შეცდომა, რომელიც შემზარავ ტრაგედიად იქცა - იწყება ის, რისი ისრაელს ყველაზე მეტად ეშინოდა - კვირის პალიტრა

შეცდომა, რომელიც შემზარავ ტრაგედიად იქცა - იწყება ის, რისი ისრაელს ყველაზე მეტად ეშინოდა

ღაზას სექტორში გასული წლის ოქტომბრიდან დაწყებული ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების ფარგლებში, 27 მაისს ქალაქ რაფაჰის დაბომბვისას მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა-დაიღუპა 45 და დაიჭრა 200-მდე...

ისრაელის ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი ნამოქმედარი, რაც „ტრაგიკულ შემთხვევად“ შეაფასა, თუმცა ასე არ თვლიან არა მარტო პალესტინელები, არამედ მსოფლიოს და პირველ რიგში კი, ევროპის რიგი ქვეყნების მთავრობები, რომლებიც იწყებენ...პალესტინის სახელმწიფოებრიობის ოფიციალურად აღიარების პროცესს...

1-rapahi-1716898283.jpg
27 მაისს რაფაჰში ლტოლვილთა ბანაკში საშინელი ტრაგედია დატრიალდა...

ანუ იწყება ის, რასაც ყველაზე მეტად უფრთხოდნენ თელ-ავივში - მსოფლიოს საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელმაც დაგმო „ჰამასის“ საშინელი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმა ისრაელის კიბუცებზე, რვა თვის შემდეგ ასევე გმობს ისრაელის ტანკების, არტილერიისა და ავიაციის მხრიდან ღაზას სექტორის ქალაქების არანაკლებ დაუნდობელ დაბომბვებს...

9 მაისს ამ ბლოგში, სტატიაში „განწირული ქალაქი:რაფაჰის ცოდვის ბორბალი - რატომ აღარ აწვდის ბაიდენი ნეთანიაჰუს რაკეტებს?!“,ვწერდით, რომ „... ქალაქი რაფაჰა, რომლის 250 ათას მაცხოვრებელს სხვა ქალაქებიდან იძულებით გამოქცეული 1,5 მლნ დევნილიც შეუერთდა და ადვილი წარმოსადგენია, რა ცოდვის ბორბალი დატრიალდება ამ ქალაქში, როდესაც ორიოდე დღის წინ ისრაელის „ცახალმა“ ჩვეული ტაქტიკით - ჯერ საავიაციო და საარტილერიო დაბომბვებით და შემდეგ - ჯავშანკოლონების სროლებით შესვლა დაიწყო ამ ქალაქში“. დასახლებულ პუნქტებში და მით უმეტეს დიდ ქალაქებში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დროს ძალიან იზრდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების და დაღუპვის ალბათობა, მაშინაც კი, თუ მხოლოდ მართვადი საავიაციო ბომბები და რაკეტები იქნება გამოყენებული, არადა ისრაელის „ცახალი“,როგორც ეს სატელევიზიო კადრებიდან მოჩანს, არამართვადი იარაღის ფართოდ გამოყენებაზეც არ ამბობს უარს, რაც ბუნებრივია ზრდის მსხვერპლს ქალაქის მშვიდობიან მაცხოვრებლებში.

2-rapahi-1716898375.webp
როდესაც ისრაელის თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებული საავიაციო ბომბი ამხელა აფეთქებას ახდენს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობაც ზარალდება, თუგინდ შენობის სარდაფში აფარებდეს თავს...

ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებებისას ისრაელის „ცახალმა“ არაერთხელ გახსნა „მეგობრული ცეცხლი“, მაგალითად „მერკავას“ ეკიპაჟმა ტანკიდან გასროლიდან თავისივე ქვეითები გაანადგურა, რომლებიც შენობაში იყვნენ შეფარებულნი, მაგრამ ტანკის მეთაურმა ისინი რატომღაც „ჰამასის“ მებრძოლებად მიიჩნია...

ამგვარი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს „ცახალის“ სამხედროების მომზადებაში და ურთიერთშეთანხმებულ საბრძოლო მოქმედებებში - მათ მიერ მიზნის ზუსტ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით და ზრდის იმის საფრთხეს, რომ ღაზას სექტორში მოქმედი ისრაელის სამხედროები ადგილობრივი პალესტინელების სიცოცხლეს ნაკლებად მოუფრთხილდებიან,იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი მშვიდობიანი მოსახლეობა.

3-rapahii-1716898397.png
მიუხედვად მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნისა, ისრაელი თავისი „მერკავების“ წინსვლის შეჩერებას ღაზის სექტორში ჯერ არ აპირებს...

ევროკავშირის წარმომადგენელები ისრაელისგან მოითხოვენ ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების სასწრაფო შეჩერებას, რასაც კატეგორიულად უარყოფს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ მეთანიაჰუ - ჩვენ რაფაჰიდან ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განვახორციელეთ, მაგრამ ეს ტრაგიკული შემხვევა სამწუხაროდ მაინც მოხდა, გამოვიძიებთ და შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ, მაგრამ „ჰამასის“ ტერორისტების განადგურებას ღაზას სექტორში ბოლომდე გავაგრძელებთო...

წინასწარი მონაცემებით, ამ ტრაგედიას წინ უძღოდა რაფაჰის გარეუბნიდან თელ-ავივის მიმართუელებით არანაკლებ რვა რაკეტის გაშვება, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად მოხდა და ისრაელმა საპასუხო დარტყმა მიაყენა რაფაჰის იმ ნაწილს საიდანაც, მათი ვარაუდით, ეს რაკეტები იყო გაშვებული - ეს ადგილი კი ლტოლვილების ბანაკი აღმოჩნდა, რომლის დაბომბვისას აფეთქდდა საწვავის ავზი, რამაც ხანძრის დიდი კერა გააჩინა...