"ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა - შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ!" - კვირის პალიტრა

"ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა - შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ!"

ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა - შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

როგორც მან განაცხადა, დათმობა არ იქნება უკან დახევა, ეს იქნება ხალხის ინტერესის გათვალისწინება.

„მამუკა მდინარაძემ [პრეზიდენტზე] თქვა, რომ დავდეთო, ვციტირებ. ცოტა შეარჩიეთ ხოლმე სიტყვები, წინ გაიხედეთ. გადარიეთ ის ადამიანი და გადაგიდგათ, მეტი არაფერი მოხდა. რომ ნახა ქვეყნის გადაბარება ხდებოდა, საკუთარი პოზიციით გამოვიდა... ჩვენ ახლა ერთ-ერთი მეგა სახელმწიფოს პირობებში ვართ? რუსეთის მიერ ოკუპირებულია ტერიტორიები. ამბობთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, დასავლეთი გეუბნებათ, რომ ამ კანონით არ მოდიხართ ჩვენკენ. მგზავრობთ ირანში, იქ ჩადიხართ, დასავლეთს ერჩით. ლანძღავთ ამერიკას, ამბობთ, რომ დასავლეთისკენ მიდიხართ. აღარ იცის ქვეყანამ, ოპოზიციამ, ხალხმა როგორ დავიცვათ თავი, რომ იზოლირებაში არ აღმოვჩნდეთ, ქვეყანა მარტო არ დარჩეს ტერორისტული რუსეთის ფარგლებში და მათ წინააღმდეგ რაღაც ძალა გვქონდეს. ეს ძალა ჩვენი პარტნიორები არიან. იმ პარტნიორებს თქვენ ერჩით, ამერიკას პირდაპირ ბრძოლას უცხადებთ. რა ლოგიკაა, მაინტერესებს?! ირანთან გაქვთ ურთიერთობა. დასავლეთი გეუბნებათ, რომ ამ პუტინური, კრიმინალური კანონებით არ შემოგიშვებთ, ჩვენი ოჯახის წევრი ვერ გახდებით. ისინი გეუბნებიან, ჩვენ კი არ ვამბობთ! ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა. შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ. იმიტომ, რომ დასავლეთი გვეუბნება ვერ გავხდებით მათი ოჯახის წევრები. შეეცადეთ გამოსავალი ვიპოვოთ. მიმაჩნია, რომ ხვალ თუ თქვენ მოიქცევით გონივრულად, დათმობა არ იქნება უკან დახევა, ეს იქნება თქვენი ხალხის ინტერესის გათვალისწინება“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით წარმოთქმულ მოსაზრებაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, თაკო ჩარკვიანს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„კორექტულად არ შეგიძლიათ, რა ტერმინოლოგიაა, რატომ საუბრობთ ასე? ეს არ არის კორექტული საუბარი! თქვენ ასეთ რეპლიკებს მოჰყვება შემდგომი რეაქცია, მერე არ გეწყინოთ რატომ ამბობენ, გვეუბნებიან კონკრეტულ სიტყვებს, კონკრეტულ პასუხებს. მოგიწოდებთ კორექტულობისკენ!“- განაცხადა ოხანაშვილმა.

IPN