სიახლეები, რომელიც მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ელოდება - კვირის პალიტრა

სიახლეები, რომელიც მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ელოდება

ლიტერატურის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ - 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით "ექსპო ჯორჯიას" მე-6 და მე-11 პავილიონებში თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე ტრადიციულად ახალი გამოცემები, ფასდაკლებები და შეთავაზებები იქნება წარმოდგენილი. ამასთან, სტუმრებს ავტორებთან შეხვედრისა და დისკუსიის საშუალება მიეცემათ.უფრო კონკრეტულად, რით იქნება 2024 წლის თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული და რას შესთავაზებს გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს, ამის შესახებ ჰოლდინგ "პალიტრამედიის" მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე საუბრობს:

- რატომ არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა?

- წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არა მხოლოდ მკითხველისთვის, არამედ გამომცემლობებისთვის, ქართველი ავტორებისა და ლიტერატურული აგენტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ღონისძიება საშუალებას გვაძლევს პირისპირ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, გავუზიაროთ მიღწევები, ვისაუბროთ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, უფრო დაწვრილებით შევიტყოთ, რა სურს და აინტერესებს მკითხველს, რაც განვითარებაში დაგვეხმარება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის ფესტივალებს თავისი წვლილი შეაქვს ქართული ლიტერატურის განვითარებაში. ერთი მხრივ, მკითხველს საშუალება აქვს აღმოაჩინოს თანამედროვე ნამუშევრები და მეორე მხრივ, პირისპირ შეხვდეს ავტორს, აზრები გაცვალოს მასთან, გამოართვას ავტოგრაფი. ეს პატარა ცერემონიალი სასიამოვნოა როგორც ავტორისთვის, ისე მკითხველისთვის, რომელსაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის პულსზე აქტიურად უდევს ხელი.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით პატარა მკითხველებთან შესახვედრად, რომლებისთვისაც მე-6 პავილიონშია სპეციალურ სივრცე მოწყობილი. ფესტივალს ემთხვევა ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" მე-20 საიუბილეო წელი, რასაც ჩვენი სტუმრებისთვის ნამდვილ დღესასწაულად ვაქცევთ. ფესტივალზე მოსულ ბავშვებს დახვდებათ ყუთები, რომელთა შიგთავსიც მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამისად არის შერჩეული და მათ აღმოჩენების საშუალებას მისცემს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად ფესტივალზე აქტიურად მოდიან მოსწავლეები. მათი ვიზიტი თვალში საცემია, რადგან ჯგუფებად გადაადგილდებიან ხოლმე, აქვთ წინასწარ შედგენილი სია, მსჯელობენ, რომელ წიგნებს გაცვლიან ერთმანეთში. ძალიან სასიამოვნოა ამ პროცესისთვის თვალის დევნება.

- რას შესთავაზებს "პალიტრა L" მკითხველს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე?

- მკითხველს ტრადიციულად შევთავაზებთ უამრავ სიახლეს, ფასდაკლებასა და აქციებს. ამასთან, წარვუდგენთ ახალ სერიებსა და წიგნებს. მინდა გამოვყო რამდენიმე სერია: "იკითხე ქართული XXII", რომელიც მკითხველს თანამედროვე ქართველი ავტორების აღმოჩენაში დაეხმარება; "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", რომელიც გაგრძელებაა პროექტისა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". სერიაზე მკითხველს სპეციალური შეთავაზება ელოდება.

გარდა ამისა, მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს თანამედროვე ავტორების უახლეს წიგნებს: თეონა დოლენჯაშვილის "მეამბოხეს"; რამაზ გიგაურის ,,წმინდა მარინეს ეკლესიის ჩანაწერებს", ბასა ჯანიკაშვილის პიესას "მე გადმოვცურავ ზღვას" (მუსიკისა და ტექსტის ავტორი - მეფე ირაკლი ჩარკვიანი, თანაავტორი ქეთათო პოპიაშვილი) და სხვა.

ასევე, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პროექტ "ლურჯი ოკეანის" ახალი გამოცემა "ძალაუფლების 48 კანონი", რომელიც არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს უყვება ძალაუფლების სამიათასწლოვან ისტორიას. ამ წიგნში მოყვანილია რეალური მაგალითები ადამიანებზე, რომლებიც ფლობდნენ ძალაუფლებას, ან ძალაუფლების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. თანამედროვე მკითხველი ბევრ პარალელს გაავლებს აწმყოსთან. ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც სურს ძალაუფლების მოპოვება ან სურს შეიარაღდეს ძალაუფლებასთან დასაპირისპირებლად.

- დაბოლოს, რა ზეგავლენას ახდენს წიგნის ფესტივალი და ზოგადად, ამგვარი ღონისძიებები კითხვის პოპულარიზაციაზე?

- ასეთი ტიპის შეხვედრები და ფესტივალები თავისთავად ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას. ამგვარი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, რომელთაც ლიტერატურის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ და ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა, მათ აქტუალური წიგნები შევთავაზოთ. ამ მხრივ მინდა აღვნიშნო "ლიბერთინსის" სერია, რომელსაც თავად Gენ ძ თაობა ადგენს. ისინი ინგლისურ ენაზე ეცნობიან ლიტერატურას და შემდეგ, გვითანხმებენ, რომლის თარგმნა და გამოცემა იქნება უმჯობესი. "ლიბერთინსის" სრული სერია წიგნის ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი და ამ სერიაში საფესტივალო სიახლეა ,,სიყვარულის მუსიკა".

მკითხველს საშუალება ექნება, სპეციალურად მოწყობილ შეხვედრების სივრცეში თანამედროვე ავტორებთან დისკუსიები გამართოს, უკეთ გაიცნოს მისთვის საინტერესო ავტორი. სტუმრებს ღონისძიებაზე დახვდება გარემო, რომელიც შთაგაგონებთ, განაგრძოთ კითხვა და განვითარება.

მარიამ მენაბდიშვილი