„დიახ, „ოცნებას“ ჯერ კიდევ შეუძლია გამოსავლის მოძებნა“ - კვირის პალიტრა

„დიახ, „ოცნებას“ ჯერ კიდევ შეუძლია გამოსავლის მოძებნა“

რა პროცესე­ბი ვი­თარდება ქვე­ყა­ნაში,­ რას თამაშობს "ქართული ოცნება", როგორ პოზიციონირებს ოპოზიცია, ანალიტიკოსი­ დავით ზურაბიშვილი გვესაუბრება:

- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასაგებად თქვა, თუ "ქართული ოცნება" ვეტოს დაძლევს და კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონად აქცევს, საქართველო-ამერიკის ურთიერთობა გადაიხედება. ბლინკენის ეს ფრაზა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე სანქციებზე­ საუბარი, ვინაიდან, თუ ვაშინგტონმა საქართველო მეგობარი ქვეყნების სიიდან მტრულად განწყობილი ქვეყნების რანგში გადაიყვანა, აბსოლუტურად შეიცვლება ყველაფერი.­ ამერიკას აუცილებლად მხარს აუბამს ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს ისინიც დაუწესებენ, ეს კი ქართული ეკონომიკისა და სოციალური სტრუქტურებისთვის ისეთი დიდი დარტყმა იქნება, თითოეული ჩვენგანი იგრძნობს. ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს თავისი საქციელი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად გაასაღოს. ყველა ხვდება, რომ ეს პროპაგანდა ტყუილია, მაგრამ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რომ შეეხება სანქციების მკაცრი მარწუხები, მერე ვინც ახლა ვერაფერს ხვდება, იმათაც აეხილებათ თვალები. "ქართულ ოცნებას" არ ეყოფა რესურსი­, რეპრესიებით ებრძოლოს ხალხის უკმაყოფილებას. შესაბამისად, დადგება არჩევანის წინაშე - ან უნდა ჩამოიშალოს, ან რუსეთი უნდა მოიხმოს.

- ასეთ შემთხვევაში რა მოხდება?

- კიდევ უფრო სწრაფად ჩამოემხობა, "ქართულ ოცნებას" ცოტა ხანში გამოსავალი უბრალოდ აღარ ექნება.

- ახლა აქვს?

- დიახ, ჯერ კიდევ აქვს, ვეტო არ უნდა დაძლიოს.

- თქვენი შეფასებით, რატომ გაჯიუტდნენ, რატომ მიდიან ასეთ რისკზე?

- ის, რასაც "ქართული ოცნების" ლიდერები აკეთებენ, არ შეეფერება ჯანმრთელი ფსიქიკის მქონეთა ქცევას. დავუშვათ,­ "ქართული ოცნება" მოსკოვიდან მიღებული დავალების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ვინმემ ამიხსნას, რა ლოგიკაა იმაში, რომ მაინცდამაინც არჩევნების წინ დაევალებინა ამ კანონის მიღება? უაზრობად­ მიმაჩნია ის ვერსიაც, თითქოს პუტინს ეჩქარება! 12 წელია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია­ და რაღა ახლა აჩქარდა?! ივანიშვილმა სწორად­ ვერ შეაფასა საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა. 29 აპრილს პარტიულ აქციაზე განაცხადა, დიდი საპროტესტო გამოსვლები აღარ იქნება, ოპოზიცია ხალხს ვეღარ მოატყუებსო.­ არც დასავ­ლეთიდან ელოდა ასეთ ზეწოლას. ინსაიდერული ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილი უმტკიცე­ბდა გუნდის წევრებს, რომ მას ყველაფერი წინასწარ აქვს "მოყომარებული" და არანაირი აქციები არ იქნებოდა. მაგალითებიც კი მოჰყავდა, ხომ გახსოვთ, როგორ ვაგინებდით ევროპარლამენტარებს, მაგრამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაინც მოგვცესო. ამჯერად შეცდა, გეგმა ჩაუვარდა და უკან დახევაც არ უნდა, იმიტომ, რომ მომხრეებსაც დაკარგავს და არჩევნებში მარცხი გარანტირებული აქვს. მისი ერთადერთი გზა სიტუაციის ესკალაციაა, მაგრამ გამოსავალი­ არც ეს არის, ესკალაცია­ მის ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოშლის. ივანიშვილი თავისი შეცდომის გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ქვეყნის ღალატის გზას დაადგა.

- თუ ივანიშვილი შეცდა და ვერ გათვალა, მას ხომ ჰყავს გარემოცვა?..

- ერთ ქართულ ანდაზას მოვიშველიებ - "ბუს დიდი თავი აქვს და იმან იფიქროსო". "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის­ ბიძინა არის ბუ. დეპუტატების სრული უმრავლესობა დღეს პარლამენტში მხოლოდ იმიტომ არის, რომ ბიძინამ ინება ასე. ეს ხალხი არც პარლამენტის შენობას აღიქვამს საკანონმდებლო ორგანოდ და არც დეპუტატის მანდატს მიიჩნევს ხალხის წინაშე არსებულ ვალდებულებად. ისინი ამას ივანიშვილის ჯილდოდ, მოწყალებად­ იღებენ. შაჰინშაჰი რომ ხალათს უბოძებდა ნაზირ-ვეზირებს, ასეთ სიტუაციაში არიან. შესაბამისად, ცდილობენ ბიძინას იმედი გაამართლონ, მას მოაწონონ თავი. ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსული "ქართული ოცნება" დაცლილია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ივანიშვილთან შეკამათება შეუძლიათ. ბიძინა ეუბნება მათ, რომ სანქციები არ იქნება, და ისინიც ფიქრობენ, რომ არ იქნება, რაკი ბიძინამ თქვა.

- "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც­ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა საპროტესტო მუხტის მართვა. ახლა რა მოლოდინი გაქვთ?

- თუ რამე საპროტესტო აქცია ჩატარებულა საქართველოში, ყველაში ვმონაწილეობდი და ამხელა პროტესტი არ მახსოვს, მათ შორის, არც შარშან, მარტში.­ არც დასავლეთისგან ყოფილა ასეთი ზეწოლა - მართლაც უპრეცედენტო ამბის მომსწრენი ვართ. რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, ახლა ამის განსჯის დრო არ არის, ჩვენ ისიც არ ვიცით, 2024 წლის არჩევნები გაიმართება თუ არა. ივანიშვილი უკვე ისეთი არაადეკვატურია, შეიძლება ხვალ ყველა პარტიას გაუუქმოს რეგისტრაცია. მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება,­ ხვალ-ზეგ რა მოხდება, არ ვიცით. ახლა მთავარია, საპროტესტო მუხტი შენარჩუნდეს. ამხელა პროტესტი რომ არ ყოფილიყო, მერწმუნეთ, სანქციებიც არ იქნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხს გამოუცხადოს მხარდაჭერა.

- მაგრამ მაინც, როგორი კონფიგურაციით­ უნდა წარდგეს ოპოზიცია, რომ ხალხს ხელისუფლების სხვა პოლიტიკური ძალით შეცვლის სურვილი ჰქონდეს?

- მე მაინც მგონია, ოპოზიციის კონფიგურაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, ვფიქრობ, ხმები რომ არ დაიკარგოს, უმჯობესი იქნება "ნაცები" და "არანაცები" ცალ-ცალკე დაჯგუფდნენ. ოპოზიციურ ველზე, მაქსიმუმ, სამი პოლიტიკური ძალა იქნება საკმარისი, მეტი არა. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ოპოზიციური ხმები ისევ დაიკარგოს. მთავარია, არჩევნებამდე მივიდეთ... ივანიშვილს იმის იმედი ჰქონდა, რომ აქციის მონაწილეებს დაღლიდა, მაგრამ ხედავთ სადმე დაღლილ ხალხს? შემიძლია მაგალითიც მოგიყვანოთ - პინოჩეტის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მთელი წელი გრძელდებოდა, დაპატიმრებებიც იყო, მუქარაც, შანტაჟიც, მაგრამ მაინც ხალხმა გაიმარჯვა.

- "ქართული ოცნების" ლიდერები არ არიან გულწრფელი, როდესაც­ ამბობენ, რომ სუვერენიტეტს იცავენ, ცალ ფეხზე არ დადგებიან და ევროპაში ღირსებით შევლენ?

- რას გვეუბნებიან დასავლელი პოლიტიკოსები ისეთს, რომ "ქართული ოცნების"­ ლიდერებს ეროვნული თავმოყვარეობა ელახებათ და დამოუკიდებლობის დაცვას ცდილობენ? ჩვენ ვითხოვთ იმ ორგანიზაციაში გაწევრებას, სადაც თავისი ქცევის წესები აქვთ. ფულს გვაძლევენ­ იმისთვის, რომ განათლებულები გავხდეთ, მეტად დავიხვეწოთ და მათ ერთობაში უფრო მოწესრიგებულები შევიდეთ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ცილს ვწამებთ, ხან რევოლუციის მოწყობაში ვადანაშაულებთ, ხან ოჯახის სიწმინდის დარღვევაში და ხან რაში. აგერ, კობახიძემ სულ მთლად სასწაული რამ თქვა, მკვლელობით დამემუქრნენო. ე.ი. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვეუბნებით, რასაც მინდა იმას დაგაბრალებთ, როცა მომინდება, გაგლანძღავთ, როცა მომინდება, გაგინებთ, როცა მომინდება, მაშინ დავარღვევ შეთანხმებასო და თან ბევრი ფული მომეციო - აი, ამას მიიჩნევენ "ქართული ოცნების" ლიდერები ორ ფეხზე დგომად. ეს ორ ფეხზე დგომა კი არა, თავხედობაა. თუ არ თვალთმაქცობენ და მართლა ასე აზროვნებენ, ჩვენი მდგომარეობა იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმომიდგენია.

ხათუნა ბახტურიძე