"ზელენსკის სიმართლეს უმალავენ, ის გენერლებს ხმამაღლა ელაპარაკება" - ბრძოლა ხარკოვისთვის: რას გეგმავს პუტინი?! - კვირის პალიტრა

"ზელენსკის სიმართლეს უმალავენ, ის გენერლებს ხმამაღლა ელაპარაკება" - ბრძოლა ხარკოვისთვის: რას გეგმავს პუტინი?!

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „უკრაინის ბრძოლა ხარკოვის დასაცავად: ჯერჯერობით კიევი მოსკოვის შეტევას უმკლავდება“. პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის არმიის შეტევის შედეგები უკრაინის ხარკოვის ოლქში - უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფების მდგომარეობა, მოსახლეობის ევაკუაცია... მასალაში განხილულია, აგრეთვე, საკითხი - რას ფიქრობენ უკრაინელი ჯარისკაცები.

„ამჟამად ხარკოვის ოლქში რუსეთის წინსვლა, პირველი დღეებისაგან განსხვავებით, შედარებით შენელებულია. უცხოელი ექსპერტების აზრით, რუსეთს ფრონტის ამ მონაკვეთზე იმდენი ძალები არ ჰყავს, რომ ხარკოვი დაიკავოს, თუმცა ადგილობრივი უკრაინელი სამხედრო მეთაურები აღნიშნავენ, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. მათი თქმით, რუსების შეჩერება ძლივს მოხერხდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან ხარკოვისაკენ გამოცდილი უკრაინული ქვედანაყოფები იქნენ გადმოსროლილნი. ვლადიმერ პუტინი, თავისი განცხადების მიუხედავად, რომ ხარკოვის დაკავება „დაგეგმილი არ გვაქვსო“, ალბათ, მაინც შეეცდება შეტევის განვითარებას“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ალბათ, იგრძნო, რომ მას გარემოცვა და არმიის სარდლობა ფრონტზე შექმნილ ნამდვილ სიტუაციას უმალავს ანუ უმაღლეს მთავარსარდლამდე სიმართლე არ მიდის“, - ამბობს „ეკონომისტის“ ჟურნალისტთან საუბარში უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა და ანონიმურ წყაროდ დარჩენა არჩია. მისი თქმით, პრეზიდენტი გენერლების მოქმედებით უკმაყოფილოა და მათთან შეხვედრისას ხშირად საყვედურობს და ხმამაღლა ელაპარაკება.

იმავეს იმეორებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მაღალჩინოსანი ოფიცერი დენის იაროსლავსკი, რომელიც რუსეთის არმიის შეტევის დაწყებისას საზღვრისპირა ქალაქ ვოლჩანსკში იმყოფებოდა. „პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხში, თითქოსდა, თბილ აბაზანაში ამყოფებენ“, - წერს იგი თავის ფეისბუკ-პოსტში.

„იმის გამო, რასაც პირადად ვხედავდი და რაც იმ კომპეტენტური პირებისაგან გავიგე, ძალზე უიმედო დასკვნამდე მივედი. უკრაინის სახელმწიფოს მმართველობის მოდელი რეგიონულ დონეზე არაფრით განსხვავდება რუსული მოდელისაგან. ადგილობრივი ხელმძღვანელები კიევს ინფორმაციას უმალავენ, რომ დედაქალაქში თავიანთი ჩავარდნები არ გაიგონ. თავის მხრივ, ცენტრალური დონის ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ითვლებიან ადგილობრივების კურატორებად, კიდევ მეტად არბილებენ რეალობას და პირველ პირს [პრეზიდენტს] მხოლოდ მეტ-ნაკლებად დადებით ინფორმაციას აწვდიან“, - აღნიშნავს დენის იაროსლავსკი.

„ამრიგად, თვითგადარჩენის მცდელობაში ისინი [პრეზიდენტისთვის] პარალელურ რეალობას ქმნიან, რომელიც სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეში მომხდარ მოვლენებს“, - წერს ოფიცერი და მოუწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკის, არ დაემსგავსოს ვლადიმერ პუტინს, რომლის საქმიანობა მხოლოდ იმ ქაღალდებით (მოხსენებებით) შემოიფარგლება, რომლებსაც მას თანაშემწეები შერჩევით აწვდიან.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი უკმაყოფილოა იმით, რომ ხარკოვის ოლქის ვოლჩანსკის რაიონი, რომელიც რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიაა, თითქმის სრულიად დაუცველი იყო. ზოგიერთები დასავლეთს საყვედურობენ იარაღით დახმარების დაგვიანების გამო, უფრო მეტი კიეველ ჩინოვნიკებს არაკომპეტენტურობაში და ღალატშიც კი ადანაშაულებს. გარდა ამისა, ვრცელდება შეთქმულების თეორია, რომ თითქოს კიეველმა და ვაშინგტონელმა პოლიტიკოსებმა ისეთი სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გააფორმონ, რომ ხარკოვი მტრის ხელში მოექცეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო