"გვსურს, ევროკომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, რეაქციების მომზადება, როგორც სტატუსზე, ასევე პერსონალურ სანქციებზე" - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კვირის პალიტრა

"გვსურს, ევროკომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, რეაქციების მომზადება, როგორც სტატუსზე, ასევე პერსონალურ სანქციებზე" - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ერთი საკითხია უცხოური აგენტების კანონი, მაგრამ საქმეა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ნამდვილად, ნამდვილად შემაშფოთებელია. ერთი საკითხია „უცხოური აგენტების“ კანონი, მაგრამ საქმეა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება და მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, მკაფიო უნდა იყოს პასუხთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას შეღავათები, ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ნებისმიერი სახის მხარდაჭერას, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალურ სტატუსს. ასე რომ, განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციასაც, რადგან ქართველს ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს მთავრობაც ამას დაპირდა არა მხოლოდ ხალხს, არამედ ევროკავშირსაც. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზის მიმართ ნაჩუქარი არ არის, რადგან საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს შეთანხმებული გზის ცხრა პირობა“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა განაგრძოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან შეათანხმა.

„პირველ რიგში, რაც გვინდა, არის ის, რომ გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, რეაქციების მომზადება. ვგულისხმობ როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებისა და გადახედვის შესახებ. ასე რომ, იმიტომ, რომ ყველაფერი მიეცა საქართველოს მთავრობას, ის ნაჩუქარი არ არის, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა განაგრძოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან შეათანხმა“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

"ინტერპრესნიუსი"