გადამწყვეტი 2024 ანუ ქვეყნის დაკარგვის საფრთხე?!
თუ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ევროპის მიღმა დავრჩით, გვემუქრება საფრთხე, რომლის მსგავსიც ბოლო 30 წლის განმავლობაში იშვიათად ყოფილა - ქვეყანას დავკარგავთ. აი, რატომ:
ქვეყნისა და მოქალაქეების ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ევროპა, პირველ რიგში, იმიტომ გვინდა, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ და უსაფრთხო სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სადაც ღირსეული ევროსტანდარტები იქნება - დაწყებული განათლებით და ჯანდაცვით დამთავრებული; სადაც თბილისში ან საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქში, შეიძლება ისევე მოახდინო თვითრეალიზება, როგორც ამას აკეთებენ პარიზში, რომში ან მადრიდში.
გზა გრძელია, მაგრამ ამ მარათონზე მთავარი მამოძრავებელი ძალა იმედია, რომ ბოლოსდაბოლოს, ევროფინიშზე გავალთ. ეს ყველაზე კარგად ესმის იმ ახალგაზრდობას, რომლის დიდი ნაწილი უკვე ორი თვეა, ქუჩაში დგას - ყველაზე მეტად, სწორედ მათ უნდა ისარგებლონ საბოლოო ევროინტეგრაციის ნაყოფით. თუ ევროპული გზა ჩაიხერგა, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში და, პირველ რიგში, ახალგაზრდობაში, დაისადგურებს ტოტალური იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება. ამას კი უმძიმესი შედეგები მოჰყვება.
ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 163 480 მოქალაქე წავიდა. ამ რიცხვში არ შედიან ის ადამიანები, რომლებიც ჭაობებითა და მდინარეებით ჩუმად იპარებიან ამერიკაში. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობას მიაღწევს საქართველოდან გაქცევის მსურველთა რიცხვი, თუ ევროინტეგრაციის გზა გადაგვეკეტა?!
ამ გზას, პირველ რიგში, მასობრივად ახალგაზრდები დაადგებიან და მიგრაციის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტატისტიკა გახუთმაგდება და გაათმაგდება. ეს საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობისთვის უკვე შემდგარი კატასტროფა იქნება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქვეყნიდან წავლენ ის ადამიანები, რომელთაც ეკონომიკისთვის ძრავის ფუნქცია უნდა შეასრულონ, რომელთაც აქ ბიზნესი უნდა აკეთონ, ჯანდაცვის სექტორი წამოსწიონ და ა.შ.
ქვეყანა არა მხოლოდ ამ თაობას, არამედ - მომავალ თაობასაც დაკარგავს. კერძოდ, საქართველოდან წასული ახალგაზრდების შვილები თავისთავად უცხო ქვეყნებში გაიზრდებიან, დაიბადებიან, იქნებიან ამ სახელმწიფოების მოქალაქეები, იქ საბოლოოდ დაფუძნდებიან, მათთვის ძირითადი სალაპარაკო ენა ქართული არ იქნება და... საქართველო მათთვის იქნება სადღაც შორს მყოფი ისტორიული სამშობლო, რომელთანაც უკვე აღარაფერი გაკავშირებს.
საბოლოოდ, მივიღებთ ტერიტორიას, სადაც, კი ბატონო, იფრიალებს ხუთჯვრიანი დროშები და გვეყოლება პარლამენტი თუ მთავრობა, მაგრამ... რეალურად ეს ქართველთა ქვეყანა აღარ იქნება. და ახდება გაეროს შემზარავი პროგნოზი (რომელზეც მოთქვამს ყველა დემოგრაფი) – 2050 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ქართველები გადაშენდებიან.
ამ კატასტროფული სცენარის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება - 26 ოქტომბრის არჩევნებით თუ მმართველი გუნდის უკან დახევით. მთავარია, ყველამ, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ან მასზე ზემოქმედება შეუძლია, გაისიგრძეგანოს, რა საშიშროების წინაშე ვგდავართ.
დიახ, 2024 გადამწყვეტი წელია და ვიმედოვნებთ, არა - საბედისწერო.
გიორგი კვიტაშვილი