"დაუგეგმავად დავორსულდი, სიხარულით ვაცნობე ეს ამბავი, მაგრამ... გამომიცხადა, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა" - მიტოვებული ქალის რთული ცხოვრება და სიძლიერე - კვირის პალიტრა

"დაუგეგმავად დავორსულდი, სიხარულით ვაცნობე ეს ამბავი, მაგრამ... გამომიცხადა, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა" - მიტოვებული ქალის რთული ცხოვრება და სიძლიერე

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი შვილი 15 წლის ხდება და მამას ერთხელაც არ მოუკითხავს მისთვის. ფეხმძიმე იყო, როცა მამამ ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე უარი თქვა და კატეგორიულად მოითხოვა აბორტი გაეკეთებინა, მაგრამ ქალმა ბოლომდე იბრძოლა და შვილი მარტო გაზარდა. არადა, მძიმე დღეების გამოვლა მოუხდა, მარტო დარჩენილს თავშესაფარიც კი არ ჰქონდა და არ იცოდა ამ სიტუაციისთვის თავი როგორ დაეღწია.

ნათია:

- არ ვიცი, საიდან დავიწყო ჩემი ამბის თხრობა. ძალიან რთული ცხოვრება გამოვიარე და რომ ვაანალიზებ, ძალიან მიკვირს, როგორ შევძელი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. 26 წლის ვიყავი, ჩემი შვილის მამა რომ გავიცანი. ერთ სამსახურში ვმუშაობდით. სიყვარულს მეფიცებოდა და მეგონა, ვუყვარდი. მაშინ თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი, რადგან რაიონიდან ვიყავი ჩამოსული, სტუდენტობის მერე სამსახური თბილისში დავიწყე. ზუკა თბილისელი იყო, თითქმის ერთწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ის ჩემს ნაქირავებ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად. თავისი დედა და ძმა გამაცნო. მათ ერთოთახიანი ბინა ჰქონდათ და ამბობდა, იქ ადგილი არ არის, რომ ერთად ვიცხოვროთო. ოფიციალურად ქორწინება არ გაგვიფორმებია და არც ხელი მოგვიწერია, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე ვიყავით. ჩემს სოფელშიც ჩამოდიოდა ჩემთან ერთად. ჩემებმა პატარა სუფრაც გაშალეს და მიიღეს როგორც სიძე. თავიდან თავს ვიცავდით, რადგან ორივე ვმუშაობდით და სიმართლე გითხრათ, არც ერთს არ გვინდოდა შვილის გაჩენა.

ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფეხმძიმედ დავრჩი. დაუგეგმავად დავორსულდი, მაგრამ მერე ვერაფერს შევცვლიდი და გადავწყვიტე, გამეჩინა. სიხარულით ვაცნობე ეს ამბავი, მეგონა, გაუხარდებოდა, რადგან ოჯახს როცა ქმნი, გინდა შვილიც გყავდეს. მივხვდი, არ გახარებია, არადა, მე გახარებულმა სასწრაფოდ დავრეკე, დედამისსაც ვახარე და ჩემს დედასაც.

ამ ამბის შემდეგ ვხედავდი როგორ შეიცვალა, სულ გაღიზიანებული იყო, ყველაფერზე ჩხუბობდა, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა, ეს იმდენად დიდი შოკი იყო ჩემთვის, რომ საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი.

უარი ვთქვი, რადგან ნაყოფი უკვე დიდი იყო და ამ ნაბიჯს ვერც გადავდგამდი.

აქედან წადი ახლავე-მეთქი და იმ დღეს სახლიდან გავაგდე. თითქოს ამას ელოდებოდა, ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა. ასე დამტოვა 4 თვის ფეხმძიმე მარტო.

მას მერე არც სამსახურში გამოჩენილა.

დედამისს რომ დავურეკე, მითხრა, მე თქვენს ურთიერთობაში ვერ ჩავერევი, ის ოჯახის შესაქმნელად მზად არ არისო. ორი თვე ისე ვიყავი, არავისთვის მითქვამს ჩემი მდგომარეობა. სამსახურში ძალით დავდიოდი, რადგან ბინის ქირა მქონდა გადასახდელი და სხვა გზა არ მქონდა. რატომღაც კიდევ იმედი მქონდა, რომ მობრუნდებოდა და ამიტომ, ამ ამბავს ვმალავდი. ექიმებთან გეგმურ ვიზიტზეც არ მივსულვარ, ამის არც ძალა მქონდა და არც ფინანსები.

- მასთან ურთიერთობის გარკვევა არ გიცდიათ?

- ამ ამბის შემდეგ ორჯერ ვცადე საუბარი, მაგრამ მითხრა, რომ შვილი არ უნდოდა და უნდა მომეშორებინა. რაც გინდა ის ქენი, ეს ბავშვი მე არ მაინტერესებს, იცოდე, მასზე ზრუნვას არ ვაპირებ და რომ გაჩნდება, სასწრაფოდ გააშვილე, ან სამშობიაროში დატოვე, არც გვარის მიცემას ვაპირებო.

რა აზრი ჰქონდა მასთან საუბარს? ასე დამტოვა მარტო. უკვე მეცხრე თვეში ვიყავი ეს ამბავი დედაჩემს რომ გავუმხილე. ძალიან ინერვიულა, მაგრამ მანაც მე დამადანაშაულა, ოფიციალურ ქორწინებაში რადგან არ ვიყავი. მშობიარობის პერიოდი მოდიოდა და სამშობიარო თანხაც აღარ მქონდა. ჩემი მეგობარი გოგონა ძალიან დამიდგა გვერდით, პირველადი ნივთები მაყიდვინა, რაც დამჭირდებოდა და რამდენიმე თვე ბინის ქირის გადახდაშიც მეხმარებოდა.

- დედა არ დაგიდგათ გვერდით?

- დედა მშობიარობის შემდეგ კი ჩამოვიდა სოფლიდან თბილისში და ჩემთან ცხოვრობდა, მაგრამ სულ მსაყვედურობდა, ეს როგორ გააკეთე, მარტო როგორ უნდა გაზარდო შვილიო. ბავშვი, რა თქმა უნდა, ჩემს გვარზეა, მამის გრაფაში მამამისის სახელი ჩავაწერინე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცის დანახვა აღარ მინდოდა. იმას ვნერვიულობდი, ამდენი ნერვიულობიდან გამომდინარე, ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა თუ არა. საბედნიეროდ, ჯანმრთელი დაიბადა ჩემი გოგონა და მისმა დაბადებამ ამდენი სტრესის მიუხედავად, ცხოვრების ხალისი დამიბრუნა. დედაჩემი გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად, მაგრამ სამუშაო მასაც არ ჰქონდა და ეკონომიკურად ძალიან მიჭირდა. არანაირი შემოსავალი არ მქონდა, მხოლოდ დედაჩემის პენსია. არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. საჭმელსაც ვეღარ ვყიდულობდი. მეძუძურ ბავშვს დედას ვუტოვებდი და ვცდილობდი ცოტა მემუშავა, ძირითადად, დალაგებებზე დავდიოდი და ასე ვაკოწიწებდი ბინის ქირას. ცოტა რომ წამოიზარდა, მერე ვმუშაობდი რესტორანშიც, უამრავი სამსახური მაქვს გამოცვლილი და ასე თავის გატანას ვახერხებდი.

შვილს რომ საჭმელს ვერ აჭმევ, ამაზე საშინელება დედისთვის არაფერია. თავის გატანა შევძელი. სამი წლის იყო ჩემი შვილი, სამუშაოდ საზღვარგარეთ რომ წავედი. რა მექნა? როგორმე თავშესაფარი ხომ უნდა მეშოვა.

- ბავშვი დედასთან დატოვეთ?

- დიახ, დედასთან დავტოვე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლები. ვინ იცის, რამდენჯერ გამითენებია ღამე ტირილში. მოხუცს ვუვლიდი, ბინის ქირის და საჭმლის ფულს აქეთ ვაგზავნიდი. ფაქტობრივად, დედამ გამიზარდა შვილი. ფულის გადადებას ამ გზით ვეღარ ვახერხებდი. ამიტომ, მივატოვე მოხუცის მოვლა და დალაგებებზე დავიწყე მუშაობა. ჯგუფი დავდიოდით და კერძო სახლებს ვალაგებდით. საკმაოდ კარგად ავაწყვეთ ეს საქმე და შემოსავალიც უფრო მეტი გამიჩნდა. ისე ძალიან ვიღლებოდი, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი და ბევრს ვშრომობდი. ჩემთან ერთად ორი ქართველი ქალი მუშაობდა, გადავწყვიტეთ ერთმანეთს დავხმარებოდით. ლატარიას ვთამაშობდით და ასე ვაკოწიწებდით თანხას. ჯერ დასაგირავებელი ფული ვიშოვე, მერე ბინის საყიდელი და თბილისში ჩემს შვილს ბინა ვუყიდე. ამას წლები და დიდი ნერვები დასჭირდა, მაგრამ ეს მე შევძელი.

5 წელი საერთოდ არ ჩამოვსულვარ საქართველოში, საკუთარ შვილს არ ჩავხუტებივარ. ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერ მიხვდება ეს რას ნიშნავს. მერე ყველაზე ძნელი ისევ უკან დაბრუნება იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მაშინ ჩემს შვილს დავპირდი, ავეჯის ფულს ვიშოვი და მერე იქით არ გავიხედავ-მეთქი. მართლა დავბრუნდი და ახლა 4 წელია, ჩემს შვილთან ერთად ვარ. თავიდან ვხედავდი როგორ გაუჭირდა ჩემთან ურთიერთობის აწყობა. რამეს რომ ამბობდა, დედას მაგივრად ბებოს მეძახდა. ჩემი დაბრუნების შემდეგ დედაჩემი სოფელში დაბრუნდა. ახლა მე და ჩემი შვილი ერთად ვცხოვრობთ. ის თინეიჯერია, ვატყობ სრულად არ იხსნება ჩემთან. იმ დღეს, მის ოთახს ვალაგებდი და მისი დღიური ჩამივარდა ხელში. ჩანაწერები აქვს გაკეთებული და აქედან ირკვევა, რომ ყველაზე მეტად ახლა მამაზე ინფორმაცია აინტერესებს. იქ წერს დედას გულს ვერ ვატკენ, ვერ ვკითხავ ვერაფერს, მაგრამ მეც მინდა როგორც სხვები პოულობენ დაკარგულ ოჯახის წევრებს, ისე მეც ვიპოვო მამაჩემიო.

- ამ საკითხზე მასთან არ გისაუბრიათ?

- კი, მისთვის არაფერი დამიმალავს, უკვე დიდი გოგოა და მოვუყევი ყველაფერი. ხომ უნდა იცოდეს სიმართლე. სახელი და გვარიც ვუთხარი და მისამართიც მივეცი. თუ სურვილი აქვს, მივიდეს და ნახოს, მაგრამ ყველაფერი რომ მოისმინა, მითხრა, მე მას არასოდეს მოვძებნი, რადგან ჩემზე უარი თქვაო. თუმცა ვხვდები, რომ განიცდის მაინც, განსაკუთრებით იმას, ჩემს გვარზე რომ არის. არ ვიცი, რა გავაკეთო. მე მართლა მისთვის ვიცხოვრე და მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ყველაფერი ჰქონდეს. ძალიან კარგი მოსწავლეა, წარმატებული, წრეებზეც დამყავს, მე ჩემი შემოსავალი მაქვს, ფინანსურადაც გამართული ვარ.

ახლა ერთად ვართ მე და ჩემი შვილი და ვინაზღაურებთ იმ დაკარგულ წლებს, რომელიც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ. იმედი მაქვს, კიდევ რომ მომატება წლები, ის ყველაფერს უკეთესად მიხვდება, მაგრამ ასეთ კაცებს მინდა ვუთხრა,

ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ საკუთარ შვილებზე უარს ამბობთ?

როცა ჩემი შვილს ვუყურებ, დავფიქრდები ხოლმე, როგორ შეიძლებოდა მასზე უარი ეთქვა მამას?

ბევრი მარტოხელა ქალი ვიცი, რომელიც ქმრებმა მიატოვეს და ამ მძიმე ტვირთს ისინი მარტო ეზიდებიან. ბევრი საკუთარ შვილს ალიმენტსაც არ უხდის და ქალები ყველაფერს აკეთებენ შვილებისთვის. ასეთ კაცებს მინდა ვუთხრა, როგორ შეიძლება იცხოვროთ? ჩემმა შვილმა იცის სიმართლე, ისიც, თუ რა გვარია მამამისი, ამის დამალვა არ შეიძლება, რადგან მას ალბათ ჰყავს ბიძაშვილები, შეიძლება და-ძმაც და უნდა იცოდეს ეს ყველაფერი.

მაგრამ მიკვირს თუნდაც მისი ბებიის, ბიძის, როგორ შეიძლებოდა ერთხელაც არ დაინტერესებულიყვნენ ამ ბავშვით, როგორ ცხოვრობდა? კარგი, მამა უვარგისია, მაგრამ ოჯახის რომელიმე წევრს ამდენი წელი როგორ არ გაუჩნდა მისი ნახვის სურვილი? ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ ისინი ჩემი შვილის ცხოვრებაში გამოჩნდნენ.

(სპეციალურად საიტისთვის)