"ძალიან მინდა წავიდე ბანკეტზე, 4 ივნისს აქვთ, მაგრამ... ოჯახს ვეღარ ვეუბნები, ცოტა ხომ არ დაჯდება" - კვირის პალიტრა

"ძალიან მინდა წავიდე ბანკეტზე, 4 ივნისს აქვთ, მაგრამ... ოჯახს ვეღარ ვეუბნები, ცოტა ხომ არ დაჯდება"

20 მაისს საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

ამ დღეს დიდი ოვაციებით შეხვდნენ ბავშვები. იყო ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი, ცეკვა-სიმღერა, ხალისი და დამშვიდობება თვალცრემლიან მასწავლებლებთან. ბოლო ზარი ხომ ერთდროულად სიხარულიც არის და გულისწყვეტაც. გული გწყდება, რადგან ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და იმ კედლებს, სადაც 12 წელი გაატარე. თუმცა ამავდროულად გიხარია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამ. ამ დღეებში ქუჩებშიც განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობა. გადამდებია თეთრპერანგიანი გოგო-ბიჭების ჟრიამული და ხალისი. სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია, აქედან იწყებ ახლის შეცნობას.

როგორც გაირკვა, წელს რამდენიმე საჯარო სკოლას მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მაგრამ იქაც, როგორც სხვაგან, დიდი მხიარულება იყო. ამ ბავშვებს ეს დღე პედაგოგებმა და სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებმა გაულამაზეს.

ასე იყო ხონში, სოფელ გუბის საჯარო სკოლას 2023-2024 სასწავლო წელს ერთი კურსდამთავრებული ჰყავს. ანა აბზიანიძეს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს დღე პედაგოგებმა.

photo-1716884695.jpg

"გუბის საჯარო სკოლა ერთადერთმა და განსაკუთრებულმა მოსწავლემ დაასრულა. გილოცავთ, ანა, ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და სკოლის დასრულებას. წარმატებულ მომავალს გისურვებთ!" - დაწერა სკოლის "ფეისბუკ"-გვერდზე სკოლის დირექტორმა. როგორც გავარკვიეთ, ანა (ანანო) აბზიანიძე ბებიასა და ბაბუასთან ერთად სოფელ გუბში ცხოვრობს.

- გუბის საჯარო სკოლის დამამთავრებელ კლასში მარტო მე ვიყავი. ამ სკოლაში მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ წამოვედი. მადლობა ჩემს პედაგოგებს, სკოლის დირექტორს და ყველას, რომ ამდენი სითბო და სიხარული მაჩუქეს. ჩემი ოჯახი დიდ ჯიხაიშში ცხოვრობს. მანამდე მეც დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლაში დავდიოდი და 9 კლასი იქ დავამთავრე. ის სკოლა 9-წლიანია და მისი დამთავრების შემდეგ მომიხდა სოფელ გუბში, ბებიასა და ბაბუასთან წამოსვლა. დიდ ჯიხაიშში ბევრი თანაკლასელი მყავდა და კარგი წლები გავატარე მათთან ერთად. მინდა თითოეულს მივულოცო სკოლის დამთავრება და სურვილების ასრულება ვუსურვო ცხოვრების ახალ გზაზე. სკოლა იმიტომ გამოვიცვალე, რომ პრობლემები იყო ოჯახში.

- მაინც, რა პრობლემები გქონდათ?

- მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდები. ხუთნი ვართ, მყავს ოთხი ძმა. ყველაზე უფროსი ვარ, ყველაზე პატარა ძმა კი ახლა შევიდა პირველ კლასში. ოთხივე დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლაში სწავლობს. ჩემი ერთი ძმა სპორტითაა გატაცებული და ფეხბურთზე დადის. ბევრს ვარჯიშობს, რადგან უნდა ფეხბურთელი გამოვიდეს... პრობლემა ოჯახში მას შემდეგ გაჩნდა, როცა ჩვენს სახლს ელექტროენერგიისგან ცეცხლი გაუჩნდა და ყველაფერი დაგვეწვა. იმ სახლისგან არაფერი დარჩა. ხის სახლი იყო და ნაცარტუტად იქცა. იმ დღეს მე და ჩემი ძმა სკოლაში ვიყავით, იქიდან დაბრუნებულებს ეს საშინელი სურათი დაგვხვდა. ყველაფრის გარეშე დავრჩით, არც ტანსაცმელი, არც სხვა ნივთები გვქონდა და ფაქტობრივად ქუჩაში აღმოვჩნდით. მას შემდეგ სხვის სახლში ვართ შეკედლებული. ჩვენს სოფელში არის კერძო სახლი, რომელიც დაკეტილი იყო და იმ ოჯახმა მოგვცა დროებითი თავშესაფარი. რთული მდგომარეობა გვქონდა და დღემდე ასეა, რადგან სახლის შეკეთებაც ვერ ხერხდება, ფინანსები არ გვაქვს. გამგეობა მცირედით დაგვეხმარა, მაგრამ იმ ფულით სახლს ვერ აღვადგენდით და დღემდე სხვის სახლში ვართ. ამას ისიც ემატება, რომ მამა ავად არის, მას თავზე ოპერაცია გაუკეთეს და ავადმყოფობის პენსია აქვს დანიშნული - ეს არის ჩვენი შემოსავალი. დედა აფხაზეთიდან დევნილია, ამიტომ ბავშვებს მხოლოდ დევნილების დახმარება გვეძლევა. სოციალური დახმარება მოგვიხსნეს... მას შემდეგ, რაც სახლი დაგვეწვა, დედიკომ განცხადებით მიმართა აფხაზეთის მთავრობას, ბინა რომ მოგვცენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. კარგი იქნება, თუ დაგვეხმარებიან... ამ პრობლემების გამო მე ჯიხაიშიდან წამოვედი, ბებოსა და ბაბუასთან ვიზრდები. ისინი ამჟამად მარტო ცხოვრობენ, რადგან მამიდა საზღვარგარეთ არის წასული. ჩემი მამიდა და მამიდაშვილები მაქსიმალურად გვეხმარებიან, მადლობა მათ ამისთვის.

(p.s. ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ამ საყვარელი გოგონას ოჯახს, გაახაროთ ანა თუნდაც იმაში, რომ ბავშვმა აისრულოს სურვილი და თავის ყოფილ თანაკლასელებთან ერთად შეძლოს სკოლის დამთავრების ბანკეტზე მისვლა,

ვუთითებთ ანას ბებიის პირად ნომერს.

60001101486 ლუარა აბზიანიძე, შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა როგორც ლიბერთი ბანკის, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშზე)

ცოტა მძიმე გამოდის ჩემი მონათხრობი, მაგრამ ეს არის რეალობა და არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ჯიხაიშის სკოლაში გატარებული წლები მართლა კარგად გამახსენდება. იქ მშვენივრად ვერთობოდი და მასწავლებლებიც კარგები მყავდა. როგორც გითხარით, მეათე კლასიდან გუბის სკოლაში ვარ. კლასში სრულიად მარტო აღმოვჩნდი, მაგრამ კარგად მიმიღეს პედაგოგებმა. ყურადღებას მაქცევდნენ, სწავლისთვის ყველანაირი პირობები მქონდა შექმნილი. სხვა კლასის ბავშვებიც კარგად მექცეოდნენ და ადვილად მივეჩვიე ახალ გარემოს, რომელიც ჩემთვის დღეს ბევრს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მარტო დავამთავრე სკოლა, ბოლო ზარი მომიწყვეს. ეს დღე სამუდამოდ დამამახსოვრდება და მათი მადლიერი ვიქნები მუდამ. დამშვიდობებაში მასწავლებლებთან ერთად, სხვა კლასის ბავშვებიც მონაწილეობდნენ და ლამაზი დღე გამოვიდა. ჩემს მაისურზე წარწერები სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დატოვეს. ძირითადად წარწერები, კეთილი სურვილებია. ჩვენი სკოლის დირექტორმა სურვილებიც დამაწერა და ზარიც დამახატა. ბოლო ზარი მე დავრეკე 20 მაისს და ემოციებში ვიყავი. მაისურს სათუთად შევინახავ და სულ გამახსენებს სკოლის დამთავრებას. მადლობა ყველას, კეთილი სურვილებისთვის. ამ სოფელში ბავშვები მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე ჩამოდიან და მაშინ ვერთობი მათთან, თორემ ისე ჩემი თანატოლი არავინ არის.

ana-1716884735.jpg

- ანანო, რა გეგმები გაქვს, რა პროფესიას უნდა დაეუფლო?

- პროფესია აუცილებლად მინდა მქონდეს, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, რას ავირჩევ. მინდა ქუთაისში, კოლეჯში ჩავაბარო, ჭრა-კერვა მიყვარს. ასევე მანიკიურის შესწავლა მსურს, რომ სალონში შევძლო დასაქმება. როცა პროფესია გაქვს და შენი საქმე კარგად იცი, შემოსავალიც გექნება.

- შენმა ყოფილმა თანაკლასელებმა ხომ არ დაგპატიჟეს ბანკეტზე?

- დამპატიჟეს ჯიხაიშის სკოლის თანაკლასელებმა, ძალიან მინდა წავიდე, 4 ივნისს აქვთ ბანკეტი. კაბა კი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, არ წავალ, თავს შევიკავებ.

- რატომ?

- მათთან ერთად ყოფნას რა სჯობს, მაგრამ ოჯახს ვეღარ ვეუბნები, ცოტა ხომ არ დაჯდება...

ანანო აბზიანიძის მსგავსად, ბოლო ზარი ერთადერთი მოსწავლისთვის, ნათია ბილიხოძისთვის დაირეკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში. მისმა პედაგოგებმა ნათია ბილიხოძესთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. როგორც გავარკვიეთ, ნათიასაც ჰყავდა თანაკლასელები, მაგრამ ბოლოს ის კლასში მარტო დარჩა. სიყვარულით საუბრობს მასზე მისი კლასის დამრიგებელი თამარ სალაყაია: "ნათია უწყინარი, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, წყნარი და მეგობრული გოგონაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კლასებში მარტო დარჩა, სხვა კლასის ბავშვებთან მეგობრობდა. ყველასთან ცდილობდა ურთიერთობას, ყველას უყვარს. თავიდან მარტო არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა გადავიდნენ ბავშვები სხვა სკოლებში. მეცხრე კლასში სამნი იყვნენ, მერე ერთმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ორნი დარჩნენ, ბოლოს ის ერთიც წავიდა და ნათიას მარტოს მოუწია ბოლო ზარის დარეკვამ. ეს დღე გავულამაზეთ. შევეცადეთ გაგვეხარებინა, კოლეგებმა მცირედი საჩუქარი გავუკეთეთ და სხვა მოსწავლეებმაც მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე. წარწერები გაუკეთეს მაისურზე, იყო ცეკვა, ხალისი. სკოლაში ელექტროზარიც გვაქვს, მაგრამ ნათიამ ძველებური ზარი დარეკა. 1820 წლით თარიღდება ჩვენი ზარი. სამწუხაროდ, წელს გურიაში მომხდარმა სტიქიამ ბევრი ოჯახი დააზარალა. კერძოდ ბაილეთში 60 ოჯახამდეა დაზარალებული და სტიქიის გამო ბევრს მოუხდა სოფლიდან გადასვლა. სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია, მოსახლეობის ნაწილი კი შიშმა შეიპყრო და ამანაც გამოიწვია სკოლებში ბავშვების სიმცირე. ამჟამად 97 მოსწავლე გვყავს... გვინდა ნათიას გზა დავულოცოთ, მამით ობოლი გოგონაა, დედასთან ერთად ცხოვრობს. არაჩვეულებრივ გოგონას ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ".

p.s. ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ამ საყვარელი გოგონას ოჯახს, გაახაროთ ანა თუნდაც იმაში, რომ ბავშვმა აისრულოს სურვილი და თავის ყოფილ თანაკლასელებთან ერთად შეძლოს სკოლის დამთავრების ბანკეტზე მისვლა,

ვუთითებთ ანას ბებიის პირად ნომერს.

60001101486 ლუარა აბზიანიძე, შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა როგორც ლიბერთი ბანკის, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშზე.

გააგრძელეთ კითხვა