„ჩვენი სიმართლე ისაა, რომ ვზრუნავთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე“ - კვირის პალიტრა

„ჩვენი სიმართლე ისაა, რომ ვზრუნავთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე“

ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის ახალი ლექსები სომხურ ენაზე ითარგმნა, რამდენიმე დღეში კი სომხეთში ქართული საელჩოს ინიციატივით ერევნის უნივერსიტეტში ქართველ პოეტთან სომეხი პუბლიკის შეხვედრა გაიმართება. მეზობელ ქვეყანაში კულტურული მისიით გამგზავრებამდე­ "კვირის პალიტრა" დავით მაღრაძეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა.

- როგორ ხედავთ გამოსავალს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან? შესაძლოა მხოლოდ "ქართული ოცნება" იყოს მართალი და მთელი დასავლეთი ცდებოდეს?..

- თქვენს კითხვაში პასუხი უკვე ნაგულისხმევია. როგორ შეიძლება მთელი დასავლეთი სამყარო ტყუოდეს და შენ იყო მართალი, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მთელი დასავლეთია. ეს, ჩემი აზრით, ერთი ოფისიდან მართული ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილია, რომელიც დიდი ხანია ერთპოლუსიანი სამყაროს კონიუნქტურას ექვემდებარება. დასავლეთს რაც შეეხება, ვფიქრობ, თუ ევროპულ ცივილიზაციას ვგულისხმობთ, ევროპა პოლიტიკურ ამბიციას იბრუნებს. ერთპოლუსიანი სამყარო წარსულს ბარდება­...­ ევროპა ამბიციას იბრუნებს,­ ვინაიდან მისი ამბიცია დამოკიდებულია სწორედ პოლუსებს შორის ბალანსზე. ევროპის სუვერენიტეტზე ზრუნვა იძერწება სწორედ იმ ასპარეზზე, რომელსაც პოლუსთა შორის ბალანსი ჰქვია, რადგანაც ერთპოლუსიან სამყაროში შეუძლებელია საკუთარ სუვერენიტეტზე ზრუნვა. ეს ფაქტებით გამოჩნდა, როდესაც სი ძინპინისგან გამოსულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა მისთვის არ ნიშნავს ვასალობას. ამას მოჰყვა შარლ მიშელის განცხადება, რომ ევროკავშირი ვაშინგტონს ბრმად ვეღარ წაჰყვება - ანუ ეს არის აღიარება იმისა, რომ ევროკავშირი აქამდე იძულებული იყო ბრმად მიჰყოლოდა ვაშინგტონს. აი, ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ერთი ოფისიდან იმართება პოლიტიკური კონიუნქტურა. ამის მკაფიო დასტურია ჩინეთის პოლიტიკური გააქტიურება, რამაც შეცვალა ერთპოლუსიანი სამყარო და გააჩინა ახალი რეალობა, რაზეც აშშ ცდილობს იგნორირება მოახდინოს.

რაც შეეხება ჩვენს სიმართლეს, ჩვენი სიმართლე ისაა, რომ ვზრუნავთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და არსებული კანონი, რომელიც გახდა მთელი ამ ქარტეხილის საფუძველი, არაა უსაფუძვლო, ვინაიდან ჯერ ერთი, ეს თავდაცვის მექანიზმია... როდესაც შენ ანუ იმ ერთ ოფისს, საიდანაც იმართება მთელი­ პოლიტკონიუნქტურა, გაქვს უფლება, იცოდე ჩემს ქვეყანაში ფინანსური ბრუნვა და მე არ მიტოვებ უფლებას მეც ვიცოდე, შენ ქმნი და აფინანსებ ჩემს ქვეყანაში ბერკეტს, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო ჩემს ქვეყანაში ხელისუფლება. ამით აიძულებ მას, რომ უარყოს თავისი ქვეყნის ინტერესი და მუდამ გაითვალისწინოს შენი ქვეყნის ინტერესი. დღეს საქართველო ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე.აქვე მინდა ვთქვა ერთი რამ - მე ხშირად მქონია საჯარო სივრცეში წინააღმდეგობები არსებულ ხელისუფლებასთან. არ ვეთანხმები ხოლმე მის არჩევანს. მაგალითად, არც მის საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანს ვეთანხმები, არც სასამართლოს თავმჯდომარის არჩევანს დავთანხმებივარ, როდესაც არჩევანი გირგვლიანის საქმის ფიგურანტზე შეაჩერეს, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების შესახებ, რომლის არჩევანსაც ხშირად არ ვეთანხმები, დღეს ვამბობ, როცა მას საბედისწერო არჩევანი დაუდგა, მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ომსა და მშვიდობას შორის მშვიდობა არჩია. ახლა ვიმკით ამ არჩევანის გამო შეშფოთებული დასავლური ბიუროკრატიის კრიტიკასა და მუქარას.

- პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობას გულწრფელად სჯერა, რომ ეს კანონი ქვეყნისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს.

- ეს არაა ერთგვაროვანი პროტესტი. არსებობს, რა თქმა უნდა, მართულ-დაფინანსებული პროტესტი და არსებობს სტუდენტობა, რომელიც თავის გულწრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს. "ქართულმა ოცნებამ", პრობლემის იგნორირებით ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები შეატოვა ცალმხრივ აგიტაციას, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ მხრივ, ჩემი აზრით, სრულ იგნორირებას უკეთებდნენ განათლების სისტემას, კულტურის სამინისტროს სისტემას და ა.შ. ნებისმიერ ცხენოსანს, რომელიც დაინახავს მხედარს, შეუძლია გითხრათ, მხედარი ცხენზე ზის თუ დევს. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ წლების განმავლობაში განათლების და კულტურის სამინისტროს ის ხალხი ხელმძღვანელობდა, რომლებიც მინისტრის სკამებზე ისხდნენ. პრობლემის იგნორირებით სტუდენტები შეატოვეს ცალმხრივ აგიტაციას - ანუ "ოცნებამ" სტუდენტები ცალმხრივი აგიტაციისთვის გაიმეტა, "ნაცმოძრაობამ" კი მეორე ფრონტისთვის.ეს აქციებიც ჩაინავლა და ვფიქრობ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ფიცარნაგზე­ ისევ ის ხალხი დალაგდა, რომელიც ამ გულწრფელი ახალგაზრდების ემოციას არ ესადაგებოდა. ეს ჩემთვის კარგად ნაცნობი თემაა, მე თვითონაც რამდენჯერმე შევსულვარ პოლემიკასა და წინააღმდეგობაში ხელისუფლებასთან. ზუსტად ის ხალხი ადის ფიცარნაგზე, რომელიც ყოვლად მიუღებელია არათუ ხვალინდელი და დღევანდელი, არამედ გუშინდელი დღისთვისაც. ნებისმიერ პოლემიკას, წინააღმდეგობას სათავისოდ იყენებენ. ამ ხალხმა ჯანსაღი ოპონირების წესი წაშალა. ვფიქრობ, ახალგაზრდებმა, სტუდენტობამ სასურველია გაითვალისწინოს, რომ ისევ იმედგაცრუება არ ნახოს ამ ხალხის ხილვით ფიცარნაგზე, შექმნას ახალი რეალობა არა სწავლა-განათლების შეწყვეტით, არამედ გაგრძელებით და შექმნას ახალი რეალობა, ვინაიდან ახალი ღვინო ძველ ტიკებში არ ისხმება. მათ ახალი რეალობა უნდა შექმნან, სადაც ჯანსაღი ოპონირებისთვის ასპარეზი იარსებებს. ამ საქმეს ვინც გამოადგება, შესაძლოა ახალგაზრდა იყოს, შესაძლოა ხანდაზმული­ - არა აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ასაკობრივი სიმართლე არ არსებობს. ამ დიდი უსამართლობის ნიაღვრის ფონზე, კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რასაც ყოველდღი­ურად ვაწყდებით უკვე დასავლური ბიუროკრატიისგან (ასე ვიტყვი, რომ შტატების ბიუროკრატიაც იგულისხმებოდეს). ჩვენ სამართალი არ უნდა ვეძიოთ პოლიტიკაში. ვინაიდან სამართალი პოლიტიკაში არ იძებნება. სამართალი ცაში უნდა ვეძებოთ, ხოლო გამოსავალი - მიწაზე. გამოსავალი კი, მგონია, დღეს ჩვენს სიმტკიცეშია. უნდა გავუძლოთ ამ ქარტეხილს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი პოლიტიკური პროგნოზია, ვინაიდან არა მაქვს პოლიტიკური ამბიცია, უბრალოდ, ხელოვანი კაცის ინტუიცია მკარნახობს, რომ ამ კანონს ექნება ჯაჭვური რეაქცია და ამიტომაც უფრთხის მთელი ბიუროკრატია, კონიუნქტურა. ყველა ქვეყანა შეერთდება და მიიღებს ამ კანონს, ზოგი ნაკლები სიმძაფრით, ზოგი მომეტებულად, მაგრამ ეს კანონი მოიცავს სამყაროს, ვინაიდან ერთპოლუსიანი სისტემა ქრება და იბადება მრავალპოლუსიანი სისტემა. ყველა საკუთარი ინტერესების დასაცავად მოიცლის. ამ კანონს ექნება ჯაჭვური რეაქცია, რისი ნიშანიც ის არის, რომ ევროპა იბრუნებს პოლიტიკურ ამბიციას. რასაც ჩვენ ვუსმინეთ და ვიხილეთ საფრანგეთის სენატში ფრანგი სენატორების გამოსვლები, სწორედ ამის დასტურია - ეს უკვე ნიშანი აღარაა, დასტურია. მრავალპოლუსიანი სამყარო იძლევა ასპარეზს, რომ ხელისუფლებებმა მოიცალონ თავიანთი ნაციონალური ინტერესების გატარებისთვის. ერთპოლუსიანი სისტემა ქრება - ამას გრძნობს სახელოვნებო სამყაროც და ეს იგრძნო ჩემთვის ძალიან ძვირფასმა და სახელოვანმა რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ, რომელმაც კანის ფესტივალზე წარადგინა თავისი ფილმი "მეგალოპოლისი", სადაც ნიუ-იორკს ნიუ-რომი დაარქვა - ანუ ჰეგემონიის დასასრული მიგვანიშნა და გამახსენდა, კალიგულამ თავისი ცხენი ინციტატუსი რომ შეიყვანა სენატში, როგორც სენატორი. სწორედ ასეთი პარალელის განცდა გამიჩნდა, როდესაც ერთპოლუსიანმა სამყარომ დანარჩენ თანამედროვეობას სახელმწიფო რელიგიად მოახვია თავს მორალური ქაოსი, რომელიც, ჩემი აღქმით, ადამ და ევას ცივილიზაციის დასასრულის მცდელობაა.მე ჩემს თავს ვაკუთვნებ ქრისტიანული ცივილიზაციის სივრცეს, ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის სივრცეს, მაგრამ არასოდეს მინატრია, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო­ რელიგიად გამოცხადებულიყო. ვინაიდან როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული, იქ პიროვნების თავისუფალი არჩევანი იკარგება და პიროვნების ნაცვლად სახელმწიფო აკეთებს არჩევანს. არადა, ქრისტიანობის არსი პიროვნულ არჩევანშია. პიროვნული არჩევანის დაკარგვა ქრისტიანული არა მგონია. არასდროს მინატრია, ქრისტიანობა გამოცხადებულიყო სახელმწიფო რელიგიად, მეტადრე მორალური ქაოსი მით უფრო მიუღებელია სახელმწიფო რელიგიად ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, რომელიც არათუ შემოთავაზებულია, არამედ თავსმოხვეულია. მორალური ქაოსის ერთ-ერთი მაგალითია მოზარდების სავალდებულო შეეჭვება საკუთარ გენდერულ არჩევანში, ვგულისხმობ ასევე ლგბტ პროპაგანდის კანონს, ერთსქესიან ქორწინებათა კანონს, მშობლების დანომვრას ერთსქესიან ოჯახებში. რა თქმა უნდა, არავის პირადი ცხოვრების ქექვა არაა მეორე ადამიანის საქმე და თანაცხოვრების კულტურა უმთავრესია, უბრალოდ, ასე ძალადობრივად და რელიგიის ხარისხში აყვანის მცდელობა ამა თუ იმ ნება-სურვილის, არ მიმაჩნია სწორად. ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და თანაცხოვრების კულტურის მომხრე ვარ, მაგრამ არა ისე, რომ საკონსტიტუციო სივრცე მოიცვას ამ ყველა ვნებამ და რელიგიის ადგილი დაიკავოს.

- თქვენი აზრით, ვის გულისხმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები გლობალური ომის პარტიაში, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე.

- გლობალური ომის პარტიაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ამ ტერმინის უკან არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმება. შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა - ალბათ, იგულისხმება ის გავლენიანი ელიტები, რომლებიც ომებით მდიდრდებიან.

მინდა ჩემი სიტყვები გაგახსენოთ - როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოვიდა "ქართული ოცნება", - ოღონდ შეთანხმება რამდენად იყო, არ ვიცი, იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობა" არც შესულა ამ შეთანხმებაში, - გარკვეული ხნის შემდეგ "ოცნებაც" გამოვიდა. მაშინაც თქვეს, რომ "ოცნება" ჩრდილოეთისკენ გადაიხარა, ვინაიდან ცალმხრივად ყოფნა შეთანხმებაში აღარ მოისურვა. მე მაშინ ვთქვი, რომ სახელმწიფო ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, დამოუკიდებლობისკენ გადაიხარა. შესაძლოა კრიზისული ვითარების დროს მიანდო ეს კრიზისი რომელიმე საერთაშორისო გაერთიანებას, მაგრამ არ შეიძლება საერთაშორისო გაერთიანების ხელში სამუდამოდ დატოვო შენი ქვეყნის მართვის სადავეები. უნდა დაიბრუნო, შენთან უნდა იყოს, ელჩის კაბინეტში არ უნდა იყოს სახელმწიფოს მართვის სადავე. ის უნდა იყოს ქართველ ხალხში, რომელსაც არჩევნების გზით მოჰყავს ხელისუფლება.

რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოს, რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, მინდა ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ეს მეზობლობა სამუდამოა და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ევროკავშირის წევრობით ამოვხტებით ამ სამეზობლოდან და ჩვენი მეზობლები გახდებიან ბელგია, დანია, შვეიცარია და ა.შ. ეს მეზობლობა სამუდამოა და რეგიონული პროექტების გათვალისწინება ყოველთვის მოგვიწევს... თუმცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა შეიძლება უფრო დაჩქარდეს, ვინაიდან ძალიან სწრაფად ხდება მრავალპოლუსიანი სამყაროს კონტურების გამოკვეთა. ევროკავშირის მთავარი ტენდენცია იქნება სხვადასხვა ქვეყნის­ ნაციონალური ინტერესები. რადიკალურად შეიცვლება ტენდენცია, თუ ახლა დასავლური ბიუროკრატიის კრიტიკისა და მუქარის სამიზნე გავხდით, ხვალ შეიძლება სამაგალითო ვიყოთ ამ გზაზე, ვინაიდან ტრენდული გახდება ნაციონალურ ინტერესებზე ზრუნვა. ჩვენი ევროკავშირში გაერთიანება შესაძლოა დაჩქარდეს იმიტომ, რომ არჩევნები მოდის აშშ-ში, ევროპარლამენტში, ბრიტანეთში, ავსტრიაში და ვფიქრობ, ამ ტენდენციის სასარგებლოდ ჩაივლის ეს არჩევნები.

- ევროკავშირის ოთხი ქვეყანა: ესტონეთი, ნიდერლანდი, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშულ კანონს მიიღებს. ამას გარდა, აშშ-იც სანქციებს უწესებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს...

- თუ არჩევანი სანქციებსა და მეორე ფრონტს შორის არის გასაკეთებელი, მეორე ფრონტის სასარგებლოდ ვერ გაკეთდება არჩევანი! საქართველო უპირველეს ყოვლისა! აშშ-ის სანქციები უკვე ტრაგიკომიკურ სამყაროში გადადის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს დასანქცირება დააპირეს, რასაც უკვე პრინციპული პროტესტი მოჰყვა საფრანგეთიდან. რას წარმოადგენს ეს სანქციები, უკვე აღარ ვიცი. რაც კი ქვეყანაზე სანქციებია, ყველა დაუწესეს რუსეთს, მაგრამ მათთან ომში წარმატებას ვერ მიაღწიეს. იმის ნაცვლად სანქციებს დაესუსტებინა რუსეთი, როგორც ჩანს, უფრო გააძლიერა. სანქციები სანქციებად რჩება და რუსეთთან ვაჭრობა არ შეუწყვეტია არც ამერიკას და არც ევროპას - ესაა რეალობა, ოღონდ ამის დანახვა საქართველოს და სხვა ყველას აკრძალული ჰქონდათ. საქართველოს დღეს ემუქრებიან და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, ვინაიდან ეს დაინახა.

- ქართული მეზობლობის ამბავი კი ვიცით, მაგრამ რუსები როგორ გვემეზობლებიან?

- ჯერჯერობით ოკუპირებულია საქართველოს მიწა-წყალი. ამ ფაქტის წინაშე დიდი ხანია ვდგავართ. ვფიქრობ, ეს ცვლილებები, მრავალპოლუსიანი სამყარო, საქართველოს ინიციატივები ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვასთან დაკავშირებით, მრავალ ფრონტზე გვიქადის სასარგებლო პერსპექტივებს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებითაც. ბუნებრივია, სამყაროში დიდ პატივისცემას იწვევს ის ფაქტი, როდესაც არა დიდი ძალმოსილების ქვეყანა ხდება სამაგალითო თავის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვით, როდესაც უფრო ძლიერი ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ ბედავენ ამას. მაგრამ იმედია, ეს კანონი მართლა მიიღებს ჯაჭვურ რეაქციას, რომლის დასტურიც არის საფრანგეთის სენატის ორატორების სიტყვები და სენატის გადაწყვეტილება.

- არ გეჩვენებათ, რომ ქვეყანა ქაოსის საფრთხის წინაშე დგას?

- ქაოსის მცდელობები იყო "გავრილოვის ღამე", შემდეგ ერთხელ "არა რუსულ კანონს", ახლა მეორედ "არა რუსულ კანონს". რა თქმა უნდა, ეს მცდელობები არის, ძირითადად, წაქეზებული და დაფინანსებული გარედან, უკვე ნიღბები ჩამოყრილია, აღარავინ მალავს, ვინ აფინანსებს ამათ და ვინ აქეზებს. სწორედ ის ხალხი, ვინც პოლარიზაციას გვსაყვედურობდა, აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში. მაგრამ მე მაქვს ქართველი ხალხის ძალიან დიდი იმედი. ილიასეული ტრიადა, "მამული, ენა, სარწმუნოება" არ ექვემდებარება ცვლილებას, თუნდაც მთელი ევრობიუროკრატია ყირაზე დადგეს.

- სად არის გამოსავალი, რომ ქვეყანამ მშვიდ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება? იქნებ გამოსავალი ამ კანონის უკან წაღებაა?

- არა, ქართული სახელმწიფოს პოზიცია ახლა უნდა იყოს სიმტკიცე და დიალოგის ბილიკი. ამ სიმტკიცეს დააფასებს ხვალ ბევრად მეტი ხალხი, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიუროკრატიაში. ტენდენცია რადიკალურად შეიცვლება. კანონს ექნება ჯაჭვური რეაქცია, შტატები ვერ შეაჩერებს ამას და სწორედ ამიტომ უფრთხის ასე ძალიან პრეცედენტს. უკვე ამბიციადაბრუნებულ ევროპასთან ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ურთიერთობა ვიზალიბერალიზაციითაც, კულტურული თანაცხოვრებითაც. ევროპა იღვიძებს, ევროპა იბრუნებს თავის ისტორიულ ამბიციას და ხვალ ამ ევროპასთან გვექნება მჭიდრო და საუკეთესო ურთიერთობა.