„კარგად გავაანალიზოთ წარსული, რომ უარესი შეცდომები აღარ დავუშვათ, თორემ უსამშობლოდ დავრჩებით!“
რაც დრო გადის, მით მეტად იხლიჩება ორად საზოგადოებრივი აზრი ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო. საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები თავიანთ აზრს გვიზიარებენ.
"ერთმა ჩემმა ნაცნობმა დეპუტატმა თქვა, ეს კანონი რომ არ მიგვეღო, დაგვენგრეოდა ქვეყანა თავზეო"
ნინო კასრაძე, მსახიობი: - მეც და ჩემი მეგობრებიც ვერ ვიფიქრებდით, რომ ამ კანონს ისევ შემოაბრუნებდნენ. შარშან ხელისუფლების უკან დახევამ ბევრი რამ წინ წასწია, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება. არ ვიცი, რას ემსახურება ხელისუფლების ეს ნაბიჯი. ამ ხელისუფლებისათვის სრულიად მიუღებელია ნორმალური გარემო. ცოტა ხნის წინ როგორი დიდი სიხარული იყო, საზოგადოება გაერთიანდა, ერთი სულისკვეთება იყო (ფეხბურთს ვგულისხმობ) და ვფიქრობდი, რომ ხომ შეიძლება ასე სიყვარულით, სიმშვიდით, და სიხარულით ვიცხოვროთ-მეთქი.
ხალხი, რომელიც მაშინ იყო ქუჩაში გამოსული, ახლა უფრო გამწარებული გამოვიდა გარეთ. ალბათ, ელოდებიან, რომ ხალხის ნაწილი ისეა გადაღლილი და სასოწარკვეთილებამდე მისული, შეიძლება რეაგირება არ მოახდინოსო. ჩემი თაობის ხალხს ძალიან უჭირს, ენერგია გვაქვს ცოტა, მაგრამ არა იმდენად ცოტა, რომ ჩვენი პრინციპები ვერ დავიცვათ. ისევ იქ დავდგები, როგორც აქამდე. იმდენად აღშფოთებული ვარ ამ ყველაფრის გამო, გამოხატვის თავიც აღარ მაქვს, გარდა იმისა, რომ იქ დავდგე, ჩვენს ახალგაზრდებთან. ეს კანონი დამღუპველია ჩვენთვის. ხომ ვიცით რა მოიტანა რუსეთში. მაგალითს მოგიყვანთ: 15 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღე იყო და ეს საოცარი ქალი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს, ფაქტობრივად, მას რუსეთში ცხოვრების უფლება აღარ აქვს. ასევე ბევრ მის მეგობარსაც. ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, სახელმწიფო სამსახურში ვეღარ იმუშავებენ. საბანკო ბარათის აღების უფლებაც არ ექნებათ, ანგარიშსაც ვერ გახსნიან. ეს ხალხი იქნება დევნილი თავისი ქვეყნიდან. ასე რომ, ძალიან საშიში კანონია. ვისაც ჯერ კიდევ ილუზია აქვს, მათ მივმართავ: ეს კანონი, მანიპულაციის უდიდესი საშუალებაა, შენ შეგიძლია როგორც გინდა, ისე გამომიყენო!
ხომ ხედავთ, როგორია მთავრობის, ძალოვანი უწყებების დამოკიდებულება ხალხისადმი. დაუნდობლად უსწორდებიან ყველას. ღიზიანდებიან, რომ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ. დემოკრატიას ალტერნატივა არა აქვს. დემოკრატიის შემდეგ არის ტირანია.
ამ კანონის მიღება, ჩემი აზრით, მაინც იმას ემსახურება, რომ ყველანი ვიყოთ უკიდურესად დაძაბული, გაღიზიანებული და ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინება დავიწყოთ. შარშანდელი შეთანხმება, რომ ასე ხელის ერთი მოსმით გააუქმეს, მიუთითებს, რამხელა წყვეტაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ხრამი, უფსკრული. ქართველი საზოგადოება ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით ჩემი შვილების თაობა. არც ისე დიდი ხნის წინ, მწერალთა სახლში გაიხსნა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და მე იქ ვკითხულობდი, პაოლო იაშვილის ცოლის წერილ-მოგონებას. იხსენებს იმ დღეს, როცა პაოლომ თავი მოიკლა, მხოლოდ გიორგი ლეონიძე ჩამეხუტაო. წარმოიდგინეთ, როგორი შიში იყო დასადგურებული, რომ კაცმა მწერალთა სახლში თავი მოიკლა და მისმა მოძმეებმა მის შვილსა და ცოლს სამძიმარი ვერ გამოუცხადეს. ეს რამხელა მორალურ დეგრადაციასა და ტრაგედიაზე მეტყველებს! იგივე გველოდება ახლაც. ერთმა ჩემმა ნაცნობმა დეპუტატმა თქვა, ეს კანონი რომ არ მიგვეღო, დაგვენგრეოდა ქვეყანა თავზეო. რატომ დაინგრევა ქვეყანა ამ კანონის გარეშე? რა არის ამის უკან? ქვეყანა გახლეჩილია, ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ტელეგადაცემებში არ სხდებიან ერთად, სუფრაზეც კი აღარ პატიჟებენ ერთმანეთს, ისე არიან დაპირისპირებული. "ოცნების" დეპუტატებს შეიძლება მართლაც არა აქვთ გაცნობიერებული, რასთან არის ეს ყველაფერი კავშირში და როცა ამბობენ, ჩვენი თვითმიზანი არ არის ევროპაო, მაგაზე ვგიჟდები. ჩვენი წინაპრების, იმ საოცარი ადამიანების, ვინც ეს ქვეყანა დააყენა ევროპულ რელსებზე, ილიამ, ნიკო ნიკოლაძემ და ასე შემდეგ, მათთვის ეს იყო თვითმიზანი. ესენი კი ცდილობენ ჩამოგვაშორონ ამ მიზანს და რაღა დარჩება? თითქოს სპეციალურად გვიკეთებენ, რომ ამ ყველაფერს ჩამოვშორდეთ. მე მიმართავ კიდევ ერთხელ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ იზიარებს ჩვენს პოზიციას: შეხედეთ რა ხდება რუსეთში. აი, ასე დაიწყო ყველაფერი იქაც. გვახსოვდეს ჩვენი წარსული, კარგად გავაანალიზოთ ყველაფერი და მომავალში კიდევ უარესი შეცდომები აღარ დავუშვათ, თორემ უსამშობლოდ დავრჩებით!
"დანის პირზე გავდივართ"
ნიკუშა შენგელაია, მსახიობი: - რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ბრძოლაა სამართლიანობასა და სიყალბეს შორის. ყველაფერი ხდება ორგანიზებულად. მე 9 აპრილის თაობა ვარ და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ მას შენარჩუნებაც უნდა. აი, დადგა დრო, როცა არის ცდა იმისა, რომ დამოუკიდებლობა დაგვაკარგვინონ. ევროპარლამენტარების დირექტივები საბჭოთა კავშირის დროს მაგონებს, როცა მითითებები მოსკოვიდან მოდიოდა. სწორედ იმ ევროპარლამენტარებს მივმართავ: დირექტივები და თითის ქნევები არ გამოუვათ. ნუ აკადრებენ ამას ამხელა ისტორიისა და ქრისტიანული კულტურის ერს. საქართველო საუკუნეების განმავლობაში, სულ ომში იყო, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ის ტრიადა, რაც ილიამ გვიანდერძა. ეს არის მთელი ფილოსოფია, რომელზედაც დგას და იდგება ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ გამოეცალა ერს იდენტობა, ისტორია, კულტურა, დამთავრებულია მისი საქმე.
ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა ნელ-ნელა წამსვლელები ვართ, ახალგაზრდობამ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში. უნდა იყვნენ ღირსებით აღსავსე, დამოუკიდებლები და თავისუფლები. აი, ეს ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში დგანან, "ჩაკრულოს" მღერიან და "აჭარულს" ცეკვავენ. მე არ ვლაპარაკობ იმათზე, ვინც იქ მერკანტილური ინტერესებით მიდის. მათ უკან ოპოზიციის ის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო, რომლებსაც ფულის იქით არაფერი აინტერესებთ. ქვეყანას სჭირდება სიწყნარე, მშვიდობა და განვითარება. ეს კანონი ხომ მხოლოდ მიზეზია? 10 წელია სულ ვკითხულობ, რატომ მიდის ეს ქვეყანა რუსეთისაკენ და ამ კითხვაზე ვერავინ გამცა პასუხი. არადა, სწორედ ამ ხელისუფლების ხელში გაუმჯობესდა ურთიერთობა ევროპელებთან. ეს ხელისუფლება იყო, კონსტიტუციაში რომ ჩაწერა: ევროატლანტიკური მისწრაფება უპირატესიაო. მოიპოვეს ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან, ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი. და რატომ არიან ესენი პრორუსები? ყოფილი ხელისუფლება თავისი ლიდერებიანად არ იყო რუსეთუმე? ისინი არ იყვნენ, რომ ჯერ დაკარგეს კოდორის ხეობა და 20 პროცენტი საქართველოსი? ყველა სტრატეგიული ობიექტები გაასხვისეს და ახლა ამათკენ იშვერენ ხელს, ესენი რუსები არიანო. ნიცშესი არ იყოს, თუ ადამიანი ყრუა, ყურს ხომ არ გაუხევო. მართლა ასეა. ესენი თავიანთი ინტერებისათვის იბრძვიან, ქვეყანაზე ვინ ფიქრობს. თუმცა არიან კარგი ახალგაზრდები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპულ მომავალს იცავენ. უნდა დაფიქრდნენ, რა პოლიტიკური შემადგენელი დგას მათ ზურგს უკან. ვინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და მე ის მანერვიულებს, ყველა ერთად არ მოვყვეთ ნანგრევებში. დანის პირზე გავდივართ, ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება მესამე მსოფლიო ომის წინაშე დადგეს მსოფლიო. ახლახან ვიყავი ბიენალეზე და ჩვენებმა ძალიან დიდი წარმატება მოიპოვეს. სწორედ ამით უნდა წარვდგეთ ევროპის წინაშე და არა იმით, რაც დღეს შუა რუსთაველზე ხდება.
მალე ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება. ძალიან დიდი პროცესები იწყება. იგივე პროცესებია ამერიკაშიც. ძალიან რთული წელი იქნება, მაგრამ ევროპაში ხალხის განწყობა ერთგვარია, რომ სურთ ხელისუფლება, რომელიც თავის ქვეყანაზე იზრუნებს, და როცა ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე, თურმე უფლება არა გვაქვს. ეს ორმაგი სტანდარტია და მათი განცხადებები შეურაცხყოფაა ჩვენთვის, თავისუფალი მოქალაქისათვის. ჩვენ გადავედით დემოკრატიის იმ საფეხურზე, რასაც ჰქვია არჩევნებით ცვლილება. ვფიქრობ, მათ ნახეს რეიტინგები, და სხვა გზა, გარდა რევოლუციური სცენარისა, არ რჩებოდათ. ეგ ერთი და მეორე - თუ ღირსება და დამოუკიდებლობა წაგართვეს, მერე ხდები მონა. ევროკავშირის პარლამენტი კარდინალურად შეიცვლება 6 ივნისს. 6 ივნისის შემდეგ დაფასებდა ჩვენი თავდადება ქვეყნისთვის.
რუსუდან შაიშმელაშვილი