დიდი ტრაგედია რაფაჰში და ისრაელის საშინელი შეცდომა - დარტყმა ლტოლვილთა ბანაკზე, რომელმაც 45 ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

დიდი ტრაგედია რაფაჰში და ისრაელის საშინელი შეცდომა - დარტყმა ლტოლვილთა ბანაკზე, რომელმაც 45 ადამიანი იმსხვერპლა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის მიერ კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.

"ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, რომ არ დავაზიანოთ ის, ვინც ჩართული არაა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ საქმეს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

"ეს თავდასხმა ომის დანაშაული იყო თუ „ტრაგიკული შეცდომა" ღაზას მოსახლეობისთვის - დებატები არ არსებობს", - ასე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომ კვირას ისრაელის მიერ რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიში ტრაგიკული შეცდომა იყო.

„ის, რაც მოხდა, იყო უახლესი - და შესაძლოა ყველაზე სასტიკი - სისაძაგლე. ეს იყო სრულიად მიუღებელი თავდასხმა. შეცდომის დარქმევა არის გზავნილი, რომელიც არაფერს ნიშნავს დაღუპულებისთვის, მათთვის, ვინც გლოვობს და მათთვის, ვინც ცდილობს გადაარჩინოს სიცოცხლე“, - აღნიშნა გრიფიტსმა.

თავდასხმა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც დაგმო.

”ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რომლის შედეგადაც დაიღუპა უამრავი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ თავშესაფარს ეძებდნენ.ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არის. ეს საშინელება უნდა შეწყდეს", - განაცხადა გუტერეშმა.