"მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო - უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს" - ლევან იოსელიანი უმრავლესობას - კვირის პალიტრა

"მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო - უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს" - ლევან იოსელიანი უმრავლესობას

მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს! - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ხშირად, უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს.

„ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც და მიზანიც არის მხოლოდ ერთი - კიდევ ერთხელ გამოვხატო, გავაჟღერო ის პოზიცია, რაც საქართველოს სახალხო დამცველს გააჩნია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. მოვედი კიდევ იმიტომ, რომ ის სიტუაცია და დაძაბულობა, რაც დღეს ქვეყანაშია, საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც უკვე, თითქმის, ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს. მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი არის ლეგიტიმური, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები, და გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა, რითაც გაჩნდება სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე. ეს აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. მესმის ის დაძაბულობა, რაც ქვეყანაშია. ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას. ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობასა და დისკუსიის სივრცეს. სამწუხაროდ, ის რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და სწორედ ამიტომაც არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი, რომ გავიაზროთ ეს მოცემულობა და პარლამენტმა თავისი მოქმედებით, ვეტოს არ დაძლევით, შეძლოს ამ სადისკუსიო სივრცისა და შესაძლებლობის გაჩენა“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"