"საწოლი, თბილი საჭმელი მომნატრებია, ქუჩაში მიცხოვრია... ცხოვრებაში სასიყვარულო ამბები მქონია, თუმცა არ გაამართლა" - კვირის პალიტრა

"საწოლი, თბილი საჭმელი მომნატრებია, ქუჩაში მიცხოვრია... ცხოვრებაში სასიყვარულო ამბები მქონია, თუმცა არ გაამართლა"

"ტიკტოკზე" (და არა მხოლოდ) პოპულარული ავთანდილ გურული თავს მაღალი დონის იუმორისტად არ მიიჩნევს.

ამბობს, - ენაკვიმატობა გურულებისთვის ჩვეულებრივი ამბავიაო. ფაქტია, მისი იუმორი უამრავ ადამიანს მოსწონს. ავთანდილ გურულის ამჟამინდელი "ტიკტოკ"-კონტენტი კითხვა-პასუხის რეჟიმზეა აწყობილი - მას გამომწერები ყველაზე სულელურ შეკითხვებსაც კი თამამად უსვამენ, რადგან იციან, რომ მისგან მხოლოდ იუმორით შელამაზებულ პასუხს მიიღებენ და არა - შეურაცხმყოფელს... გადავწყვიტეთ, ავთანდილ გურული ჟურნალის "გზა" მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...

- წინათ, სოციალურ ქსელებში აქტიური საერთოდ არ ვყოფილვარ. მახსოვს, ის პერიოდი იყო, ზეთი რომ გაძვირდა, როცა პირველად "ფეისბუკზე" ერთ-ერთი პოლიტიკოსის (რომელიც რეგიონებში ხალხს ხვდებოდა) გვერდზე, მისი ვიდეოს ქვეშ დავწერე: ზეთი ისე გაძვირდა, 50-თეთრიან "პონჩიკს" ვყიდულობთ, რომ ტაფაზე მოვუსვათ-მეთქი... მეორე დილით ვნახე, რომ ჩემს კომენტარს დიდი გამოხმაურება ჰქონდა... ვიღაცები მირეკავდნენ. ჩემმა დამაც დამირეკა, - რას წერ, რამ გამოგაშტერა ამხელა კაციო (იცინის)?!. მას მერე ვცდილობდი, სახალისო კომენტარები დამეწერა... შემდეგ 1 ვიდეო, რომელიც "ფეისბუკზე" მედო, "ტიკტოკზე" გადავიტანე. დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად, ჩემი კონტენტი ჩემი ამბები იყო: ზოგი გამოგონილი, ზოგი - რეალობასთან მიახლოებული, იუმორით შელამაზებული... შემდეგ ვინმე დალო რაღაც სასიყვარულო კომენტარებს მიწერდა, გაურკვეველი ტექსტით, რომელსაც ვიდეოთი ვპასუხობდი ხოლმე. ამის გამო, გამომწერები მომემატა, - აინტერესებდათ, დალო ხვალ-ზეგ რას დამიწერდა, რას ვუპასუხებდი... მოკლედ "ტიკტოკს" ასე "შევყევი"... გამომწერების მოგროვება მიზნად არ მქონია და არც ახლა მაქვს. უბრალოდ, ჩემთვის ვერთობი, სახალისო ვიდეოებს ვწერ. 99%-ს მოსწონს - დადებითი გამოხმაურება მაქვს. ასე რომ არ იყოს, ვიდეოების ჩაწერას შევწყვეტდი...

- თქვენ შესახებ მოგვიყევით...

- წარმოშობით გურული ვარ. სოციალურ ქსელშიც "ავთანდილ გურული" მიწერია. გურიაში დავიბადე, გავიზარდე... წლინახევრით უფროსი და მყავს. სკოლაში რომ შევიდა და სამეცადინო მასალას აძლევდნენ, როცა გაკვეთილებს ამზადებდა, შინ მასთან ერთად ვიჯექი და ვმეცადინეობდი - პირველი კლასის მასალა მეც ავითვისე. 5 წლისამ წერა-კითხვა უკვე ვიცოდი. ამიტომ გადაწყვიტეს მშობლებმა, 5 წლისა სკოლაში შევეყვანე (თებერვალში 6-ის ვხდებოდი)... კლასში მასწავლებელი დაფასთან პირველი კლასის სასწავლო მასალას რომ ხსნიდა, მე უკვე ვიცოდი, მაგრამ არ ვამბობდი, რადგან სხვამ არ იცოდა და ჩვეულებრივად, მეც ისევე ვუსმენდი, როგორც სხვები. შემდეგ ისე მოხდა, რომ ლანჩხუთის რაიონში, განათლების მიმართულებით არსებულ დაწესებულებაში, ვიღაცამ საჩივარი დაწერა - 5 წლის ბავშვი სკოლაში შეიყვანესო (მაშინ ეს აკრძალული იყო). მახსოვს, როცა გაკვეთილზე ვიჯექი, ვიღაც ჰალსტუხიანი კაცები მოდიოდნენ, გაკვეთილიდან დირექტორის კაბინეტში გავყავდით და პირველი კლასის ბავშვის ინტელექტისთვის შესაბამის შეკითხვებს, მათემატიკურ ამოცანებს მეკითხებოდნენ. ყველაფერი ვიცოდი და ვპასუხობდი. მოკლედ, შემოწმებაზე 2-3-ჯერ რომ მოვიდნენ, შემდეგ საჩივარზე მათი პასუხი ასეთი იყო: ეს ბავშვი პირველში კი არა, მეორე კლასში დასვითო. ასე დამტოვეს სკოლაში, თორემ საშიშროება იყო, სწავლა შემეწყვიტა და მერე გამეგრძელებინა... სკოლა 16 წლისამ დავამთავრე. მშობლებმა მითხრეს, - უნივერსიტეტში, თუ უფასო სექტორზე ჩაბარებას შეძლებ, ვეცდებით, ბინის, საკვების, მგზავრობის ფულით უზრუნველგყოთო. სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ - ეს მეც ვიცოდი... მოვემზადე და "ჯავახიშვილში", მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ანუ სპეციალობით მათემატიკოსი ვარ. პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ჯერ კიდევ შევარდნაძის დრო იყო, როცა სტუდენტი ვიყავი... სხვადასხვა სპეციალობით ვმუშაობდი... დღეს დისტრიბუციის განხრით ვმუშაობ, ყავის და "სნექის" კომპანიაში. მოგეხსენებათ, საქართველოში მაღალი შემოსავალი არსად არაა, მაგრამ ჩემს სამსახურში ძალიან კარგი გუნდია, უფროს-უმცროსიანად. ასეთი მაგარი თანამშრომლები არ მინახავს...

- კიდევ რა სფეროში გიმუშავიათ?

- მაგალითად - საბანკო სფეროში, გაყიდვებში... სხვათა შორის, სახლში სპეციალური სიგელიც მაქვს, რომელიც გაყიდვების სფეროში მუშაობისას, საახალწლოდ გადმომცეს იმის დასტურად, რომ 350 კონსულტანტს შორის, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მქონდა და ყველაზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი მყავდა. მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი... ერთ-ერთი ბანკის მოლარე-ოპერატორადაც ვმუშაობდი, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავძელი...

- რატომ?

- ძირითადად, პენსიონერების მომსახურება მიწევდა. მაგალითად, მოხუცები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, - შვილო, წამალი მაქვს საყიდელი, პენსია მინდაო. პროგრამაში ვხედავდი, რომ პენსია წინასწარ ჰქონდათ აღებული. ვეუბნებოდი, - ბებო, ბაბუ, პენსია აღებული გაქვს, ახლა არ გიწევს აღება-მეთქი. - აბა, ახლა რა ვქნა, წამალი როგორ ვიყიდოო?.. ამ სისტემას ვერ გავუძელი, ავდექი და წამოვედი, რადგან თავადაც არ მქონდა საშუალება, რომ რამით დავხმარებოდი მოხუცებს, რომლებსაც ვხედავდი, კუთვნილი პენსია არ ჰყოფნიდათ, ვერც ერკვეოდნენ... როცა ოფიციალური სამსახური არ მქონდა, ხელობაზე ვმუშაობდი: ელექტროგაყვანილობა, სანტექნიკა, კაფელ-მეტლახის დაგება...

- უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, "მანსანკანში" ხომ არ მოგისინჯავთ ძალები?

- ნიკა გრიგოლია, ვანო ჯავახიშვილი და სხვა იუმორისტები ჩემი კურსელები არ ყოფილან, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩემ გარშემო სწავლობდნენ. იყო პერიოდი, სტუდენტებს გვეუბნებოდნენ, - სტუდენტური იუმორისტული კლუბი ყალიბდება და ჩვენთან ერთად მონაწილეობა შეგიძლიათო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ამის სურვილი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩემს ვიდეოებს ათასობით "გაზიარება", "ლაიქი" აქვს, თავს მაღალი დონის იუმორისტად არ მივიჩნევ. ვიღაცის კომენტარს ენაკვიმატურ პასუხს თუ გავცემ, გურულებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია - იუმორით ცხოვრობენ... სხვათა შორის, რეგიონები ერთმანეთს რომ შევადაროთ, გურია ყველაზე მიტოვებულია, თუნდაც - გართობის, სამსახურის მხრივ... ყველა რეგიონი ჩვენზე მაგრადაა, მაგრამ გურულები დემოკრატი ხალხი ვართ და ამ იუმორით ვცხოვრობთ. ადამიანები, სტუმრის პატივისცემა გვიყვარს...

- რეალურ ცხოვრებაში, რჩევებს ყველაზე ხშირად რასთან დაკავშირებით გეკითხებიან, ყველაზე მეტად კომპეტენტური რა საკითხში ხართ?

- გაჭირვებაში. ამ იუმორის, ხალისიანი ვიდეოების მიღმა ჩემი რთული ცხოვრებაა, რომელიც მხოლოდ ჩემია - არავინ იცის. ჩემს პირადს სოციალურ ქსელებში არასოდეს ვასაჯაროებ. საჭიროდ არ მიმაჩნია, ვიღაცას ჩემი ამბავი თავს მოვახვიო. ვინც ჩემს კომენტარებსა და ვიდეოებზე ერთობა, დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანსაც რაღაც ტკივილი აქვს, რადგან დღეს ისეთ ყოფაში ვცხოვრობთ, რთულია, ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნო. თუნდაც, ემიგრანტები, რომლებიც თავიანთ ოჯახს მოშორებულები არიან, სამშობლოს მიწა-წყალი, შვილები ენატრებათ და კომენტარებს მიწერენ, ხალისობენ, ძალიან მიხარია...

- თავად რა ტკივილს ატარებთ, იქნებ, ცოტა რამ გაგვიმხილოთ?

- ცოტა რომ გითხრათ, შეიძლება, ჩემთვის ბევრი იყოს (იღიმის)... ეს ჩემს პირად ურთიერთობებს, გაჭირვებულ პერიოდს უკავშირდება... სიმართლე გითხრათ, დალხინებული ცხოვრება არასდროს მქონია. ყოფილა სიტუაცია, როცა საწოლი, თბილი საჭმელი მომნატრებია, ქუჩაში მიცხოვრია, ღამეები მითენებია, თუმცა ეს ჩემი ცხოვრებაა და თუ რამე ისეთი მოხდა, რამაც ტკივილი მომაყენა, ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. ამაში არავის ვადანაშაულებ... ოჯახში პრობლემა არასოდეს მქონია: ძალიან კარგი მშობლები, დედმამიშვილები მყავს... ყველა მიყვარს, ვაფასებ, კარგი ურთიერთობა გვაქვს... როცა ოჯახს მოვშორდი და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მას მერე ცხოვრებასთან ჩემი ჭიდილი დაიწყო, მაგრამ ერთადერთი, რაც იმედს მაძლევს და რაშიც საკუთარ თავთან მართალი ვარ, ისაა, რომ ადამიანი გასაჭირში არასოდეს მიმიტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება გამოვიარე და დღესაც ამ ეტაპს გავდივარ, არასდროს გავბოროტებულვარ, აგრესია, შური, ღვარძლი არ მქონია. თუ რამე შემეძლო, ყოველთვის ყველას გვერდით ვედექი. ეგ არის, რაც დღესდღეობით მამშვიდებს.

- გიფასდებათ?

- კი. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, უანგაროდ ვაკეთებ. ხელობაზე მუშაობისას, მაგალითად, იყო სიტუაცია, როცა ვარკეთილიდან მოხუცმა ქალბატონმა დამირეკა - ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ონკანი არ იკეტება, რაღაც გაფუჭდა. იქნებ დამეხმაროო?.. მივაკითხე. სახლში ძველი, დაჟანგული მილები დამხვდა. საჭირო იყო, ეზოში ცენტრალური ჭა გადამეკეტა. კორპუსის ფანჯრებიდან ხალხმა თავი გამოყო: ზოგს თმაზე შამპუნის ქაფი ჰქონდა, ზოგს ხელში საპონი ეჭირა... უკვირდათ, - რა ხდება, წყალი სად არისო?!. დავამშვიდე - ქალბატონს დახმარება სჭირდება, 10 წუთი დამაცადეთ და ყველას მე თვითონ დაგბანთ-მეთქი... მოკლედ, პირველ დღეს ცენტრალური დამკეტი დავაყენე. ბინაზე მისვლა მეორე დღესაც მომიხდა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, 2 დღე ვიარე. საერთოდ, თანხაზე რომ მიდგება საქმე, ყოველთვის ძალიან მერიდება. ვეუბნები ხოლმე, - თქვენ რისი საშუალებაც გაქვთ-მეთქი... ამ ქალბატონსაც იგივე ვუთხარი. ჯინსის ქურთუკში რაღაც პარკში გახვეული ჩამიდო - აი, შვილო, შენი გასამრჯელოო... - კარგი, ბებო, გაგიმარჯოს, იხარე-მეთქი, - დავემშვიდობე და წამოვედი... დავინტერესდი, ამ ქალბატონს რა უნდა ჰქონოდა, რომ ჩემთვის მოეცა? ჯიბეში ხელი ჩავიყავი, პარკი ამოვიღე და, - სვანური მარილი!.. იცი, როგორ მესიამოვნა? იმ სვანურ მარილს კარგა ხანს ვინახავდი, რადგან ჩემთვის ეს იყო დიდი პატივისცემის, სიყვარულის და ასევე, დიდი გაჭირვების გამოხატვაც... მერე ზაფხულიც დადგა და სალათს მოვაყარე (იცინის).

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? დაოჯახებული არ ხართ?

- არა. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში სასიყვარულო ამბები მქონია, მაგრამ მათგან სერიოზული - 2-3 იყო, თუმცა არ გაამართლა, რა ვიცი, ჭირი, რა (იცინის)!.. დღეს ახალ თავგადასავლებს ვერიდები. ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ახლის წამოწყება მიჭირს. ამიტომ თავს ვიკავებ, თორემ ოჯახის შექმნა რა პრობლემაა? ბევრი მეკითხება, - რატომ არ ოჯახდები? დაბერდები, "ბაბუას" დაგიძახებენო. დამიძახონ, რა პრობლემაა?!. მოკლედ, არც მეუღლე მყავს, არც - შეყვარებული. ვიღაცამ დამიწერა - "ცხვარი გყავს გამობმული", რას ბჟუტურობ ამხელა კაცი? აწი მომვლელი დაგჭირდებაო. ვუთხარი, - ბიძია, სადმე ჩემი "გარშოკი" ნახე გადასაქცევი თუ რატომ ფიქრობ, რომ მომვლელი მჭირდება-მეთქი?!. 40 წლის გავხდი. 25 წელია, მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს თავად ვაკეთებ: საჭმელს ვამზადებ, ვრეცხავ, ვაუთოებ, ვალაგებ... ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად წესრიგის მოყვარე ვარ. არ შემიძლია არეულ სახლში დავჯდე. შეიძლება, ვიღაცამ ამას "წიკები" უწოდოს, მაგრამ საჭმელს რომ შევჭამ, შემდეგ თეფში უნდა გავრეცხო, მაისურს რომ გავიხდი, უნდა დავკეცო და დავდო... ასე ვარ მიჩვეული.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"