„გამოსავალი არის - არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა მოიპოვოს 50%“ - კვირის პალიტრა

„გამოსავალი არის - არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა მოიპოვოს 50%“

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს აშშ-ის სანქციებს და რა მოლოდინია პოლიტიკურ სარბიელზე, ამის შესახებ პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს­ ვესაუბრეთ.

- მოსალოდნელი და დროული განაც­ხადი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ და ვხედავთ საქართველოს მთავრობის თავდასხმებს,­ შეურაცხყოფას, ამერიკის ინტერესების არაფრად ჩაგდებას, სტრატეგიული ქარტიის სხდომაზე მიიწვიეს ვაშინგტონში და არ ჩავიდნენ. ყველანაირად ცდილობენ განაპირდნენ შეერთებული შტატებისგან. შესაბამისად, რეაქციაც ადეკვატურია, არ გნებავთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა? - მაშინ მიიღებთ მისგან სანქციებს, წინააღმდეგობას, იმ პრივილეგიებს დაკარგავთ, რაც გაქვთ.

იმედია, ამ სანქციებს ადეკვატური გაგრძელება ექნება, ჯერ მხოლოდ განცხადება გაკეთდა, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული სახელები და გვარები.­ უნდა ვიცოდეთ, ვისი ოჯახის წევრებს შეეხება სანქციები სრული სიმკაცრით. არ გვეშინიაო, მაშინ რატომ ნერვიულობენ? თუ არ სჭირდებათ შტატები, მაშინ მათი შვილები რატომ სწავლობენ და ცხოვრობენ ამერიკაში? დიახ, მათ შვილებს ცხოვრება ენგრევათ. არ არის ეს კარგი და არც მე არ მიხარია, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე არც მე ვარ და არც ამერიკის ადმინისტრაცია. დამნაშავეები არიან მათი მშობლები, რომლებიც ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომელსაც ვერავის უხსნიან.

გასაოცარია, როცა მოუნდებათ, ხალხში­ გადიან პოპულისტური მოწოდებებით და ამბობენ, რომ ოჯახის იდეალების მომხრეები არიან, ოჯახი უპირველესი ფასეულობააო. როდესაც სანქციებზე დაიწყო ლაპარაკი, გამოვიდნენ და, შვილი რა შუაშიაო. თუ ხართ ერთი ოჯახი ან ერთად გაიზია­რეთ ბედი, ან თუ იმ ოჯახის წევრებს არ მოსწონთ თავიანთი მშობლების გადაწყვეტილებები, უნდა აუჯანყდნენ მშობლებს,­ წინააღმდეგობა გაუწიონ.

ასე რომ, აუცილებელია პირდაპირი სანქციები, იმ მაღალჩინოსნების შვილებიც, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ სწავლობენ, ყველა უნდა იქნეს დასანქცირებული. მეორე მხრივ, საქართველოში შვილების უდიდესი ნაწილის წარმატება დაკავშირებულია ოჯახის წევრების გავლენებსა და ფინანსებთან. ანუ ის, რომ მათი შვილები არიან წარმატებულები, განპირობებულია იმ სოციალური სტატუსით, რაც მათ აქვთ. ჰოდა, ამათ აქ საშინელებები აკეთონ, ამერიკის წინააღმდეგ იმოქმედონ და მათმა შვილებმა ნაძარცვი ფულით შტატებში მიიღონ განათლება? შესაბამისად, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, როცა ავტორიტარული რეჟიმის ოჯახის წარმომადგენლებს სანქციებს უწესებენ. სანქცია უსამართლო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავიგებთ, რომ შვილები აკრიტიკებენ თავიანთი მშობლების ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. სტალინის ქალიშ­ვილი ამერიკაში­ გარდაიცვალა, რადგან ანტისტა­ლინელი იყო, ხოლო, თუ შვილები მშობლე­ბის აზრზე არიან და აქვთ ერთი პოზიცია, ჩვენ რა ვალდებულები ვართ ნაძარცვი ფულით ისინი შევინახოთ ამერიკასა და ევროპაში?

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ იხევს უკან "ქართული ოცნება"?

- იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის შიში აქვთ, რომელსაც კომპრომატები აქვს ყველაზე. ყველა მათგანის კეთილდღეობა, ფინანსები და თანამდებობა ივანიშვილზეა დამოკიდებული. არ მოსწონთ, რომ ამერიკა ასანქცირებს, მაგრამ ისეთი ძლიერები არ არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდნენ.

ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ მათი და ბიძინა ივანიშვილის კაპრიზების გამო საფრთხე ემუქრება ქართულ ეკონომიკას. თუ, ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, რისი დიდი შანსიც არის, ძალიან გაუჭირდება ლარს. ხომ ნახეთ, როგორც კი მესამე მოსმენით გავიდა კანონი, ბირჟებზე მაშინვე როგორც ლარის კურსის, ისე აქციების ფასების დიდი რყევები დაიწყო და ეს გაათმაგდება არჩევნებამდე. ჩვენ წინ გველის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრება არა ამერიკას, არამედ "ქართულ ოცნებას"... საქართველო "ქართული ოცნების" ხელიდან უკვე გადასულია ავტორიტარული სახელმწიფოების ორბიტაზე. ეს არის ზუსტად ის რიტორიკა, რაც აქვთ დასავლეთზე რუსეთში, ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარულ ქვეყნებში. "ქართული ოცნება" თავს უკვე მიიჩნევს ამ სივრცის ნაწილად, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს რიტორიკა ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელია. "ქართული ოცნება" მენტალიტეტით, საქმიანობით, გადაწყვეტილებებით, ქცევით კონფლიქტში მოდის ხალხთან.

მე ვემხრობი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობას, იმის მიუხედავად, რომ სხვა განზომილებაში არიან, მათთან კავშირი უნდა გვქონდეს. თუმცა ირანში კობახიძის ვიზიტს არ ჰქონია საქართველო-ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობების გაღრმავების მოტივაცია. მისი ერთადერთი მიზანი იყო მესიჯი დასავლეთისა­ და ამერიკისთვის, აი, თქვენ ვინც გეზიზ­ღებოდათ, ვინც თავზე დაგახიათ ყველა ხელშეკრულება, ვინც თქვენ გარიყეთ, ვინც უკრაინაში გასაშვები დრონებისთვის ჩიპებს უგზავნის რუსეთს, ბოროტების ღერძის ქვეყანა რომ არის, იქ ჩავდივარ სპეციალურადო. კობახიძის ვიზიტი ადგილობრივ დონეზეც არასერიოზულად აღიქვეს. ირანულ პრესაში გამოქვეყნდა ცნობები, სადაც დაბეჭდილია კობახიძის სურათი და ქვემოთ აწერია: "ირანში ჩამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი" - მისი გვარიც არ იციან, რადგან ფიგურა­ არის ნული. ამასთან, როცა კობახიძე ჩავიდა, ირანში იყო რუსეთის დელეგაცია.

- ამ სიტუაციების გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" უკანდასახევ სივრცეს იტოვებს?

- არა. ისინი თავს უკვე გრძნობენ სხვა სამყაროში და სხვა ორბიტაზე, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი­ ეწოდება, თავზე ხელაღებულები არიან და ბოლომდე­ მიდიან. ალბათ, არაფერი არ შეიცვლება. "ქართული ოცნების"­ ხელით ტყვია უკვე ნასროლია ქართული დემოკრატიისთვის, უბრალოდ, ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ამ ტყვიამ მთლად გულში არ გაიარა და შევძლებთ გადავარჩინოთ. სანქციების მიუხედავად, როგორც ჩანს, ვეტოს დაძლევენ, ჩანს, მუხრუჭზე ფეხის დაჭერას არ აპირებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, ევროკომისარი დამემუქრა, მოგკლავო, ამაზე მეტი აღვირახსნილობა რა უნდა იყოს?! ამის მერე უკანდასახევი გზა აღარ არის. როგორ წარმოგიდგენიათ, ხვალ მოლაპარაკებებს გამართავს იმ პირებთან, რომლებიც, მისი თქმით, სიკვდილით ემუქრებოდნენ? ესენი უკვე ყველა ხიდს წვავენ და შესაბამისად, ვეტოსაც დაძლევენ.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი არის - არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა მოიპოვოს 50% და საქართველოს ჰყავდეს კოალიციური მთავრობა. ამ კოალიციურ მთავრობაში­ ერთი ჯგუფი, ერთი პარტნიორი მაინც უნდა იყოს აბსოლუტურად პროევროპული­ გავლენის. ამას თუ მივაღწიეთ, "ქართული ოცნების" გეგმა ჩაიშლება. რა თქმა უნდა, არის დიდი საშიშროება, რომ არჩევნებს ტოტალურად გააყალბებენ, მაგრამ როცა ძალიან ბევრი ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე, ასეთი მექანიზმები­ მოშლას იწყებს და აღარ მუშაობს. ამას ემატება ელექტრონული გზით ხმის მიცემა და იმ აპარატებში წყალს ხომ ვერ ჩაასხამენ და ვერ ააფეთქებენ. ამ მეთოდით გაყალბების შანსი უფრო ნაკლებია. მთავარია, ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. თუ აქტიურობა მაღალი იქნება, გაყალბების მექანიზმები ისეთი მძლავრი ვეღარ იქნება, შედეგების ადვილად შეცვლა გაძნელდება. ხალხის ნებას ვერ დაამახინჯებენ.

- პოლიტიკური ორომტრიალის პარალელურად ვხედავთ, "ხალხის მდინარეს" თბილისის ქუჩებში. თქვენი აზრით, ხომ არ მოვიდა დრო ქაოსურ პროტესტს გარკვეული სახე მიეცეს?

- მშვიდობიანი აქციები უნდა გაგრძელდეს. არ არის საჭირო არავისთან დატაკება და შევარდნა, უბრალოდ, უნდა ვიხმაუროთ. ვეტოს დაძლევის დღეს აუცილებელია დიდი მიტინგის გამართვა და პოზიციის გამოხატვა. როცა ვეტო დაიძლევა, ამის შემდეგ, ვფიქრობ, რომ უნდა გადაეწყონ ჯგუფები და დაიწყონ მასობრივი შეხვედრები ხალხთან, პროფესიულ ჯგუფებთან, პედაგოგებთან, ექიმებთან და ა.შ. შეხვედრები უნდა დაიწყონ რეგიონებში, მოსახლეობას აუხსნან, რამდენად საბედისწერო ვითარებაში ვართ, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებზე წასვლა და "ქართული­ ოცნების" საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა. ეს არის, ალბათ, გამოსავალი, მარტო მიტინგები საქმეს ვერ უშველის. ახლა საჭიროა დარაზმვა, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუბიძგოთ არჩევნებში მონაწილეობისკენ.

- ოპოზიციაში თითქოს არის გაერთიანებების ნიშნები.

- ჩვენ არ გვჭირდება ერთიანი სიები, რომ მთელი საარჩევნო პროცესი ისე წარმოჩნდეს, თითქოს "ნაცები" ებრძვიან "ქოცებს". ჩემი აზრით, ოპოზიციურ სპექტრში უნდა არსებობდეს სამი ცენტრი: პირველი - "ნაციონალები", მეორე - ყოფილი "ნაციონალები" და "ლელო" ერთად, რადგან მათ პრინციპულად ერთი პოზიცია აქვთ, და მესამე - გახარიას პარტია, რომელმაც უნდა შემოიკრიბოს ის პარტიები, რომლებიც "ნაციონალების" მიმართაც ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი. ამ მიმართულებით უნდა განაწილდეს ხმები. იქნება სამი პარტია, რომელიც ყველანაირ გემოვნებას დააკმაყოფილებს და ვერავინ ვერ დააძალებს ამომრჩეველს, ხმა მისცენ "ნაცებს". ამ შემთხვევაში არჩევანი იარსებებს. მთავარია, ოპოზიციამ მოახერხოს ამ სამი ცენტრის ჩამოყალიბება.

სოფია კაჭარავა