"ქართული ქარტია", ე.წ.ტექნიკური მთავრობა და სალომე ზურაბიშვილის გადამწყვეტი შეტევა?! - რა მოხდება 26 ოქტომბერს - კვირის პალიტრა

"ქართული ქარტია", ე.წ.ტექნიკური მთავრობა და სალომე ზურაბიშვილის გადამწყვეტი შეტევა?! - რა მოხდება 26 ოქტომბერს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალ სამოქმედო გეგმას - „ქართულ ქარტიას” წარადგენს. „საჭიროა სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით, რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. იმის მერე,რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ ძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას, ე.ი. ევროპულ მომავალს“, - განახადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა არ იქნება დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ შერჩეული იქნებიან პროფესიონალიზმის მიხედვით. „ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ ეს იქნება საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, მშვიდობიანი და უაღრესად ევროპული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია „ქართული ქარტიის” ტექსტი, რომლის ირგვლივ შეჯერებასაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს. ამ დოკუმენტის შეფასება ვთხოვეთ ექსპერტებს ვახტანგ ძაბირაძეს და გია ხუხაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე:

- ერთიან პლატფორმაზე როცა ლაპარაკობდნენ, სწორედ ასეთი დოკუმენტი უნდა შექმნილიყო, ასე წარმომედგინა და მისი სულისკვეთება ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის. ამ 30 წლის მანძილზე ბევრჯერ შექმნილა ასეთი დოკუმენტი. როცა "ნაცმოძრაობა" მოდიოდა ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ კამპანია - ხელშკრულება ხალხთან - რაც გააკეთეს, ვნახეთ. ამიტომ, პრობლემა იმდენად დოკუმენტში არ არის, რამდენადაც იმაში, ეს პარტიები არიან კი ამის გამკეთებლები, უმრავლესობაში რომ მოვლენ?! ასევე, თუ ის რეფორმები 6 თვეში უნდა განახორციელო, რაც პრეზიდენტს აქვს ჩამოთვლილი და სამართლებრივი სისტემა უნდა გადაალაგო, მაშინ არ მესმის, რატომ უნდა ჩატარდეს თავიდან არჩევნები? ასევე, მთავრობის დაკომპლექტების წესიც გაურკვეველია. ვინ უნდა წარადგინოს? ვინ იქნება უფლებამოსილი? რას ნიშნავს პროფესიონალიზმი? ვფიქრობ, არის ხედვები, რომელიც ბოლომდე გააზრებული არ არის და ბოლომდე უნდა დაიხვეწოს. კიდევ ერთი საკითხია საყურადღებო. 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება წყდება. ეს დოკუმენტი, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ თუ ამ დოკუმენტს უერთდები და მაშინ გამოდის, რომ ზურაბიშვილი უნდა დარჩეს ისევ ქვეყნის პრეზიდენტად. აქაც ცოტა გაურკვევლობაა. მოკლედ არის კითხვები, რომლებსაც უფრო ნათელი პასუხი უნდა გაეცეს. ამ დოკუმენტში ერთიან საარჩევნო სიაზე არ არის ლაპარაკი და ეს, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, მაგრამ რაღაცეები დასახვეწია, დასაზუსტებელი და გამოსაკვლევია.

- თქვენი აზრით, კონკრეტულად ვინ უნდა იყოს ე.წ. ტექნიკურ მთავრობაში?

- ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ჯერ ტექნიკური მთავრობის არსი უნდა დაიხვეწოს. ითქვა, რომ ასეთი მთავრობის წევრი პროფესიონალი უნდა ოყოს - კი მაგრამ, პროფესიონალიზმი რითი უნდა განვსაზღვროთ? ირაკლი კობახიძეს გერმანიაში აქვს განათლება მიღებული, ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციონალისტია, ოხანაშვილსაც გერმანიაში უსწავლია... წინა ხელისუფლება ლამის მთლიანად "ენჯეო" სექტორიდან იყო დაკომპლექტებული. მიხეილ სააკაშვილსაც დასავლური განათლება აქვს, მაგრამ ვნახეთ, შედეგი რაც იყო. ამიტომ ცალსახაა, მარტო განათლება არ არის საკმარისი - ბევრი სხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

გია ხუხაშვილი:

- ეს არის ძალიან კარგად გააზრებული საგზაო რუკა, რითიც შეიძლება ეს კრიზისი გადაილახოს და მშვიდობიანად გავიაროთ ძალიან რთული პერიოდი. ვეთანხმები მთლიანად გეგმას, დეტალები ჯერ კიდევ გასააზრებელია.

- თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ე.წ. ტექნიკურ მთავრობაში?

- გვარებს ვერ ჩამოვთვლი. ეს არის კონსულტაციების თემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაზე სწორი გეგმაა, რაც გაგვიყვანს სამშვიდობოს.