რა აქვთ საერთო ჩიფსებს, ნაყინს, ტკბილ სასმელებს, კოკაინსა და ნიკოტინს - კვირის პალიტრა

რა აქვთ საერთო ჩიფსებს, ნაყინს, ტკბილ სასმელებს, კოკაინსა და ნიკოტინს

ნაყინზე, ჩიფსებსა და ტკბილ სასმელებზე პატარები კი არა, ასაკოვანი ადამიანებიც ვერ ამბობენ უარს. საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები - მათი კვლევებით დადგინდა, რომ ასეთი საკვები ადამიანში დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც კოკაინი ან ნიკოტინი. სპეციალისტების აზრით, ამ ტიპის საკვებზე დამოკიდებულება ზრდასრულებში 14%-ს­ აქვს, ხოლო ბავშვებში - 12%-ს. გვესაუბრება "საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციის" დამფუძნებელი ბელა ყურაშვილი:

- იცით, ეს სიტუაცია რას მაგონებს?­ ბავშვს ტელეფონს რომ მიაჩეჩებენ იმ მიზნით, რომ დედა არ შეაწუხოს. ასევეა ჩიფსები და სწრაფი კვების პროდუქტებიც. ზოგიერთი მშობელი სადილს ამ ტიპის საკვებით ანაცვლებს, რაც დიდი შეცდომაა. წარმოიდგინეთ დედა, რომელიც მთელი დღე სამსახურშია, საღამოს შინ ბრუნდება და ისევ თავის ტელეფონს ან კომპიუტერს მიუჯდება - მას ჯანსაღი საკვების მომზადების კი არა, ბავშვთან ურთიერთობის დროც არა აქვს. სამწუხაროდ, ასეა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. დედა, რომელსაც სადღეღამისო ძიძა აჰყავს და შვილთან ურთიერთობის დროს ვერ პოულობს,­ მისთვის სადილების მომზადებას როგორ შეძლებს?

- რატომ უნდა იწვევდეს ტკბილი გაზიანი სასმელები ნარკოტიკის ან ნიკოტინის მსგავს დამოკიდებულებას?

- თითქმის ყველა პოპულარული სასმელი მატონიზებელ ნივთიერებებსა და კოფეინს შეიცავს. გარდა ამისა, გაზიანი სასმელების უმრავლესობა შეიცავს სიმინდის ვაჟინს, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ფრუქტოზა. ამიტომ ეს სასმელები­ დიაბეტის რისკსაც ზრდის და გულის პრობლემებს ამწვავებს. ამ ტიპის სასმელებს უმატებენ ნახშირბადის დიოქსიდსა და დამატკბობლებს, ასევე არომატიზატორებს, რომლებიც კარგ გემოს და არომატს აძლევს. ამას ემატება საკვები დანამატები - ნივთიერებები, რომლებსაც შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად უმატებენ. ყველა ეს კომპონენტი საკვებს სასიამოვნო გემოს აძლევს და შეჩვევას იწვევს. ყველა "სიკეთესთან" ერთად, გაზიანი სასმელები ფუჭი კალორიების წყაროა, რასაც ადამიანი ჭარბი წონისა და სიმსუქნისკენ მიჰყავს. ბევრი ასეთი სასმელი შეიცავს კოფეინს, რომლის მიღებიდან 45 წუთში გამოიყოფა დოფამინი - მისი მოქმედება ისეთივეა, როგორიც ჰეროინს აქვს, და სწორედ ეს იწვევს შეჩვევას.

- რატომ ზრდის ტკბილი სასმელები დიაბეტის რისკს?

- ტკბილი სასმელების მიღებისას ორგანიზმში ინსულინის დონეც იზრდება,­ რადგან მათი უმრავლესობა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ადამიანის დღიური ნორმა მხოლოდ 60 გრამი შაქარია ანუ 12 ჩაის კოვზი - ამაზე მეტი შაქარი საზიანოა და დიაბეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამით აიხსნება დიაბეტის შემთხვევების მომრავლება როგორც მოზრდილებში, ასევე ახალგაზრდებში.

წლების წინ ტკბილ სასმელებს და წვენებს ნატურალური ხილისგან ამზადებდნენ,­ სამწუხაროდ, ეს ტრადიცია მოიშალა და ჩვენ არ ვიცით, რა შემადგენლობისაა ის სასმელები, რომელთაც ყოველდღიურად ვსვამთ. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: გაზიანი სასმელი შეიძლება მინერალური წყალიც იყოს, რომელიც ძალიან სასარგებლოა, ჩვენ ახლა ტკბილი გაზიანი სასმელების გამოყენებაზე ვსაუბრობთ.

- გადავიდეთ ჩიფსებზე, რომელიც პატარებს განსაკუთრებით უყვართ: რატომ იწვევს შეჩვევას და როგორ მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე ეს სასუსნავი?

- სხვადასხვა კვლევის მიხედვით დაადგინეს, რომ ჩიფსები უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ჩიფსების მოყვარულები ნელა ფიქრობენ, აღენიშნებათ მეხსიერებისა და ყურადღების დარღვევა, მათი ათვისების უნარიც ნაკლებია. ჩიფსები და კარტოფილი-ფრი დიდი რაოდენობით ცხიმსა და ნახშირწყალს შეიცავს. დღის განმავლობაში ისედაც დიდი რაოდენობით ნახშირწყალს ვიღებთ ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, პურისა და ტკბილეულის სახით... ნახშირწყლები ორგანიზმში დიდი რაოდენობით რომ დაგროვდება, მერე ცხიმებად გარდაიქმნება. ამიტომ ამბობენ სპეციალისტები, რომ კარტოფილის მიღება კვირაში მხოლოდ ორჯერ შეიძლება, რადგან ის რთულ ნახშირწყლებს შეიცავს - ეს კი ჭარბწონიანობასა და სიმსუქნეს იწვევს. ჩიფსებში დიდი რაოდენობითაა მარილი, არომატიზატორები და დანამატები, თანაც, ჩიფსს ხშირად კარტოფილის ფხვნილისგან აკეთებენ და არა კარტოფილისგან, რაც ვნებს ჯანმრთელობას. თუ ადამიანი ჩიფსებს ხშირად ჭამს, ცხადია, ისიც შეეჩვევა ამ საკვებს და ამ ჩვევას ვეღარ დაძლევს. რატომაა საზიანო? - ჯერ ერთი, მრავალჯერად ცხიმში იწვება, რომელიც კანცეროგენია და სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდის. ამავე დროს, ბევრი პათოლოგიის განვითარებას იწვევს. რაც შეეხება საღებავებს და არომატიზატორებს, სწორედ მათი "დამსახურებაა" ალერგიული რეაქციები და ამიტომაა ასე გახშირებული ალერგია თანამედროვე მსოფლიოში. საბოლოოდ ეს ხრაშუნა, გემრიელი საკვებიც შეჩვევას იწვევს.

- ქალბატონო ბელა, ნაყინი რატომ უნდა იწვევდეს შეჩვევას?

- ნაყინი ბოლოს მოვიტოვე, რადგან ის ცუდი საკვები სულაც არ არის, ოღონდ საკვები დანამატები მასაც აქვს. როგორც წესი, ნაყინს რძისგან ან ნაღებიგან ამზადებენ, მერე კი - შაქარსა და კვერცხის პროდუქტებს უმატებენ. ნაყინს რძისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ "ოქროს შუალედი" აქაც უნდა დავიცვათ: ადამიანი ნაყინს დღეში 3-4-ჯერ რომ შეჭამს, რასაკვირველია, შეეჩვევა. მასში დიდი რაოდენობითაა მარტივი ნახშირწყლები და ცხიმები, მაგრამ თუ ზომიერად, ნორმით მივიღებთ, მასზე სასარგებლო არაფერია. საქმე ის არის, რომ ნაყინი დიდი რაოდენობით შეიცავს არომატისა და გემოს გამაძლიერებლებს, ამიტომაც არაა სასურველი, რომ დღეში რამდენჯერმე მივიღოთ. არაჩვეულებრივი გემოს მიუხედავად, ისიც ჭარბი კალორიების წყაროა.

- რას ურჩევთ მათ, ვისაც ჩიფსებიც ძალიან უყვარს, ნაყინიც და გაზიანი სასმელებიც?

- ბავშვი ჩიფსებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ თუ შეჭამს, ამით არაფერი დაუშავდება, მაგრამ ასეთ საკვებს თავიდანვე არ უნდა მივაჩვიოთ. ზომიერება საუკეთესო გზაა, მაგრამ არსებობს ყველაზე მარტივი და კარგი გამოსავალი: ტკბილი სასმელი შეიძლება ჩვენ თვითონ მოვამზადოთ ნატურალური ხილისგან, ან გაზიანი მინერალური წყლით ჩავანაცვლოთ, რომელიც გაცილებით სასარგებლო და კარგია. ნაყინი, ჩიფსები და კარტოფილი-ფრი შინაც შეიძლება მოვამზადოთ. მართალია, დღეს ამის დრო არ არის და ყველას გამზადებული ურჩევნია, მაგრამ თუ გვსურს ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჯანმრთელები იყვნენ, მათთვის დრო აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე