აჰ, ეს „საშინელი გამმარტივებელნი“. ჩვენც დაგვინახეთ, ვიცით სიმღერა და ხელოვნება... - კვირის პალიტრა

აჰ, ეს „საშინელი გამმარტივებელნი“. ჩვენც დაგვინახეთ, ვიცით სიმღერა და ხელოვნება...

ევროვიზიის 2024 წლის გამარჯვებული შვეიცარიიდან ყოფილა. შვეიცარიელებს ჰყავდათ ასეთი კულტურის ისტორიკოსი - იაკობ ბურკჰარდტი (ესეც მაგარი იმედგაცრუებული ლიბერალი იყო). ხედავდა, რომ დიქტატორთა ეპოქა ახლოვდებოდა და ამბობდა, რომ ის დიქტატორები, რომლებიც სულ მალე მსოფლიოს დაეპატრონებიან, იქნებიან „საშინელი გამმარტივებელნი“.

ევროვიზიის გამარჯვებულის - ნემოს დანახვაზე სწორედ ეს სიტყვები გამახსენდა და ვიფიქრე, რომ მათივე მოქალაქის მხრიდან აბსოლუტურად სწორი „წინასწარმეტყველებაა“.

სულაც არა, არ ვაპირებ უმცირესობის წევრების დაკნინებას (რაც არასოდეს გამიკეთებია). პირიქით, თავად, რომ არ აყენებდნენ თავს უმცირესობაში და თავად რომ არ იუძლურებდნენ თავს, ამ კუთხით ვერც მე დავინახავდი.

მე, პირადად, ძალიან მომეწონა შესრულება, ვოკალი და, რაც მთავარია, სიმღერის არსი. ანუ დაბნეული „ჯენზის“ თაობა ხან ორბიტის სათავეში ადის, ხან ჩამორბის, ხან ვარდება, ხან აგდებენ, ხან გაჰკივის, ხან რაღაცას ამტკიცებს, ხან განწირულია და ეს ყველაფერი - საკუთარი თავის ძიებისთვის...

ვის, თუ არა ჩვენ შეგვეძლო „ჯენზის“ თაობის პრობლემები წარმოგვეჩინა, იმიტომ, რომ სახალხო გამოსვლებს, ფორმალურად მაინც, „ჯენზი“ თაობა უდგას სათავეში! მით უფრო - მსოფლიოში, არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების პრობლემები, არამედ - „ჯენზის“ თაობის პრობლემები დგას უმწვავესად.

ჰოდა, მე ვფიქრობ, რომ ერთი-ორი ნაბიჯით ყოველთვის ჩამოვრჩებით ხოლმე ამ ისტერიკულ ევროვიზიას, ხან პოლიტიკური რომ გვგონია, ხან, თურმე, ვიღაც გვჩაგრავს, ხან ვერ დაგვინახეს, ხან საკუთარ თავს ვამტკიცებთ - ხანჯლებს ვიქნევთ, „ჯორჯია-ჯორჯიას“ გავყვირით... აი, დაგვინახეთ, ჩვენც გვაქვს კულტურა, ჩვენც ვარსებობთ, ვიცით სიმღერა და ხელოვნება, ჰაი, ჰუი და ასე შემდეგ, ვიდრე მორიგ გაწბილებას ვიწვნევთ. ამ დროს, სცენაზე გამოვა ვიღაც, უბრალოდ ჩაცმული სარაფნიანი გოგო, იმღერებს ურბანულ თემაზე და გაიმარჯვებს.

ჯერ ერთი, სულ მინდოდა მეთქვა, რომ ევროპელი, რომელსაც ქვემოდან უყურებ და მუდმივად საწყლად რაღაცას უმტკიცებ, არ აღგიქვამს თანასწორად და სულ რომ ღმერთი იყო, მაინც მიგიჩენს შენს ადგილს მასზე „ქვემოთ“. მეორე, არავის სჭირდება შენი მსოფლიოს ჰიტები, თანამედროვე სამყაროში და მით უფრო - ევროვიზიაზე. გავიგე (მათაც გაიგეს), რომ საუკეთესოდ ვასრულებთ მსოფლიოს ჰიტებს და გვაქვს საუკეთესო ვოკალი. ეს ფასდება და მორჩა. აქ ვჩერდებით!

სულ მაქვს განცდა, რომ ევროვიზიაზე მომუშავე ჩვენმა ჯგუფებმა არ იციან მისი იდეა და არსი. და აქვე, არ მგონია, რომ ევროვიზიაზე მაინცდამაინც თუ არ გავიმარჯვებთ, ევროპელები არ გვაღიარებენ, საერთოდ არ არის ასე.

ახლა რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება ნემომ. როგორც ვთქვი, დღეს, თანამედროვე სამყაროში, „ჯენზის“ პრობლემებიც არის. ამ ბიჭს/გოგოს მშვენიერი ე.წ. პერფორმანსი ჰქონდა (ანუ წარმოდგენა) და...

და რა საჭიროა გარეგანი ასე დამახინჯება? რომ ვინმემ მოგისმინოს და გაიმარჯვო? მე, მაგალითად, დამაინტერესებს, ჩვენ რომ მსოფლიოს თანამედროვე საკითხებში ფეხდაფეხ მივდევდეთ და ჩვენებური „ჯენზის“ პრობლემა წარმოგვეჩინა (ყოველგვარი შინაგანი და ფიზიკური დამახინჯების გარეშე), გავიმარჯვებდით თუ არა? ჩემთვის ეს კონკურსი ამ მიმართულებით უფრო იქნებოდა საინტერესო.

მეორე მხრივ (უშუალოდ ამ გამოსვლის შემდეგ), დამრჩა განცდა, - მსოფლიოს ამ საერთო ინტელექტუალურ, ბურუსით მოცულ ატმოსფეროში, რომლითაც მოცულია ლიბერალური და ჰუმანისტური წრეები, უბედური და ძალით დამახინჯებული ადამიანის თანაგრძნობიდან მისი იდეების მიღებამდე ერთი ნაბიჯია...

არა მხოლოდ ზოგადად რწმენას ან სუფთას, ან სამართლიანს არ იმჩნევს, არამედ, უბრალოდ, მეტაფიზიკას, ნებისმიერ აზრს, სხვა მოქმედებას (მიუხედავად იმისა, რომ ნემოს ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი ედგა თავზე), რაღაც სხვა სამყაროს რომ ეკუთვნის და არა იმას, რაც არის „აქ და ახლა“.

ანუ ყველა პრობლემა, თუნდაც თანამედროვე „ჯენზის“ პრობლემა, უმარტივეს საფუძვლებამდე დაჰყავს... აჰ, ეს „საშინელი გამმარტივებელნი“... (იაკობ ბურკჰარდტი)

ჰო, როცა ვუყურებ ევროვიზიას, სულ ვფიქრობ, რომ თანამედროვე, არათუ მხოლოდ პრობლემების, არამედ - აქტუალური (თუნდაც ცხოვრებისეული) საკითხების წარმოჩენაში ერთი-ორი ნაბიჯით ჩამოვრჩებით „სხვებს“. მე რომ ორგანიზატორი ვიყო, ან გავგზავნიდი ამ კარგად მომზადებულ მსოფლიო ჰიტს და, საერთოდ, არ მივიღებდი მონაწილეობას საქართველოდან, ანაც, მოვიცილებდი იდეაფიქსს, უფრო მეტად - უდიდეს კომპლექსს, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებსაც სტრესავ, რომ მაინცდამაინც ამ კონკურსში გავიმარჯვოთ.

სულ ეს არის.