"ომში რომ არ წავსულიყავი,­ შეიძლება ახლა ცოცხალი არ ვყოფილიყავი - თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი..." - კვირის პალიტრა

"ომში რომ არ წავსულიყავი,­ შეიძლება ახლა ცოცხალი არ ვყოფილიყავი - თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი..."

რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაცემული ზურაბ ოდიშვილის დედას ნაბოლარა ვაჟიც ომში გაეპარა. ამბავი კი ასე დაიწყო: რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, თამარ ოდიშვილი ემიგრაციაში იყო, მას უკვე დაკარგული ჰყავდა ორი ვაჟი - ერთი მოულოდნელად გულით დაიღუპა, მეორე კი ტყეში დაიკარგა და ერთი თვის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ორი შვილის დამკარგავ დედას გულზე შემოეყარა, უფროსმა ვაჟმა რომ დაურეკა და ომში წასვლის გადაწყვეტილება ამცნო. რა თქმა უნდა, დედამ შეიცხადა, მაგრამ შვილმა უთხრა, დედი, მე რომ იქ არ წავიდე, იცოდე, ის ომი აქ მოვაო, და დედამაც ვეღარაფერი უპასუხა. ამ საუბრიდან ძალიან მალე იატაკზე ფეხი გაუცურდა და ნეკნები ჩაემტვრა. "გაგიკვირდებათ და, გამიხარდა. ვუთხარი კიდეც, დედას შვილის ასეთი ამბავი როგორ უნდა გაუხარდეს, მაგრამ რა ვქნა, მიხარია, ომში ვეღარ წახვალ-მეთქი. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდა, მაშინვე წასვლისთვის დაიწყო მზადება. შემომიჩნდა და თვითმფრინავის ბილეთები ნაცნობობით იაფად მაყიდვინა თავისთვის და მეგობრისთვის. წასვლის წინ ვუთხარი, ეს რა გამიკეთე, შვილო, ჩემი ხელით გგზავნი­ ომში-მეთქი. დედი, ხომ იცი, როგორი ისტორია გვაქვს, ქართველი დედები ომში მიმავალ შვილებს ყოველთვის გზას ულოცავდნენო. მერე ის სიზმარი გამახსენა, რომელსაც ბავშვობისას ხშირად ნახულობდა: ვითომ ყაზბეგის მთებში მონასტერი იყო და იქ ცხოვრობდა. ამასთან, ძველებური ტანსაცმელი ეცვა. როგორც მოგვიანებით გაარკვია, ძველი ქართველი მეომრის ტანსაცმელი ყოფილა", - იხსენებდა ქალბატონი თამარი, როდესაც 45 წლის მეომარი შვილის ცხედარი მიწას მიაბარა. სამი შვილის მიწაში ჩამდები დედა ჩემთან საუბრისას იმას დარდობდა, ყველაზე მეტად იმის მეშინია, ჩემი შვილის თავგანწირვამ უკვალოდ არ ჩაიაროსო. "ოთხი შვილი გავაჩინე, ერთიღა დამრჩა, იმასაც გული აქვს მკვდარი, სამი ძმა დამარხა. მისი თანდასწრებით ტირილს ვერიდები, არ მინდა უარესად დავუმძიმო გული", - მითხრა დამშვიდობებისას. რამდენიმე დღის წინ ქალბატონი თამარი ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ახლა ის ერთადერთი შვილიც ომში გაჰპარვია. დავით ოდიშვილს ფრონტის ხაზზე დავუკავშირდი. როგორც გაირკვა, ის უკვე ერთი წელია ინტერნაციონალურ ლეგიონში იბრძვის, დედამ და მეუღლემ კი ეს სულ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს.

- რატომ გავიპარე ომში? ვიცოდი, რომ შემეწინააღმდეგებოდნენ, მათი ატირებული სახეების დანახვა აღარ მინდოდა.­ უნდა წავსულიყავი, სხვანაირად არ შემეძლო. მოტივაცია ბრაზი და შურისძიების­ სურვილი იყო. იცით, რუსებმა როგორი ძმა მომიკლეს? კაცის ეტალონად მიმაჩნდა, მამასავით მიყვარდა. მამა ადრე დაგვეღუპა,­ ის კი 15 წლით იყო ჩემზე უფროსი და უმცროს ძმებს შვილივით გვზრდიდა. ოჯახიც კი არ შექმნა, ძმებს ვჭირდებიო. ისე მიყვარდა, ისე მწამდა მისი, ისე მჯეროდა, ვცდილობდი ყოველთვის ისე მოვქცეულიყავი, როგორც მას მოეწონებოდა. მამა ადრევე დავკარგე, მერე ორი ძმა... ისღა მყავდა და ისიც... ამ ტკივილს ვერავინ გამიგებს, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მეხის დაცემა, ვიდრე ფეხქვეშ მიწის გამოცლა, ვიდრე ცის ჩამოქცევა...

- როგორც ვიცი, ზურა ხელოვანი იყო, მინანქარზე, რკინაზე, ქვასა და ხეზე მუშაობდა, ასევე შუათანა ძმაც. თქვენც ხომ არ გაქვთ ასეთი ნიჭი?

- მე და ზურა ერთად ვმუშაობდით. ბევრი ერთობლივი ნამუშევარი გვაქვს. მისი დაღუპვის შემდეგ ხელი ვეღარაფერს მოვკიდე.

- ბოლოს როდის ელაპარაკეთ მას?

- ბოლო დროს იშვიათად ვლაპარაკობდით... გაბრაზებული ვიყავი და ერთხანს ხმას არ ვცემდი, მერე კი დაველაპარაკე, მაგრამ ვერ ვაპატიე. მხოლოდ ერთმანეთს მოვიკითხავდით. მთავარი იყო გამეგო, რომ ცოცხალი და უვნებელი იყო.

- ასეთი რა ვერ აპატიეთ?­

- ომში გამეპარა, ერთად უნდა წავსულიყავით, მაგრამ გამეპარა...

- როგორ ახერხებდით ამდენ ხანს დამალვას, რომ ომში იყავით?

- დედასა და მეუღლეს ვუთხარი, რომ ლიტვაში მივდიოდი სამუშაოდ. მერე ჩემმა თანამებრძოლმა ფოტო დადო ფეისბუკში თუ ტიკტოკში. თავად არ ვარ სოციალური ქსელების მომხმარებელი, არც ფოტოების გადაღება მიყვარს, მაგრამ თუ იშვიათად მაინც მოვხვდებოდი კადრში, თანამებრძოლებს ვთხოვდი, არ გაესაჯაროებინათ. ერთი მაინც გაეპარათ და დედაჩემმაც მაშინვე იპოვა.

- დედა არ შეგეცოდათ?

- კი, მაგრამ... რომ არ წავსულიყავი,­ შეიძლება ახლა ისედაც არ ვყოფილიყავი ცოცხალი.

- რას გულისხმობთ?

- თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი... მთელი ცხოვრება ამაყი ვიყავი, რომ სამი უფროსი ძმა მყავდა. ორი ძმის ამბავი არ მქონდა მონელებული და ის ერთადერთიც მომიკლეს, სულ მარტო დავრჩი. ან თავი უნდა მომეკლა, ან შური მეძია... ისე ვიმსახურე ერთი წელი, ლარიანი არ მიმიღია გასამრჯელოდ. ხელფასი არც ახლა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან ოპერაციებში ვმონაწილეობ, გასამრჯელოს მაინც არ ვიღებ, არც მჭირდება.

- კი მაგრამ არსებობა ხომ გინდათ?

- რომ ვიარსებო, აქ ყველაფერია ვოლონტიორების დახმარებით. სიმართლე გითხრათ, აქ ფული არც მჭირდება, ერთადერთი, წამალს თუ ვიყიდი, სხვა რაში უნდა გამოვიყენო? ორი ხელი ფორმის გარდა, არაფერი მაქვს და არც მჭირდება. ომში ვარ, დღეს ცოცხალი ვარ, ხვალ შეიძლება არ ვიყო, რაში გამოვიყენებ?

- მეუღლეს და დედას ხომ სამუშაოდ ეგულებოდით და რას ფიქრობდნენ, ფულს რომ არ უგზავნიდით?

- დანაზოგი მქონდა და იმას ვუგზავნიდი, ზოგჯერ ვეუბნებოდი, რომ სამუშაო აღარ მქონდა...

- თვითმკვლელობაზე ისევ ფიქრობთ?

- არა, ახლა ომის ხელოვნების კარგად შესწავლაზე ვფიქრობ. რუსეთის დამარცხებაში ჩემი დიდი წვლილი უნდა შევიტანო. საქართველოში არა მაქვს იმის უფლება, რასაც აქ ვაკეთებ, ამიტომ აქ გავაგრძელებ ამის კეთებას, ვიდრე საშუალება იქნება. ერთი რამ მინდა გითხრათ - ქართველები აქ რა რესურსსაც ვხარჯავთ, ამას რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იყენებდეს, ახლა აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნებული გვექნებოდა.

- ერთმა მებრძოლმა თქვენზე მითხრა, რომ არასდროს უნახავს თქვენსავით უშიშარი ადამიანი. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჯერ ისევ ეძებთ სიკვდილს?

- არა, მართლა აღარ ვეძებ, იცით, რაშია საქმე? შიშის ნიადაგზე ყველაზე დიდი ადრენალინი გამოიყოფა. მე მიყვარს ადრენალინი, ყოველთვის მიყვარდა და მივდევდი­ კიდეც ექსტრემალურ სპორტს. ვერც წარმო­იდგენთ, რა სიამოვნებაა, რთული სიტუაციიდან ცოცხალი რომ გამოხვალ, დაიძინებ, დილით გაიღვიძებ და ხვდები, რომ ცოცხალი ხარ, არადა, გადარჩენის 10%-ც კი არ გქონდა. სასწაული განცდაა, იმას რომ იხსენებ, რა სიტუაციიდანაც გამოძვერი.

- ე.ი. ომმა შეგცვალათ?

- კი, ძალიან, ბევრი რამის ვიწამე, უკეთესი, უფრო გულკეთილი გამხადა.

- მტერი შეგცოდებიათ?

- არა, რუსი ვერ შემეცოდება, ეგ გამორიცხულია.

- გამარჯვების გჯერათ?

- ეჭვიც არ მეპარება.

- ახლა სამშობლოდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- ჩემი სახლი ყაზბეგში და ცოლ-შვილი.

ხათუნა ბახტურიძე