„შოკური პოლიტიკური თერაპია“ ანუ სანქციები, აქციები და სახიფათო 26 ოქტომბერი - კვირის პალიტრა

„შოკური პოლიტიკური თერაპია“ ანუ სანქციები, აქციები და სახიფათო 26 ოქტომბერი

90-იან წლებში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი საკვები პური იყო. ერთ დღესაც ქვეყანაში ამოიწურა ხორბლის მარაგი და შიმშილის რეალური საფრთხე შეიქმნა, ისეთი, როგორიც აფრიკაშია. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გაემგზავრნენ რუსეთში და თუ არ ვცდები, შეხვდნენ იმდროინდელ ვიცე-პრემიერ ბორის ნემცოვს. თუმცა ნემცოვმა ისინი ცივი უარით გამოისტუმრა, ხორბალს ვერ მოგცემთო. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის ამერიკელებს მიმართა და... რამდენიმე დღეში თბილისის აეროპორტში ჰუმანიტარული ხორბლით დატვირთული ამერიკული თვითმფრინავები დასხდნენ.

2008 წელი. აგვისტო. სწორედ ამერიკის უშუალო მეცადინეობით (ასევე ევროპელების, არ უნდა დავუკარგოთ მათ დამსახურება), რუსეთმა გადაიფიქრა თბილისის აღება. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. სწორედ ვაშინგტონის ორგანიზებით საერთაშორისო დონორებმა­ საქართველოს 5 მილიარდი­ დოლარი გამოუყვეს. ეს დახმარება რომ არა, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემა ჩამოინგრეოდა და 90-იანებში დავბრუნდებოდით.რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია - დაწყებული შევარდნაძის დროს ქართული ჯარის დახმარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ლობირებით თუ სხვა უფრო წვრილი პროექტების განხორციელებით. სწორედ ამერიკა იყო ავანგარდში, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ზოგიერთ ერთი ადგილის მოთამაშე ქვეყანას არ ეცნო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა­. აგერ ახლახან - საქმეში ჩახედულმა ხალხმა კარგად იცის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სწორედ ამერიკელების და პირადად ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის დიდი მუშაობის შედეგად მიანიჭეს.

სანქციები - რა იქნება ხვალ?!

3-1716730395.jpg

სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები შესაძლოა დაუწესდეს:

"(1) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1-ლ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.

(2) ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის­ სახელით, მათ შორის სამართალდამცავი,­ დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით.

(3) (1) პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან (2) პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი".

კანონპროექტი მოიცავს როგორც სავი­ზო,­ ისე ქონებრივ სანქციებს. "შეერთებ­უ­ლმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურო­ბის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე,­ რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმე­დებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქა­რთველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცი­ისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ", - ნათქვამია აქტში.

კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო­ საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე "რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის" და ე.წ. მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებულ სანქციებს. ამასთან, აქტში საუბარია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე. კანონპროექტი 5 წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და გარდა სხვა ნაწილებისა­, მოიცავს ვალდებულებას, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ გადახედოს საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის დახმარებას ქვეყნისთვის, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში - სწორედ ის სენატორები, რომლებიც 2012 წელს პირადად არწმუნებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ ეღიარებინა დამარცხება და მშვიდობიანად დაეთმო ძალაუფლება.

კანონპროექტიდან გამომდინარე, ზოგიერთი ექსპერტის აპელირება იმაზე, რომ თითქოს სანქციები მხოლოდ ინდივიდუალურია და ქვეყანას არ დააზარალებს, არასწორია. როგორც ხედავთ, საუბარია სამხედრო დახმარების შეჩერებაზეც და „პროექტების გადახედვაზე“ ანუ დაფინანსების შეწყვეტაზე. გასაგებია, ამან შესაძლოა ქვეყანა წელში არ გაწყვიტოს, მაგრამ თუ ამ პაკეტს მომდევნო პაკეტი მოჰყვა და უშუალოდ ეკონომიკურ სანქციებზე გადავიდნენ, მაშინ საქართველოს საფინანსო სისტემა ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება.

გარდა ამ კანონპროექტისა, არის კიდევ­ ერთი ინიციატივა - კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, დაახლოებით მსგავსს სანქციებს ითვალისწინებს. თუმცა იქ "თაფლა­კვერის" მუხლებიც არის ჩადებული. კერძოდ, ამ ინიციატივის მიხედვით, თუ "ანტიდემოკრატიული კურსი" შეიცვლება, აშშ საქართველოს აღმოუჩენს სამხედრო დახმარებას, დაუწესებს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს და მისცემს ვიზალიბერალიზაციას.

საქართველოს მმართველი გუნდის პასუხი მოვისმინეთ, რომლის ფორმულა დაახლო­ებით ასეთია - ვიზებს სუვერენიტეტზე არ ცვლიან. თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ცივი ომი“ ოფიციალურ ვაშინგტონსა­ და თბილისს შორის, დიდი ალბათობით, სწორედ ჩვენს ქვეყანას დააზარალებს. მეორე­ მხრივ, თუ "თაფლაკვერის" მუხლები მართლაც ამერიკის ოფიციალური მესიჯია და არა ერთი სენატორის კეთილი სურვილები, მაშინ მათი ხორცშესხმა უზარმაზარი­ ბიძგი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის (სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე აღარ ვლაპარაკობთ). ამიტომაც გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია.

ბოლო პერიოდში არაერთხელ დაგვი­წერია და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - გამოსავალი, ალბათ, ის არის, რომ ამ "განხეთქილების კანონის" ბედი გადაწყვიტოს შემდეგი მოწვევის პარლამენტმა - თუ ამომრჩევლის დიდ ნაწილს სურს "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, მისცემს ხმას დღევანდელ მმართველ გუნდს, თუ არა და... ამომრჩევლის გადა­წყვეტილებას კი, სავარაუდოდ, მიიღებს დასავლეთი, რადგან აღარ იქნება იქ აღქმა,­ რომ ხელისუფლებამ კანონი ხალხს ძალით თავზე მოახვია. თუმცა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებითაც არის ერთი ნიუანსი.

საარჩევნო დილემა

საქართველოში, როგორც წესი, ვნებათაღელვის მორიგი ტალღა არჩევნების შემდეგ იწყებოდა ხოლმე - ყოველთვის მოიძებნებოდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, არ ცნობდნენ მის შედეგს და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევაში ერთგვარი არბიტრის როლს ასრულებდნენ საერთაშორისო­ ორგანიზაციები ევროპიდან და ამერიკიდან. მათ დასკვნებსა და ჩარევას გადამწყვეტი ბეჭდის ფუნქცია ჰქონდათ. ყველაზე კარგად ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოჩნდა, როდესაც ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა აიძულეს ოპოზიციის დიდი ნაწილი, ბოლოს და ბოლოს, შესულიყო პარლამენტში და ქვეყანა­ დროებით მაინც დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

26 ოქტომბერს ამგვარი არბიტრი იქნება? საკითხავი აი, ეს არის მაშინ, როდესაც­ მმართველი გუნდი ბრიუსელსა და ვაშინგტონს ლამის რევოლუციის მოწყობის მცდე­ლობაში ადანაშაულებს? მათ დასკვნებს­ ვინმე გაითვალისწინებს? ამიტომაც სერიო­ზული საფრთხეა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ­ პოლარიზაციის მორიგი აფეთქება ვიხილოთ, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე­ მშვიდობიანად მივაღწიეთ. კრი­ტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია არჩევნებამდე როგორმე განიმუხტოს და ყველანი ერთმანეთს შუბლებით­ არ შევასკდეთ.

მრავალპარტიული, დაბალანსებული­ პარლამენტი არის იმის შანსი, რომ ქვეყა­ნა­ში ხანგრძლივი რყევები მოისპოს. დაბალ­ა­ნსებულში ვგულისხმობთ­ იმას, რომ მმართველი გუნდი (ვინც არ უნდა იყოს) ზურგში ძლიერი ოპოზიციის სუნთქვას უნდა გრძნობდეს, რათა ჭარბმა­ ძალაუფლებამ საბედისწერო შეცდომები არ დააშვებინოს.

რაც შეეხება ოპოზიციას. იქ აზრი ორად გაიყო: "ნაცმოძრაობა" და გიორგი­ ვაშაძე სააკაშვილის იდეას ლობირებენ, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ერთიანი­ საარჩევნო სია უნდა გააკეთოს რაღაც მითური ნეიტრალური პარტიის ბაზაზე და თურმე ეს ყოფილა გამარჯვების ფორმულა. მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობასთან" ერთიან სიაში ყოფნა­ არ სურს და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას. ამ შემთხვევაში­ ხაზარაძე მართალია, რადგან­ თუ ოპოზიციურ პარტიებს (რომლებიც არ არიან "ნაცმოძრაობასთან" აფილირებული) წარმატების მიღწევა სურთ, მათ საარჩევნო ყუთთან უნდა მიიყვანონ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ასევე, ის ხალხი, რომლებიც "ოცნებას" ხმას იმიტომ აძლევდნენ, რომ მიშა არ დაბრუნებუ­ლიყო ხელისუფლებაში. ერთიანი სიის შემთხვევაში, სადაც "ნაცმოძრაობაც" იქნება და, რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება იმის იმიტაციის შექმნას, რომ ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანდა, ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაფრთხება და შესაძლოა 26 ოქტომბერს საერთოდ არ მივიდეს საარჩევნო უბანზე... რა კონფიგურაციით უნდა შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი თუ ე.წ. მესამე ძალა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

რა უხარიათ მოსკოვში?!

რა სურს მოსკოვს? მას სურს საქართველოში დესტაბილიზაცია, ქაოსი და ისეთი ვითარების შექმნა, რომ ქვეყანას საბოლოოდ მოესპოს ყოველგვარი დასავლური იმედი და მხოლოდ კრემლის გულმოწყალებაზე იყოს დამოკიდებული. ამას რომელი კანონი გამოიწვევს, პოლიტიკოსების სიბეცე თუ უცხოპლანეტელები, მოსკოვს ეს ფეხებზე ჰკიდია. შესაბამისად, რუსი პროპაგანდისტების სტუდიებში ზეიმია, როდესაც საქართველოში სავარაუდო დესტაბილიზაციის სცენარებს განიხილავენ.

ამ ყველა რუსი პროპაგანდისტის საერთო ხაზი ის არის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების უკან დგას ამერიკა, რომელსაც რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან პრობლემების შექმნა სურს. შესაბამისად, უკვე დაიწყეს იმ ვერსიის განვითარება, რომ თუ საქართველოში "რაღაც მოხდა", რუსეთი სამხედრო ძალით უნდა ჩაერიოს. და ამაზე საუბრობს ის ხალხი, რომლებიც, თავად რუსებისვე აღიარებით, "მეტოდიჩკებს" კრემლიდან იღებენ...

ფრთხილად ვიყოთ! ეს ყველაფერი თანდათან საინფორმაციო ფონის შემზადებას ემსგავსება კონკრეტული ქმედების დაწყების წინ.

გიორგი კვიტაშვილი