"ათწლეულებია ითვლება, რომ "ევროვიზიაზე" გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპი უვარგისია" - კვირის პალიტრა

"ათწლეულებია ითვლება, რომ "ევროვიზიაზე" გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპი უვარგისია"

2024 წლის რიგით 68-ე "ევროვიზია" შვედეთში, ქალაქ მალმოში ჩატარდა და გამარჯვებუ­ლი შვეიცარიელი მომღერალი - ნემო გახდა, სიმღერით - The code, საქართველოს წარმომადგენელმა - ნუცა ბუზალაძემ კი, რომელიც არაერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული თუ მონაწილეა, 21-ე ადგილი დაიკავა სიმღერით - firefighter. კონკურსს სოცქსელში "ბრავო რეკორ­დსის" დამფუძნებელი - ზაზა შენგელია გამოეხმაურა: "25 წელია ამას ვამბობ: Eurovision is the most ბანძი song contest in the world. ამ საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება..." "ევროვიზია" და პოლიტიკური გავლენები­ - ამ თემაზე საუბარი ზაზა შენგელიას ვთხოვეთ:

- ვფიქრობ, წლევანდელ "ევროვიზიაზე"­ საერთო დონე ნორმალური იყო, გამოვყოფდი ფრანგების, ხორვატების გამოსვლას, სომეხი კონკურსანტის სიმღერა მომეწონა,­ რომლის მელოდია ეროვნულ მოტივებზე­ იყო, სასცენო პერფორმანსი და კლიპიც კარგად გამოიყურებოდა. რაც შეეხება გამა­რჯვებულს, მიმაჩნია, რომ შვეიცარიელი მომღერალი ნემო იმიჯურად ბრიტანელი მომღერლის - ჰარი სთაილსის გადამღერება იყო - წამბაძველობა გარეგნობით, სასცენო მოძრაობებით, ცოტა ვოკალითაც...

მსოფლიოს მთავარი, უმსხვილესი მუსიკალური რეკორდ ლეიბლებია "universal music", "warner music" და "sony music", ეს სამი გიგანტი ვარსკვლავებთან დებს კონტრაქტებს ალბომების ჩაწერაზე, საკონცერტო ტურნეზე და ა.შ. ისეთი ტელეპროექტები, როგორებიცაა მაგალითად, "პოპ-აიდოლი" და "იქს ფაქტორი", უფრო მეტადაა­ მიბმული ამ უდიდეს ბიზნესკომპანიებთან,­ ამიტომ, მათი მონაწილეების კარიერა შემდგომში ბევრად უფრო წარმატებით ვითარდება, გამარჯვებული ვარსკვლავები სერიოზულ გზას იკაფავენ შოუბიზნესში, მონაწილეებს შორის ათეულობითაა გრემის ნომინანტი ან გამა­რჯვებული. ევროვიზია კი მოკლებულია ამ ყველაფერს, ცალკე აღებული კონკურსია,­ სადაც ძნელია იმის განჭვრეტა, რის მიხედვით ხდება გამარჯვებულის შერჩევა. ერთ წელს შეიძლება ლირიკულმა სიმღერამ გაიმარჯვოს, მეორე წელს კონკურსანტი ლგბტ ნიშნით იყოს, მესამე წელს პრიმიტიულ საცეკვაო ჰიტს მიანიჭონ უპირატესობა და სხვა კონკურსანტი, უფრო ღირებული და კარგი სიმღერით, ჩამორჩეს. რატომ? იმიტომ, რომ აქ ხმის მიცემის სისტემა არასრულყოფილია და დიდ კრიტიკას იმსახურებს. ათწლეულებია ითვლება, რომ "ევროვიზიაზე" გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპი არასამართლიანია, უვარგისია. რადგანაც ხშირად ქვეყნები პოლიტიკური ბლოკური პრინციპით აძლევენ ხმას ერთმანეთს. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთმანეთს, სკანდინავიის - ერთმანეთს, ასევე, ბალკანეთის ქვეყნები, გერმანია თურქეთს, რადგან გერმანიაში 4 მილიონამდე თურქი­ ემიგრანტია და ა.შ. ამის გამო, მრავალი წლის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანა, იგივე იტალია, ავსტრია, ლუქსემბურგი საერთოდ უარს აცხადებდა ამ კონკურსში მონაწილეობაზე. ინგლისი, რომელიც როკმუსიკ­ისა და თანამედროვე პოპ-მუსიკის აკვანია და დიდი ზეგავლენა აქვს მსოფლიო პოპულარულ მუსიკაზე, ევროვიზიის თითქმის ყველა კონკურსზე ბოლო ადგილზე გადის. ეს იმითაცაა განპირობებული, რომ ინგლისელების დიდი ნაწილი ინგლისში ცხოვრობს, ანუ ინგლისელი ემიგრანტი ცოტაა სხვა ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონკურსი. წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩემი თავმჯდომარეობის დროს, სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაიქმნა და 2005 წელს ამ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრები გავხდით. იმ პერიოდში, ჩვენს სფეროში ეს ნატოს წევრობის ტოლფასი იყო. სწორედ ამ წევრობამ მოგვიტანა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის უფლება და პირველი კონკურსანტი სოფო ხალვაში იყო. იმთავითვე, ჩემი კოლეგებისგან­ - სლოვენიელებისგან, ბალტიისპირელებისგან, უნგრელებისგან, ბერძნებისგან ბევრი უკმაყოფილება მესმოდა ევროვიზიის კონკურსის ამ არასამართლიანი სისტემის გამო, რომლითაც გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა. ამის საპირისპიროდ, ჩემ მიერ ჩამოთვლილ ტელეპროექტებში ძალიან კომპეტენტური და მაღალი რანგის ჟიური დგება. გვახსოვს, "ამერიკან აიდოლში", სადაც ნუცა ბუზალაძე გამოვიდა, ვინ იყვნენ ჟიურის წევრები, ახლაც და გასულ წლებშიც - მსოფლიო დონის, ცნობილი ვარსკვლავები - ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი, სტივენ ტაილერი, ჯენიფერ ლოპესი, ნიკი მინაჟი,მერაია ქერი, ელენ დეჯენერესი, რენდი ჯექსონი. ამიტომ, ევროვიზიის ნაცვლად, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ეფექტურად იმუშავებდა მსოფლიოს ქვეყნების "პოპ-აიდოლი" რომ გაკეთდეს. ეს ბევრად უფრო პრესტიჟული და სერიოზული კონკურსი იქნებოდა. ბევრი ახალი ჰიტი დაიწერებოდა, შეიქმნებოდა სიმღერები, ქავერ სიმღერების ახლებული ვერსიები, ჰიტები, ეს იქნებოდა ახალი სისხლი მთელი მსოფლიოსთვის, რომ მომღერალმა­ გზა გაიკაფოს დიდ მუსიკალურ ბაზრებზე და შეძლოს სერიოზული მუსიკალური კარიერის შექმნა.

zaza-shengelia-1-1716966269.jpg

- თუკი "ევროვიზიას" ამდენი მინუსი აქვს, არც შემსრულებლებისთვისაა წინსვლის დიდი ასპარეზი, რატომ ითვლება პრესტიჟულად?

- საბჭოთა პერიოდში, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნებისთვის ეწყობოდა ხოლმე ფესტივალი სოპოტში, პოლონეთში, მსგავსი იყო ბულგარეთშიც, იტალიაში "სან-რემო" ტარდებოდა. "ევროვიზია" რაღაც ასეთ მსუბუქ საერთაშორისო, ახალგაზრდულ, ინტერნაციონალურ ფესტივალს მაგონებს, სადაც გამოდიან ეს საერთაშორისო კონკურსანტები, ეროვნული პალიტრები, გუნდები, გულშემატკივრები და ეს ყველაფერი განწყობას ქმნის, ამას თავისი პლუსი აქვს, მაგრამ მე იმ ფესტივალებს მაგონებს. თავისი ხიბლიც აქვს, ოღონდ ამ ხიბლს არაფერი აქვს საერთო მუსიკალური ბიზნესის განვითარებასთან. ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც ამ პროექტის მერე გაიკვალა გზა, იყო "აბბა", შვედეთმა 1974 წელს გაიმარჯვა; შემსრულებლებიდან­ კი - სელინ დიონი, რომელიც შვეიცარიის­ სახელით გამოდიოდა, სანამ დაოჯახდებოდა და კანადაში გადასახლდებოდა. ამ ორის გარდა, ვინმე განსაკუთრებულ სახელს ვერ ვიხსენებ, არც ჰიტი მახსენდება, რომ ევროვიზიას მსოფლიოსთვის რაიმე ჰიტი მიეცეს. ამის მიუხედავად, საქართველომ მაინც უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა და უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს. გინდა, თუ არა, ეს მაინც ზრდის ქვეყნის ცნობადობას. ოლიმპიური პრინციპითაა, გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ მონაწილეობა. ქართველები, გარდა იმისა, რომ დემოგრაფიულად ცოტა ვართ დედამიწაზე, ამ საზომით, არცთუ ბევრი ქართველია სხვა, ევროპულ ქვეყნებში, რომ ხმის მიცემაზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიონ, ამიტომ ვამბობ, რომ "ევროვიზიის" სისტემაა შესაცვლელი. მხოლოდ კომპეტე­ნტური ჟიური რომ ვიხილოთ და რეკორდ ლეიბლების მუსიკალური პროდიუსერებით დაკომპლექტდეს, ბევრად უფრო სწორი განვითარება მიეცემა ამ პროექტს, ვიდრე დღეს აქვს. მე, ავტორიტეტულ ჟიურის შევქმნიდი, ისეთი სერიოზული მოთამაშეებით, რომლებიც დღეს ამინდს ქმნიან­ მუსიკალურ ინდუსტრიაში. გამოვავლენდი გამარჯვებულებს I-II-III ადგილებზე და ცალკე მექნებოდა პრიზები­ ხალხის ხმის მიცემით. ეს სერიოზულ რელსებზე შეაყენებდა კონკურსს.

- თუ გახსოვთ, გასულ წლებში რომელი მეგობარი ქვეყნები უფრო აქტიურობდნენ ჩვენთვის ქულების დაწერისას?

- დეტალურად არ ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ მახსოვს, რომ სომხეთი,­ აზერბაიჯანი და უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები ძალიან გვეხმარებოდნენ. ახლა იმდენად დიდი ინტერესი აღარ მაქვს და ისე აქტიურადაც ვეღარ ვადევნებ თვალყურს. სხვათა შორის, "ბრავო რეკორდსი" ორჯერ იყო აქტიურად ჩართული "ევროვიზიის" კონკურსანტების სამზადისში და მათ ორივეჯერ საკმაოდ მაღალი - მეცხრე ადგილი დაიკავეს - 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ,­ 2011 წელს კი ჯგუფმა "ელდრაინმა" და სოფო ტოროშელიძემ, მათი ფონოგრამა ჩვენ ჩავწერეთ, სოფო ნიჟარაძის კი ბრიტანეთში ჩავაწერინეთ უდიდეს საუნდ-ინჟინერს, საიმონ გოგერლის, რომელმაც მანამდე "იუ-2"-ს ალბომისთვის გრემი აიღო. ამას სიამაყით ვამბობ, რომ როცა ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, კარგი ხარისხით გავაკეთეთ, ის სიმღერებიც კარგი იყო და თვითონ ჩანაწერებიც, ფონოგრამებიც.

- წლევანდელს როგორ შეაფასებთ?

- ნუცა ძალიან ძლიერი მომღერალია და იშვიათია იმ შემსრულებელთაგან, რომელსაც შეუძლია სერიოზული პერფორმანსის გაკეთება სცენაზე. უბრალოდ, თვითონ სიმღერა არ იყო მისთვის მომგებიანად შერჩეული. ეს მუსიკალური ტრენდი, ბალკანურ-თურქული მუსიკალური რითმები, დაახლოებით 10 წლის წინ იყო მოდაში და დღეს ეს ცოტა ანაქრონიზმია. ნუცას სერიოზული კარიერა აქვს, ბევრ კონკურსში გაუმარჯვია და ამას მნიშვნელობა აქვს, ფსიქოლოგიურადაც კარგად მომზადებული და უძლიერესია.

buzaladze-shengelia-212-1682328447.jpg

- საზოგადოების ნაწილს მომღერლის მიმართ პროტესტი გაუჩნდა...

- გამარჯვება საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ მიზნები უნდა დავისახოთ - ხუთეულში, ათეულში მოხვედრა. ისიც გაუგებარია ჩემთვის, სოციალურ მედიაში კომენტარებს რომ წერენ და ამა თუ იმ კონკურსის მონაწილეს პრესავენ - შენ აუცილებლად გაიმარჯვებ, ევროპას დაიპყრობ, დააჩოქებ... არ არის ასე და ჩვენი მონაწილეც დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა გავთვალოთ. "ევროვიზია" ათეული წლებია არსებობს, ჩვენთვის კი მაინც ახალი ხილია, 15-20 წელი დიდი პერიოდი არ არის ამ თვალსაზრისით. მთავარია, რომ ჩვენთვის ეს კიდევ ერთი საკონტაქტო საშუალებაა ევროპასთან, თავის გაცნობის, ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, რომ სწორი სიმღერით და მაქსიმალურად კარგად და გემოვნებით დადგმული ნომრით გავუშვათ ჩვენი კონკურსანტი.