„ჩვენ ერთმანეთის მოფერებიზა ჯიბეში ხელის ჩაყოფა არ გვჭირდება სიტყვებისთვის“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ერთმანეთის მოფერებიზა ჯიბეში ხელის ჩაყოფა არ გვჭირდება სიტყვებისთვის“

მართალია, გურულები პოლიტიკის "თანდაყოლილი" სპეციალისტები არიან, მაგრამ პოლიტიკური პრობლემებისა და თუ სხვა სირთულეებისაგან განმუხტვა და იუმორი მათი საქმეა. ამიტომაც მივაკითხე ერთ "რიგით" გურულს, ერკეთელ პოეტს მამუკა უნგიაძეს ჩოხატაურში. თავიდან კი ვცადე პოლიტიკაზეც გვესაუბრა, მაგრამ უარი მითხრა, მაგენზე არ ვლაპარაკობ, როგორც გურულები ვამბობთ, პოლიტიკა საიქიოსავითაა, მაქანე წასული ბევრი გვინახავს, მარა შით რა ხთება და რას აკეთებენ, მაგის მნახველი, კაცი არაა! ამიზა, რეიზა ევიტკიო უუტკივარი თავიო. მეც დავყაბულდი და დავიწყეთ:

- ბატონო მამუკა, რაფერ ხართ გურიაში და სახელდობრ ჩოხატაურში, დიდი იუმორის მქონე, ნოდარ დუმბაძის სამშობლოში? რას საქმიანობთ?

- რა ვქნათ! კი ვართ დროის საკადრისად. ჰოდა, ამით მიხვდებით, რაფერც ვართ. ისე, დამშვიდებული და დაწყნარებული გურული არც სხვა დროს უნახავს კაციშვილს და ახლა რაფერ იქნება. პაწა გურული ენერგიის ბრალიც არის ჩვენი გადარეულობა, როგორც გურიაში ამბობენ, "გურული ხეს მოტკლეცს, მარა სად წეიღოს, იგი არ იცის". ამიზაა, რომ ჭკუის დამრიგებელიც არ უყვართ გურიაში. რაც შემეხება პირადად მე, პაწა ჯანმრთელობა მიმტყუნებს ხოლმე, თვარა იუმორსა და ლექსის წერაში მარჯვედ ვარ. 9 წლიდან რომ დევიწყე ლექსის წერა, მას შემდეგ არ გავჩერებულვარ: 6000-მდე ლექსი მაქვს დაწერილი, დედაჩემი მეუბნება, გამაგებიე, რას წერ, ბიჭო, ამფერს, შენი რვეულებით მოყანყალდა სერვანდიო! სხვებიც ამას ამბობენ პოეტებზე, ყველა პოეტს და მწერალს უფრიკინებს მისებურადო, მარა სინამდვილეში ვუყვარვარ ხალხს და ეგ მახარებს.

- კვლავ რვეულებში წერთ?

- ინტერნეტშიც ვწერ, მარა კალამი და ქაღალდი უფრო მირჩევნია. მიხვალ, ეიღებ ხელში და გული გაგინათდება ადამიანს. ინტერნეტი გამოირთვება და სადღაა ან ლექსი, ან რამე! წამში გაფრინდება ყველა კომპიუტერიდან. კიდო რა გითხრა? როგორც ყოველთვის, ფარა ანუ ფული არასდროს მაქვს, მარა ვენაცვალე ჩემს ნათესავებს, მაგენი დამეხმარნენ და დამაბეჭდვინეს ლექსები. გგონიათ მათ ულხინთ? არა, მაგრამ ლექსი და პოეზია რომ უყვართ, მე რომ ვუყვარვარ, იმიზა მომეხმარნენ. ამას რომ ვამბობ, იქნება ბევრმა თქვას, რას ჩივა აი, კაცი, რა დროს ლექსებია, ხალხია გაჭირვებულიო! მარა თუ ლექსი და კაი სიტყვა არ იქნება, მაშვინ ხალხს გულში მართლა იმფერი გოუჭირდება, მერე მაგას ვერავინ უშველის. მაგი გვინდა ახლა? Aამიზა მადლობა ღმერთს, რომ გურულებს ტკბილი სიტყვებიზა და ერთმანეთის მოფერებიზა ჯიბეში ხელის ჩაყოფა არ გვჭირდება სიტყვებისთვის. გურული გამოთქმაა, გურულს ყბაი რომ უუკრა, ენას ყურებიდან გამოყოფს და მაინც იტყვის თავის სათქმელსო.

- გარემო ნელ-ნელა აგრესიული ხდება­ და სულ მეშინია, ალალ ურთიერთობებსაც შეეხება და დაანგრევს.

- რაფერ?! ჩვენ არც ფული გვაქვს და არც სკამი, მაგიზა რომ დავამხოთ ერთმანეთი. ერთი ღირსება გაგვაჩნია და მაგის წამრთმევი ვერავინაა. რაფერც ჩვენი ნოდარა დუმბაძე იტყოდა, ღირსება პერანგი კი არ არის, რომ ვინმემ გაგხადოს! ეგ ამბავი ოჯახებიდან გამოგვყვა და მაგიზა ვერ მოშლის ვერავინ. მე, მაგალითად, ბებია მზრდიდა და მეუბნებოდა, იცოდე, მამუკია, სახელიანათ იცხოვრე, თვარა, რომ მოვკტები, იქინეც გევიგეფ შენს უსაქციელობასო. რაც უნდა გაგიჭირდეს, აფერი მეიპარო! სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობია; გზაში რომ ფული მეიძიო, ეიღე ხელში და დეიძახე ხმამაღლა, ფული მევიძიე აგერ და ვინმეს ხომ არ დაგიკარქავენ-თქვა! ადრე თუ გვიან, გამოუშთება იმ ფულს პატრონიო! ა, ამფერები რომ გვაქვენ ნასწავლი ბებიებისაგან, იმ ხალხს რა დაგიკარგავს ღირსებას? ვიქნებით სულ ასე, სიამტკბილობასა და ნიჭიერებაში.

- ხუმრობის გარეშეც გურულებს ნიჭიერება არ გაკლიათ: თავის დროზე რუსეთი ფირალობით გააკვირვეთ, ვეღარ გერეოდნენ, ამერიკა კი - ცხენოსნობით.

- იმიტომ, რომ გურულის ტვინია ნამეტანი სხარტი და გავარჯიშებული. გურული ნახევარ სიტყვაში უნდა მიგიხვდეს სათქმელს. გურიაში არ გაგიგონიათ, ბებია შვილიშვილს რომ ავალებს, წაი ერი წამას და იგი მომიტანეო! და შვილიშვილი რომ ეპასუხება, რაო? რაი და, ეგერაა თაროზეო! გაეგზავნება მერე შვილიშვილი და მოუტანს იმ "რაის", თაროზე რაც დევს, მერე მასთე ვერ იტყვიო?! ე, მაგია სუფთა­ გურულობა.

- რახან გურულები ყველა სიკეთეს "ჩემულობთ", ცოტა საკუთარ ნაკლზეც გვითხარით.

- ერთ ძველ ანეკდოტს გეტყვი. გურულს რომ ძროხა გოუხდა ავად და ერთმა­ ვეტექიმობის დამჩემებელმა მეზობელმა ურჩია, მაგას მოტორის ზეთი დაალევინე, გაწმენდს და კარგად გახდებაო. პატრონიც ადგა და დაალევინა ძროხას აგი ზეთი. ცხადია, ძროხა კიდო უარესად­ გახდა და პატრონმა ისევ მეზობელს მიაკითხა,­ ახლა რა ვქნა, არ მორჩა ჩემი ძროხაო. ჭკუის მასწავლებელმა, ახლა "სალიარკა" დაალევინე, გაანეიტრალებსო, და ეს გაჭირვებული პატრონიც ასე მოიქცა და ძროხა რო სიკვდილის პირას მივიდა, მაშინღა გამოიძახა ვეტექიმი. ვეტექიმმა იკითხა, რა ჭირს ამ ძროხას, რა დაალევინეთო? პატრონმა უპასუხა: ჯერ მოტორის ზეთი, მერე კი "სალიარკა", მარა არ უშველაო. ვეტექიმმა, "გაზაპრავკებული" კი გყოლიათ, ახლა რული დოუყენეთ ოზურგეთის ბოინამდეო! კი ბატონო, ამფერებიც გვემართება, მარა ამფერი ამბებიც კია საჭირო და აუცილებელი. მეორე "ნაკლზეც" უნდა გითხრა? კი ბატონო, ჩემს ერთ ლექსშიც კი დავწერე, მარა აგიც ხუმრობით: "მრიცხველი რომ დოუყენო, გურულს რომ აქ ენა, ბიუჯეტი შეივსება, იმდენს დაწერს, ნენა".

- ნეტავ მაგით ივსებოდეს ჩვენი ბიუჯეტი­. გურულები ლაპარაკს ნაღდად არ დაამადლიდნენ სახელმწიფოს. ისე, თქვენი ჩოხატაური ყოველთვის გამოირჩეოდა სილაღით, რის შესახებაც ნოდარ დუმბაძეც წერდა. თუმცა დღეს, როცა ბევრი ემიგრაციაში წავიდა, ამ ურთიერთობებიდანაც, ალბათ, ბევრი რამ დაიკარგება.

- ნახევარი კი წასულია, მარა ნახევარი ხომ დარჩა და მაგი ხალხი შეინახავს, რაც შესანახია. ჩემი ჭკუით, იგიც მგონია, ის ნახევარიც დაბრუნდება, ვინც წასულია. ჩვენს ამფერ სილამაზის ქვეყანას ასე ადვილად სამუდამოდ ყველა ვერ მიატოვებს. ჩემი ერკეთიც ამფერი სამოთხეა. უფალმა თითქოს ზეციდან დაწერა პირჯვარი და ზედ დაამჩნია. სოფლის ცენტრში, მიწაზეც ჯვარია გამოსახული. ამ ჯვარს ზემოდან უნდა დახედო და მაშვინ მიხვდები, რაზე ვლაპარაკობ. ხალხიც ჯვარას ვუძახით მაგ ადგილს.

- გურულები, როგორც წესი, სასულიერო პირებზეც ხუმრობენ, ამაზე შენიშვნებს ხომ არ იღებთ?

- გურულების ხუმრობა ყველა ადამიანზე მიფერებაა და ჩვენს მამაოებს ეგ რატომ უნდა ეწყინოთ? ამიტომ ის ანეკდოტიც უნდა გითხრათ, მამაოსთან ზეთის საცხებად რომ მივიდა კაცი და მამაომ ჰკითხა, მარხულობო? არაო, იმ კაცმა. მაშვინ მონათლული თუ მაინც ხარო? იმ კაცმა, არა, არა ვარ მონათლულიო. ჰოდა, მამაოს გაუკვირდა, აბა ზეთის ცხება რეიზა გინდა, ჭრაჭუნობო?! ამ თემაზე მეორე ანეკდოტიც მაქვს: ნახიშტარ-ნაყაჩაღარი, ნამამაძაღლარი გურული რომ დიდ ფულს იშოვის და ეკლესიას აშენებს. თოხზე ჩამოყრდნობილი მამამისი კაი ხანს უყურებს და ბოლოს აფრთხილებს, შვილო, სამოთხეში მაინც არ შეგიშვებენ და ეშმაკიც არ მოიმდურო თლათო!

- ბატონო მამუკა, პოლიტიკას მაინც ვერ ავცილდებით. გურული ინტუიციით, ჩვენს მტერზე, რუსეთზე რას იტყვით? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი რუსეთუმე გაიძახის, რუსეთს დამარცხება არ უწერიაო.

- მორჩენილია მაგის საქმე ჩვენი ვახტანგ ჭყოიძის ავადმყოფივით. იცი, ვახტანგ ჭყოიძე ვინ იყო? ერთი ჩვენებური კაი ექიმი. ჰოდა, აგი ვახტანგი ერთხელ მძიმე ავადმყოფთან გამოიძახეს გასასინჯად. გასინჯვის შემდეგ ვახტანგმა არაყი მოითხოვა და რომ მიართვეს, ჭიქა ასწია და თქვა, ეჰ, ამას აწი აღარაფერი ეშველება და ჩვენ გაგვიმარჯოსო!

- თქვენც გაგიმარჯოთ და ერთი თქვენი არასახუმარო ლექსიდანაც უნდა მითხრათ რაიმე.

- რა უნდა გითხრათ იმფერი, რაც ამდენ ლაპარაკში ვერ დამაცდენინეთ. მარა კი, ბატონო, ისევე ჩემს იმედზე გეტყვით პაწას: "მიტეული სახლი ლპება/ წვიმამ გამოუარა/. მასპინძელი დაბრუნდება,/ აგერ ნახეთ, თუ არა!/ ქარი შუშას თავს აჯახებს,/ეზოს ჩამოუარა/ დაბრუნდება ერთ მზიან დღეს/, აგერ ნახეთ თუ არა".