ბრწყინვალე ფურცელი საერთაშორისო დემოკრატიის ისტორიაში - კვირის პალიტრა

ბრწყინვალე ფურცელი საერთაშორისო დემოკრატიის ისტორიაში

1918 წლის 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) საზეიმო სხდომაზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი არსებობის მცირე პერიოდში შემოიტანა საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, რელიგიური პლურალიზმი, გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები... "ეს იყო დასავლურ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ტიპური ევროპული მმართველობა", - გვეუბნება ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მნიშვნელობაზე გვესაუბრება და ამ მოვლენის მემკვიდრეობის მთელ სპექტრს წარმოგვიდგენს.

დამოუკიდებლობა "შემთხვევით" არ მიგვიღია

- საბჭოთა პროპაგანდიდან გამომდინარე, თაობების მეხსიერებაში მითები იყო გამჯდარი და ამ მხრივ ვეცდები აქცენტების წამოწევას. იმ თაობებში, ან თუნდაც ბოლო ათწლეულების თაობების მეხსიერებაში ხშირად რაც ცირკულირებდა იყო ის, რომ საზოგადოება რაღაცნაირი აგდებით, დამცინავად და ანტიპათიით უყურებდა სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდს და საბჭოთა პროპაგანდის მთელი ათწლეულობით ზურგგამაგრებული დეზინფორმაციული მესიჯებიდან გამომდინარე გამოჰქონდა დასკვნები. ამის ერთ-ერთი მთავარი და განმსაზღვრელი კონტექსტი იყო იმის მტკიცება, რომ დამოუკიდებლობა იყო რაღაცა გარემოებათა შედეგი, რომ საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად და თითქოს ის მოულოდნელად დაგვეცა თავზე, ამიტომაც ვერ შევინარჩუნეთ. ეს იყო საბჭოთა პროპაგანდისგან დამკვიდრებული და საზოგადოების მხრიდან მიღებული თვითჩაქოლვის და საკუთარ თავზე ბრალდებების გადმოტანის ტენდენცია, რაც სრულიად ეწინააღმდეგება რეალურ სურათს. ლოგიკა და ისტორიის მიმდინარეობა კი (რომელიც მოიცავს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას, სამწლიანი სახელმწიფოს მშენებლობის პერიპეტიებს და ოკუპაციის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მიმდინარე ბრძოლას) ამის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. რეალურად, არაფერი ხდება სწორხაზოვნად, ცვლილებებს ქმნის ბევრი სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაფუძნების მიღმა დგას როგორც საზოგადოებიდან, ერიდან წამოსული პროცესი და მოძრაობა, ასევე გარე ფაქტორები, ანუ საერთაშორისო განზომილება. ჩვენ ვსაუბრობთ მოცემულობაზე, როდესაც მთელი საუკუნის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ოფიციალურად არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშანი არ გააჩნდა, რამდენადაც რუსული იმპერიის ტერიტორიად იყო გადაქცეული, კოლონიზატორული რეჟიმის ქვეშ არსებობდა და ამ პირობებში წარმოიშვა, განვითარდა და გაძლიერდა ეს ნაციონალური ეროვნული პროექტი, ასე შეიძლება დავარქვათ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას. ეს იყო მთელი თაობების მუშაობის დამსახურება - განმანათლებლების, მომდევნო თაობების, პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც რუსეთის იმპერიის აბსოლუტიზმს უპირისპირდებოდნენ. საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა ამ პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი იყო და, ფაქტობრივად, საქართველოში რუსოფილურ და რუსულ მონარქისტულ ძალებს დასაყრდენი არ ჰქონია.

1917-18 წლამდე არანაირი საგარეო ფაქტორი არ იკვეთებოდა, რომელიც ამის იქით რეალისტურს გახდიდა სახელმწიფოებრიობის რაიმე ფორმის სცენარს. ჩვენი საზოგადოება იყო დაწინაურებული, მობილიზებული, თვითმმართველი და მზად დიდი ცვლილებებისთვის, ეს რესურსი ნამდვილად იყო შიგნით - საზოგადოება ხედავდა, რომ მას შეუძლია საკუთარ თავს მიხედოს და დემოკრატიულ საწყისებზე გადაერთოს, თუმცა ამას აფერხებდა იმპერიული ადმინისტრაცია და საერთაშორისო მოცემულობა, როცა მაშინდელი დიდი სახელმწიფოები ინარჩუნებენ ბალანსს. ეს შეცვალა პირველმა მსოფლიო ომმა, როდესაც ერთმანეთს სახელმწიფოების კოალიციები დაუპირისპირდა და 1916 წლიდან 1917 წლამდე ომში ჩართულმა დიდი იმპერიების ნაწილმა დაიწყო გამოფიტვა და კოლაფსის პირას მივიდა (მათ შორის - რუსეთის იმპერია). თებერვლის რევოლუციისა და რომანოვების დინასტიის მმართველობის დასრულების შემდეგ, გაიხსნა ახალი შესაძლებლობები - პირველი მსოფლიო ომი გრძელდება, რუსეთის დემოკრატიულობის ილუზიები დაიმსხვრა იმიტომ, რომ განსხვავებით საქართველოს საზოგადოების განვითარებისა და მზაობისა, ყოფილი რუსეთის იმპერიის ძირითად ნაწილში, რუსებით დომინირებულ ტერიტორიებზე მსგავსი არაფერი იყო, ისევ ჩამორჩენილი და არამოდერნიზებული სივრცე და საზოგადოება, რომელმაც წარმოშვა მომდევნო მონსტრი საბჭოთა რუსული ბოლშევიკური რეჟიმის სახით. ამან მოკლა ყოველგვარი ილუზია, რომ ამ მემკვიდრეობაზე რაიმე ნორმალური და დემოკრატიული აშენდებოდა. გლობალურმა, საერთაშორისო ომმა მოიტანა ის პირობები, როდესაც ამ იმპერიების დასუსტება-კოლაფსის ფონზე გაჩნდა უკვე შესაძლებლობა, რომ პატარა, დაპყრობილ ერებს სახელმწიფოებრიობის დაფუძნებაზე განეცხადებინათ პრეტენზია. კი, იმპერიები დაინგრა, მათ ნანგრევებზე ბევრმა ერთობამ, ჯგუფმა განაცხადა, მინდა სახელმწიფო ვიყოო, თუმცა როდესაც მას უკან არ უდგას რეალური რესურსი, ამის გამო ისინი ვერ შედგნენ, დროთა განმავლობაში გაქრნენ, ჩამოიშალნენ, დაიქსაქსნენ და ა.შ. ამისგან განსხვავებით, საქართველო 1918 წლის გაზაფხულზე ამ ტვირთისთვის მზად აღმოჩნდა (ერთი მხრივ ეს არის დიდი გამარჯვება, ჯილდო, რომ გაქვს შანსი დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნაზე განაცხადო პრეტენზია და მეორე მხრივ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა). ზუსტად ამას ამბობდა პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი კაკი წერეთელი, რომლის სიტყვებსაც მერე ამახინჯებდნენ და ბრალს სდებდნენ, თითქოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე იყო. ზუსტად 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დისკუსიაში წერეთელი ამბობდა "მარტივია, თქვა და ქაღალდზე დაწერო, რომ ვარ დამოუკიდებელი, მაგრამ მთავარი საქმე მერე მისი ამ რეალობაში დაცვა, შენარჩუნება და განვითარებაა." რეალობაში, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა, გამოწვევა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ღირსეულად შეასრულა - ომის ქარცეცხლში (ტოტალური პირველი მსოფლიო ომის პირობებში), დარჩენილი რუსული არმიის ნაწილები ამიერკავკასიიდან აბარგდა, გზადაგზა, სადაც შეძლო, ყველაფერი გაანადგურა და წავიდა რუსეთში, მიატოვა ფრონტი, ამიერკავკასია დატოვა შეიარაღებული ოსმალეთის წინაშე. აი, ამ ომში ოსმალეთთან და, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აცხადებს საქართველო დამოუკიდებლობას და შემდეგი თვეების და წლების განმავლობაში ქმნის ძალიან მოწინავე, თანამედროვე, დემოკრატიულ, ეროვნულ სახელმწიფოს. ეს არის მთავარი ელემენტი იმ მითოლოგიის გასაფანტად, რომ ეს დამოუკიდებლობა "შემთხვევით მივიღეთ". შემთხვევით არაფერი ყოფილა, ეს არის დიდი მსოფლიო გლობალური პროცესის ნაწილი, როდესაც პირველმა მსოფლიო ომმა დაანგრია ძველი მსოფლიო წესრიგი და ახლის კონტურებმა დაიწყო გამოკვეთა და საქართველომ დაიწყო თავისი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. ეს არის მთავარი სათქმელი, მემკვიდრეობა და გაკვეთილი 1918 წლის 26 მაისისა, რომ თუ საზოგადოება არ არის ჯანსაღი, მობილიზებული, მკაფიოდ არ ხედავს თავის წარსულს, აწმყოს და არ აქვს პროგრამა რისკენ მიისწრაფვის მომავალში, ის ვერ ისარგებლებს ამ შესაძლებლობების ფანჯრით, რომელიც იშვიათად იქმნება.

2-1716748536.jpg

რატომ არის საჭირო პატარა ქვეყნისთვის ძლიერი მოკავშირე

- მთავარი გამოწვევა რაც მაშინ იყო და რაც დღემდე რჩება - საერთაშორისო პოლიტიკას სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, წარმართავს ძალა, მოთამაშეების ინტერესი, აქტორების მიმართ კომბინაციები და ფაქტია, რომ ჩვენი რესურსით, სივრცით და ა.შ. საკმაოდ პატარა ქვეყანა ვართ. ასეთი პატარა ქვეყნების მუდმივი თავისტკივილი და ეგზისტენციალური გამოწვევა არის არსებობის შენარჩუნება, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის და მომავლის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა ძლიერი მოკავშირე, რომელიც დააკომპენსირებს ამ რესუსრსების შეზღუდულობას. ეს მოკავშირე ჩნდება ინტერესიდან გამომდინარე და ეს ინტერესი უნდა იყოს ორმხრივი. ანუ მათ საერთო ღირებულებები უნდა აერთიანებდეს და ეს არის თავისთავად დემოკრატია, დემოკრატიული ღირებულებები, პრაქტიკა, როდესაც პატარა ქვეყანა თავის მოკავშირეებს და პარტნიორებს აჩვენებს, რომ ის არის მისი ოჯახის, ცივილიზაციის ნაწილი და ამიტომ არის პრაგმატული მისი დაცვა-გაძლიერებისთვის რესურსების დაბანდება და პარტნიორობის გაღრმავება. 1918-21 წლებში ამ მხრივ სხვა პირობები იყო, რამაც ნაწილობრივ განსაზღვრა ჩვენი წარუმატებლობა - ანუ მაშინდელი მსოფლიო, ომის შედეგებიდან გამომდინარე იწყებს შეცვლას, მაგრამ მაინც, მეტწილად ომში გამარჯვებული დიდი სახელმწიფოები არიან მომხრე, რომ იმპერიული დღის წესრიგი, სტატუს-კვო გარკვეულწილად შენარჩუნდეს. დასვალეთის მხრიდან დიდი ილუზიებია, რომ რუსეთის იმპერიის დაშლა-დაქუცმაცებას იქნებ სჯობდეს, რომ ისევ ერთი სახელმწიფო იყოს, რომელიც ამ ომში იქნება ჩვენი პარტნიორი გერმანიის იმპერიის და მოკავშირეების დასაბალანსებლად და ა.შ. ეს ილუზიები როცა განადგურდა, ამის შემდეგ დასავლურმა სამყარომ ნელ-ნელა დაიწყო იმ ახალი საფრთხისთვის თვალის გასწორება, როგორიც იყო საბჭოთა, კომუნისტური და ბოლშევიკური რუსეთი, რომელსაც იმ პერიოდისთვის დიდი პრეტენზიები ჰქონდა - არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენით და თავისი დიქტატურის დამყარებით, არამედ მას ჰქონდა მეტი პრეტენზია, რომ მთელი ევრაზიის კონტინენტი კი არა, მთელი მსოფლიო თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. ამ საფრთხისთვის თვალის გასწორება ნელ-ნელა დაიწყეს ომში გამარჯვებულმა დასავლურმა სახელმწიფოებმა, თუმცა ბევრი რამ გვიანი აღმოჩნდა და ზუსტად ამ გარდამტეხ მომენტში, 1921 წლის დასაწყისში საქართველომ ვეღარ შეძლო დროში მოგება და მარტო დარჩა საბჭოთა რუსეთთან. სულ რაღაც კვირებისა და თვეების დაგვიანებამ გადაწყვიტა ამ ომის ბედი, დასავლელმა მოკავშირეებმა, მაგ. საფრანგეთმა, რომელიც საქართველოს ინტერესების რეალურ მოკავშირედ, პარტნიორად და დამცველად გამოვიდა, სანამ პრაქტიკაში აამოქმედა შეიარაღების მოწოდება, თუ დასახმარებლად სამხედრო პერსონალის გადმოგზავნა, საბჭოთა რუსეთმა დაასწრო და საქართველოს მომავლის განვითარების ყოველგვარი პერსპექტივა მოუსპო.

დღეს ამ მხრივ ბევრი რამაა შეცვლილი, თუმცა საფრთხები და გამოწვევები უფრო ფუნდამენტურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ისტორია გვასწავლის გაკვეთილებს, ეს გაკვეთილია ის, რომ 21-ე საუკუნეში მონურ მდგომარეობაში ჩავარდნა, სხვა სახელმწიფოს ტოტალიტარული და დიქტატორული რეჟიმის ქვეშ აღმოჩენა გაცილებით მძიმე და დამღუპველი შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი საუკუნის წინ.

პირველი და ბოლო კოალიციური მთავრობა

- დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის და განვითარების პერიოდიდან შეგვიძლია გამოვყოთ საკვანძო მემკვიდრეობა და გაკვეთილები, რომლებიც დღევანდელობისთვის შეიძლება მაგალითი იყოს. 1. საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის პოლიტიკური კულტურა და კომპრომისის ხელოვნება. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ისტორიაში პირველი და ბოლო კოალიციური მთავრობა საქართველოს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰყავდა (1918 წლის მაისიდან 1919 წლის ნოემბრამდე). როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დაკომპლექტდა კოალიციური მთავრობა - მაშინდელ საქართველოში არსებულმა ყველა მთავარმა, გავლენიანმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შესაბამისი პროპორციით დაიკავეს პორტფელები მინისტრთა კაბინეტში. ესენი იყვნენ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - ყველაზე ძლიერი და გავლენიანი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია (მას 2 კაბინეტი ერგო - იუსტიციის სამინისტრო და განთლების), ეროვნულ-დემოკრატებს ერგოთ ფინანსთა სამინისტრო, ესერებს (სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია) - გზებისა და კავშირების სამინისტრო, სოციალ-დემოკრატებს - სამხედრო და შსს სამინისტროები (მთავრობის თავმჯდომარეც მათი იყო). ეს კოალიციური მთავრობა ერთი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. დეკემბერში ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული ეროვნული საბჭოც გაფართოვდა, რომელიც ექსკლუზიურად ქართველი ერის სახელით ლაპარაკობდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოში, რომელიც მრავალეთნიკური ქვეყანაა, ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში დეპუტატებად მიიწვიეს სხვა ეროვნული ჯგუფების წარმომადგენლები. ესეც არის გარდამავალი ფაზა და მზადება საყოველთაო დემოკრატიული არჩევნებისთვის.

სახელმწიფო მოწყობა

- მომდევნო წლების (1918-1921) განმავლობაში ამ ახალი დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა მმართველობითი ორგანო ეფუძნება დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებს. მაშინდელი რესპუბლიკის მოდელი ერთი მხრივ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ქვეყანაში ძალაუფლების განაწილების საყოველთაო პრინციპი მოქმედებს, ანუ პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო განსაზღვრავს ქვეყნის საფუძვლებს და მთავარ ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, აღმასრულებელი ორგანო არის პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია არსებობს. სახელმწიფოებრივი გამოცდილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია დეცენტრალიზაცია, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა თვითმმართველობას უნდა ეფუძნებოდეს. ჯანსაღი სახელმწიფო დეცენტრალიზაციას არ უნდა უფრთხოდეს, პირიქით, ეს უფრო აძლიერებს სახელმწიფოს და მოქალაქეებს მეტად აკავშირებს სახელმწიფოსთან, რთავს მათ ქვეყნის მშენებლობაში. ცენტრალური მთავრობა თავის განკარგულებაში იტოვებს მხოლოდ ისეთ საკვანძო ფუნქციებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ერთიანი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა.

1920 წლისთვის იღებენ გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც უქმდება ყველა არსებული სამინისტრო. უნდა იყოს ერთი მთავრობის სახლი, სადაც ყველა სამინისტრო იქნება გადანაწილებული და ეს ხარჯებსაც შეამცირებს, კომუნიკაციასაც გააადვილებს, პარლამენტი ცალკე იქნება წარმოდგენილი თავის შენობაში (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში), მთავრობა კი 1920 წლიდან გადასულია დღევანდელი წერეთლის გალერეაში, რუსთაველის პროსპექტზე (მაშინდელი ყოფილი კადეტთა შენობა). ესეც მოდელია სახელმწიოებრივი ხედვის და მიდგომის - ზედმეტი, გაბერილი ბიუროკრატია ყოველთვის არის საფრთხე და არაპროდუქტიული, ნაკლები ხარჯები ბიუროკრატიისთვის და მეტი – მოქალაქეების კეთილდღეობისათვის.

წარმატებული რეფორმები

- თვითმმართველობის ფუნდამენტურ რეფორმის გარდა, წარმატებული იყო მიწის რეფორმა. მანამდე, ფეოდალიზმის და რუსული იმპერიული მემკვიდრეობის გამო, მიწა კერძო საკუთრებაში ძალიან მცირე პროცენტს გააჩნდა. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საკმაოდ სწრაფად გადაჭრა ეს საკითხი და მოქალაქეებს, რომელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა სოფლად ცხოვრობდა, საკუთრებაში გადასცა საკმაო რაოდენობის მიწა. დარჩენილი რესურსით შესაძლებელი გახდა ადამიანებს შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასებში შეეძინათ მიწები. ხელისუფლებამ მიწის მფლობელობის და კერძო საკუთრების ფუნდამენტური საკითხიც ასე გადაჭრა და მოაგვარა. კერძო მფლობელობა სოციალისტური იდეოლოგიისთვის იყო ნაკლებად მისაღები, თუ მიუღებელი არა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, მთავარმა მმართველმა ძალამ გააკეთა საპირისპირო - მან ეროვნული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრა, რომ თუ მოქალაქე არ იქნება მესაკუთრე, მას არ ექნება დამოუკიდებლად დოვლათის შექმნის და განკარგვის საშუალება, ასე ვერანაირი სახელმწიფო ვერ აშენდებოდა, ამიტომ გააკეთა ეს ფუნდამენტური ნაბიჯი და ასეთი მიწის რეფორმა განახორციელა. ასევე, გატარდა განათლების რეფორმა. დაიწყო როგორც ქართულენოვანი სკოლების, ასევე სხვა უმცირესობების ენაზე არსებული სახელმწიფო სკოლების ქსელის ჩამოყალიბება და განვითარება. ესეც არის მითოლოგიის გამაქარწყლებელი - პოსტსაბჭოთა პერიოდში კი არა და დღემდე ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე როგორც ჭეშმარიტებას, ისე მიიჩნევს, რომ საბჭოთა რეჟიმმა უზრუნველყო მასობრივი განათლება და თითქოს მათ გვასწავლეს წერა-კითხვა მაშინ, როცა სახელმწიფო სავალდებულო და უფასო სწავლების ფართო სახელმწიფო ქსელის დანერგვა და განხორციელება დაიწყო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მათ განახორციელეს ეს ფუდამენტური რეფორმა. განათლების რეფორმის ნაწილი იყო სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამა, ეს იყო გრძელვადიანი ინვესტიცია მომავლისთვის, როდესაც კონკურსებით შეირჩა რამდენიმე ასეული სტუდენტი, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით გაიგზავნა ევროპულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად იმ პირობით, რომ კურსის დამთავრების შემდეგ ისინი დაბრუნდებოდნენ საქართველოში და იმუშავებდნენ სახელმწიფოსთვის.

ევროპული მმართველობა

- ყველა იდეა და გამოცდილება, რაც 1918-21 წლებში პრაქტიკაში დაინერგა, ეს იყო შერჩეული, გაანალიზებული და აქაურ რეალობაზე მორგებული საუკეთესო დასავლური გამოცდილება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაც შეიძლება ითქვას, არის ჰიბრიდი მაშინდელი დასავლური კონსტიტუციონალიზმის საუკეთესო ტრადიციებისა, რომელიც აჯერებს და აერთებს როგორც კლასიკური დემოკრატიული რესპუბლიკის იდეებსა და ღირებულებებს, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს კურსს. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კონსტიტუცია საბოლოო მოსმენით და ყველა ის ნორმა, ღირებულება და იდეა, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, ფაქტობრივად, პრაქტიკაში მოქმედებდა წინა წლების განმავლობაში, 1918 წლიდან მოყოლებული. ესეც არის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა.

უნდა ვახსენოთ თავდაცვა-უსაფრთხოებაც - სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც 1918 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ნულიდან ააშენა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (ეს იყო შსს-სთან არსებული განსაკუთრებული რაზმი, უშიშროების სამსახური, რომელმაც მთელი 3 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა თავისი კულტურა, დააკომპლექტა სრულიად ახალი კადრებით). რამდენიმე ქართველმა გამოცდილმა ოფიცერმა, რომელიც მანამდე რუსეთის იმპერიის ამ ტიპის სამსახურში - ჟანდარმერიაში მსახურობდა, შეძლო და მოკლე ვადებში სრულიად ნულიდან ააშენა ძალიან წარმატებული უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც, ფაქტობრივად, გასაქანი არ მისცა არც ერთ მტრულად განწყობილ სხვა სახელმწიფოს, განსაკუთრებით ბოლშევიკური რუსეთის აგენტურას და მათ იატაკქვეშეთს საქართველოში, რომ გარედან ძირი გამოეთხარათ, ან შიგნიდან შეეშალათ ხელი დემოკრატიული რესპუბლიკის­ პოლიტიკისთვის. ესეც არის ის მაგალითი და გამოცდილება, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო საკუთარი ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და დემოკრატიის დაცვა.

უნიკალური მემკვიდრეობა

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საერთო მეხსიერების ნაწილად დაბრუნდა, ეს არის თანასწორუფლებიანობა, პოლიტიკურ ველზე ყველა მოქალაქის ჩართულობის გარანტიები. ამ მხრივ სანიმუშოა ქალთა წარმომადგენლობა. ვიცით, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და მის შემდეგ, ყველა მოქალაქე იყო აბსოლუტურად თანასწორი თავის პოლიტიკურ უფლებებში, მათ შორის ქალებს ჰქონდათ როგორც აქტიური ხმის უფლება, არჩეული ყოფილიყვნენ, ასევე პასიური - ხმა მიეცათ სასურველი კანდიდატებისთვის, ქალი დეპუტატები აერჩიათ მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, დამფუძნებელ კრებაში. მანამდე ეროვნულ საბჭოშიც იყვნენ ქალი დეპუტატები და ორმა მათგანმა მინადორა ტოროშელიძემ და ოლღა სანიკიძემ დამოუკიდებლობის აქტზეც მოაწერეს ხელი. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებიდან უკვე 5 ქალი დეპუტატი იყო კრებაში (ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ქრისტინა შარაშიძე). ქალი დეპუტატები იყვნენ ასევე საქალაქო თვითმმართველობებში და ყველაზე უნიკალური მემკვიდრეობა, რაც პირველმა რესპუბლიკამ დაგვიტოვა, იყო ის, რომ 1918 წლის შემოდგომაზე თბილისის სამაზრო თვითმმართველობაში დეპუტატად არჩეულ იქნა მუსლიმი ქალი ფარი-ხანუმ სოფიევა, დამოუკიდებელი კანდიდატი ყარაიაზის ოლქიდან. ეს არის ფაქტობრივად, პირველი პრეცედენტი მთელ მსოფლიოში, როდესაც მუსლიმი ქალი დემოკრატიულად იყო არჩეული დემოკრატიულ ინსტიტუციაში. ეს არის ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც დღემდე აოგნებს ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში (თუ სხვაგან), როდესაც ვეუბნებით, რომ ერთი საუკუნის წინ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასეთი ღია, პლურალური გარემო გვქონდა, სადაც დემოკრატიული გზით მუსლიმი ქალი გახდა დეპუტატი რეგიონული თვითმმართველობისა. ასე შეგვიძლია შევაჯამოთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობის მთელი სპექტრი.