აფხაზი მარიონეტები ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ - რისი ეშინიათ სოხუმში?! - კვირის პალიტრა

აფხაზი მარიონეტები ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ - რისი ეშინიათ სოხუმში?!

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტურ და არაპერსპექტიულ განცხადებად აფასებს.

„აშკარაა, რომ ასეთი პოპულისტური განცხადებები ჟღერდება მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ და მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, შიდა აუდიტორიაზე“, - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათი მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, „დააბრუნოს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში“, აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

“აუცილებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა გააკეთა თავისი საბოლოო არჩევანი და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

"ინტერპრესნიუსი"