"არა მგონია, საზოგადოება ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთის სატყუარა გადაყლაპოს" - კვირის პალიტრა

"არა მგონია, საზოგადოება ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთის სატყუარა გადაყლაპოს"

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს წარადგენენ. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის შედგენილ პაკეტს "ქართველი ხალხის აქტი" ეწოდება. მათივე ცნობით, კანონპროექტის ინიცირება სენატში ამ კვირაში მოხდება. კანონპროექტის თანახმად, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა სანქციები დაუწესდებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან "საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლასა" და "კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევასა და "უცხოელი აგენტების შესახებ კანონის" შედგენასა და მისი მიღების ხელშეწყობაზე". უნდა ითქვას ისიც, რომ 20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში, "პოლიტიკოსა" და "ჰილში" გამოქვეყნდა ცნობა, რომ აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, სახელწოდებით MEGOBARI აქტი. კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა ემთხვევა ქართულ სიტყვა "მეგობარს" და აშშ-ის საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული. კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და "ქართულ ოცნებას" სთავაზობს "თაფლაკვერსა და მათრახს" - მოიცავს სამხედრო დახმარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც. კვირის ბოლოს ასევე ცნობილი შეიქნა, რომ ევროკომისიამ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში ჩასვა და იწყება მსჯელობა. რას ნიშნავს გაცხადებული სანქციები და არის თუ არა ეს ბოლო გაფრთხილება "ოცნებისთვის", საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ.

- ეს ჯერ დასაწყისია. ჯერჯერობით გამოცხადდა ყველაზე მსუბუქი რამ, გადაადგილების შეზღუდვა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საშიში ბლინკენის განცხადებაა, რომ იწყებს მთლიანად ურთიერთობის გადახედვას. ეს ნიშნავს, რომ ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდებოდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და რომლებსაც მოჰქონდა სიკეთე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ვეღარ გაგრძელდება. შემდგომი ნაბიჯები იქნება ფინანსური სანქციები კონკრეტული პირებისთვის, მაგრამ ცხადია, ჩვენ ისინი ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, რომ გადახედავენ­ იმ პროგრამებს, რომლებითაც სახელმწიფო­ სარგებლობდა.­ იქნება ეს თავდაცვა თუ საგარეო ურთიერთობები,­ ფინანსები თუ ეკონომიკა და ა.შ. ფაქტობრივად, არ არსებობს სფერო, რომელშიც ამერიკა არ იყო ჩართული და ამ 30 წლის განმავლობაში იმხელა პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მართლაც განუზომელია მისი წვლილი ჩვენს არსებობაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება. კი, აშშ ხაზს უსვამს, რომ დგას და იდგება ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. უკვე ისედაც ძალიან დავზარალდით. მაშინ, როდესაც ჩვენ სხვა თემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ, მაშინ, როდესაც ნატო-ს სამიტისთვის უნდა ვემზადებოდეთ, რომელიც ორ თვეში შტატებში გაიმართება, უნდა ვლაპარაკობდეთ თავდაცვისუნარიანობაზე, ამ პრობლემებზე გვიწევს­ საუბარი.­ უკვე ძალიან დავზარალდით, ძალიან უკან ვართ და თუნდაც იმ წერტილამდე დაბრუნებას, სადაც ვიყავით, ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუკი სანქციებიც ამოქმედდება, კიდევ უფრო უკან გადაგვაგდებს. მსგავსი რამ არ ყოფილა ჩვენი ისტორიული ურთიერთობების განმავლობაში და ეს მოახერხა "ქართულმა ოცნებამ".

- "ქართულმა ოცნებამ" მტრად გამოაცხადა აშშ და რა გასაკვირია, რომ ჩვენს პარტნი­ორობას უკვე დიდი ეჭვით უყურებენ. ამერიკის, რომელიც რუსეთს ძალიან არ უყვარს, რბილად რომ ვთქვათ, მტრად გამოცხადება, არის რუსული გეგმის ნაწილი თუ ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული?

- ძალიან მარტივია ყველაფერი - პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში ცარიელი ადგილი არ რჩება. თუ შედიხარ დასავლეთთან წინააღმდეგობაში, ავტომატურად ხდები რუსეთის უკანა ეზო. თუნდაც იმან უნდა დაგაფიქროს, რომ ყველა შენი პარტნიორი გეუბნება, ეს ნაბიჯი არ გადადგაო, და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი გაქებს, მაგრამ როგორც ჩანს, რაციონალური აზროვნების უნარი "ოცნებაში" ძალიან სერიოზული დეფიციტია.

- რის სანაცვლოდ მიდიან ამაზე? რას შეიძლება იღებდნენ სანაცვლოდ?

- სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, ერთ კაცს თუ ერთ ჯგუფს რა სარგებელი ექნება. ფაქტია, ქვეყანა ძალიან ზარალდება. ეს არის პრობლემა.

- თუკი კრემლმა ხელისუფლება შეაშინა­ ან თუნდაც დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების სანაცვლოდ შესთავაზა, რომ რაღაც ძვრები იქნება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში, რასაც საარჩევნოდ გამოიყენებს, არ წავიდოდნენ ამაზე? არჩევნებზე რომ ჩაატარონ რეფერენდუმის მსგავსი რამ, ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამას არ წამოეგება?

- რუსეთი არაფრის დამთმობი რომ არ არის, ეს ყველამ კარგად იცის. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ძალიან ცუდია. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ წამოვგებულვართ ამ სატყუარაზე, დაწყებული 1920 წლის 7 მაისით, მანამდე კი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რუსეთს სიტყვა მოეცეს და ის სიტყვა შეესრულებინოს. გეორგიევსკის ტრაქტატი ორი მიზეზის გამო დაიდო: ერთი იყო რელიგიის თემა და წაგვართვეს ავტოკეფალია. რაც მათ ქართულ ეკლესიას უქნეს, მსგავსი რამ არც ერთ დამპყრობელს არ უქნია, და მეორე - სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ესეც ბოლომდე გაგვიქრეს. იგივე მოხდა 1920 წლის 7 მაისს, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ გამოგვეცხადებინა ნეიტრალიტეტი და ემზადებოდნენ ჩვენთან შემოჭრისთვის; იგივე ხდებოდა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ვითომ მშვიდობისმყოფელები იყვნენ, რეალურად კი ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევისთვის ყველაფერს აკეთებდნენ,­ იქნებოდა ომში მონაწილეობა, ტერაქტები თუ ა.შ. როგორ შეიძლება ენდო იმ ქვეყანას, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ არ სურს საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, და თუ რუსეთის გუბერნია გავხდებით, აფხაზეთი და ცხინვალიც რუსეთის გუბერნიები იქნებიან. ამ ფორმით გვიბრუნებს ამ ტერიტორიებს.ასეთი დაბრუნება არავის სჭირდება! ამიტომაც ცოტა რეალისტები უნდა ვიყოთ. არა მგონია, ქართველი საზოგადოება ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ რუსეთის სატყუარა გადაყლაპოს.

- ევროკავშირიდან რა მოლოდინია, დღეს არის საქართველოს საკითხი დღის წესრიგში?

- ახლა აქა ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირში გაოგნებული არიან იმ განცხადებების შემდეგ, სადაც კონსპირაციის ახალი თეორიები და პირდაპირი ბრალდებები მოისმინეს. ზუსტად ვიცით, რომ 27 მაისს ჩვენს საკითხზე იქნება მსჯელობა, რადგან დღის წესრიგში უკვე ჩასმულია, მაგრამ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ან საერთოდ იქნება თუ არა, არ ვიცით. ძალიან არ უნდათ ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ის, რომ ამ ვითარებაში მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ცხადია. მოჰყვება თუ არა სხვა უფრო მძიმე ნაბიჯები, შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს პარტნიორებს, რითიც იძულებულს ხდის მიიღონ ზომები. შეიძლება გადაიხედოს ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ და შეიძლება სათუო გახდეს ბევრი ის მიღწევა, რაც გვაქვს, მათ შორის, უვიზო რეჟიმიც. სამწუხაროდ, ძალიან რთული ვითარებაა, "ქართული ოცნება" კი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ ვითარება გაუარესდეს, და არა იმისთვის, რომ როგორმე გამოასწოროს.

- დღევანდელი მოცემულობით გვაქვს სამი ეტაპი - ვეტოს დაძლევენ თუ არა, მერე არჩევნებამდე როგორი ვითარება იქნება და არჩევნები როგორ ჩატარდება. ევროკავშირის გადაწყვეტილებები რომელ ეტაპზე და როგორ შეიძლება იქნეს მიღებული.

- "ქართული ოცნება" ყოველდღიურად მიდის ესკალაციისკენ. ამიტომ ყველაფერი შეიძლება გაცილებით სწრაფად მოხდეს, ვიდრე წარმოგვედგინა. ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ხაზს ვუსვამ - არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც ევროკავშირის რომელიმე ცალკე აღებულ წევრ სახელმწიფოს არ სურთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რისკენაც უბიძგებს "ქართული ოცნების" ქმედებები.

- 28-ში აპირებენ ვეტოს დაძლევას. თუ დაძლიეს, 29-ში რა მოხდება საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით.

- ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის შრომით იქნა მიღწეული, შესაძლებელია ხელის ერთი მოსმით გადაიყაროს წყალში და აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც დამცველი აღარ გვეყოლება. ჩვენ ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობაში შევედით ჩვენს პარტნიორებთან. ბევრჯერ ყოფილა საქართველოზე შენიშვნები თუ უკმაყოფილება გამოთქმული, მაგრამ აქამდე არასოდეს დამდ­გარა სათუო ღირებულებითი ერთობის­ საკითხი.­ არასოდეს ყოფილა საუბარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აცდენაზე და რაც მთავარია, ღირებულებით აცდენაზე.­ ყოველთვის ეს იყო მთავარი ამოსავალი, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებს, ღირებულებითი ერთობა გვაქვს და ამიტომ საქართველოს უნდა დავეხმაროთო. დღეს კი ეს ფუნდამენტი დადგა ეჭვქვეშ, დგას კი საქართველო იმ ღირებულებებზე თუ არა? უფრო სწორად, საქართველოს მთავრობა, რადგან ყველა კარგად ხედავს, სად არის ქართველი ხალხი. ამიტომ საქართველოს ქეისი აბსოლუტურად განსხვავებულია და მიდის მსჯელობა, რა გაკეთდეს, რათა ჩვენმა ხელისუფლებამ იგრძნოს­ პასუხისმგებლობა, რათა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ქართველი ხალხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სიფრთხილეს ვერ ვხედავთ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან.

რუსა მაჩაიძე