„ეს კანონი ლაკმუსის ქაღალდია, რაზეც ერთგვარ ბეჭედს ითხოვს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი“ - კვირის პალიტრა

„ეს კანონი ლაკმუსის ქაღალდია, რაზეც ერთგვარ ბეჭედს ითხოვს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი“

მართალია, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის დასაბუთებული დასკვნა უკვე მიიღო, რომელშიც ითხოვენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმ­ებას, მაგრამ ხელისუფლება აზრს არ იცვლის, მეტიც, თითს უქნევს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს და ეუბნება, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს და ახლა ყველა ელოდება, საკანონმდებლო ორგანო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.საზოგადოების პროტესტი გრძელდება და ხალხი ისევ ითხოვს კანონის გაუქმებას. საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდობასთან ერთად ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება დგას. როცა საქმე სამართალს ეხება, განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიონალების აზრი. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად ნოდარ თოფურიძეა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, სამართლის დოქტორი, ცნობილი ადვოკატი. მან დეტალურად შეისწავლა როგორც ქართული, ასევე რუსული კანონი. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სამართლის დოქტორი, ნოდარ­ თოფურიძე გვესაუბრება:

- ეს კანონი სულისკვეთებით ე.წ. რუსული კანონია. ამას რუსეთში "უცხოური გავლენის პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონი ჰქვია, ხოლო საქართველოში - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, თვითონ სახელწოდებაშიც არის თანხვედრა.

რაც შეეხება კანონის მოქმედების სფეროს, რუსულში ტერმინი "აგენტია" გამოყენებული და უცხოურ აგენტად ითვლება პირი, რომელიც იღებს უცხოურ მხარდაჭერას, ან იმყოფება უცხოური გავლენის ქვეშ, ხოლო ქართული კანონის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მომწესრიგებელი კანონი. ხვდებით ხომ, შინაარსობრივად და ტერმინოლოგიურადაც თანხვედრაა რუსული და ქართული კანონის პირველივე მუხლში.

ქართული კანონმდებლობის მეორე მუხლში წერია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". აქაც მსგავსებაა რუსული კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტთან. "უცხოურ აგენტად შეიძლება ცნობილ იქნეს რუსული ან უცხოური იურიდიული პირი, მიუხედავად ორგანიზაციული და სამართლებრივი ფორმისა და ამაში მოიაზრება ფიზიკური პირიც". ქართულში წერია, რომ თუკი იურიდიული პირის უცხოური შემოსავალი 20 პროცენტზე მეტია, მაშინ ითვლება უცხო ძალად. ჩვენ 20-პროცენტიან მარჟას ვაწესებთ, რუსულში ეს შეიძლება 5-10 პროცენტიც იყო. მხოლოდ პროცენტების თამაშია, ნაკადები, ფაქტობრივად, იგივეა. ეს კანონი "მაუწყებლობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ მაუწყებლობებზეც ვრცელდება, რაც პირდაპირ ურტყამს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას. ეს მუხლი პირდაპირ მასმედიას ეხება. ეს იქნება ბეჭდური მედია თუ ტელევიზია, მათ შორის ინტერნეტმედია. რუსულშიც მე-4 მუხლის მეექვსე პუნქტი ზუსტად ამის იდენტურია, ეხება ბეჭდურ, აუდიოვიზუალურ და სხვა საშუალებებს. შემოსავალში იგულისხმება­ არა მხოლოდ თანხა, ასევე სხვა ტიპის ქონებრივი­ და მატერიალური სიკეთეებიც, მაშასადამე,­ ნებისმიერი მატერიალური შემოსავალი, ვთქვათ, ტექნიკის შეძენა, მანქანა და ა.შ., მოძრავი ან უძრავი ნივთი. აქაც მსგავსებაა რუსულ კანონთან. რუსული კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილში ხსენებული დახმარება გულისხმობს პირისთვის უცხოური ძალის მიერ ფულის ან სხვა სახის ქონების მიწოდებას, პირისთვის ორგანიზაციული მეთოდოლოგიური სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა ფორმით დახმარებას. მოკლედ, როგორც "არაჩვეულებრივ გამოფენაშია", თვალი ჰგავს, ჰგავს, ცხვირი ჰგავს, ჰგავს - ასევე იდენტური მსგავსებაა ამ ორ კანონს შორის.

რუსულ კანონში წერია ტერმინი "უცხოური წყარო", ხოლო ქართულში - "უცხოური ძალა". ჩვენთან უცხოურ ძალად ითვლება უცხო სახელმწიფო ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სტრუქტურები, რუსულში კი წერია - "უცხო სახელმწიფოს საჯარო ხელისუფლების ორგანოები" აქაც თვალნათლივ ჩანს მსგავსება. ასევე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქეო, რუსულშიც იგივეა. მოდი, დროებით რუსულს არ შევადაროთ და ისე განვიხილოთ, ქართულში რა წერია - ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, მათ შორის ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი და სხვა სახის ორგანიზაციაო. შეიძლება მე, თქვენ და რამდენიმე ჟურნალისტი ან მოქალაქეები გავერთიანდით თუნდაც ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის სხვა წყაროს საფუძველზე და შევქმენით ორგანიზაცია, ვხვდებით ამ ჩამოთვლილ კატეგორიაში. ზუსტად იგივე წერია რუსულის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტშიც. მე-4 პუნქტი შეეხება სუბიექტის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ორგანიზაციის რეგისტრაციას. ქართულში წერია: "სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს­, ვალდებულია მის მიერ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების­ მომდევნო კალენდარული თვის განმავლობაში წერილობით, მატერიალური ფორმით და არა ელექტრონული ფორმით, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე". რუსულში კი წერია: "პირმა, რომელიც აპირებს იმოქმედოს უცხოური ქვეყნის აგენტად, მოქმედების დაწყებამდე უნდა წარადგინოს განცხადება უფლებამოსილი ორგანოს რეესტრში შესატანად. შეტანის წესს და განცხადების ფორმას ადგენს უფლებამოსილი ორგანო". ჩვენთანაც წერია, რომ განცხადების ფორმას ადგენს უფლებამოსილი ორგანო და აწარმოებს რეგისტრაციას. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია აღნიშნული სუბიექტი დაარეგისტრიროს.

რუსული კანონის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტში წერია: "უცხოური აგენტის სტატუსს იძენს აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი პირი საიტზე განთავსების მეორე დღიდან" - აქაც ტექსტი იდენტურია. მე-5 მუხლში წერია, "ინტერესების გამ­ტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა". განვიხილოთ, როგორ ხდება ეს საჯაროობა? რუსული კანონის მე-5 და მე-9 მუხლებში წერია, რომ თვითონ უნდა შეატყობინოს ფართო საზოგადოებას ამ ორგანიზაციამ და იძახოს­, მე აგენტი ვარო, ქართულში განსხვავება ის არის, რომ ეს ინფორმაცია ვებ­გვერდზე განთავსდება და უზრუნველყოფილია საჯაროობა. თავად სააგენტო ავრცელებს ამ ინფორმაციას და არა პირდაპირ შენ. რუსულ კანონში წერია: "საჯარო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებები და მათი პოლიტიკური მოსაზრების შესახებ, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით და რეესტრში შემავალი ინფორმაცია განთავსებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინტერნეტის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ქსელში, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დადგენილ ფარგლებში". მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტში წერია: "უცხოელი აგენტი ვალდებულია შეატყობინოს ამ სტატუსის არსებობა ამ ფედერალური კანონის მე-4 მუხლით დადგენილი საქმიანობით არსებული კანონით საქმიანობის განხორციელებისას. მათ შორის მიმართვა გაიგზავნოს სახელმწიფო ორგანოებში, საგანმანათლებო დაწესებულებებში და ა.შ." - ანუ თვითონ ატყობინებს ყველას, მე აგენტი ვარო. ქართულში კი წერია, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ პირთა შესახებ ინფორმაცია საჯაროა და სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე და მისი ხელმისაწვდომობა ყველასთვის. მაგალითად, როგორ ხდება მონიტორინგი ქართულში. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა. როგორც წერია რუსულში, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმდგენი წერილობითი განცხადება შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციაზე სათანადო მინიშნებასო - ესეც რუსულის იდენტურია. რუსულის იდენტურია ისიც, რომ მონიტორინგის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია და პირის პერსონალური მონაცემები. მითხარით, როგორ შეიძლება პერსონალური მონაცემების მოძიება ორგანიზაციას ეხებოდეს? დიახ, ეს ეხება ფიზიკურ პირებსაც. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტია. ჯერჯერობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე­ მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებ­ლობაა და სხვათა შორის, დაკისრებული ჯარიმები დიდია - 25.000-ლარიანი. ამას ემატება საურავები და ა.შ., რუსულში კი არის არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. განსხვავება რუსულისგან მხოლოდ ის არის, რომ ჩვენთან არ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, დანარჩენი ყველაფერი იდენტურია. თან ჩვენი კანონი იცით, როგორ დონეზეა აყვანილი? ვისაც კანონპროექტებთან შეხება აქვს, ის აუცილებლად შეამჩნევს ამას - აშკარად ეტყობა, კანონის აგებულება ისეთია, რომ ბოლომდე დახვეწილი არ არის. კანონის ფორმა და სტრუქტურა თავად ითხოვს დამატებით ცვლილებებს. შემდეგ აუცილებლად შევა ამ კანონში დამატებითი ცვლილებები, არ შეიძლება არ შევიდეს, და, ალბათ, შევა ისე, როგორც შეიტანეს კანონის მესამე მოსმენის დროს და ეს მოგვიანებით გაირკვა.

- დიახ, ოპოზიცია ამბობს, რომ მესამე მოსმენაზე იმ ხმაურში გააპარეს და ეს კანონი ეხება ფიზიკურ პირებსაც.

- არ მომწონს სიტყვა "გააპარეს". შენ რომ ოპოზიციონერი ხარ, უნდა მიაქციო ყურადღება, რა გადის საბოლოოდ კენჭისყრაზე და ამაზეც უნდა იყვირო, არაფერი არ უნდა "შეაპარებინო". მიტინგი მოქალაქეების საქმეა, კანონმდებლის საქმე კანონთა სათანადო წესით მიღება და ამ წესის დაცვაზე მეთვალყურეობაა.

ტერმინოლოგიურადაც და შინაარსობრივადაც ეს კანონი რუსული კანონის პირმშოა, ეს არის რუსული სამართლის ნაწილი. როდესაც ადამიანები გამოდიან ქუჩაში, აპროტესტებენ კანონს და ამბობენ არა რუსულ კანონსო, მართალია, კონკრეტულ მუხლებს გულისხმობენ, მაგრამ "არა კანონს" გულისხმობს "არა რუსულ სამართალსაც", იმიტომ, რომ რუსული სამართალი­ საბჭოთა სამართლის მემკვიდრეა. საბჭოთა სამართალს თუ სოციალისტურ მომენტს მოაშორებთ, სუფთა „რუსული სამართალია. ეს გამოიხატება სამართლისადმი უტილიტარულ, მხოლოდ და მხოლოდ გამომყენებლობით დამოკიდებულებაში. კანონი და სამართალი საზოგადოებას სამართლიანობის შეგრძნებას უნდა უღვივებდეს, აქ კი სამართალი ოდენ ინსტრუმენტია - ასე განიხილება სამართალი. ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებობდა სამართლისადმი მარქსისტული მიდგომა. მარქსი ამბობდა, სამართალი ინსტრუმენტია და მას ისტორია არა აქვსო. გასაგებია, სამართალი ინსტრუმენტიც არის, მაგრამ ფილოსოფიის, მაშასადამე ჭვრეტის ნაწილია, იგი სააზროვნო კატეგორიაა. დღეს ის ხალხი, რომელიც იცნობს ევროპულ, დასავლურ სამართალს, უფრო გერმანულ, ფრანგულ სისტემებს, და ხედავს, რომ საქართველოში სამართალი ყველასთვის არ არის და რომ უსამართლოდ ხორციელდება იმ მოსამართლეთა მიერ, რომლებსაც შეხება არა აქვთ სამართალთან არც მრწამსით, არც მოქმედებით და არც კომპეტენციით. 30 წლის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველო არ არის გამოსული საბჭოთა სამართლიდან.

- რატომ მივედით აქამდე?

- მიუხედავად 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა, რომლის თანახმად საქართველოს რესპუბლიკამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918-21 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის საფუძველზე აღიდგინა, მიზეზთა გამო დღევანდელი საქართველო მაინც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ ახალ სახელმწიფოდ. სამწუხაროდ, ჩვენში ვერ შეიცვალა საბჭოთა აზროვნება. ლამის 40 წელია გასული და საქართველო დღესაც­ 1991 წლის 21 დეკემბრის ტერიტორიებით მოიაზრება როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ ახალ სახელმწიფოდ.

1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც მერე არაერთხელ დაიჭრა, შეიკერა და გადასხვაფერდა, დღევანდელი ფორმით კონსტიტუცია კი არა, ფაქტობრივად განცხადებებია "მოჩვენებითი მისწრაფებების" შესახებ. კონსტიტუციაში ჩაწერო, რომ შენ მისწრაფება გაქვს ბლოკებში გაერთიანების, ეს იურიდიული კატეგორიებით თუ ვიმსჯელებთ აბსოლუტური დილეტანტიზმია.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპისკენ მიდის. თქვენთვის რა არის საქართველოს ევროპული მომავალი? რას ეტყვით ხელისუფლებას?

- არაფერს არ ვეტყვი, არ ველი, რომ ვინმე რამეს გაიგებს. ევროპა ამ შემთხვევაში არა გეოგრაფიული ტერმინი, არამედ ცივილიზაციის გამომხატველია. ევროპა უპირველესად სამართლიანი მართლმსაჯულება, სამართლიანი არჩევნები, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, შეთანხმებული წესრიგი და თავისუფალი სიტყვაა. რაც მთავარია, ევროპა მრავალფეროვნებაა, ერთმანეთის მიმღებლობა.

- პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, თქვა, არ შეიძლება ამ კანონის გაკეთილშობილებაო, თქვენი არგუმენტებიც ამ პოზიციას ამყარებს.

- დიახ, ვეტო ძალიან სწორი იყო, ამ კანონიდან არაფრის გამოძერწვა არ შეიძლება. Iრუსული სამართლის ნაწილია და როგორ უნდა გააკეთილშობილო? კიდევ ერთხელ ვამბობ - ამ კანონში ხელის ფათური­ არ გააკეთილშობილებს არაფერს. "არ გათეთრდების ყორანი". ან როგორ წარმოგიდგენიათ რუსული სამართლის ნაწილის გაკეთილშობილება? პრეზიდენტის ვეტო არის სწორი გადაწყვეტილება­. საერთოდ, კანონი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ურთიერთობის ამა თუ იმ სფეროს რეგულაციას, როდესაც ხალხი აპროტეტებს, რეგულაცია როგორ უნდა განახო­რციელო? კუნთმაგარი შავფორმიანებით? არ გამოვა ასე. თუ ქვა ააგდე და თავი შეუშვირე, თავი გაგიტყდება - ეს უკვე სხვა მეცნიერების სფეროა. საქართველო არაერთი გამოჩენილი ფიზიკოსის სამშობლოა­ და მათ ჰკითხონ. თუმცა როგორც ჩანს, აზრს არ შეიცვლიან. საკითხავი ის არის მერე როგორ უნდა მართონ სახელმწიფო დაუმორჩილებლობის პირობებში, რეპრესიული მექანიზმებით?

- თქვენი აზრით, რაში დასჭირდა ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ?

- ამაზე პასუხი არ მაქვს, მხოლოდ ის შემიძლია დავუშვა, რომ ეს კანონი ლაკმუსის ქაღალდია, რაზეც ერთგვარ ბეჭედს ითხოვს­ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. დსთ რა იყო? - ისიც ლაკმუსის ქაღალდი იყო ერთგვარად, გარკვეული იყო ორბიტა, რომლის გარშემოც უნდა ეტრიალათ იქ გაწევრებულ სახელმწიფოებს. ვისაც ეს კანონი აქვს, იტრიალებს იმ ორბიტაზე, რასაც ჰქვია ავტორიტარიზმი, კერძოდ, რუსული ავტორიტარიზმი.

მონტესკიე ამბობს, თუ კანონის მიღების აუცილებლობა არ არის, აუცილებელია ეს კანონი არ იქნეს მიღებულიო. რა საჭირო­ იყო ამ კანონის მიღება? კანონი ხომ გათვლილია იმაზე, რომ მოიტანოს სიკეთე. ამ კანონმა რა სიკეთე მოგვიტანა?

- თვეზე მეტია ახალგაზრდობა აპროტესტებს ამ კანონს, რას ეტყვით მათ?

- დღეს აქციაზე არა მარტო ახალგაზრდობა დგას, არამედ საზოგადოების ყველა ასაკის წარმომადგენელი. ჩვენს ახალგაზრდობას არაფრის თქმა არ სჭირდება. მათ იციან, რომ უნდა იდგნენ სამართლიანობის დასაცავად. ამ ახალგაზრდებს არ აქვთ საბჭოთა წარსული, სხვა განათლება მიიღეს და იმიტომაც ითხოვენ, რომ გაუქმდეს ეს კანონი. ჩვენი ახალგაზრდობა უკვე არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ეს შემდგარი ფაქტია. იგი გასულია რუსული სამართლის ველიდან. გონიერმა ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს თავის მომავალს, ამაზე სხვა საღი აზრი არ არსებობს.