილობენ ნაცნობ-მეგობრების დარწმუნებას და მალე, ალბათ, მაღალ ეშელონებშიც საჯაროდ დაიწყებენ ლაპარაკს, რომ თურმე ივანიშვილი რუსეთთან დაახლოებას იმიტომ ცდილობს, მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად.
- ესეც მორიგი ტყუილია. დავიწყოთ პუტინის ძალიან ცნობილი სიტყვებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ტერიტორიებზე არ იცვლება. შესაბამისად, შეუძლებელია რუსეთმა სერიოზული მოლაპარაკება აწარმოოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. თუ რაიმე განცხადებები გაკეთდა ამის თაობაზე, ეს იქნება ფიქცია და ჩვენი მოტყუების კიდევ ერთი ცდა. რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და დავუშვათ, რომ მართლაც შეიძლება არსებობდეს მსგავსი მოლაპარაკება, ჩვენ რა პირობებით ვართ მასზე წარმოდგენილი? ერთადერთი, რაზეც შეიძლება დათანხმდეს რუსეთი, არის ის, რომ დანარჩენი საქართველოც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად რუსეთის მონობაში აღმოჩნდეს - ანუ დე ფაქტო ოკუპაცია მთელი ქვეყნის, უკვე ოკუპირებულ 20%-თან ერთად. ამაზეა თანახმა "ქართული ოცნება"?
რუკაზე შეიძლება დავრჩეთ, მაგრამ რეალურად ჩვენი სუვერენიტეტი ფიქცია იქნება, როგორც ბელარუსის, ფაქტობრივად, ეს სახელმწიფო აღარ არსებობს, ის რუსეთის გაგრძელებაა.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არა მხოლოდ დაშორდეს დასავლეთს და შექმნას ეს წარმოსახვითი სცენარი, არამედ შესაძლოა ფიქრობდეს ნეიტრალიტეტის გამოცხადებასაც, რაც ასევე რუსეთის ინტერესებშია. კარგა ხანია ჩვენთან ნატოზე უკვე აღარ ლაპარაკობენ, მაგრამ უკვე შეიძლება ოფიციალურადაც შეწყვიტონ მისკენ სვლა. მთავარი კიდევ ის არის, რომ ამ საკითხზე არც ცხინვალის რეგიონში თანხმდებიან და მით უფრო, არც აფხაზეთში... სამწუხაროდ, ჩვენ ოკუპირებული რეგიონიდან მოვისმინეთ ასეთი ხუმრობაც, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ჩვენ შეგვასწროს რუსეთშიო. ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაჩნდება მას შემდეგ, რაც რუსეთი დასუსტდება და საქართველო გაძლიერდება. ეს უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს მიზანი და არა ის, რომ მთელი საქართველო ხელში ჩავუგდოთ რუსეთს.
- გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ჩავიდა მას შემდეგ, რაც სამძიმარი თბილისში, ირანის საელჩოში მისვლითაც გამოხატა და "ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა" პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანისა და კიდევ ექვსი პირის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
- "ქართული ოცნება" ეძებს მოკავშირეებს და პოულობს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ქართველ ხალხს საერთო არა აქვს. ჩემი აზრით, ამას ქვეყნის იმიჯის დაზიანების მეტი არაფერი მოუტანია. რუსეთის დუმის თავმჯდომარეს რომ თავი დავანებოთ, ირანში იმყოფებოდნენ "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ლიდერები, სირიის პრეზიდენტი... ჩვენს მოკავშირეებთან, ისრაელსა და აშშ-თან ურთიერთობებში ამგვარი დემონსტრაციული ნაბიჯი ნამდვილად კარგს არაფერს მოგვიტანს.
ამასთანავე, უნდა აუცილებლად ვთქვათ, რომ პრეზიდენტი რეისი ცნობილი იყო, როგორც "თეირანის ყასაბი", მის კისერზეა გასული საუკუნის 80-იან წლებში 30 000-მდე პოლიტიკური პატიმრის დახვრეტა და ჩამოხრჩობა ამწეებზე. ეს იყო კაცი, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა აგრესიულ-ექსპანსიური და რელიგიურ-ფანატიკური პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, მისთვის ასეთი პატივის მიგების მოტივაცია საქართველოს რა უნდა ჰქონოდა?
- ქვეყანაში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები, ხელისუფლება კი ვეტოს დაძლევას გეგმავს, რასაც, სავარაუდოდ, პროტესტის გაძლიერება მოჰყვება. როგორი ზაფხული გველის და ამასთანავე, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, რათა ეს პროტესტი მომავალ არჩევნებზე საკუთარ მხარდაჭერად გარდაქმნას?
- ძალიან რთული ზაფხული გველის არა მხოლოდ აქციების ან პროტესტის გამო ხელისუფლების მიერ რეპრესიული მოქმედებების გამო, არამედ უპირველესად იმიტომ, რომ სანქცირებული ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის არასტაბილურობას, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ვეღარ ვიხილოთ ევროპელი ტურისტები, რომლებსაც შემოაქვთ უცხოური ვალუტა. როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირ შემთხვევაში სანქციების მოლოდინი უშუალოდ სანქცირებაზე უარესია ხოლმე. ეს აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე, ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული ეკონომიკური კრიზისი. საქართველო სანქციებისთვის მზად არ არის. ჩვენ სრულად ჩამოკიდებულები ვართ ტურიზმსა და დასავლურ დონაციაზე. საქართველოში ტურიზმმა 2020 წლის ანუ პანდემიის შემდეგ ჯერაც ვერ ამოისუნთქა, ხელისუფლება კი ახლა უარეს დღეში აგდებს ამ სფეროს. ამ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაში, შედეგები როგორი იქნება ძნელი სათქმელია. დემონსტრაციები ისევ გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ დასავლეთი არ შექმნის იმგვარ პრეცედენტს, რაც მათ და საქართველოს ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ამ კანონის ხელახლა ინიცირებამდე ის იყო ძალიან სუსტი, დაქსაქსული და ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" მარტივად შეეძლო შემოდგომაზე არჩევნების მოგება, თუმცა ახლა ვითარება შეცვლილია. "ქართულ ოცნებას" ეს მოგება გარანტირებული ჰქონდა არა საკუთარი აქტიურობის გამო, არამედ ოპოზიციის პასიურობის წყალობით, თუმცა დღეს გააქტიურებულია ქართველი ხალხი, "ქართული ოცნება" კი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს - საკუთარ ხალხზე ძალადობა კარგი შედეგებით არ მთავრდება ხოლმე.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. ამ გადასახედიდან ოპოზიცია ისევ საკმაოდ სუსტია. მისი კოზირი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი ძალა ხდება. შესაბამისად, სწორედ ის შეიძლება გახდეს სახე და სიმბოლო, რომელსაც ენდობიან საქართველოშიც და დასავლეთშიც. ვნახოთ, როგორ მოახერხებს, საკუთარი ქოლგის ქვეშ ახალი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს ერთიანი გეგმისა პლატფორმის დასახვას. თავად "ქართულმა ოცნებამ", მისმა უკიდურესად რადიკალურმა პოლიტიკამ, მოახერხა და ნეიტრალური ამომრჩეველი გააქრო ქვეყანაში. ამიტომაც მომავალი არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია იქნება.