„საქართველოს იქით არსად ვაპირებ ცხოვრებას“ - კვირის პალიტრა

„საქართველოს იქით არსად ვაპირებ ცხოვრებას“

ფერეიდნელი ილია ფანიაშვილი საქართველოში გაიზარდა და ირანის რეჟიმმა ნათესავებს დააშორა. დღესაც მისთვის ირანში ჩასვლა ძალიან სახიფათოა.

- ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა, ირანში "თეირანის ჯალათს" ეძახდნენ, როგორც თავისი ერის მოძულე ადამიანს. ტრადიციებისა და ერის წინააღმდეგ მიდიოდა, გმობდა და ხელს უშლიდა ნოვრუზს, ისლამის სახელით ახალგაზრდებს ხოცავდა. ირანმა ამოისუნთქა, სამართალი აღდგა მაჰსა ამინისთვისა და მისი ოჯახისთვის, ბევრისთვის... ებრაჰიმ რაისი, "ჰამასს", "ჰეზბოლას" უჭერდა მხარს. ტერორიზმს აქეზებდა.

- თქვენ შესახებ გვიამბეთ.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახის სხვა წევრები კი ირანში იყვნენ. ნათესავების სანახავად ირანში ხშირად მივდიოდი, ბევრჯერ ჩავსულვარ ფერეიდანშიც. ჩვენს სახლში სამზარეულო, ხალიჩები, ნივთები, ყველაფერი ირანულ ყაიდაზეა. ჩვენი დიალექტიც ფერეიდნულის სპარსულთან ნარევია.

- პირველად როდის ჩახვედით ირანში?

- დაახლოებით 15 წლის წინ. ჰალიმა ბებოს სახლში, ზუსტად ისეა, როგორც 17 წლის წინ იყო. ისევ ისეა დალაგებული­ ნივთები, კარადები... არასდროს დამავიწყდება ფერეიდნული საუზმის სურნელი. ერბოსა და სტაფილოს მურაბის სუნი ყოველთვის ბებოსთან ასოცირდება.

- მშობლები სად ცხოვრობდნენ.

- მამაჩემი საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა. ისინიც ფერეიდნიდან სამშობლოში სხვა ოჯახებთან ერთად ჩამოვიდნენ და ქართული გვარი, ფანიაშვილი დაიბრუნეს. მამამ საქართველოში დაამთავრა სკოლა, მაგრამ ოთხმოცდაათიანებში ირანში დაბრუნდა. იქ გაიცნო დედაჩემი და დაქორწინდნენ. 2003 წელს კი ჩემს ძმასთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ. მე აქ დავიბადე და ძალიან გამიმართლა. შეიძლება ითქვას, პირველი ფერეიდნელი ვარ, რომელიც საქართველოში დაიბადა.

- როგორი ბავშვობა გქონდათ?

- ფერეიდანში ბავშვობაში უფრო ხშირად დავდიოდით. იქაურობა რადიკალურად განსხვავდება საქართველოსგან. მაშინაც ვხვდებოდი, რომ ირანში რაღაც ისე არ იყო. დამწყებ კლასებში ისევ მქონდა ფერეიდნული აქცენტი. სკოლაში რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ არ შემერია­ ქართული და ფერეიდნული. მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა, ხელს მიწყობდნენ. დღეს უნივერსიტეტშიც ჩემი აკადემიური მოსწრებაც მათი დამსახურებაა. ჩვენი კლასი მულტიკულტურული იყო: ქართველები, სომხები, აზერბაიჯენელები, ქურთები და მე - ფერეიდნელი. ქართველი ერი ყველაზე ტოლერანტული სოციუმია უმცირესობებისთვის. ჩვენი კლასი თანაცხოვრების ყველაზე კარგი მაგალითი იყო. ბავშვები სტერეოტიპების გარეშე გავიზარდეთ.

- საქართველოს სხვადასხვა კუთხეს თუ იცნობთ?

- ძირითადად, კახეთში გვიწევდა ჩასვლა, რადგან საბჭოთა დროს ფერეიდნე­ლები საგარეჯოსა და ახაშენში ჩაასახლეს. იქ ნათესავები კიდევ გვყავს და მათ ახლაც ვსტუმრობთ. ბავშვობაში ზაფხულში თბილისში, ბათუმსა და მის გარშემო ვმოგზა­ურობდით. გორი, სვანეთი, სამცხე მოვლილი გვაქვს. ბოლო წლებია, რაც ევროპაშიც წავედით. ვმოგზაურობდით როგორც საშუალო კლასის ქართველები.

- როგორ ინარჩუნებთ კონტაქტს ირანელ ნათესავებთან?

- ირანში ნათესავებს ყოველდღიურად სოციალური მედიის დახმარებით ვუკავშირდებით. ირანში ნოვრუზის დღესასწაულზე ჩავდიოდით, რადგან ამ პერი­ოდში ყველა ერთად იკრიბება და აღნიშნავს. სამწუხაროდ, ირანის ისლამური ხელისუფლება ხელს უშლის ამ ტრადიციას, ქადაგებენ ყურანს და გმობენ წმინდა ირანულ ტრადიციებს. ახლა სახიფათოა ჩემი ირანში ჩასვლა, მომიწევს ირანულ არმიაში წასვლა და "ჰეზბოლასთან" ერთად მოლების დავალებების შესრულება.

- დღევანდელ ფერეიდანზე რას იტყვით?

- ძალიან შეიცვალა იქაურობა, ახალგაზრდების ნაწილი დიალექტზე აღარც საუბრობს, ყველა სპარსულად ლაპარაკობს. ფერეიდნული ჯენზი და ქართული ჯენზი იმით განსხვავდება, რომ ჩვენ ვდგავართ ყოველთვის გარეთ, როცა ვგრძნობთ, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება. ფერეიდანში კი ერთი აქციაც არ ყოფილა მაჰსა ამინის ან სალეჰის მხარდასაჭერი. რაც შეეხება ოჯახურ ურთიერთობებს, ძალიან კონსერვატიულები არიან. ყველა ერთმანეთს იცნობს, ამის გამო ქუჩაში ათწუთიანი გავლა შეიძლება 30 წუთად გადაიქცეს, იმდენი მოგესალმება და მოგიკითხავს, მით უმეტეს, თუ ეცოდინებათ, რომ საქართველოდან ჩახვედი. ფერეიდანში მოგზაურობისას სულ მქონდა შეკითხვა, ქალები რატომ იმალებოდნენ, დედაჩემიც იმალებოდა... თავიდან მითხრეს, რომ ეს ქალის ვალდებულებაა, უსაფრთხოდ რომ იყოს. მაინც არ მესმოდა, ყველა ქალს მეუღლე ჰყავს და აბა, ისინი რას აკეთებენ, კაცი არ იცავს ოჯახს-მეთქი. არასდროს დამავიწყდება, ბავშვობაში ამერიკისდროშიანი კედები მქონდა, ძალიან მიყვარდა და აქ სულ ვატარებდი, მაგრამ ირანში სტუმრად რომ მივდიოდით, დედამ არ მომცა უფლება წამეღო.

ჩემი პირადი შეხედულებების გამო სამიზნე ვარ. ყველამ კარგად იცის, რომ ირანის რეჟიმს არ ვეთანხმები. გვაკონტროლებენ ნათესავების, ნაცნობების მეშვეობით, ნახულობენ, რას ვავრცელებთ­ სოციალურ ქსელში. საქართველოში მყოფი ერთი ირანელი მკაფიოდ უჭერდა მხარს თავისუფალ ირანელ ქალებს და მისი მშობლები გააფრთხილეს, თუ კიდევ ასე გააგრძელებდა, ოჯახთან ყველანაირ კავშირს დაკარგავდა. ძალიან მაწუხებს ახალჩამოსული ფერეიდნელები, სიტყვას არ ძრავენ ირანის წინააღმდეგ. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა სურთ. სანამ ჩამოვიდოდნენ, ისინიც იმ რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ, რომელიც დღეს ქალებს­ აწამებს და კაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებს. ეშინიათ, აქ რომ გააპროტესტონ, ვაითუ დაარეპორტონ.

- თქვენი პირდაპირობით მშობლებს არ უქმნით საფრთხეს?

- მამაჩემს ძალიან დიდი ხანია ფეხი არ დაუდგამს ირანში. დედას ბოლოს ფორმა შეავსებინეს აეროპორტში. ყველას­ ავსებინებენ, სად, როგორ, რანა­ირად არიან, რა სურთ საქართველოში, რას საქმია­ნობენ. მე კი საქართველოს იქით, არსად არ ვაპირებ ცხოვრებას. თუმცა გული მტკივა ირანზე, რომელიც 1979 წელს არა მარტო გაჩერდა, არამედ უკან გაბრუნდა, მეთხუთმეტე საუკუნეში. ამ ერმა დაივიწყა, რა არის თავისუფლება და დღეს მათი ხელისუფლება ცდილობს ეს სხვებსაც წაართვას. "ჰეზბოლას", "ჰამასს" არაბული ქვეყნებიც კი გმობენ, მაგრამ ერთი გულშემატკივრობს - ირანი.

ბევრი ბავშვი იღუპება ისლამური რეჟიმის გამო პალესტინაში, სირიაში, ავღანეთში, ერაყში. მათზეც უნდა ვისაუბროთ. თუმცა მსოფლიო "ჰამასის" პროპაგანდის გარშემო არ ტრიალებს...

დღეს აღარავის აქვს პრინციპები, სოციალისტები, კომუნისტები რადიკალურ, ფუნდამენტურ და კონსერვატორულ რეჟიმებს უჭერენ მხარს. დღეს ირანი აგრესორია, ერი კი მისი მსხვერპლი. ვინმეს გამო თუ უნდა იდგნენ გარეთ, არიან უკრაინელები, ირანელი ქალები და ავღანელები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ დაივიწყა.