ნახატებით „დაწერილი“ ცხოვრება - კვირის პალიტრა

ნახატებით „დაწერილი“ ცხოვრება

ქიზიყში, დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩადგმული ქვიტკირის პატარა სახლი ფიროსმანმა საყვარელ დას, ფეფეს და მის შვილებს აუშენა. ჩვენს რესპონდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ლეილა გოზალიშვილს კარგად ახსოვს, ფეფეს რძალმა, თამრო ბებომ როგორ გადასცა ოჯახის ყველა ღირსშესანიშნაობა მუზეუმს. ქალბატონმა ლეილამ თავისი პაპის, ფეფეს უფროსი ვაჟიშვილის, ხვთისავარის მონათხრობი ისტორიები გაიხსენა და ნიკალას აქამდე უცნობი ამბები მძივებივით აგვაკინძვინა.

- ნიკო ფიროსმანის დის, ფეფეს შვილთაშვილი გახლავართ. ნიკალა დის ოჯახზე იყო გადაყოლილი, რადგან საკუთარი შვილები არ ჰყავდა.

ასლან ფიროსმანაშვილსა და თეკლე ტოკლიკიშვილს სამი შვილი ჰყავდათ. უფროსი, მარიამი, 15 წლის გაუთხოვებია დედას. იმხანად მირზაანში თბილისიდან მიწისმზომელი ალექსი ჩამოსულა, რომელსაც მოსწონებია გოგო და სასიდედროსთვის გაუმხელია, მას კი უარი არ უთქვამს და გოგო მიუთხოვებია. მარიამს ოჯახიდან წასვლა არ ნდომებია და თურმე დარდობდა. ამის გამო მისთვის დედაქალაქში პატარა ნიკალაც გაუყოლებიათ. ალექსის მეუღლის ოჯახი დაუიმედებია, არ ინაღვლოთ, ნიკალას კარგ კაცად ვაქცევ და ვუპატრონებო, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ ფიროსმანის ბედის ჩარხი სხვაგვარად დაატრიალა. თბილისში გამგზავრებიდან ორ წელიწადში მარიამს სახადი შეხვდა, ავად გახდა და გარდაიცვალა, სიძემ კი პატარა ნიკო ვაჭარ ქალანთაროვების ოჯახს მიაბარა.

ზოგი ამბობს, თითქოს ნიკალას მამა, ასლანი, ოჯახით შულავერში წავიდა, ნიკოც იქ დაიბადა და მისი მშობლების საფლავები­ შულავერშია, რაც არ არის სიმართლე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სოფლებში საშინელი გაჭირვება ჩამოდგა. კაცები შემოდგომაზე მოსავალს რომ აიღებდნენ, ქირაზე სამუშაოდ დადიოდნენ თბილისსა და სხვა სოფლებში, სადაც თვეობით რჩებოდნენ. შესაძლებელია შულავერში ამგვარად მოხვდა ასლანიც და აქედან გაჩნდა მათი შულავერში ცხოვრების ვერსიაც. მირზაანში ყველაწმინდის სახელობის ტაძარი დგას, სწორედ იქ არიან დასაფლავებული ფეფე და მისი მშობლები.

2019031608275981319-1716752575.jpg

ფეფეს პირველი ქმარი გარდაეცვალა და მისგან ხუთი შვილი დარჩა. მეორე მეუღლე­, ჩემი დიდი პაპა, ბარამაშვილი გახლდათ. ფეფეს მასთანაც ხუთი შვილი ჰყავდა, თუმცა რამდენიმე ბავშვი ჩვილობაშივე დაჰღუპვია. ფეფე, შვილებთან ერთად, მშობლების მიწურ სახლში ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. ნიკალა რომ ჩამოდიოდა, მისი დასაძინებელი ადგილი აღარ იყო, ამიტომ გადაწყვიტა ახალი სახლის აშენება. დუქანში მოგროვილი ფული ჩამოიტანა და მეზობლების დახმარებით სახლი ააშენა, რომელშიც ახლა მუზეუმია.

ჩემი თამრო ბებო, ფეფეს შვილის, ხვთისავარის მეუღლე იყო. ის ფეფესაც მოესწრო, მაგრამ ნიკალა არასდროს უნახავს. ბავშვობა ბებოს გვერდით გავატარე. ერთხანს იმ სახლში ვცხოვრობდით, რომელიც­ ფეფეს ნიკალამ აუშენა. ეზოში ახლაც დგას ასწლოვანი აკაკის ხე, მის წინ კი ზედაშეა, სადაც ბებო სანთლებს ანთებდა. ვიცი, რომ იქ იდგა მიწით გადახურული სახლი, სადაც მარიამი, ფეფე და ნიკალა დაბადებულან და გაზრდილან.

7-8 წლის ვიქნებოდი, როცა თამრო ბებოს უთხრეს, აქ ნიკალას მუზეუმი უნდა მოვაწყოთ და სოფელში აგიშენებთ კარგ სახლსო. რამდენიმე წელში სხვა სახლში გადავედით და ნიკალას მუზეუმიც გაიხსნა.

ფეფესა და ნიკალას დედა, თეკლე ხალიჩებსა და ფარდაგებს ქსოვდა, კარგად კერავდა. ბებომ, რაც ფეფესგან დატოვებული ფარდაგები, სპილენძის თუნგი თუ სხვა საოჯახო ნივთები ჰქონდა შემორჩენილი, ყველაფერი მუზეუმს გადასცა. კარგად მახსოვს, ოთახში დიდი სკივრი იდგა, რომელშიც ბებო თავის ნივთებს ინახავდა. მსგავსი სკივრი კიდევ ჰქონია ოჯახს, სადაც ნიკალას ნახატები, ხატვის იარაღები და სამოსი ეწყო. 1937 წელს მირზაანში დაუკავებიათ კაცი, რომელსაც ერთ-ერთ თანამზრახველად დიდი ხნის გარდაცვლილი ნიკო ფიროსმანაშვილი დაუსახელებია. ეს ამბავი ოჯახისთვის სასწრაფოდ შეუტყობინებიათ, შეიძლება მოვიდნენ და შარში რომ არ გაეხვიოთ და თქვენც არ წაგიყვანონ, ნიკალას ყველა ნივთი გაანადგურეთო. ფეფეს სათუთად შენახული ძმის ნივთები გამოუტანია და ნახატებთან ერთად დაუწვავს. მეზობლებსაც ჰქონიათ იმ დროს ნიკოს ნახატები, მაგრამ თითქმის ყველას გაუნადგურებია. ამიტომაც სოფელში მხოლოდ 7 ნახატი აღმოაჩინეს.

10-320-1716752576.jpg

პაპა მიყვებოდა, ერთხელ თბილისიდან ჩამოსულმა ნიკალამ მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი წაგვიყვანა მინდორში. იქ გვასწავლა, რომელი ბალახით რა ფერის საღებავის დამზადება შეიძლებოდა. მერე ბავშვებს გვავალებდა სხვადასხვა ბალახის შეგროვებას, რომელსაც ვახმობდით, ნიკალა ხარშავდა, ერთმანეთში ურევდა და საოცარი ფერის საღებავებს ამზადებდაო. საღებავები თბილისში მიჰქონდა და ხატავდა.

- წეღან მითხარით, ნიკალას ნახატებით აქვს ,,დაწერილი" საკუთარი ბიოგრაფიაო, და მისი რომელი ნამუშევრები იგულისხმეთ?

- მირზაანში, სახლის უკან, დიდი ვენახი ჰქონდათ. ასლანი მშრომელი კაცი ყოფილა და ვენახსაც გულმოდგინედ უვლიდა. ქუმბათშიც ჰქონიათ მიწები. იქ თავიანთი სარგო ხორბალი მოჰყავდათ და საკუთარ კალოზე ლეწავდნენ. იმ კალოს ასლანას კალოსაც ეძახდნენ, რადგან თანასოფლელებსაც გასალეწად იქ მიჰქონდათ ხორბალი. ერთ-ერთ ფერდობს ასლანის ჩრდილსაც ეძახიან. თურმე ლეკები ბავშვის მოტაცებას­ აპირებდნენ, მოულოდნელად ჩემი ახმახი წინაპარი დაატყდათ თურმე თავს და სულ კუდით­ ქვა ასროლინა ყაჩაღებს. მას შემდეგ ლეკებს ასლანის ჩრდილისაც ეშინოდათო, ამბობდა ხალხი და იმ ადგილს ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი.

თბილისიდან ჩამოსული ნიკალა მამის ვენახში მიდიოდა და აკვირდებოდა, როგორ კრეფდნენ ვენახს, როგორ ლეწავდნენ ხორბალს, როგორ წველიდა მისი და ძროხას და მერე ამ ყველაფერს ხატავდა. ნიკოს დახატული ჰყავს მეზობელი, რომელსაც თურმე ჩემი დიდი ბებია, ფეფე ურიგებდა. ძალიან უნდოდა დას, რომ ნიკალას ოჯახი ჰქონოდა. როცა ჩამოდიოდა, თითქმის ყოველთვის ახვედრებდა რომელიმე გასათხოვარ გოგოს. ნიკალას ბებიაჩემის შერჩეული თითქმის ყველა საცოლე დახატული ჰყავს. ფეფემ სახლის აშენებაშიც ძმას იმიტომ შეუწყო ხელი, რომ ნიკალა სოფლად დაეტოვებინა, დაეოჯახებინა. ფიროსმანის ცნობილი ნახატი ,,სონა გარმონზე" ხომ გახსოვთ? სონა ფეფეს შერჩეული ერთ-ერთი საპატარძლო იყო. ბებია მეტყოდა ხოლმე, ნახატი ,,ქალი კოკით" ნიკალას მორიგი საცოლე იყოო. უზუნდარაშიც კი შეურჩევია ძმისთვის ფეფეს საცოლე, მაგრამ გამოჰქცევიათ. ბოლოს ნიკალას უთქვამს, დაო, მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, სახლი მშვიდობაში მოიხმარე, მე იშვიათად ჩამოვალო.

ნიკალა მოქეიფე კაცი იყო. პაპა მეუბნებოდა, სოფელში რომ ჩამოვიდოდა, ყველას დაპატიჟებდა, იყიდდა ხორცს და აუცილებლად გამართავდა სუფრას. ბავშვებთან უამრავი ტკბილეული და ნუგბარი მოჰქონდაო. სოფელს ძალიან უყვარდა ფიროსმანი.

სიცოცხლის ბოლო წლებში, იშვიათად ჩამოდიოდა. დამ ძმის გარდაცვალება­ ცხრა წლის შემდეგ, შემთხვევით გაიგო. პირველად დიმიტრი შევარდნაძე დაინტერესდა, საიდან იყო ფიროსმანი და მირზაანში ჩამოვიდა. სწორედ მისგან შეიტყო ფეფემ, რომ ძმა აღარ ჰყავდა და ცხოვრების ბოლო წლები კიბის ქვეშ, მიწურში, გაჭირვებასა და მარტოობაში გაუტარებია.

ჩემი ხვთისო პაპა ძალიან ჰგავდა ნიკალა ბიძას. ორივე მაღალი, გამხდარი, მოგრძო სახის იყო, აბურძგნილი თმა ჰქონდათ. სახლ-მუზეუმი რომ გახსნეს, ნიკალას ბიუსტი გააკეთებინეს და ოჯახის დანატოვარ ტახტზე წამოაწვინეს. ქანდაკებაზე მუშაობის დაწყების წინ მოქანდაკემ ფიროსმანის ფოტო მოითხოვა. მაშინ ნიკალას ერთადერთი ფოტო იყო აღმოჩენილი. მოქანდაკე ფოტოს დააკვირდა, მერე ტახტზე წამოწოლილ ჩემს უსინათლო ხვთისო პაპას შეხედა და თქვა, ერთი ერთშიაო. მერე ხვთისავარის ნატურით დაამზადა ნიკალას ბიუსტი. ძალიან დიდხანს ჰქონდათ სახლ-მუზეუმში ტახტზე წამოწოლილი ფიროსმანის ბიუსტი, მერე კი აიღეს.

ფიროსმანის მუზეუმი მირზაანში 1962 წელს გახსნეს. სოფელში არაფერი იცოდნენ ნიკალას აღიარების შესახებ, თბილისში კი არ ჰქონდათ მოკვლეული მისი ოჯახის ამბები. როგორც მე ვიცი, მუზეუმის პირველი ხელმძღვანელის, გია ლაპიაშვილის დამსახურებით მოხდა ეს ყველაფერი. სწორედ მირზაანში იპოვეს ნიკალას ორი ფოტო. როცა მუზეუმი გაიხსნა, კიდევ ერთი აღმოაჩინეს.

sona-1716752576.jpg

"თბილისიდან ჩამოსული ნიკალა მამის ვენახში მიდიოდა და აკვირდებოდა, როგორ კრეფდნენ ვენახს, როგორ ლეწავდნენ ხორბალს, როგორ წველიდა მისი და ძროხას და მერე ამ ყველაფერს ხატავდა. ნიკოს დახატული ჰყავს მეზობელი, რომელსაც თურმე ჩემი დიდი ბებია, ფეფე ურიგებდა. ძალიან უნდოდა დას, რომ ნიკალას ოჯახი ჰქონოდა. როცა ჩამოდიოდა, თითქმის ყოველთვის ახვედრებდა რომელიმე გასათხოვარ გოგოს. ნიკალას ბებიაჩემის შერჩეული თითქმის ყველა საცოლე დახატული ჰყავს. ფიროსმანის ცნობილი ნახატი ,,სონა გარმონით" ხომ გახსოვთ? სონა ფეფეს შერჩეული ერთ-ერთი საპატარძლო იყო. ბებია მეტყოდა ხოლმე, ნახატი ,,ქალი კოკით" ნიკალას მორიგი საცოლე იყოო. უზუნდარაშიც კი შეურჩევია ძმისთვის ფეფეს საცოლე, მაგრამ გამოჰქცევიათ".

ნელი ვარდიაშვილი