პუტინი გენერლებმა გაამწარეს: დიდი წმენდა - როგორ ქმნიდა შოიგუ თანამდებობებს თავისი საყვარლებისთვის და დაიჭერენ თუ არა გერასიმოვს - კვირის პალიტრა

პუტინი გენერლებმა გაამწარეს: დიდი წმენდა - როგორ ქმნიდა შოიგუ თანამდებობებს თავისი საყვარლებისთვის და დაიჭერენ თუ არა გერასიმოვს

„რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან სერგეი შოიგუს გაათავისუფლებდა, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხედრო უწყებაში კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყო, თანაც - საკმაოდ მაღალ - მინისტრის მოადგილისა და სტრუქტურული უწყებების ხელმძღვანელების დონეზე. ამჟამად ბევრი ინსაიდერი ამ მოვლენას თავდაცვის სამინისტროს „დიდ წმენდას“ უწოდებს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „პუტინს მოთმინების ფიალა აევსო“: რუსეთის არმიაში წმენდა დაიწყო, რაც უკრაინასთან ომზე გავლენას მოახდენს“ (ავტორები - პიტერ ზაუერი და ენდრიუ როთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ანდრეი ბელოუსოვს, რომელიც სერგეი შოიგუს ადგილზე დაინიშნა, პრეზიდენტისაგან აქვს მანდატი, რომ მან სამინისტროში კორუფციის დონე უნდა შეამციროს, ასევე, მოახდინოს წარმოების ოპტიმიზაცია, ხანგრძლივი ომისათვის უკრაინასთან. როგორც სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკები და უცხოელი დამკვირვებლები ამბობენ, სერგეი შოიგუს წასვლამ თავდაცვის სამინისტროს „ხელშეუხებლობის“ სტატუსი მოუხსნა და უშიშროების ფედერალურ სამსახურს უწყებაში შეღწევის შესაძლებლობა მისცა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინს „მოთმინების ძაფი საბოლოოდ გაუწყდა“ და მეგობრის სამინისტროში წესრიგის დამყარება განიზრახა.

„როგორც იქნა, უშიშროების ფედერალური სამსახური თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში შევიდა“, - ამბობს კაპიტანი ჯონ ფორმანი, რომელიც ორიოდე წლის წინ მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოში სამხედრო ატაშედ მუშაობდა, - „წლების განმავლობაში სერგეი შოიგუ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს სამინისტროში არ უშვებდა და თუ ახლა „ეფესბეშნიკები“ სამხედროებს კბილებით ჩააფრინდნენ, არავინ იცის [პრეზიდენტის გარდა], სანამდე და რა სიღრმით გამოიძიებენ კორუფციისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედების ფაქტებს“.

უკრაინასთან მთელი ომის განმავლობაში სერგეი შოიგუ და ანატოლი გერასიმოვი კრიტიკის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი ომის მხარდამჭერების მხრიდან, რომლებიც მათ წარუმატებელ სამხედრო ოპერაციებში და არმიაში გავრცელებულ კორუფციასთან ბრძოლის უუნარობაში ადანაშაულებდნენ. განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი სერგეი შოიგუსა და ანატოლი გერასიმოვის მიმართ ევგენი პრიგოჟინი - „ვაგნერ“-ჯგუფის ხელმძღვანელი.

რუსეთში ღრმად აქვს ფესვები გადგმული უწყებათაშორისო მეტოქეობას. შესაბამისად, სერგეი შოიგუს წასვლამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან „ეფესბეს“ და საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებს შესაძლებლობა მისცა, უმაღლეს სარდლობაში კორუფციის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღეძრათ და თავიანთ კარიერაში მადლობები დაემსახურებინათ. „რასაკვირველია, ნებისმიერი გამომძიებელი ოცნებობს, ციხეში ჩასვას თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ეს ხომ მთელი ცხოვრების ნატვრაა“, - ამბობს ერთ-ერთი ყოფილი კრემლელი ჩინოვნიკი, - "ამისათვის ის მიიღებს ახალ სამხრეებს, წოდებას, სამსახურში დაწინაურებას და რაიმე ჯილდოს. მოკლედ, რეპუტაციას და ავტორიტეტს დაიმსახურებს“.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში იქნება, თუ როგორ მიდის გამოძიება და სანამ ვინმეს დააპატიმრებენ, პრეზიდენტს მოახსენებენ, ნებართვის მისაღებად, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, კრემლმა თვითონ მიუთითოს დასაკავებელ პირებზე.

ერთი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსანი იქნა დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებით, რაც ბოლო წლების განმავლობაში „ყველაზე მოსავლიანი“ გამოდგა. საკადრო წმენდა დაიწყო 23 აპრილს მინისტრის გამოცდილი მოადგილის, თემურ ივანოვის შოკისმომგვრელი დაპატიმრებით - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ქრთამი აიღო.

კრემლმა დაპატიმრებების სერიის ფონზე უარყო, რომ თავდაცვის სამინისტროში რეპრესიები მიმდინარეობს - „ეს კორუფციის წინააღმდეგ თანმიმდევრულ მუშაობას წარმოადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, - "ეს რაიმე კამპანია კი არ არის, არამედ - მუდმივი, ყოველდღიური მუშაობა“.

თემურ ივანოვი დიდი ხნის განმავლობაში იყო სერგეი შოიგუს სანდო პირი და მისი პროტეჟე. როგორც ითვლება, სწორედ მისმა დაპატიმრებამ განაპირობა თვით მინისტრის პოსტიდან გათავისუფლება და მის ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა.

ბოლო კვირებში დაკავებულები იქნენ იური კუზნეცოვი - სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი და ვადიმ შამარინი - რუსეთის გენერალური შტაბის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი. ვადიმ შამარინის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ხელბორკილები დაადეს თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს - სახელმწიფო თავდაცვითი შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ვლადიმერ ვერტელეცკის.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა განაცხადა, რუსეთის მთავარი გენერალი - გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თავის თანამდებობას შეინარჩუნებსო, ვადიმ შამარინის ანუ ვალერი გერასიმოვის მოადგილის დაკავებას შეუძლია, სამხედრო იერარქიაში გენშტაბის უფროსის პოზიციები შეასუსტოს. „ვალერი გერასიმოვის დაკავების ალბათობა გაიზარდა. ნებისმიერს დავენაძლევები, რომ მას მალე პატიმრად ვიხილავთ“, - ამბობს კაპიტანი ჯონ ფორმანი, ბრიტანეთის ყოფილი სამხედრო ატაშე მოსკოვში.

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკის განცხადებით, დაკავებებმა აჩვენა, რომ ძალთა ბალანსი რუსეთის უშიშროების სამსახურების სასარგებლოდ შეიცვალა იმ დროს, როცა შეიარაღებულ ძალებში გაურკვევლობა სუფევს. გენერლები შეშფოთებულები არიან. „უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვითი ოპერაციების დეპარტამენტი (ყოფილი პირველი მთავარი სამმართველო) სულ უფრო ძლიერდება. ამჟამად მის ხელშია ყველა კოზირი და გამომძიებლები „ქანჩების მოჭერას“ აგრძელებენ“, - ამბობს ჩინოვნიკი, რომელსაც ადრე კონტაქტები ჰქონდა როგორც თემურ ივანოვთან, ასევე - სერგეი შოიგუსთან, - „საქმე ის კი არაა, რომ სამინისტროში წმენდა ანდრეი ბელოუსოვის მოსვლამ გამოიწვია, არამედ - სერგეი შოიგუსა და მისი გავლენიანი თანამშრომლების წასვლამ, რომლის შედეგად უწყებას „ხელშეუხებლობის“ სტატუსი მოეხსნა“.

რუსეთის პროკურატურამ ასევე დაიწყო გამოძიება გავლენიანი გენერლის, ივან პოპოვის წინააღმდეგ, რომელიც ადრე სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს აკრიტიკებდა. ივან პოპოვმა, რომელიც 58-ე არმიას სარდლობდა, შარშან ზაფხულს განაცხადა, რომ იგი არმიის სარდლის თანამდებობიდან იმის შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბრძოლის ველზე შექმნილ პრობლემებზე ლაპარაკი დაიწყო - ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე, ოპერაციების არასწორი დაგეგმვის გამო. რუსული მასმედიის მონაცემებით, ივან პოპოვს აბრალებენ ლითონის უკანონო გაყიდვას მილიონობით რუბლის მოცულობით. იგი ერთი კვირის წინ, სამშაბათს დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.

გლებ ირისოვი, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი, რომელიც არმიიდან 2020 წელს გათავისუფლდა, ამბობს, რომ დაპატიმრებების წინ იგი „ეფესბედან" ერთ-ერთ წყაროს ესაუბრა, რომლის თქმით, თავდაცვის სამინისტროში და გენშტაბში მიმდინარე წმენდები, ძირითადად, უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობით არის გამოწვეული.

„სერგეი შოიგუს მინისტრობის დროს სამხედრო უწყებას მისი პირადი კავშირები იფარავდა. რასაკვირველია, ზედასაკვანძო თანამდებობებზე და ქვედაეშელონებშიც ყველგან მისი ხალხი მუშაობდა - მეგობრები და მეგობრების ნათესავები. სერგეი შოიგუ სპეციალურად ქმნიდა ახალ-ახალ თანამდებობებს თავისი მოკავშირეებისათვის, მათ შორის - საყვარელი ქალებისთვისაც. მათგან ერთ-ერთი იყო იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც მილიონობით რუბლი მიიღო თავდაცვის სამინისტროსთან დადებული საეჭვო კონტრაქტებით“.

გლებ ირისოვის თქმით, არმიაში სამსახურის დროს იგი ხშირად ხედავდა უხარისხო პროდუქციას, მათ შორის - ძვირად ღირებულ ნათურებს, რომლებიც თანამედროვე რუსული ავიაგამანადგურებლისთვის - „სუ-35“-ისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ზებგერითი სიჩქარის დროს მწყობრიდან გამოდიოდა. ასევე, უხარისხო იყო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, დრონები, სამხედრო ავტომანქანები და უამრავი სხვა პროდუქცია. „ეს ყველაფერი სერგეი შოიგუს უწყებაში გამეფებული უკონტროლობით და კორუფციით იყო გამოწვეული“, - ამბობს გლებ ირისოვი, - "უამრავი ფული იფლანგებოდა... სამხედრო წვრთნები ტარდებოდა „მხოლოდ ქაღალდზე“, ხოლო გამოყოფილი დიდძალი ფული პირადი მიზნებისთვის იხარჯებოდა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო