როცა დუმილი მსხვერპლად გაქცევს - "ბევრს ეშინია პოლიციაში დარეკვის, რათა არ უნდა გადაიკიდოს მოძალადე, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

როცა დუმილი მსხვერპლად გაქცევს - "ბევრს ეშინია პოლიციაში დარეკვის, რათა არ უნდა გადაიკიდოს მოძალადე, მაგრამ..."

ფემიციდი ქვეყანაში ისევ მწვავე პრობლემაა - ახლახან 4 ქალი მოკლეს.

16 მაისს 29 წლის შახლა ისმაილოვას ძმა ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მოკლა იმის გამო, რომ ის ქმარს გაშორდა და სხვას გაჰყვა ცოლად.

22 მაისს რუსთავში 27 წლის გიორგი ფირაშვილმა ცოლი და სიდედრი, 20 წლის მარიამ სოფრომაძე და 47 წლის ინგა ბეგაშვილი ქუჩაში ჩაცხრილა.

24 მაისს ზუგდიდის სოფელ კორცხელში­ ფატიმა კუდავას ქმარმა ჩაქუჩით თავი გაუჩეჩქვა და ნეკნები ჩაუმტვრია...

სამწუხაროდ, ეს მცირე ჩამონათვალია იმ უმძიმესი დანაშაულების, რომლებიც მხოლოდ 2024 წელს, ხუთ თვეში მოხდა.

საზოგადოებას ახსოვს ახალი წლის ღამეს ბათუმში მომხდარი მკვლელობაც - 36 წლის ირმა ბერიძეს ქმარმა­ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მოკლა.

9 იანვრის ღამეს ვარკეთილში ქმარმა მოკლა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე.

28 თებერვალს სოფელ წინუბანში ქეთევან ჯავახიშვილი ღამით სახლიდან გაიტყუა 21 წლის ოთარ ცინდელიანმა და დანით 59 ჭრილობა მიაყენა...

ყველა მათგანი ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს იცოდნენ ოჯახის წევრებმაც და ზოგ შემთხვევაში პოლიციამაც.

რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფირაშვილი სიღნაღის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ცოლ-ქმარს რუსთავში ბინა ნაქირავები ჰქონდა.

"მარიამი და გიორგი სიღნაღში რესტორანში მუშაობდნენ. მარიამს დეიდა ჰყავს­ სიღნაღში და ხშირად ჩამოდიოდა, ზაფხულში კი ჩვენთან დაიწყო მუშაობა. გიორგიც ჩვენთან მუშაობდა, კომუნიკაბელური იყო, ენებიც იცოდა. იმდენად კარგი ადამიანი იყო, ვერ წარმოვიდგენდი მისგან ასეთ დანაშაულს. შარშან ნიშნობაც ჩვენს რესტორანში ჰქონდათ. არ ვიცი, ერთ წელიწადში, რა უნდა მომხდარიყო რომ საქმე ამხელა ტრაგედიამდე მივიდა. მარიამი­ ლამაზი გოგონა იყო. 5 დედამიშვილი არიან, მამა არა ჰყავთ, მარიამისგან ვიცი, პატარები­ მიგვატოვაო. დედამისი ნიშნობაზე­ გავიცანი, სუფრაზე მისი და-ძმებიც იყვნენ... ულამაზესი და ჰყავს, მოდელია. დანარჩენები პატარები არიან... სოცქსელიდან გავიგე, რომ თურმე დაშორებულები ყოფილან, ჩვენ კი გვეგონა ბედნიერად ცხოვრობდნენ. გიორგის მშობლებიც გაცილებულები არიან, მამასთან გაიზარდა,­ უფროსი და ჰყავს. მივულოცეთ შვილის შეძენა, გახარებულები ჩანდნენ... სოციალურ ქსელში დაწერეს, ორი თვეა დაშორებულები არიან, გიორგი­ ცდილობდა შერიგებას, მაგრამ მარიამი არ ურიგდებოდა, ფიზიკურად შემეხო და ამას არ ვაპატიებო", - გვი­ამბო ყოფილმა თანამშრომელმა.

24 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი­ ფირაშვილი დაქორწინების პირველივე დღეებიდან ცოლზე ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად­. "მარიამ­ სოფრომაძეს სახლიდან გასვლის, მშობლების ან ნათესავების ოჯახებში­ სტუმრობისა და მათთან მობილური ტელე­ფონით კომუნიკაციის უფლება არ ჰქონდა...

"სისტემატურად უზღუდავდა თავისუფლებას და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას, მათ შორის მიუღებლად მიიჩნევდა დაშორებისა და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებას დედის ოჯახში", - ითქვა სასამართლოზე.

პროკურორმა ქეთევან სონიძემ დეტალურად აღწერა, როგორ გაუსწორდა მარიამს დამნაშავე (სტილი დაცულია):

"20 მარტს გიორგი ფირაშვილმა მარიამ სოფრომაძეზე, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და მეუღლის დამორჩილების მიზნით, ყელში ხელების ძლიერი, ხანგრძლივი და არაერთჯერადი მოჭერის შედეგად განახორციელა ძალადობა. ბრალდებულმა სცადა მეუღლის დახრჩობა, რამაც გამოიწვია კაპილარების ჩაწყვეტა, პირიდან დუჟის გადმოდინება და სისხლის ღებინება... ძალადობის შემდეგ მარიამ სოფრომაძეს სამედიცინო დახმარების მიღება დასჭირდა, თუმცა ექიმს არ გაუმხილა დაზიანებების რეალური მიზეზი. უთხრა, რომ არანაირ დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა, რის გამოც აღნიშნული ინფორმაცია პოლიციის ყურამდე ვერ მივიდა".

პროკურორის თქმით, მარიამ სოფრომაძის ოჯახის წევრები აღწერენ ძალადობის იმ ფაქტებს, ერთი წლის განმავლობაში რომ ხდებოდა. ეს ფაქტები, მათთვის ცნობილი იყო, მაგრამ ყველა მათგანი დუმდა... ირკვევა ისიც, რომ მარიამი ორი თვის წინ სახლიდან წამოვიდა და თავის პატარასთან ერთად დედასთან დაბრუნდა. თუმცა არც ამის შემდეგ ეშვებოდა მოძალადე ქმარი. ის სისტემატურად მიდიოდა მასთან და შერიგებას ითხოვდა.

22 მაისს, მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, მარიამი ექვსი თვის შვილსა და ქმართან ერთად კლინიკაში იყო პედიატრთან. მას ახლდა დედაც. ექიმის თქმით, ქმარი მარიამს ყველა ვიზიტზე­ დაჰყვებოდა, აქტიურობდა და როცა ექიმი კითხვებს სვამდა, მამა პასუხობდა. ექიმი ამბობს, რომ იმ დღეს უჩვეულო არაფერი შეუმჩნევია. როცა კლინიკიდან გავიდნენ, ქუჩაში მიმავალ დედა-შვილს გიორგი ფირაშვილმა სანადირო თოფი ხუთჯერ ესროლა. მკვლელობის იარაღი მის სახელზე 2024 წლის პირველ აპრილს არის რეგისტრირებული.

"ის, რომ ბრალდებულმა დანაშაული წინასწარ დაგეგმილად ჩაიდინა, მიანიშნებს­ ის ფაქტიც, რომ ეს იარაღი დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა. სანადირო თოფი ვაზნებსა და ყუთთან ერთად ედო ავტომობილში...", - ამბობს საქმის პროკურორი.

"ბრალდებულის ნასროლი ტყვია შესაძლებელი იყო მის შვილს, 6 თვის თორნიკე ფირაშვილს მოხვედროდა, ის გადარჩა არა ბრალდებულის გადაწყვეტილებით, არამედ ბედნიერი შემთხვევითობით", - განაცხადა პროცესზე ქეთევან სონიძემ.

ბრალდებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ, რადგან, სონიძის თქმით, ფირაშვილი მარიხუანას მოიხმარდა, რაც მის ფსიქიკაზე მოქმედებდა.

გიორგი ფირაშვილს ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფირაშვილი დაკავების დღიდან დუმილის უფლებას იყენებს. მისმა ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა: "იმ ვითარების აღდგენა, რა და როგორ ხდებოდა, ძალიან უჭირს. მოტივი კი გარკვეული წინა პირობებით იყო გამოწვეული. ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მას უჭირს საუბარი".

მარიამ სოფრომაძის ახლობელი ადასტურებს, რომ მარიამი ძალადობის მსხვერპლი იყო: "ორი თვის წინ წამოვიყვანეთ მარიამი, იმიტომ, რომ ქმარმა ორჯერ სცადა მისი დახრჩობა. ვეხვეწებოდი, წავიდეთ იუსტიციის სახლში, გაშორდი-მეთქი. ყველას და ყველაფერს ჩამოაშორა. როცა არ უნდა დაგერეკა, ტელეფონს არასდროს პასუხობდა. აკონტროლებდა. წამოვიყვანეთ და აქაც არ ეშვებოდა".

„სახელმწიფო აქცენტს აკეთებს მომხდარ შემთხვევებზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს პრევენციას“

ფემიციდის შემთხვევებზე დუმილი, რომ დამღუპველია, ამაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დამცველი გოგა ხატიაშვილი. ის ყველას მოუწოდებს, თვალი არ დახუჭონ ასეთ ფაქტებზე და აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.

- ფემიციდი, ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმაა, სპონტანურად არ ხდება. მანამდე ქალზე სხვადასხვა ფორმით ძალადობენ, ფემიციდი ამ ციკლის კულმინაციაა. ორი პრობლემაა - მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ და არ მიმართავენ პოლიციას დასახმარებლად, იმავე პოზიციაში არიან ისინიც, ვისაც აქვთ ინფორმაცია ძალადობაზე, მაგრამ დასახმარებლად არავის მიმართავენ.

არის კიდევ ერთი პრობლემა - სამართალდამცავებისთვის მიმართვის მიუხედავად, ფემიციდის აცილება ვერ ხერხდება. ეს პრობლემები მიუთითებს სისტემური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაზე. სახელმწიფო აქცენტს აკეთებს უკვე მომხდარ შემთხვევებზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს პრევენციას. ადრე სამართალდამცავები უფრო აქტიურობდნენ, ამბობდნენ, რომ ოჯახში ძალადობა მათთვის პრიორიტეტია. ამ რიტორიკის შემსუბუქებამ, სოციალური თუ საჯარო სივრციდან გაქრობამ, წაახალისა ძალადობა და მძიმე შემთხვევები. ფაქტობრივად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მსხვერპლი უნდობლობას იჩენს და არ მიმართავს დასახმარებლად, ან მიმართვის მიუხედავად, არასაკმარისი რეაგირების გამო ვერ ხერხდება დანაშაულის თავიდან აცილება. სახელმწიფომ ეს პრობლემა უნდა დაინახოს სისტემურად და როგორც ახლა ფრაგმენტულად. მაგალითად, უწყებაში ამას აღიქვამენ ცალკეულ შემთხვევებად. ასე იმშვიდებენ თავს და ეს ქმნის ნიადაგს ფემიციდის წასახალისებლად.

რამდენიმე წელი ვიმუშავე შს სამინისტროში ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ჩემი საქმე იყო მონიტორინგი იმისა, პოლიცია რამდენად ეფექტურად რეაგირებდა. მაშინ ხშირად ვაცნობდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუ რამდენი პირი მიეცა პასუხისგებაში, პრობლემაზე განცხადებებს აკეთებდნენ შს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები. სამინისტროს ვებგვერდზე იდებოდა დეტალური ინფორმაცია დაკავებულ პირებზე. დღეს ეს არ ხდება, ფემიციდის საკითხებზე არც ბრიფინგები იმართება. როდესაც წამყვანი უწყება გამოდის და ახსენებს საზოგადოებას, რომ ძალადობის წინააღმდეგ აქვს მკაცრი პოლიტიკა, ეს არის ერთგვარი პრევენცია, რომ ძალადობა არ იქნეს ჩადენილი და მსხვერპლს უხსნის ნდობის გზას, რომ ღირს მიმართვა პოლიციისთვის, სასამართლოსთვის. როდესაც ვსაუბრობთ ძალადობასთან ბრძოლაზე, პასუხისმგებლობები ნაწილდება მართლმსაჯულების ყველა რგოლზე და ერთ-ერთია სასამართლო. სასამართლოს გარეშე ამ საქმის დასრულება შეუძლებელია. ბოლო პერიოდში სასამართლომაც შეარბილა დამოკიდებულება, მათ შორის პირველი წარდგენის სხდომაზე გირაოს გამოყენება დაიწყეს და გვაქვს სამწუხარო პრეცედენტები, როცა გირაოს გადახდის შემდეგ ბრალდებული გამოვიდა ციხიდან და იმავე დღეს ჩაიდინა მკვლელობა. ხანმოკლე სასჯელებიც ახალისებს ფემიციდს.

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მისი დუმილი გამოიწვევს მძიმე შედეგს, თუ არ იმოქმედებენ დროულად. ამ ქალებს ვკლავთ ჩვენ, საზოგადოება, როცა დუმილს ვარჩევთ, ესე იგი, ეს მოძალადეები არიან ჩვენი დაქირავებული მკვლელები. ბევრს ეშინია პოლიციაში დარეკვის, რათა არ უნდა გადაიკიდოს მოძალადე, მაგრამ თუ დარეკავს 112-ში და იტყვის, რომ სურს ანონიმურობის დაცვა, ამას უზრუნველყოფს ოპერატორი. ასევე შეუძლიათ დარეკონ 116 006, ძალადობის ცხელ ხაზზე და კონფიდენციალურად მიაწოდონ ინფორმაცია. არც ის არის აუცილებელი, რომ მათ ხელში ეჭიროთ მტკიცებულებები, ან აუცილებლად საკუთარი თვალით ჰქონდეთ ნანახი ძალადობა. საკმარისია ინფორმაციის მიწოდება, თან ანონიმურობის გარანტიით. პრობლემა ისიც არის, რომ საზოგადობის არცთუ მცირე ნაწილი ამას ოჯახის საქმედ მიიჩნევს და ჰგონია, არ უნდა ჩაერიოს. ეს გენდერული სტერეოტიპებით არის გაჯერებული. თუ ქალმა არ მოამზადა საჭმელი, არ მოემსახურა ქმარს, შეეპასუხა, ფიქრობს, რომ გამართლებულიც არის ქალზე ძალადობა, რადგან ქალი მორჩილი არ იყო. ფემიციდი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. ხშირად შვილების თვალწინ კლავენ ცოლებს, ასხამენ ბენზინს და ა.შ.. ამაზე გაჩუმება არ შეიძლება. პრობლემას კომპლექსურად უნდა დავუპირისპირდეთ. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებები გენდერულ თანასწორობაზე. აუცილებელია ქცევის პრობლემების კორექცია, მათთან მუშაობა, ვინც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლებთან მუშაობაც და მათი ეკონომიკურად გაძლიერება, რადგან ხშირად ისინი მოძალადეზე არიან ეკონომიურად დამოკიდებულები და ამიტომ იტანენ ძალადობას.