როცა ქალი თავადაც იარაღია - როგორ ნადირობს რუსი ამორძალი ამერიკელ პოლიტიკოსებზე და ბიზნესმენებზე - კვირის პალიტრა

როცა ქალი თავადაც იარაღია - როგორ ნადირობს რუსი ამორძალი ამერიკელ პოლიტიკოსებზე და ბიზნესმენებზე

ქვენ არაფერი არ გსმენიათ მარია ბუტინას შესახებ? მაშინ „დიდი სიამოვნება“ გელით წინ.

„გავლენის აგენტები“ მრავალი „ჯიშისა“ არსებობენ. ისინი განსხვავდებიან: ეროვნებით, განათლებით, ასაკით, სქესით, გამოცდილებით და ა.შ. მათ ერთი საერთო ნიშანი აერთიანებთ: ისინი სრულიად ლეგალურად მოქმედებენ და ამავე დროს ფარულად ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში. უკანასკნელ წლებში რუსეთის სპეცსამსახურები აქცენტს ახალგაზრდა, მართალია გამოუცდელ, თუმცა მომხიბლავ ქალბატონებზე აკეთებენ. ისინი აშკარად და ძალზე აგრესიულად მოქმედებენ: ცდილობენ „ახლომეგობრული კავშირები“ დაამყარონ სამიზნე ქვეყნის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტასთან, მეცნიერებთან და ბიზნესმენებთან, რათა მიიღონ საიდუმლო ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყონ რუსეთის ინტერესების გატარებას ამ ქვეყანაში.

ორ ასეთ ქალბატონზე – ანა ჩაპმანზე (მოქმედებდა აშშ–ში) და ეკატერინა ზატულივეტერზე ( მოქმედებდა დიდ ბრიტანეთში) ადრე უკვე გიამბეთ. დღეს კი მარია ბუტინას შესახებ ვისაუბროთ, რომელმაც სულ რაღაც ორ წელიწადში თაბრუდამხვევი პოლიტიკური გზა გაიარა ამერიკის ვირჯინიის შტატის ერთ–ერთი ციხის საკნიდან – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კაბინეტამდე!

ეს, ოცდაათს ოდნავ გადაცილებული (ზუსტ ასაკს არ ვიტყვი,– ეწყინება) ქალბატონი უკვე ათ წელზე მეტია, რაც აქტიურადაა ჩართული აშშ–რუსეთის პოლიტიკურ ორომტრიალში. მას ნაცნობობა–მეგობრობა (ზოგჯერ „ძალიან ახლო“) ჰქონდა ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენეთან, მეცნიერებთან და თავად დონალდ ტრამპთანაც, თუმცა ჯერ–ჯერობით მხოლოდ უმცროსთან. ყველაფერი წინაა: მარია ბუტინას და კრემლში მის კურატორებს იმედი აქვთ, რომ 2024 წლის

picture2-1716877473.jpg

მარია ბუტინა და დონალდ ტრამპი– უმცროსი (მარჯვნივ)

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი–უფროსი გაიმარჯვებს და მათ ხელ–ფეხი გაეხსნებათ: ტრამპისთვის მექსიკის საზღვარი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მთელი ევროპა, გაიზრდება ტრამპის ადმინსტრაციის ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე „მშვიდობის დასამყარებლად“, შემცირდება უკრიანის დახმარება და ა.შ. ერთი „საიდუმლოც“ უნდა გაგიმხილოთ: მარტო ისინი არ ელიან თეთრ სახლში ამერიკის ყველაზე საკანდალური პრეზიდენტის დაბრუნებას, საქართველოშიც ბევრს უნდა ტრამპის რევანში. რატომ? ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

მარია ბუტინა ციმბირის ქალაქ ბარნაულში დაიბადა და მამას ხშირად დაჰყვებოდა სანადიროდ. ამიტომაც ბავშვობიდან შეუყვარდა ცეცხლსასროლი იარაღი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ავანტიურისტულ–ჯაშუშურ ისტორიაში, რომელსაც ახლა კითხულობთ. 2010 წელს მარია ბუტინამ ბარნაულში ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზაციის მხარდამჭერი რეგიონალური ორგანიზაცია დაარსა. 2011 წელს, სრულიად ახალგაზრდა მარია საცხოვრებლად „ჭრელ“ მოსკოვში გადავიდა. დათვებზე მონადირე ციმბირელი ამორძალი მალევე გაუშინაურდა რუსეთის „პოლიტიკურ ჯუნგლებს“ და სულ მალე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ტორშინის ყურადღებაც „მოინადირა“ და მისი სპეციალური თანაშემწე გახდა. მათ ბევრი საერთო ინტერესი გაუჩნდათ: ერთ–ერთი ცეცხლსასროლი იარაღის სიყვარულიც იყო.

picture3-1716877473.jpg

როცა ქალი თავადაც იარაღია

ძნელი სათქმელია, რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი ალექსანდრე ტორშინი ბავშვობიდან იყო ცეცხლსასროლი იარაღის „დიდი მოყვარული“, თუ შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურების „რჩევით“ გახდა იარაღის ფანი, თუმცა ფაქტია, რომ 2011 წლიდან სწორედ მან დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-ს მსროლელთა ეროვნული ასოციაციასთან (NRA). იმავე წლის მაისში ალექსანდრე ტორშინი კერძო ვიზიტით გაემგზავრა შეერთებულ შტატებში. ის იყო საპატიო სტუმარი NRA-ს ყოველწლიურ ყრილობაზე, რომელიც პიტსბურგში გაიმართა. იქ ტორშინი ამ ორგანიზაციის მუდმივ წევრად (თუმცა ხმის უფლების გარეშე) აირჩიეს.

picture4-1716877473.jpg

სერგეი კირიენკო და ალექსანდრე ტორშინი

2013 წლის მაისში ტორშინი დაესწრო NRA-ს ყრილობას, სადაც სიტყვით გამოვიდნენ მომავალი რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატები რიკ პერი, ტედ კრუზი და რიკ სანტორუმი. პარალელურად, რუსეთში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ბრალდებები, რომ ტორშინი აშშ–ის ინტერესებს ლობირებს და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებს უწყობს ხელსო. ესეც სპეცსამსახურების ნაცადი მეთოდია: საკუთარ „გავლენის აგენტს“ სხვა ქვეყნის აგენტობას აბრალებს.

NRA უბრალო ორგანიზაცია არ გეგონოთ: ჯერ კიდევ 1871 წელს შექმნილი NRA უძველეს უწყვეტად მოქმედ სამოქალაქო უფლებების დამცველ და ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად ითვლება შეერთებულ შტატებში. მას მილონობით ზეაქტიური წევრი ჰყავს. 2012 წელს ჟურნალმა Times-მა NRA შეიყვანა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ლობისტური ორგანიზაციების სიაში, ხოლო მის ხელმძღვანელი, უეინ ლაპიერი, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში დაასახელა.

NRA ფაქტიურად „სახელმწიფოა სახელმწიფოში“ და მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს აშშ–ის ყველა დონის, უპირველესად კი საპრეზიდენტო, არჩევნების შედეგებზე. 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს NRA –მ დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად „დამოუკიდებელი შემოწირულობებიდან“ (რეალურად გაუმჭვირვალე შემოსავლებიდან, სადაც შესაძლოა „კრემლის“ ფულიც იყო) 33 მილიონი დოლარი დახარჯა . მრავალ მიზეზთა გამო ეს ორგანიზაცია ყოველთვის იყო საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების „საოცნებო ლუკმა“: იქ შეღწევა აშშ–ის რესპუბლიკური პარტიის ელიტაზე და მათ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე გასვლის ტოლფასი იყო. შემდეგ კი გადაბირების პერსპექტივებიც იშლებოდა. . . .

NRA –თან ტორშინის კონტაქტები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე იქნებოდა შეთანხმებული, სხვა შემთხვევაში მას ვინ მისცემდა ამერიკაში ხშირი ვიზიტების უფლებას? ვინ მფარველობდა ტორშინს?

თუ მის ბიოგრაფიას კარგად ჩავხედავთ ძალზე საინტერესო ფაქტებს აღმოვაჩენთ.

როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ამჟამინდელი პირველი მოადგილე, საქართველოში (სოხუმში) დაბადებული სერგეი კირიენკო რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო (1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე) მაშინ ტორშინი მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილედ და სახელმწიფო სათათბიროში მთავრობის წარმომადგენლად მუშაობდა. ამ პერიოდიდან იწყება კირიენკო–ტორშინის დუეტის თანამშრომლობა: 2000 წლის მაისში კირიენკო ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი გახდა , მან ტორშინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში რეგიონის წარმომადგენლად დაანიშნინა. კირიენკო პუტინთან ძალზე დაახლოებული ჩინოვნიკია: სწორედ კირიენკომ, როგორც პრემიერ-მინისტრმა, წარუდგინა ეფ–ეს–ბეს თანამშრომლებს 1998 წელს ახალი დირექტორი ვლადიმერ პუტინი. ამის შემდეგ რუსეთის დიქტატორი უკვე ოცდახუთი წელია გვერდიდან არ იშორებს კირიენკოს. ის იყო: პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი

picture5-1716877474.jpg

ტორშინს (ფოტოზე შუაში) პუტინთანაც მიესვლება

და „როსატომის“ გენერალური დირექტორი, ხოლო 2016 წლის შემოდგომიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა. კირიენკოს კარიერული წინსვლა ალექსანდრე ტორშინზეც პირდაპირ აისახა: ის 2001–2015 წლებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო, 2015–2018 წლებში რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ტორშინსა და კირიენკოს შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, ეჭვი არ მეპარება, რომ ტორშინის მცდელობები დაემყარებინა არაფორმალური კონტაქტები დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდთან NRA–ს მეშვეობით, სერგეი კირიენკოსთან და თავად დიქტატორთან იყო შეთანხმებული. უფრო მეტიც: მათი პირდაპირი დავალება იქნებოდა!

ალექსანდრე ტორშინის მფარველობით და მზრუნველობით მარია ბუტინა სხვადასხვა ქვეყნების ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზაციის მხარდამჭერი ორგანიზაციიების ყრილობებისა და კონფერენციების აქტიური მონაწილე გახდა.

2013-2014 წლებში ბუტინა სლოვაკეთსა და ჩეხეთს რამდენჯერმე ეწვია, სადაც შეხვედრები იარაღის ლეგალიზაციის მხარდამჭერ ეროვნულ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჰქონდა. თუმცა რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი სამიზნე დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობდა და მას აშშ-ს მსროლელთა ეროვნული ასოციაცია (NRA) ერქვა.

როგორც ზემოთ ითქვა აშშ-ს მსროლელთა ეროვნული ასოციაციაში პირველი „რუსული ბილიკი“ ალექსანდრე ტორშინმა 2011 წელს გაკვალა, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა, გარკვეული მიზეზების გამო, ოპერაციაში არაპროფესიონალი და სულ ახალგაზრდა მარია ბუტინაც ჩართეს. 2012-2018 წლებში ბუტინა ძალზე აქტიურობდა: რუსეთში გულუხვად მასპინძლობდა აშშ-ს მსროლელთა ეროვნული ასოციაციის დელეგაციებს, თავადაც რამდენჯერმე გაემგზავრა შეერთებულ შტატებში. 2016 წლიდან კი მუდმივად ცხოვრობდა იქ. დათვებზე მონადირე მარია ბუტინა ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებზე მონადირე რუს ამორძალად იქცა.

(პირველი ნაწილის დასასრული)