ებრაჰიმ რეისი უბედური შემთხვევა თუ ტერორისტული აქტი? - კვირის პალიტრა

ებრაჰიმ რეისი უბედური შემთხვევა თუ ტერორისტული აქტი?

"ირანი არ ჰგავს ქვეყანას, სადაც პრეზიდენტები შემთხვევით კვდებიან. თუმცა­ ეს არის ქვეყანა, სადაც ავიაკატასტროფები ხდება ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობის გამო. გასულ წლებში საერთაშორისოდ იზოლირებულ ისლამურ რესპუბლიკაში საჰაერო შემთხვევებს მინისტრთა კაბინეტის 2 წევრი და სამხედრო უწყების ხელმძღვანელი პირებიც ემსხვერპლნენ. ინიციდენტი სავსებით შესაძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თუმცა ეს ავიაკატასტროფა ყოველთვის იქნება ეჭვების საბაბი". არაშ აზიზი, კლემონსის უნივერსიტეტი

ლიბიელი მჩხიბავი

2023 წლის ნოემბრის ერთ საღამოს ლიბიაში ტელეკომპანია "ალ-ჯადიდის" ეთერში არაბულ სამყაროში განთქმულმა ნათელმხილველმა ლეილა აბდულატიფმა განაცხადა: "2024 წლის პირველ ნახევარში უმაღლესი თანამდებობის პირი საჰაერო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლება, სადაც არავინ გადარჩება. მსოფლიო შოკში ჩავარდება, როდესაც ავიაკატასტროფის ჭეშმარიტ მიზეზს დაადგენს". თუმცა ის, რაც ამის შემდეგ იწინასწარმეტყველა, იმდენად მძიმე იყო, რომ პირველი ყველას დაავიწყდა - მსოფლიოს მალე გლობალური პანდემია შეუტევს, რომელიც "კოვიდზე" ბევრად საშიში იქნებაო.

არაბული სამყარო, რომელსაც არაერთხელ გამოუცდია ლიბანელი მჩხიბავის წინასწარმეტყველების სიზუსტე, განცხადებამ გლობალური პანდემიის შესახებ ისე შეაფიქრიანა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მის აღსაკვეთად თადარიგის დაჭერა უმალვე დაიწყო. ამიტომ წინასწარმეტყველება ცაში სიკვდილის შესახებ აღარავის გახსენებია.

ირანის შავი მაისი

19 მაისს აზერბაიჯანს ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რეისი სტუმრობდა. ილჰამ ალიევმა ირანელი კოლეგა მდინარე არაქსზე კაშხლის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია, რომელიც ამ ქვეყნების საზღვარზე მდებარეობს. ღონისძიების დამთავრების შემდეგ ირანის პრეზიდენტი დელეგაციითურთ სამი შვეულმფრენით შინ ბრუნდებოდა.

რამდენიმე ხანში ირანულმა მედიამ განცხადება გაავრცელა, რომ ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენი ავარიულად დაეშვა, რომელსაც მალევე მოჰყვა მეორე ინფორმაცია შვეულმფრენის ჩამოვარდნის შესახებ.

ირანმა საზღვრიდან 40 კილომეტრში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, სოფელ უზისთან, პრეზიდენტის ძებნა დაიწყო. შვეულმფრენს მძიმე მეტეოპირობებში (წვიმა, ნისლი, ცუდი ხილვადობა) 73 სამაშველო რაზმი 10 საათზე მეტხანს ეძებდა. სამძებრო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ უპილოტო საფრენი აპარატებიც, რომელთა მეშვეობითაც ტერიტორიის განათებას ცდილობდნენ. ირანის თხოვნით თურქეთმა 32 მთამსვლელი და თურქული "ბაირახტარები" გაგზავნა. მთამსვლელები და სამაშველო რაზმები ირანმა რუსეთიდანაც მიიღო. ძიებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის ქვეყნებიც, რომლებმაც კოსმოსური თანამგზავრებით დედამიწის ზედაპირის თვალთვალი გაააქტიურეს, რათა მაშველ რაზმებს ჩამოვარდნილი შვეულმფრენის მოძებნაში დახმარებოდნენ.

მხოლოდ 20 მაისს დააფიქსირა ირანულმა დრონმა (და არა "ბაირახტარმა", როგორც თურქული მედია წერდა) შემთხვევის ადგილი. ცნობილი გახდა, რომ ვარდნისას შვეულმფრენს ცეცხლი წაეკიდა და შიგნით მსხდომნი დაიღუპნენ. ირანმა ქვეყნის პრეზიდენტი ბეჭდით ამოიცნო. პრეზიდენტთან ერთად დაიღუპნენ: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ აბდოლახანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი, თავრიზის იმამი, დაცვის წევრები და შვეულმფრენის ეკიპაჟი. იმავე დღეს არაბულმა მედიამ ლიბიელი მჩხიბავის წინასწარმეტყველება გაიხსენა. სანამ ქვეყანაში 5-დღიანი გლოვაა, მსოფლიოს მხოლოდ ერთი კითხვა აქვს, რა იყო ეს - უბედური შემთხვევა თუ ტერორისტული აქტი? თუ მკვლელობაა, მაშინ ვინ დგას 19 მაისის ავიაკატასტროფის უკან?

"ეს ჩვენ არა ვართ"

- მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენის ჩამოვარდნის ამბავი, ყველას მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელი გაახსენდა - ისრაელი. ორი ქვეყნის ისტორიულ მტრობას ბოლოდროინდელი ორმხრივი მუქარებიც ემატება. გარდა ამისა, ძველი წინასწარმეტყველები და თანამედროვე ექსპერტები თანხმდებიან, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში სწორედ ირან-ისრაელის დაპირისპირებით დაიწყება.

ირანს ჯერ ოფიციალურად არ დაუდანაშაულებია ისრაელი (პრეზიდენტის დაკრძალვასა და გამოძიების დასრულებას ელოდებიან), თუმცა არის მინიშნებები მომხდარში "მოსადის" ჩართულობაზე. კარგად თუ დავფიქრდებით, ისრაელს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი ნამდვილად არ უნდა აწყობდეს, რადგან ქვეყანას 35 წელია მართავს უმაღლესი სასულიერო პირი, აიათოლა ალი ხამენეი, და პრეზიდენტის სიკვდილი ვერაფერს შეცვლის ირან-ისრაელის ურთიერთობებში. სააგენტო "როიტერმა" იმ დღესვე გაავრცელა ისრაელის სპეცსამსახურის ანონიმი ჩინოვნიკის განცხადება: "ეს ჩვენ არა ვართ".

"ამინდი იყო კარგი"

19 მაისის ავიაკატასტროფიდან მესამე დღეს უფრო აქტიურად დაიწყო საუბრები, მათ შორის ირანის სამთავრობო ტელევიზიაში, საეჭვო გარემოებების შესახებ. მაგალითად, რატომ მიფრინავდა პრეზიდენტი 30 წლის წინანდელი ამერიკული შვეულმფრენით, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის რუსული წარმოების შვეულმფრენ Mყ-171-ს იყენებს?

მართალია, შვეულმფრენი ძველია, მაგრამ კარგად იყო აღჭურვილი, მათ შორის მონაცემების გადაცემთა 3 სისტემით, რომელთა მეშვეობითაც არ უნდა გასჭირვებოდათ მაშველებს პრეზიდენტის პოვნა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და, ბუნებრივია, გაჩნდა მოსაზრება, რომ გადამცემები უბრალოდ გამორთეს (?!). ასევე საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ პრეზიდენტის შვეულმფრენის ეკიპაჟს ყოველთვის არჩევენ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან", ამ შემთხვევაში კი ეკიპაჟი რეგულარულ არმიას წარმოადგენდა.

საინტერესოა, რომ გეგმის მიხედვით თავრიზის გუბერნატორს ირანის შს მინისტრთან ერთად უნდა ეფრინა და ის ბოლო წუთს გადასვეს პრეზიდენტთან. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თურმე არც ამინდი ყოფილა ისეთი ცუდი, რომ ეკიპაჟს ფრენა გასჭირვებოდა. როგორც თავში ვახსენეთ, ირანის პრეზიდენტს კიდევ ორი შვეულმფრენი ახლდა, რომლებიც მშვიდობიანად დაეშვნენ მიწაზე.

ამის შესახებ განაცხადა ტელეეთერში რეისის ადმინისტრაციის უფროსმა გოლა ჰუსეინ ისმაილმა, რომელიც პრეზიდენტს მეორე შევულმფრენით მიჰყვებოდა: "ამინდი იყო კარგი, შეიძლება ხეობის სიღრმეში იყო ნისლი, თუმცა ფრენის ტრაექტორიაში ის არ იყო, ღრუბლები შვეულმფრენების თავზე იყო". ისმაილის თქმით, პრეზიდენტის შვეულმფრენის გაქრობა 30 წამის შემდეგ შეამჩნიეს, მას შემდეგ, რაც მისი შვეულმფრენის ეკიპაჟმა ბრძანება გადასცა დანარჩენ ეკიპაჟებს, რომ მეტი სიმაღლე აეღოთ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ მეკავშირეებმა შვეულმფრენში მყოფ თავრიზის იმამთან დაკავშირება შეძლეს - "მე ცუდად ვარ, არ ვიცი, რა მოხდა, სად ვარ... ვარ ხეების ქვეშ, ვერაფერს ვხედავ და ვარ მხოლოდ მე..."

იმამთან კავშირის შენარჩუნება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მის გარდაცვალებამდე.

თურქული მედია, რომელიც აქტიურად აშუქებს ირანის პრეზიდენტის სიკვდილს, სხვა მიზეზებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ჩამოვარდნამდე ეკიპაჟის კაბინაში ხანძარი გაჩნდა (ამას ირიბად თვითმხილველებიც ადასტურებენ სხვა შვეულმფრენებიდან - ცაში რაღაც მჭახე ხმა გაისმაო). პილოტი და ორი ოფიცერი ცოცხლად დაიწვნენ. იყო თუ არა ხანძარი ტერაქტის ნიშანი, ან შეეძლო თუ არა ვინმეს ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება, ეს კითხვები ჯერ უპასუხოა.

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს?

ირანში პრეზიდენტის მოვალეობას ებრაჰიმ რეისის უახლოესი გარემოცვის წევრი და პრეზიდენტის პირველი მოადგილე მუჰმედ მოხბერი ასრულებს. მან ქვეყანა 50 დღეში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს. მუჰმედ მოხბერიც აიათოლა ხამენეის ერთგული პირია და ამიტომ დიდი შანსია, თავად გახდეს მომავალი პრეზიდენტი. შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ამჟამინდელმა მეჯლისის სპიკერმა მუჰამედ ბაგერ გალიბაფიმაც, რომელმაც მანამდე ხუთჯერ სცადა დაეკავებინა პრეზიდენტის სავარძელი. ვინ იქნება პრეზიდენტი, ეს დღეს ირანს ნაკლებად აწუხებს, ისევე როგორც მსოფლიოს. მათ ყველას ერთი თავსატეხი აქვთ - აიათოლა ხამენეის "მემკვიდრე".

"ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?"

85 წლის აიათოლა ალი ხამენეი მძიმედ არის ავად და ერი და ბერი გრძნობს, რომ შორს აღარ არის ის დრო, როდესაც ქვეყანას უმაღლესი ძალაუფლების მქონე ლიდერის შეცვლა მოუწევს. სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ირანის ურთიერთობები მსოფლიოსთან, ირანის საშინაო პოლიტიკა თუ ქვეყნის განვითარების გზები.

ალი ხამენეის შემცვლელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სასულიერო განათლება. ამ მიზეზის გათვალისწინებით კულუარებში დიდხანს საუბრობდნენ, რომ სწორედ ებრაჰიმ რეისი უნდა ყოფილიყო აიათოლას "მემკვიდრე". მოციქულ მუჰამედის პირდაპირი შთამომავალი შესანიშნავი კანდიდატურა იქნებოდა ირანის სულიერი ლიდერობისთვის. თუმცა რეისი უკვე მკვდარია.

აიათოლას მემკვიდრეობაზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს მის ვაჟს, მოჯაფა ხამენეისაც, რომელიც წლების განმავლობაში დაკავშირებულია ირანის ძალოვან უწყებებთან, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა სასულიერო განათლების მიღებაში. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემა ირანში მონარქიასთან ასოცირდება, რომელიც სძულთ ქვეყანაში.

"ირანს შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა"

პრეზიდენტის სიკვდილიდან გამომდინარე, 19 მაისის ავიაკატასტროფა დივერსიას დაუკავშირდება თუ არა, გახდება თუ არა ეს საბაბი იმისთვის, რომ ირანმა გარკვეული შეზღუდვები მოიხსნას, - ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხს მსოფლიო ელოდება. მოგეხსენებათ, აიათოლა ხამენეის ბრძანებით ირანში აკრძალულია ბირთვული იარაღის გამოყენება. თუმცა ყველას გვახსოვს 2021 წელს ირანის დაზვერვის სამსახურის უფროსის საჯარო მუქარა, "ირანს შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა, თუ ამისკენ უბიძგებენ".

23 მაისს ებრაჰიმ რეისი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს, ირანს კი წინ დიდი გამოწვევები ელის - მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება აიათოლა ხამენეის სიკვდილამდე ძალაუფლებისთვის ბრძოლის გენერალურ რეპეტიციად იქცეს.

"სისხლიანი პროკურორის" დაცემა და ამაღლება

ებრაჰიმ რეისი 1960 წელს ირანის ქალაქ მეშხედში დაიბადა. რეისი სეიდი, ანუ ადამიანი, რომლის გენეალოგია შიიტური ტრადიციების მიხედვით მოციქულ მუჰამედიდან მოდის. ებრაჰიმ რეისი ჯერ სასულიერო სემინარიაში ცნობილ შიიტ სწავლულებთან სწავლობდა, მოგვიანებით იურისპრუდენციას დაეუფლა. აქტიურად მონაწილეობდა 1979 წელს პროდასავლური შაჰის წინააღმდეგ სტუდენტურ გამოსვლებში. იმხანად რეისი სხვებთან ერთად მონარქიის გაუქმებასა და შარიათის კანონის დამკვიდრებას მოითხოვდა. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება მისი დაახლოება აიათოლა ალი ხამენეისთან.

როდესაც ებრაჰიმ რეისი პროკურორი გახდა, ის პირველ რიგში აიათოლას ოპოზიციას დევნიდა. 1989 წლიდან რეისის ხელმოწერა უამრავი პოლიტპატიმარის სიკვდილის განაჩენზეა, რის გამოც მას დასავლეთში "სისხლიანი პროკურორი" უწოდეს.

"ათასობით პოლიტიკური დისიდენტი ქრებოდა ციხეებში. მათი უმრავლესობა გაუგონარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი შეიქნა. სამწუხაროდ, მათი რაოდენობის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება", - წერდა საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენელი" დასკვნებში.

ებრაჰიმ რეისი 2014-2017 წლებში ქვეყნის გენერალური პროკურორიც იყო. 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ირანის პრეზიდენტი მხოლოდ 2021 წელს გახდა, როდესაც ქვეყნის ამომრჩველების 70%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მანამდე, 2019 წელს, აშშ-მა მომავალი პრეზიდენტი ადამიანების წამებისა და სიკვდილის გამო სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ულტრაკონსერვატორული მოძრაობის მიმდევარი 2021 წლის ჟურნალ "თაიმის" მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი პირის ნუსხაშიც მოხვდა.რეისის პოზიცია 2022 წელს ირანში არნახულმა საპროტესტო გამოსვლებმა შეასუსტა, რომელიც 22 წლის გოგონას სიკვდილს მოჰყვა ხიჯაბის გამო. მალე გამოსვლები მსოფლიოს მოედო და თითქმის ყველა მეორე ქვეყანაში ირანის საელჩოს წინ ყოველდღიურად იმართებოდა საპროტესტო პერფორმანსები ირანში ქალთა უფლებების დაცვისთვის. 2022 წლის საპროტესტო გამოსვლებმა რეისს შინაური მტრებიც მოუმრავლა (უკვე ისმის მინიშნებები, რომ ირანის პრეზიდენტის სიკვდილის მიზეზი შეიძლება ესეც გამხდარიყო.)