ორი რეპორტაჟი „კვირის პალიტრისთვის“... 25 წლის ინტერვალით - კვირის პალიტრა

ორი რეპორტაჟი „კვირის პალიტრისთვის“... 25 წლის ინტერვალით

გასული საუკუნის მიწურულს, როდესაც ჩვენი "კვირის პალიტრა" ფეხს იდგამდა, მისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ მკითხველისთვის რაც შეიძლება მეტი ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სტატია შეეთავაზებინა. 25 წლის წინ, 1999 წელს, ერთ-ერთ ასეთ ექსკლუზივად იქცა რეპორტაჟი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტიდან, სადაც საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EXPOMIL 99-ზე პირველად იქნა წარდგენილი დამოუკიდებელ საქართველოში შემუშავებული და წარმოებული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ნიმუშები. ეს იყო ქართული იარაღის პირველი გასვლა საზღვრებს გარეთ და შესაბამისად, დღეს, მეოთხედი საუკუნის გადასახედიდან, ისტორიულ მოვლენად უნდა შეფასდეს.

მცირერიცხოვან ქართულ დელეგაციაში, რომელიც ბუქარესტში გაემგზავრა და შეიარაღების ნიმუშები წაიღო გამოფენაზე ქართული ექსპოზიციის მოსაწყობად, მეც გახლდით, როგორც "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი და ქართული მასმედიის ერთადერთი წარმომადგენელი. ამიტომაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ქართული იარაღის პირველი საზღვარგარეთული ვოიაჟი რაც შეიძლება სრულყოფილად აღმეწერა, რათა საზოგადოების რაც შეიძლება მეტ ფენას შეეტყო საქართველოში.

2-poto-1716759169-1716897895.jpg
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ BSDA 2024-ის საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე... F-16-თან ერთად

მართალია, ბუქარესტის საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე ქართულ დელეგაციას მომცრო ადგილი გამოგვიყვეს ექსპოზიციისთვის (სამაგიეროდ, უფასოდ), მაგრამ რაც მთავარია, იქ პირველად აფრიალდა დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი სამფეროვანი დროშა და თან წაღებული საგამოფენო ნიმუშებიც კომპაქტურად, მაგრამ ეფექტურად განვათავსეთ, რამაც დამთვალიერებლების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ისინი განსაკუთრებული დაინტერესებით ათვალიერებდნენ თბილისის საავიაციო ქარხნის Cy-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ორ მოდელს, გამნაღმველის ჯავშანკოსტიუმსა და სკაფანდრს, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნებს (მათ შორის უხმაურო „მუმუს"), ყუმბარსატყორცნებს, მათ გასროლებს.

ქართული შეიარაღების პირველი საერთაშორისო პრეზენტაცია წარმატებული გამოდგა და ჩვენი დელეგაციაც დიდად კმაყოფილი დაბრუნდა თბილისში, მაგრამ სიხარული კინაღამ ჩაგვაშხამა... რუსეთმა!

იმ გადამზიდავმა კომპანიამ, რომელსაც ყუთებში ფრთხილად ჩატვირთული ექსპონატები რუმინეთიდან საქართველოში უნდა ჩამოეტანა, უცნაური გზა აირჩია - ტვირთი ჯერ რატომღაც დიდ ბრიტანეთში გადაიგზავნა, შემდეგ რუსეთში, მერე ყაზახეთი უნდა გამოევლო და ისე დაბრუნებულიყო საქართველოში.

1-poto-1716759169.jpg
უკვე ისტორიული ფოტო - 1999 წელს რუმინეთში, ბუქარესტის EXPOMIL 99-ზე პირველად გატანილი ქართული შეიარაღების ექსპოზიცია...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის საბაჟომ გააჩერა ჩვენი ტვირთი... და მერე დაიწყო, რაც დაიწყო - ჩვენი ექსპონატები ყუთებიდან გადმოყარეს, ფეხებით გადაუარეს და დიდი პიარაქცია გამართეს ტელეკამერების წინ - ამ ნაღმსატყორცნებს ქართველები ჩეჩენ ბოევიკებს უგზავნიდნენ, ხოლო Cy-25-ის ხის მოდელებზე კი "სტრელათი" შეიარაღებულ ჩეჩენ მეზენიტეებს უნდა ევარჯიშათო.

ამაზე აბსურდული ბრალდება რაღა უნდა ყოფილიყო, მაგრამ კრემლს გასდიოდა და აკეთებდა.

ჩვენი საექსპოზიციო ნიმუშები დიდი ხნის შემდეგ შელახული დაგვიბრუნდა, ამ ინციდენტს კი მაშინ მოსკოვში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობა შეეწირა - ოფიციალური თბილისი უკმაყოფილო იყო, რატომ ვერ მოახერხე ტვირთის გამოხსნაო.

ასე დამთავრდა ქართული შეიარაღების ბუქარესტის საერთაშორისო გამოფენაზე პრეზენტაციის ამბავი, რასაც შემდგომ, 2000 წელს, მოჰყვა ჩეხეთში ნატოს ეგიდით გამართულ გამოფენაზე სტუმრობა, ხოლო 2001 წელს ისრაელთან ერთად მოდერნიზებული "Cy-25K„skorpionis" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის საფრანგეთში, ლე-ბურჟეს საერთაშორისო აეროკოსმოსურ სალონზე ფრენა - ამ სტატიის ავტორი ორივეჯერ იმყოფებოდა ქართული დელეგაციების შემადგენლობაში და "კვირის პალიტრაში" ექსკლუზიურად, ფართოდ აშუქებდა ამ ორივე გამოფენაში ქართული შეიარაღების წარმატებას.

მომავალში ამ გამოფენებში მონაწილეობის ისტორიის გახსენებაც შეიძლება, მაგრამ ამჯერად ისევ რუმინეთს დავუბრუნდებით. ისე მოხდა, რომ ბუქარესტში 1999 წელს ქართული შეიარაღების პრეზენტაციიდან ზუსტად 25-ე წლისთავზე ამ სტატიის ავტორი კვლავ აღმოჩნდა რუმინეთის დედაქალაქში, ამჯერად BSDA 2024 Black Sea Defense and Aerospace - შავი ზღვის თავდაცვის, აეროკოსმოსური და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენაზე (ოღონდ დელეგაციის გარეშე) და მეოთხედი საუკუნის შემდეგ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ სტატიაში შეეცდება ჩვენს ერთგულ მკითხველს გააცნოს ის ტენდენციები, თუ როგორ ვითარდება მსოფლიო ქვეყნების შეიარაღება და რა საფრთხეებს ხედავენ ევროპაში­, მათ შორის ნატოს წევრ რუმინეთში.

თავი სიზმარში გგონია - ხელის გაწვდენაზე, მარცხნივ, "პეტრიოტი" დგას, მარჯვნივ - "ჰაიმარსი", უკან F- F-16 გიდგას, წინ - "აბრამსი", შენ კი ხელი ჩამოდებული გაქვს თვით... F-35-ის ცხვირზე!

მაგრამ ეს სიზმარი არ ყოფილა, ეს ცხადში გახდა რუმინეთში, ბუქარესტში­ გამართულ BSDA 2024 Black Sea Defense and Aerospace - შავი ზღვის თავდაცვის, აეროკოსმოსური და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენაზე. ეს თანამედროვე შეიარაღების ნამდვილი მექა გახლდათ, სადაც ყოფნას ნებისმიერი სამხედრო ჟურნალისტი ინატრებდა.

ერთია, როდესაც წერ შეიარაღების სახეობებზე, რომელთა ნაწილის შესახებაც ძირითად ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებ, და სულ სხვა, როდესაც შენი სტატიების "გმირებზე" - ტანკზე აძვრები, სარაკეტო დანადგარს ყველა მხრიდან დეტალურად დაათვალიერებ და მით უმეტეს, F-35-ს "ჩაეხუტები".

F-35 ბუქარესტის გამოფენის მთავარ ექსპონატად იქცა (მისი საბრძოლო ვარიანტთან ახლოს მისვლა შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, მის სრულ მოდელში კაბინაში ჩაჯდომაც შეიძლებოდა), რაც შემთხვევითი არ გახლდათ, რადგან რუმინეთს მეხუთე თაობის ამ ამერიკული მრავალდანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა აქვს განზრახული, მიუხედავად მათი წარმოუდგენელი სიძვირისა.

თვით ის ფაქტიც, რომ ბუქარესტში BSDA 2024-ზე შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი 30 ქვეყნის 400-ზე მეტი ფირმა შეიკრიბა, ბევრ რამეზე მეტყველებს - რუმინეთი თავისი არმიის ძირეულად გადაიარაღებას იწყებს და მსოფლიოს წამყვანი საიარაღო კონცერნებით დაწყებული, ყველა ცდილობს რუმინელ გენერლებს თავისი პროდუქცია მოაწონოს.

რუმინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 2004 წელს გახდა და განვლილ ორ ათეულ წელში მისი არმია თანდათანობით გადავიდა ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე, თუმცა არა მთლიანად.

დღეს რუმინეთის არმიის რიცხოვნობა დაახლოებით 80 ათას კაცს შეადგენს და მის შეიარაღებაში რამდენიმე წელია შევიდა ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ზალპური ცეცხლის "ჰაიმარსები", საზენიტო-სარაკეტო "პეტრიოტები", მაგრამ ბუქარესტს სურს უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება შეიძინოს ახლო მომავალში, რასაც საფუძვლიანი მიზეზი აქვს - მას 614 კმ სახმელეთო და 33 კმ საზღვაო საზღვარი აკავშირებს იმ უკრაინასთან, რომელიც მესამე წელია თავს იცავს აგრესორი რუსეთისგან და ჯერ არავინ იცის, რით დამთავრდება ეს ომი, პუტინის არმია ხომ არ მიადგება ნატოს საზღვარს, მათ შორის რუმინეთთან?

სხვათა შორის, ამის თაობაზე ორაზროვანი ვითარება შეიქმნა გამოფენის საზეიმო გახსნისას, როდესაც რუმინეთის გენშტაბის უფროსმა ხაზი გაუსვა საფრთხეების ზრდას, რაც რუმინეთის არმიის გადაიარაღების დაჩქარებას მოითხოვს, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში მოსახლეობა დააწყნარა, რომ ამ ეტაპზე რუმინეთს პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ ემუქრება.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რუმინეთმა და პოლონეთმა ერთ-ერთმა პირველებმა "გამოიღვიძეს", განსხვავებით ნატოს "ბებერი" წევრებისგან, რადგან ხვდებიან, რომ ალიანსის ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში ისინი ახლოს აღმოჩნდნენ პუტინის აგრესორ რუსეთთან და თავიანთ უსაფრთხოებაზე თავადვე უნდა იზრუნონ.

ბუქარესტის BSDA 2024-ის სამხედრო გამოფენაზე კი ნამდვილი "ომი" გაიმართა­ ცნობილ გერმანულ საიარაღო კონცერნ ღჰეინმეტალლ -სა და სამხრეთკორეულ, არანაკლებ ცნობილ Hyundai Rotem-ს შორის, რადგან თითოეულს ძალიან სურს, რომ რუმინეთის არმიას თავისი ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების დიდი პარტია მიჰყიდოს.

რუმინეთი უკვე შეუთანხმდა აშშ-ს 54 "აბრამსის" შეძენაზე, მაგრამ ჯავშანსატანკო პარკის გადაიარაღების გაგრძელება სურს, რისთვისაც გერმანული ღჰეინმეტალლ-ი რუმინეთის გენშტაბს სთავაზობს თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანა­ Lynx KF41-ს, ხოლო სამხრეთკორეული Hyundai Rotem -ის შეთავაზება ბევრად მრავალფეროვანია - K2 Black Panther ტიპის ტანკები, ღედბაცკ ქვეითთა საბრძოლო მანქანები და K9 Thunder თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.

სამხრეთკორეელების შანსი, რომ გაიმარჯვონ გერმანელების შეთავაზებებზე, საკმაოდ მაღალია, რაც იგრძნობოდა კიდეც მათ მზერაში გამოფენაზე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლონეთთან სწორედ ამ ტიპის შეიარაღების მიყიდვაზე ფანტასტიკური მოცულობის გარიგებები გააფორმეს.

რუმინელების მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ რუმინეთის ტერიტორიაზე იყოს, რაზეც სამხრეთკორეელები წინააღმდეგი სულაც არ არიან იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ ტანკებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს სწორედ ის ლიცენზირებული ძრავები და ლულები აქვთ, რომელთა წარმოების უფლება Hyundai Rotem-ს თავის დროზე სწორედ... გერმანულმა Rheinmetall -მა მიჰყიდა.

საიარაღო გიგანტების ორთაბრძოლის პერიპეტიებიდან ისევ უშუალოდ გამოფენის ატმოსფეროს დავუბრუნდები და პირად შთაბეჭდილებას გაგიმხელთ. სამხედრო ჟურნალისტიკაში 32-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მრავალნაირ სამხედრო ტექნიკასთან მქონია შეხება (მათი ტარებისა და ცეცხლის წარმოების ჩათვლით), გინდ გამოფენებზე, პოლიგონებზე და მით უმეტეს, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონებში, შედეგად ბუქარესტის სამხედრო გამოფენაზე ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია აღმოვაჩინე - უსაშველოდ იზრდება თანამედროვე ჯავშანტექნიკის გაბარიტები - ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა ზომებით ბევრად გაასწრეს ძირითად საბრძოლო ტანკებს, რაც, ერთი მხრივ, გასაგებია - ქვეითთა საბრძოლო მანქანაში მსხდომ დესანტს ბევრად მაღალი დონის დაცვის უზრუნველყოფა სჭირდება, ვიდრე საბჭოთა ბე-ემ-პეს ან ამერიკულ "ბრედლის" აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამხელა "გარდერობის" გამოჩენა ბრძოლის ველზე ნებისმიერი ყუმბარმტყორცნელის ოცნების ახდენად გადაიქცევა, რომ აღარაფერი ვთქვათ FPV-დრონების ოპერატორებზე, რასაც ცხადყოფს უკრაინის ფრონტის გამოცდილებაც.

და ერთიც - რუმინეთს გამოცხადებული აქვს 4x4 კონფიგურაციის მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანების შეძენის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც 9 მოდიფიკაციის (სადაზვერვო, საევაკუაციო, მობილური ნაღმსატყორცნი, საშტაბო, კავშირგაბმულობის და ა.შ.) 1 059 ასეთი ჯავშანმანქანის ყიდვას აპირებს და ამ გამოფენაზე გამოიკვეთა, თუ ვინ შეიძლება გახდეს ამ ძალზე მომგებიანი გარიგების მეორე მხარე - დიდი ალბათობით, თურქული Otokar-ი, რომელსაც ბუქარესტის გამოფენაზე ძალზე ეფექტურად ჰქონდა წარმოდგენილი თავისი Cobra II 4x4.

ეს სწორედ ის თურქული "ოტოკარია", რომლისგან ნაყიდი "კობრების" პირველი მოდელები ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დროს გამოვიყენეთ. თურქული "კობრას" მეორე მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედისგან და ის ძალიან ჰგავს ქართული "დიდგორების" ბოლო მოდიფიკაციებს, რამაც ძალაუნებურად გააჩინა სურვილი - კარგი იქნებოდა, რუმინეთში გამართულ ამ მაღალი დონის სამხედრო გამოფენაზე საქართველოსაც მოეწონებინა თავი "დიდგორებით"?!

ირაკლი ალადაშვილი, სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის"

რუმინეთიდან, ბუქარესტი