"ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა" – „პალიტრანიუსის“ რეპორტიორი მარიამ ჩიქოვანი საკუთარ პროფესიულ არჩევანზე - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა" – „პალიტრანიუსის“ რეპორტიორი მარიამ ჩიქოვანი საკუთარ პროფესიულ არჩევანზე

5 წელია, რაც მარიამ ჩიქოვანი „პალიტრანიუსის“ მაყურებელს ახალ ამბებს აწვდის. ამ პერიოდის განმავლობაში მის პროფესიულ საქმიანობაში ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი და გამოწვევა იყო. როგორც თავად აღნიშნავს, ჟურნალისტიკაში კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი.

ჟურნალისტის საქმიანობის სპეციფიკაზე, ყველაზე რთულ და საინტერესო გამოცდილებებსა და სამომავლო გეგმებზე თავად მარიამ ჩიქოვანი საუბრობს:

441117532-672790028326100-1688181672738392753-n-1716794789.jpg

- რას ნიშნავს შენთვის პროფესია რეპორტიორი და რა პასუხისმგებლობა ახლავს მას?

მე-5 წელია, რაც „პლიტრანიუსის“ ნაწილი ვარ, რეპორტიორობის პარალელურად მიმყავს მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც. მომეცა შესაძლებლობა, ორივე ფლანგზე ვიყო, რაც სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას მაძლევს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტობა და მათ შორის რეპორტიორობა ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ამ პროფესიას უნდა დაუთმო. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვაკეთებ, არამარტო ჟურნალისტიკის, არამედ ქვეყნის მიმართ სიყვარულით, იმიტომ რომ როდესაც პროფესიას ირჩევ, გაქვს გარკვეული მიზანი და მიზეზიც.

- როცა ჟურნალისტის პროფესიას ირჩევდით, ეს მიზანი თავიდანვე გქონდათ გაცნობიერებული?

რა თქმა უნდა, პატარა ასაკში ნაკლებად გაქვს გაცნობიერებული, ამა თუ იმ არჩევანს რატომ აკეთებ, თუმცა არჩევანი ზრდასრულ ასაკშიც არასდროს შემიცვლია. ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტიკა. ჩემი პირველი რესპონდენტი კი ბაბუა იყო.

ვფიქრობ, ამ პროფესიაში კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ყველაფერი წინ არის.

- ახლანდელი გადმოსახედიდან რას ეტყოდით მაშინდელ მარიამს, რომელსაც მოსწონდა ჟურნალისტის როლში ყოფნა?

ვეტყოდი, რომ როგორი მეამბოხე და მებრძოლიც იყო მაშინ, ისევ იმგვარად გაეგრძელებინა სვლა თავისი ოცნებების ასასრულებლად. ასევე ვეტყოდი, რომ ცოტა განსხვავებული რეალობა დახვდებოდა იმისგან, რაც წარმოედგინა.

ასევე მივცემდი რჩევას, ნაკლებად ემოციური ყოფილიყო, რადგან ეს ბევრ რაღაცაში მიშლიდა ხელს. თუმცაღა ასაკის მატებასთან ერთად გავიაზრე და ვისწავლე, რომ ნაკლებად ემოციურობა სწორად საქმის კეთებაში გეხმარება.

მაშინდელი მარიამის გადმოსახედიდან ოცნებების ნაწილი ავისრულე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერა, მაგრამ ცხოვრება წინ არის.

441122444-961148268894991-5345195488057323262-n-1716795463.jpg

- ემოციების მართვა ბევრი ჩვენგანისთვის გამოწვევაა და გარკვეულწილად, პროფესიული საქმიანობის შესრულებაშიც გვიშლის ხელს. როგორ ისწავლე მათი კონტროლი და განსაკუთრებით, ჟურნალისტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

თმენის ვალდებულება გვაქვს ჩვენც, პოლიტიკოსებსაც და ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ვაცნობიერებდეთ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ემოციების კონტროლი პროფესიას არ უსწავლებია, ეს უფრო ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მოიტანა. ასაკის მატებასთან ერთად შევძელი ბევრი რამ.

ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომელიმე მხარეს არ გადავიხაროთ, დავიცვათ ბალანსი, ვმართოთ ემოციები და გადაცდომით ვინმე არ დავაზარალოთ. ჟურნალისტი მხოლოდ სიმართლის მხარეს უნდა იყოს და ეს კარგად უნდა ჰქონდეს მას გააზრებული.

რა თქმა უნდა, ემპათიას ყველა მოვლენისა და ადამიანის მიმართ უნდა განიცდიდე, მაგრამ მნიშვნელოვანია, ემოციები გვერდზე გადადო მაშინ, როცა მაყურებელი შენგან ზუსტ ინფორმაციას ელოდება და ძალიან კრიტიკული თვალით გიყურებს, არ გპატიობს შეცდომებს.

- ალბათ, ეს განსაკუთრებით საჭიროა ცხელი მოვლენების გაშუქების დროს, როცა მოსახლეობის უმეტესობას ახალი ამბებისთვის აქვს ყურადღება მიპყრობილი. ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური სადავო კანონი და მისი საწინააღმდეგო აქციებია. რა სპეციფიკით ხასიათდება ამგვარი ამბების გაშუქება?

- არსებობს მხოლოდ ერთი სპეციფიკა, მოყვე ის, რასაც ხედავ, ბალანსსაც სწორედ მანდ იპოვი. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცები, რაც უნდა გაფილტრო, მაგალითად, რიგ შემთხვევებში არ უნდა მოახდინო დაშავებულების იდენტიფიცირება, რადგან აქციებს მათი ოჯახის წევრებიც ადევნებენ თვალს და მათ პანიკაში ჩავარდნის საფუძველი არ უნდა მისცე.

მაყურებლის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად მაღალია, რომ თუნდაც ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის შესუნთქვის შემდეგ საკუთარ თავს ცუდად ყოფნის უფლებას არ აძლევ და პროფესიულ საქმიანობას აგრძელებ. მიმდინარე აქციებზე მქონდა ამის გამოცდილება: ჩვენი გადამღები ჯგუფი, მე, ოპერატორი გიორგი გელაშვილი და ჟურნალისტი ცოტნე შაორშაძე მოვლენათა ეპიცენტრში აღმოვჩნდით, სამივემ გამოვცადეთ იმ ნივთიერებების ზემოქმედება, რაც აქციაზე სპეცრაზმელებმა გამოიყენეს, ცოტნეს რეზინის ტყვიაც მოხვდა. იმის გამო, რომ მე ძალიან ალერგიული ვარ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად პარალიზებული მქონდა მხედველობა, სუნთქვა მიჭირდა, ამიტომ სპეცეთერის დროს ჩართვა შევწყვიტე.

441956723-999731908386895-9100176790374636429-n-1716795495.jpg

ეს კადრები ემა ტუხიაშვილთან პირდაპირ ეთერშიც მოხვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გავაცნობიერეთ, რომ ახლა პანიკის დრო არ იყო, თავი ხელში ავიყვანეთ და პირდაპირ ეთერში შევედით.

436660576-996120365198326-1600410516004755519-n-1716795571.jpg

ჩვენ გარდა იქ ბევრი ადამიანი დაშავდა და იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაყურებლისთვის მოგვეყოლა, რა ხდებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. შენი პროფესიული მოვალეობების გააზრება გაკეთებინებს იმას, რომ ვეღარ გრძნობ დაღლასა და შიშს და საქმის სწორად კეთებაზე ხარ ორიენტირებული.

- რეპორტიორისთვის ემოციურად რამდენად რთულია ამხელა პასუხისმგებლობის აღება?

ცხადია, ეს პასუხისმგებლობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, თანაც როდესაც ხარ ისეთი მედიის ნაწილი, როგორიც „პალიტრანიუსია“. მაყურებელი ჩვენგან მუდმივად ობიექტურ, დაბალანსებულ ინფორმაციას ელოდება და ეს მთელს გუნდს კარგად გვესმის. მიმაჩნია, რომ ჩვენს პროფესიაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელსაც არ უნდა გასცდე და ალბათ, ამიტომაც ავირჩიე „პალიტრანიუსი“. სწორედ ბალანსია ჩვენი მთავარი ნიშა, შენ უყვები მაყურებელს იმას, რაც ხდება. საქმის კეთების დროს ყოველთვის ფონად მომყვება ის, თუ რომელ მედიას წარმოვადგენ და პირადი პასუხისმგებლობის გარდა, „პალიტრანიუსისა“ და მისი მაყურებლის წინაშეც ანგარიშვალდებულად ვგრძნობ თავს.

- ყველაზე რთული გადაღება, რომელიც გქონიათ.

ერთის გამოყოფა გამიჭირდება, რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა. ყველაზე მძიმე ჩემთვის შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქება იყო. 3 დღე ხევსურეთში გავატარე, 17 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს ვაშუქებდი და ემოციურად ძალიან მიჭირდა.

ასევე, რთული იყო 5 ივლისის მოვლენები, როდესაც ჩემს კოლეგებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენს ოპერატორს, რომან ტარუღიშვილსა და ფოტორეპორტიორს გიორგი ნიკოლიშვილს სცემეს. იქ ბევრი ჩემი კოლეგა დაშავდა და მძიმეა ჩემთვის იმ მოვლენების გახსენება, თუ როგორ გვესხმიან თავს და როგორ ველოდებით სასწრაფოს მანქანას, რომელიც ჩემს კოლეგებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს.

არ შემიძლია, არ გამოვყო გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებიც.

წამყვანის ამპლუაში კი ორი რთული ეთერი მქონდა: ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა და უკრაინაში ომის დაწყება, როდესაც მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვაწვდიდი მაყურებელს და მიწევდა ემოციების შეკავება.

როდესაც შევიტყვე, რომ ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ოჯახებიდან რამდენიმე წევრს ეძებდნენ, ძალიან დავითრგუნე. ეს იყო ჩემი პირველი სპეცეთერი. მეგონა, ყველა ემოცია მეტყობოდა, თუმცა გამოშვების დასრულების შემდეგ მითხრეს, რომ პირიქით, გაწონასწორებული და თავშეკავებული ვიყავი. თუმცაღა იყო ერთი მონაკვეთი, როდესაც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი და მისი მონათხრობი იმდენად ემოციური იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.

ამ პირველმა რთულმა გამოცდილებებმა გამზარდა, როგორც ჟურნალისტი, თუმცა იმედი მაქვს, ასეთი მოვლენების გაშუქება აღარ მომიწევს. საბოლოო ჯამში, ჟურნალისტის საქმიანობა ასეთია, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აშუქებდე, უნდა გაუმკლავდე ყველა ხელისშემშლელ ფაქტორს და საქმეზე იფიქრო. მე და ჩემს კოლეგას სალომე ჯაფარიძეს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 18 საათი გადაბმულად მოგვიწია მუშაობა, თუმცა ერთმანეთთან კოორდინაცია და მოვლენების მყისიერად გაშუქება არ შეგვიწყვეტია. შენ თუ ჟურნალისტის პროფესიას ირჩევ და ეს საქმე გიყვარს, შეუძლებელიც უნდა შეძლო.

441891286-1854185185048550-1708565783782427099-n-1716795537.jpg

- საინტერესოა, როგორი გამოცდილებაა როგორც წამყვანობა, ისე რეპორტიორობა? ახალი ამბების ჟურნალისტებისგან მსმენია, რომ სტუდიიდან საუბარს ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა ურჩევნიათ, ასე უფრო „კომფორტულად“ გრძნობენ თავს...

ორივე ამპლუაში ყოფნა საკმაოდ საპასუხისმგებლოა. მესამე წელია საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვარ, აქედან დაახლოებით ერთი წელი მხოლოდ ამ პოზიციაზე მიწევდა მუშაობა რა დროსაც საკუთარ თავს ბოლომდე რეალიზებულად არ ვთვლიდი. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო გამოშვების წამყვანობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ვფიქრობ, ძალიან ადრე ავისრულე, მალევე მივხვდი, რომ მენატრებოდა მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და ის ადრენალინი, რასაც ამ დროს გრძნობ. ამიტომ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, წამყვანობის პარალელურად რეპორტიორადაც დავუბრუნდი.

- მარიამ, თქვენ ახსენეთ, რომ ამ პროფესიაში კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი. საინტერესოა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ცხოვრების დაგეგმვა არ მიყვარს, რადგან სიურპრიზებით არის სავსე და არ იცი, როდის რა მოხდება. თუმცა რა თქმა უნდა მაქვს მიზნები, მსურს ჩემს კარიერაში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. გაცნობიერებული მაქვს რომ ამისთვის დაუღალავი შრომაა საჭირო.