"მსოფლიოში გამეფდება ქაოსი, დაეცემა კიევი, ბოროტებასთან ჭიდილში დამარცხდებიან სხვა ქვეყნებიც" - რა მოხდება, თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდა?!
„თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, თავისი სტრატეგიით - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“, მსოფლიო ძველებური აღარ იქნება“, - ნათქვამია ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით - „სტრატეგია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ თანამედროვე მსოფლიოში: რას მოასწავებს დონალდ ტრამპის დაბრუნება გლობალური წესრიგისათვის“ (ავტორი - ჰელ ბრანდსი, პოლიტოლოგიის პროფესორი). „დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ მას მხოლოდ თავისი ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს და განზრახული აქვს, ამერიკა უცხოური მოვლენების მიმართ უფრო ტრადიციული ხედვისაკენ შემოაბრუნოს. დღეს მის მომხრეთა რაოდენობა მატულობს, იმის პარალელურად, როგორც იზრდება ამერიკული გლობალიზმისაგან დაღლილთა რაოდენობა“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რა მოხდება, თუ დონალდ ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდება და თავის დანაპირებს შეასრულებს - დაკავებული იქნება მხოლოდ ამერიკით და არა - დანარჩენი მსოფლიოს საქმეებით? ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება: ამერიკა დიდ სახელმწიფოდ დარჩება, რომელიც დაივიწყებს თავის პასუხისმგებლობას, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის სარგებლობის მოტანით გამოიხატება.
რა თქმა უნდა, მოგვიწევდა უკან დახევა გრანდიოზული ამერიკული სტრატეგიისაგან, რომელსაც ჩვენ 80 წლის განმავლობაში ვქადაგებდით. ასეთი პერსპექტივა სრულიად რეალურია. ამიტომაც ბუნებრივია, ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როცა ამერიკა ნაკლებად იდარდებს გლობალური ნორმების დაცვაზე და სადღაც, შორს, მოკავშირეების ძებნაზე.
მაგრამ ასეთ შემთხვევაში შედეგები სატირალი იქნება. ამერიკის გარეშე მსოფლიოში აუცილებლად გამეფდება ქაოსი და მანკიერება. ის მსოფლიო, რომელშიც "ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საკუთარ თავზე იზრუნებს, უპირველესად, ფატალური იქნება უკრაინისათვის. კიევი მოსკოვის ქვეშ აღმოჩნდება. თუ ამერიკა პასიური იქნება, გარეშე ბოროტებასთან ჭიდილში დაეცემიან სხვა ქვეყნებიც - იმიტომ, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს აუცილებელი მსოფლიო წესრიგი.
თვით აშშ-ში ვითარება არც ისე ცუდი იქნება. თუ სხვა ქვეყნებში საქმე არასახარბიელოდ განვითარდება, ამერიკელებმა შეიძლება ვერც შენიშნონ ან შენიშნონ ბოლო ეტაპზე. ყველა ქვეყანას თავისი საკუთარი ინტერესი ექნება და მათ შესრულებაზე იზრუნებს. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად არ განსაზღვრავს საკუთარ მიზნებსა და ინტერესებს, მაგრამ მთავარია, რომ ისინი არავისზე არ იქნებიან დამოკიდებულნი. ეს კონცეფცია უპირველესად გულისხმობს საკუთარი ტერიტორიის, გავლენებისა და მოსახლეობის დაცვას... მოკლედ, საკუთარ თავზე ზრუნვას.
მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ამერიკულმა ელიტამ უარყო იდეა, რომ ამერიკა ჩვეულებრივი, ნორმალური ქვეყანა უნდა იყოს. გადაწყდა, რომ თეთრ სახლს და კონგრესს რადიკალურად გაეფართოევინა თავისი ხედვა იმის შესახებ, თუ რა არის და რაში გამოიხატება მისი ინტერესები. ეს ყველაფერი გადაიქცა მასშტაბურ ამერიკულ პროექტად, რომელიც მოიცავდა ალიანსების შექმნას მთელი დედამიწის ზურგზე და გავლენის მოხდენას თვით უშორეს ქვეყანაზეც კი. 1949 წელს ამერიკამ, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის განცხადებით, „ისეთი პასუხისმგებლობა აიღო, რომელიც მას ყოვლისშემძლე უფალმა მიაკუთვნა - მსოფლიოს კეთილდღეობა მომავალი თაობებისათვის“.
ამერიკამ დაიწყო დემოკრატიის გავრცელება მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ ნაბიჯმა ჩააქრო ის ნაკვერჩხლები, რომლებიც მანამდე ევროპასა და აზიაში გიზგიზებდნენ. სწორედ ვაშინგტონი დაეხმარა ყოფილ მტრებს, ერთმანეთს შერიგებოდნენ და მსოფლიოს დანგრეული რეგიონები აყვავებისა და მშვიდობის ოაზისად გადააქცია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა ისეთი ეკონომიკური და სამხედრო წონა შეიძინა, რომელიც ყველა სახელმწიფოს ძლიერებას აჭარბებდა, ერთად აღებულს, თუმცა საბჭოთა კავშირიც მალე შეიარაღდა ბირთვული ბომბებითა და რაკეტებით.
ცივი ომის დაწყებისას ამერიკელთა ნაწილს ეჭვი შეეპარა გლობალური ლიდერობის აუცილებლობაში, ასეთი მსოფლიო წესრიგის უსასრულო მხარდაჭერაში, მაგალითად, ამერიკელ დიპლომატს ჯორჯ ქენანს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი აშშ-ის ელჩმა გაეროში ჯინ კირპატრიკმა დაწერა, რომ შეერთებულ შტატებს ახლა უკვე „ნორმალურ დროს ნორმალურ ქვეყნად ყოფნა შეუძლია“. მართალია, აშშ-ის "განორმალურება“ იმ ხანებში არ მომხდარა, მაგრამ ახლა გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ვაშინგტონი გლობალური დახმარების გაწევით მუდმივად არ იქნება დაკავებული, იმიტომ, რომ მსოფლიოში სამხედრო მუქარა მრავლდება. პენტაგონი, როგორც შეუძლია, ისე ცდილობს, ბალანსი დაიცვას, ევრაზიული ომების ყველა თეატრში, ერთდროულად, პროტექციონიზმი მატულობს. რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთს ისე ექიშპებიან, როგორც არასდროს. კონგრესს ნახევარი წელი დასჭირდა უკრაინისადმი დახმარების პაკეტის დასამტკიცებლად.
განწყობა კარდინალურად იცვლება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დონალდ ტრამპის პროგრამაში - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. მას სურს, ქვეყანა უფრო ტრადიციულ ხედვებს დაუბრუნოს - როგორც საშინაო, ასევე - საგარეო პოლიტიკაში. მას გულწრფელად არ ესმის, თუ რატომ უნდა რისკავდეს ამერიკა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებით, ვიღაცის დაცვის გამო, სადღაც ევროპაში თუ აზიაში.
საიდუმლო არ არის, რომ დონალდ ტრამპს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს უკრაინისა და ტაივანის დახმარებისადმი. იგი ვერ ხედავს სარგებელს ალიანსებში წევრობით, აღშფოთებას გამოხატავს გლობალური ეკონომიკის ასიმეტრიით და მაინცდამაინც დიდად არ აინტერესებს მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერა.
რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ამერიკა პასიურ პოზიციას არ დაიკავებს. ეს მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც გამოვლინდა - ჩინეთთან სავაჭრო ომში, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობაში, ასევე - აშშ-ის ეკონომიკურ მოკავშირეებთან რთულ ურთიერთობაში (მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებთან).
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონმა გაბედულად უნდა იმოქმედოს, როცა საქმე აშშ-ის სახელმწიფო-ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, მაგრამ, იმავდროულად, იგი ქვეყნის ინტერესებად არ თვლის ლიბერალური წესრიგის მხარდაჭერას.
ამასთან, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მან ვერ შეძლო მთლიანად განეხორცილებინა თავისი პროგრამა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - თავისივე გავლენიანი მრჩევლების ობსტრუქციისა და თანაპარტიელი რესპუბლიკელების ოპოზიციის გამო კონგრესში. რესპუბლიკელი პრეზიდენტის კურსი ყველა რესპუბლიკელს არ მოსწონდა. და თუ ნოემბრის არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპი ისევ დაიკავებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, შეიძლება, ბევრი რამ სულ სხვაგვარად იყოს, რესპუბლიკურ პარტიაში მისი გავლენის ზრდის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი შედარებით უფრო დაფიქრებით და ბრძნულად იმოქმედებს და შეეცდება, ირგვლივ გულწრფელი მხარდამჭერები შემოიკრიბოს. ეს რთული არ იქნება იმის ფონზე, რომ მისი იდეები სულ უფრო მეტად იკავებს ცენტრალურ ადგილს აშშ-ის საარჩევნო დებატებში.
ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი შეიძლება გახდეს დეგლობალიზებული თავდაცვა, რომელიც შემდეგში გამოიხატება: აშშ შეინარჩუნებდა თავის სამხედრო ძლიერებას, სულ უფრო მეტ ფულს მოახმარდა ანტირაკეტულ სისტემებს და დაცვის სხვა თანამედროვე საშუალებების განვითარებას. ამასთან, ამერიკა უარს იტყოდა ცალკეულ სახელმწიფოების დაცვაზე, რომელთა არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს აშშ-ის უსაფრთხოებისათვის.
მართლაცდა, რატომ უნდა გარისკოს ამერიკამ რუსეთთან სავარაუდო მესამე მსოფლიო ომის დაწყებით უკრაინის ან ბალტიისპირეთისათვის? ანდა ჩინეთთან, სადღაც, შორეულ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კლდოვანი კუნძულებისათვის? რატომ უნდა დაიცვას ვაშინგტონმა ჩინეთ-ევროპის ვაჭრობა იემენელი ჰუსიტებისაგან? ნორმალური სახელმწიფო ამას არ გააკეთებდა.
ასეთ სიტუაციაში ამერიკა შეწყვეტდა ალიანსების მიჩნევას რაღაც წმინდათწმინდა წარმონაქმნად და თავშეკავებული მოკავშირის როლს შეასრულებდა. ამერიკას, მუდმივი დაცვის სანაცვლოდ, შეუძლია, ევროპას მოსთხოვოს, უფრო მეტი თანხები დახარჯოს თავისივე სამხედრო ძლიერების უზრუნველსაყოფად, ასევე - საუდიტებს (საუდის არაბეთს) მეტი ნავთობის მოპოვება, რომ თავიდან იქნეს აცილებული ენერგეტიკული კრიზისი. ან თეთრმა სახლმა საერთოდ უარი თქვას ალიანსებში გაწევრებაზე.
ალბათ, ასეთ შემთხვევაში, აშშ მაინც გააგრძელებდა დომინირებისაკენ სწრაფვას, მაგრამ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროთი (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკით). ამით აშშ წარმოაჩენდა მონროს (ცნობისათვის: 1823 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ კონგრესს საგარეო და საშინაო-პოლიტიკური დეკლარაცია წარუდგინა დევიზით: „ამერიკა ამერიკელებისათვის“) განახლებულ დოქტრინას, რომელიც გამოხატული იქნებოდა აშშ-ის წასვლით „ძველი მსოფლიოდან“ („ბებერი ევროპიდან“) და მისი გავლენის გაძლიერებით „ახალ მსოფლიოში“, სადაც მას მეტოქე არ უნდა ჰყავდეს.
ეკონომიკურ სფეროში აშშ გააგრძელებდა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებას, თუმცა შეეცდებოდა ყველა პლუსისა და მინუსის დაბალანსებას. დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ამერიკა არ შეურიგდებოდა დისკრიმინაციას სავაჭრო პარტნიორების მხრიდან, თუნდაც ისინი მისი ახლო მოკავშირეები იყვნენ. ალბათ, ვაშინგტონი მთელ თავის ძალას გამოიყენებდა სარგებლის მისაღწევად.
თუ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ იგი არ დაიწყებს დემოკრატიის დანერგვა-პროპაგანდას ამერიკისგან შორეულ ადგილებში. უფრო მეტად მოსალოდნელია პირდაპირი კონტაქტების გაწყვეტა არადემოკრატიულ ქვეყნებთან. პრინციპში, ამერიკას შეუძლია არალიბერალური ქცევის ნიმუშიც კი გახდეს.
ვაშინგტონს, ასევე, შეუძლია შეამციროს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე - საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების მნიშვნელობა აშშ-სათვის, იმ იმედით, რომ შეასუსტოს ის შეზღუდვები, რასაც ზოგჯერ ლიბერალური წესრიგი აკისრებს ლიბერალურ ხელისუფლებას.
ალბათ, სტრატეგიამ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ შესაძლოა გაამწვავოს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა იმ სფეროებში, რომლებიც უშუალოდ ეხება აშშ-ის უსაფრთხოებასა და აყვავებას, მაგრამ ეს ისევ ქვეყნის გაძლიერებისათვის გაკეთდება. ამასთან, ვაშინგტონი თავს აარიდებდა პირდაპირ დაპირისპირებას პეკინთან, მოსკოვთან ან თეირანთან - მათ მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო: ისინი ხომ ამერიკისაგან ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარეობენ. ყოველი გაყინული კონფლიქტის მოგვარება კი, ალბათ, მეტოქეობის საკითხი იქნებოდა დიდ ამბიციურ სახელმწიფოებს შორის.
ფაქტობრივად, ასეთი სცენარის დროსაც კი შეერთებული შტატები მსოფლიოს ძალიან ძლიერ ქვეყნად დარჩება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ თავის ყურადღებას მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროს მიაპყრობდა.
დონალდ ტრამპის სტრატეგიის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ კრიტიკოსებს ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ მან შეიძლება გლობალური სტაბილურობა დაანგრიოს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიო წესრიგს საფუძვლად მხოლოდ აშშ-ის ძლიერება უდევს. მათი აზრით, საკმარისია შევხედოთ უკრაინას, თუ რა დაემართებოდა ამ ქვეყანას ამერიკული იარაღისა და დახმარების გარეშე. იგივე შეიძლება ითქვას ევროპაზეც, რომელსაც ნატოს იმედი აქვს, რუსეთის მუქარებისაგან დაცვაში.
რასაკვირველია, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი იგივე დარჩება. დღეს, როცა რუსეთი და ჩინეთი უდიდესი რაოდენობის იარაღს ამზადებენ, ევროპა და აზია კი მთელი ძალისხმევით ცდილობენ მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნას, ამერიკის უკანდახევის შედეგად გაჩენილ ვაკუუმს აგრესიული სახელმწიფოები შეავსებენ.
ამიტომაც სტრატეგია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ კატასტროფა იქნებოდა უკრაინის მსგავსი ბევრი ქვეყნისათვის, რომლებიც აშშ-ის მხარდაჭერას დაკარგავდნენ. ამით ცხადია, გაიზრდებოდა არასტაბილურობის დონე აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც. საბოლოოდ კი მთელ ევრაზიაში დაიწყებოდა კბილებამდე შეიარაღება, მათ შორის - ბირთვული იარაღითაც, საკუთარი არსებობის უზრუნველსაყოფად.
მაგრამ ეს გარემოებები ამერიკას ძალიან არ უნდა ადარდებდეს - ცნობილია, რომ ლიბერალური წესრიგის შემქმნელი ქვეყანა ასეთი წესრიგით თვითონ ნაკლებად სარგებლობს და ხშირად არც სჭირდება. ამერიკა დღესაც უძლიერეს მოთამაშედ რჩება მსოფლიოში - თავისი მოგებიანი გეოგრაფიული და ეკონომიკური უპირატესობებით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევრაზიის უსაფრთხოება შესუსტდება, ეს არ იქნება მუქარა აშშ-ის უსაფრთხოებისათვის. ტერიტორიული დანაკარგები შეიძლება ტრაგედია იყოს პატარა ქვეყნებისათვის, მაგრამ მსგავსი რამ ამერიკელებს არ დაადარდიანებს იმდენად, რამდენადაც მათ დისკომფორტს დაუყოვნებლივ არ შეუქმნის.
გარდა ამისა, ამერიკას შეუძლია შედარებით უფრო კარგად გადაიტანოს მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია, ვიდრე - სხვა ქვეყნების უმრავლესობას. ამერიკა ძლიერია და მას ბერკეტები ყველაზე მეტი აქვს.
თუმცა არის ერთ-ერთი სცენარი, რომლის დროსაც აშშ ნამდვილად არ იქნება აყვავებული ქვეყანა: ტურბულენტობა, რომელიც ხელს შეუშლის ნავთობის ნაკადს ახლო აღმოსავლეთიდან ან ნახევარგამტარების მიწოდების ჩაშლა ტაივანიდან, რომელსაც შეუძლია გლობალურ ეკონომიკურ ქაოსამდე მიგვიყვანოს, რაც ამერიკელთა ყოფა-ცხოვრებაზეც ნეგატიურად აისახება.
მაგრამ ასეთ ქაოსსაც კი შეუძლია სარგებლობის მოტანა - იმიტომ, რომ სხვა ქვეყნები უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, დიდი ფული დააბანდონ თავდაცვის საშუალებებში და ამ დროს მათ მოუწევთ მეტოქეებთან კონკურენციაც, რაც რეგიონებს განხეთქილებამდე მიიყვანს. ახლო აღმოსავლეთის საზღვაო გზების უსაფრთხოების შესუსტება ბევრ ქვეყანას ზიანს მოუტანს, მათ შორის - ჩინეთსაც, რადგან პეკინი უცხოურ რესურსებზე საკმაოდ არის დამოკიდებული.
თუ ჩინეთი შეძლებს აზიაში დომინირებას აშშ-ის წასვლის შემდეგ, პეკინი, ადრე თუ გვიან, ვაშინგტონზე გავლენის მოხდენას შეეცდება. ჩინური გავლენის გავრცელება „ცისქვეშეთს“ თანდათან მისცემს მძლავრ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას. ეს კი, თავის მხრივ, უსაფრთხოების დონეს შეამცირებს თვით ამერიკისთვისაც, რაც სოციალურ და პოლიტიკურ კონფლიქტებს გამოიწვევს, ქვეყნის შიგნით.
ლოზუნგის - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მიმზიდველობა და ტრაგედია იმაში გამოიხატება, რომ დიდი სახელმწიფო, ასე თუ ისე, თავს დაიცავს - თავისივე ცუდი გადაწყვეტილებების შედეგებისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში შეერთებული შტატები მწარედ ინანებს ისეთი მსოფლიოს ჩამოყალიბების გამო, სადაც „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იდომინირებს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა პირველები სხვა ქვეყნები ინანებენ.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო