"ივანიშვილის პირველი გამოჩენისთანავე ვთქვით, რომ ის რუსეთის კაცია და საქართველოს სიკეთეს არ მოუტანდა. ამის გამო კინაღამ ჩაგვქოლეს და ლამის, ქუჩაში ვეღარ გამოვდიოდით" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის პირველი გამოჩენისთანავე ვთქვით, რომ ის რუსეთის კაცია და საქართველოს სიკეთეს არ მოუტანდა. ამის გამო კინაღამ ჩაგვქოლეს და ლამის, ქუჩაში ვეღარ გამოვდიოდით"

"კოალიციური მთავრობა მართავს ყველაზე მოწინავე, წარმატებულ ქვეყნებს"

21-ე საუკუნის საქართველო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა:

ათასობით ოჯახს ემიგრანტი ახლობელი ინახავს, სხვებს კი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები ახრჩობს! ამ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ნაბიჯებს გადადგამს "ოცნების" ხელისუფლება, რომელიც 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება:

ყოფილი პარლამენტარი მანანა ნაჭყებია ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ თემებზე გვესაუბრა:

- ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ქვეყანა ქაოსისგან იხსნას, რადგან ის ხელისუფლებაა და სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა დაუშვას. მიჩნდება კითხვა: - რატომ იქცევა ასე ხელისუფლება? რა კანონი შემოაქვს ისეთი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს? აბსურდია იმაზე სერიოზულად ლაპარაკი, რომ ეს კანონი საქართველოს სჭირდება. თუ მართლა ასე გვჭირდება ეს კანონი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და რადიკალური ოპოზიცია მართლა ცდილობენ გადატრიალება მოაწყონ ან რაღაც ისეთს გეგმავენ, რასაც ჩვენი ერის გადაშენება და გადაგვარება მოჰყვება, ხომ არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები - კონკრეტული გვარები და სახელები უნდა დასახელდეს, ვინც ამას აპირებს. რას ეფუძნება ეს ვარაუდი? - არაფერს, პრაქტიკულად, ნულია ალბათობა, რომ ვიღაც ამას აპირებს. ასევე, ნულია ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი მარტივად - ხელის გადაგრეხით მიიღოს.

- აბა, რატომ ცდილობენ მის მიღებას ასე თავგანწირვით?

- აქ ჩნდება ვარაუდი, რომ ეს რუსეთის დავალებაა... როცა "ახალი მემარჯვენეების" რიგებში ვიყავი, ჩვენ, ივანიშვილის პირველი გამოჩენისთანავე ვთქვით, რომ ის რუსეთის კაცია და საქართველოს სიკეთეს არ მოუტანდა. ამის გამო კინაღამ ჩაგვქოლეს და ლამის, ქუჩაში ვეღარ გამოვდიოდით. ფაქტია, რომ ე.წ. რუსული კანონი თავიდან ბოლომდე აპრობირებულია რუსეთში, ბელორუსში, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში და გამოიყენება იმ ინსტრუმენტად, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებას ეხმარება. ის გულისხმობს დიქტატურის დამყარებას საქართველოში, მაგრამ აქ ერთი დიდი დაბრკოლებაა: ბიძინა ივანიშვილს წლების განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში, ის მაინც რუსული სულისკვეთების ადამიანია და ვერ გაითვალისწინა, რომ საქმე ქართველ ახალგაზრდებთან ექნებოდა, რომლებიც ამ პროცესს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით! ბოლო ხანებში, მკვეთრად გამოიკვეთა, რომ ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი, გონიერი, კულტურული ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის მართვა იტვირთონ და შეგვიძლია, ქვეყანა თამამად გადავაბაროთ ამ არაჩვეულებრივ თაობას. ამის გამო გახარებული ვარ.

- "ქართული ოცნების" ლიდერებიც ერთხმად ამტკიცებენ, რომ მათაც ევროპული მომავალი სურთ, ამის შესახებ რას ფიქრობთ?

- ელემენტარული გონიერებაა საჭირო, რომ ამ მსჯელობის აბსურდულობაში დარწმუნდე: თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო და ყველა დასავლელი პარტნიორი გვიმეორებს, რომ თუ ამ გზით ვივლით, მათთან საერთო არაფერი გვექნება. მოდი, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო თემატიკაზე გადავიტანოთ: როდესაც ოჯახში ვიღაც მოგყავთ, ხომ ფიქრობთ, რომ ის თქვენს ოჯახში მიღებულ წესებს დაემორჩილება? - ჰიგიენის წესებს დაიცავს, ღამით არ იხმაურებს, დებოშს არ მოაწყობს და მეზობლებს არ შეაწუხებს? ამიტომ, ევროკავშირი საქართველოს განსაკუთრებულს არაფერს უწესებს: მთავარია, ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული, დემოკრატია და დამოუკიდებელი სასამართლო გვქონდეს, დავიცვათ ბუნება, გვქონდეს მწვანე ეკონომიკა და ა.შ. ისინი სწორედ ამ ღირებულებების ირგვლივ არიან გაერთიანებული და მეგობარი ქვეყნებისგანაც იმავეს მოითხოვენ. თუ გვინდა, რომ მათ ოჯახში ვიყოთ, ეს წესები ჩვენც უნდა დავიცვათ. დანარჩენს არ ეხებიან, მეტიც, საქართველო მათთვის ძალზე საინტერესო ქვეყანაა სწორედ თავისი კულტურითა და ტრადიციებით, მათ აინტერესებთ ჩვენი წარსული, ისტორიისა და კულტურის ძეგლები... გვეუბნებიან, რომ საინტერესონი ვართ, რომ საოცარი ცეკვა და სიმღერა გვაქვს. ჩვენ კი არ გვიშლიან, თვითონაც სწავლობენ, თვითონ იხურავენ სვანურ ქუდს და ცდილობენ, ყველა კარგი ტრადიცია აითვისონ...

ზოგჯერ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ვკითხულობ, მგონია, რომ მათ რაღაც ძალა აიძულებს, თავმოყვარეობაზე უარი თქვან. ჩემთვის გაუგებარია, რას ამბობს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე - პაპუაშვილი, რას ამბობენ კალაძე, მდინარაძე, კობახიძე, ვოლსკი და სხვები, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ყველა ხედავს, რომ ისინი რუსული კანონით და რუსული მეთოდებით ცდილობენ, საქართველოს კურსი შეუცვალონ! ეს ხალხი გვეუბნება, რომ თეთრი შავია და ეს ჩვენც უნდა დავიჯეროთ...

- თქვენი აზრით, რატომ დაარბიეს "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციები ასე დაუნდობლად?

- ხალხის დაშინება სცადეს. მარტო დარბევა კი არა, ამას ემსახურებოდა გაუგებარი სატელეფონო ზარები, ქუჩებში დახვედრა და ცემა, სახლებთან ჩასაფრება და მოტაცება... სწორედ ასე მოექცნენ მაგალითად, ირაკლი კუპრაძეს ან დათო ქაცარავას, რომელიც აქციაზე იდგა და არაფერს აშავებდა. მე ამ აქციებზე სისტემატურად დავდივარ და ჯერ არ მინახავს, ვინმეს კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს. თუნდაც, ლაზარე გრიგორიადისის მაგალითი ავიღოთ, რომელიც წელს უკვე მეორედ დააკავეს: მას და შარშანდელი მარტის აქციის მონაწილეებს აბრალებდნენ, რომ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. სასამართლო პროცესებმა დაადასტურა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ გრიგორიადისმა პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. როდესაც პოლიციელებს გამოჰკითხეს, რა ეცვა ბრალდებულს, როგორ გამოიყურებოდა ან რომელი ხელით ისროლა კოქტეილი, მათი ბრალდება ვერ დასაბუთდა. რატომ ექცევიან აქციის მონაწილეებს ასე დაუნდობლად? - პასუხი ერთია: ხელისუფლებამ "რუსული კანონის" მიღებამდე გადაწყვიტა, რომ ჩაახშოს ოპოზიციური ძალების წინააღმდეგობა, დათრგუნოს და ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, აქტივისტები დააშინოს!

- თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, ამ კანონში ფინანსური ზემოქმედების მექანიზმიც არის ჩადებული, ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, იქ პირდაპირ წერია: თუ რაიმეს ხელისუფლების ნების წინააღმდეგ გააკეთებთ, თქვენთან ფინანსური პოლიციისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შემოვლენ, წაიღებენ დოკუმენტაციას, საორგანიზაციო ტექნიკას, რომელსაც მუშაობა სჭირდება და ორგანიზაცია იძულებული გახდება, თავისი საქმიანობა შეაჩეროს, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს? ხომ ვიცით, რომ რუსეთშიც ასე მოიქცნენ? რომ ამ კანონის მიღებას, რუსული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობა ან ქვეყნიდან წასვლა მოჰყვა?! ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაა ახლა რუსეთში, რა მდგომარეობაა ბელორუსში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოში ეს არ გამოუვათ.

საბედნიეროდ, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, საოცარ სიფრთხილესა და სახელმწიფო აზროვნებას იჩენენ. სხვათა შორის, პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ვუსმენდი, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა: დავუშვათ, ხელისუფლებამ მაინც მიიღო ეს კანონი, მერე რას იზამთო? ველოდებოდი, რომ ტრადიციულ პასუხს გასცემდა: ეს არ მოხდება, ამისთვის ყველაფერს ვიღონებთო, მაგრამ არა - მან საკმაოდ ცივად და უემოციოდ უპასუხა: არაფერს, დაველოდებით ოქტომბერს და ოქტომბერში მიიღებენ საკადრის პასუხსო... ეს სულ სხვა თაობაა, რომელმაც იცის, როგორ გადაანაწილოს თავისი ძალები, საით მიმართოს და როგორი ნაბიჯები გადადგას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ისინი გააზრებულ და სწორ არჩევანს გააკეთებენ! მეტსაც გეტყვით, მე ვიცი, რომ ხალხი ემიგრაციიდან აპირებს ჩამოსვლას. აპირებენ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეებშიც ჩამოვიდნენ და აქციებს დაესწრონ. აქ ჩამოვა უამრავი ადამიანი, რომელმაც კარგად დაინახა, როგორი ხელისუფლება გვყავს და რომლებსაც სურთ თავიანთი ქვეყანა ბედნიერი, წარმატებული იყოს, რომ საქართველო უკან - რუსულ ჭაობში აღარ დაბრუნდეს.

- საზოგადოების ნაწილი ასე ფიქრობს: ჯანდაბას, მიიღონ და დაამტკიცონ ეს კანონი, არჩევნებამდე 4-5 თვეა დარჩენილი და მერე გავაუქმებთო...

- ვფიქრობ, ეს არასწორი მოსაზრებაა: ჯერ ერთი, ამ კანონის მიღება არჩევნებამდე იმიტომ უნდათ, რომ მისი მეშვეობით სამოქალაქო სექტორი გააქრონ, პრობლემები შეუქმნან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ქვეყანაში დიქტატურა დაამყარონ. ეს კანონი იმას ემსახურება, რომ საქართველოსგან ისეთი ქვეყანა მიიღონ, სადაც ადამიანები პროტესტს ვეღარ გაბედავენ და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვერაფერს იტყვიან - აი, რისი მიღწევა სურთ! მათთვის ამ კანონის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქ მხოლოდ 2 ვერსიაა: პირველი - ეს მათი "პატრონის" - რუსეთის დავალებაა და მეორე - ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და ეს კანონი ორივე მიზანს ემსახურება.

- თქვენი აზრით, რა ჯობია ამ სიტუაციაში?

- იმედია, გონიერება ეყოფათ და პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევენ. ჩვენი ევროპელი მეგობრებიც ცდილობენ დაარწმუნონ, რომ არასწორი მიმართულებით მიდიან, მაგრამ ვფიქრობ, "ოცნება" ვეტოს მაინც დაძლევს. თუ ასე მოხდება, არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ - ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, თორემ ეს კანონი ვეღარ გაკეთილშობილდება: მისი სათაურიც კი ჩვენს უცხოელ მეგობრებს და ინვესტორებს ეუბნება, საქართველოში მსხვილ პროექტებს იმიტომ აფინანსებთ, რომ ჩვენზე გავლენის მოხდენა გსურთო... ხოლო ადგილობრივ ორგანიზაციებს სთავაზობს, - კეთილი ინებეთ და დაწერეთ, რომ უცხოური გავლენის აგენტები ხართო. დიახ, ჩვენ გვერდით დგას ევროპა, რომელიც მხარს გვიჭერს, მაგრამ "ქართული ოცნების" გვერდით ვინ დგას, საინტერესოა, ამაზე რა პასუხი აქვთ?!

- დაბოლოს, საზოგადოებაში არსებულ კიდევ ერთ შიშზე გკითხავთ: დავუშვათ, გავისტუმრეთ "ოცნება", ვინ მოვა მის შემდეგ, ვინ მართავს უკეთესად ამ ქვეყანას?

- ვისურვებდი, რომ ქართველებმა საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ: ჯერ 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" შევხვდით ზარ-ზეიმით და ქვეყნის სათავეში ერთპიროვნული მმართველი - მიხეილ სააკაშვილი მოვიყვანეთ, მერე კი, 2012 წელი ვიზეიმეთ და ამჯერად, ბიძინა ივანიშვილი გამოვაცხადეთ ქვეყნის მხსნელად და მესიად. ნათქვამია, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება - რყვნის აბსოლუტურად. ერთპიროვნულად მართვას, სულერთია, სააკაშვილი იქნება სათავეში თუ ივანიშვილი, ყველა ერთნაირად დაასრულებს. ერთ-ერთი მათგანი, ვინც სააკაშვილის რევოლუციით მოსვლას მხარს არ უჭერდა, მეც ვიყავი და საბედნიეროდ, არ შევმცდარვარ. იგივე მოხდა 2012 წელს, როცა ადამიანებმა იფიქრეს, ივანიშვილი გამოჩნდა და გვეშველებაო... ნუთუ, ახლა მაინც არ უნდა დავფიქრდეთ და მივხვდეთ, რომ არ არის საჭირო ქვეყანას ერთი ადამიანი მართავდეს? ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში არის საკმაოდ ბევრი გონიერი ადამიანი. ერთი კაცის მმართველობა წარსულს უნდა ჩავაბაროთ, მომავალში კოალიციური მთავრობები უნდა გვყავდეს. როგორმე მოგროვდება 14 მინისტრი იმისთვის, რომ ძირითადი პოსტები გონიერმა ადამიანებმა დაიკავონ. კოალიციაა იმის გარანტია, რომ არ იქნება კორუფცია, არ იქნება სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რომ არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. თუ ერთი კაცი არა, აბა, ვინ უნდა მართოს საქართველო? - ეს არასწორად დასმული შეკითხვაა, ისევე, როგორც უსაფუძვლოა შიში, რომ სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება. ეს გამორიცხულია, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოში 60%-იანი რეიტინგი აღარ აქვს. ამიტომ, ის კოალიციაში შევა, როგორც ერთ-ერთი პარტია, მაგრამ ამ ქვეყნის მომავალზე გავლენა აღარ ექნება. მე თანახმა ვარ, კოალიციურ მთავრობაში უპარტიო ადამიანებიც შევიდნენ, მათ შორის სიამოვნებით ვიხილავდი ემიგრაციაში მყოფ, კომპეტენტურ ქართველებს, რომლებიც აქ სიამოვნებით ჩამოვლენ. სწორედ კოალიციური მთავრობა მართავს ყველაზე წარმატებულ, მოწინავე ქვეყნებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი მმართველობა ჩვენს სამშობლოშიც გაამართლებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"