მებაღე-მოგზაურის სამუშაო ადგილი მთელი საქართველოა - კვირის პალიტრა

მებაღე-მოგზაურის სამუშაო ადგილი მთელი საქართველოა

ვანო ვაჭრიძე ფოტოგრაფია. თბილისში ამ საქმით იყო დაკავებული, მაგრამ პანდემიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა - მშობლიურ საჩხერეს დაუბრუნდა და 4 წელიწადში ცნობილი მებაღე გახდა. ინტერნეტში ვანოს ყვავილებს კარგად იცნობენ. თავისი ბაღით ლამის მთელი საქართველო შემოიარა და დღეს საკუთარ თავს მებაღე-მოგზაურსაც უწოდებს. ვანო ვაჭრიძე ამჟამად სოფელ სავანეში ცხოვრობს, სადაც 100-ზე მეტი დასახელების მცენარეს ოჯახის წევრებთან ერთად ახარებს და უვლის.

ვანო ვაჭრიძე:

- სავანე ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია, რადგან აქ აკაკი წერეთელი იზრდებოდა. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ამაყი ვარ, რომ აქ დავიბადე. არგვეთიც 200 მეტრშია, მუხრან მაჭავარიანის სოფელი. მოკლედ, არგვეთისა და სავანის საზღვარზე ვართ. საოცარი სოფელია, მთლიანად მთებშია ჩაფლული... მიყვარს ჩვენი ლამაზი ქვეყანა, მისი ბუნება და საოცარი სოფლები და ქალაქები. სავანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ზოგი ხელობით მუშაობს, ზოგი ემიგრაციაშია და რომ გითხრათ, სავანეში ხალხი მცირე მეწარმეობას მისდევს-მეთქი, ასე არ არის.

- თქვენ გაბედეთ და მემცენარეობა სწორედ სავანეში წამოიწყეთ, ბაღი გააშენეთ...

- დიდი ხანი არ არის, რაც ეს საქმე დავიწყე. თბილისში ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული, ვიდეოგრაფიც გახლდით - ეს პანდემიამდე, პანდემიის დროს კი, როცა თითქმის ყველანაირი საქმიანობა შეჩერდა, მეც ვეღარ ვმუშაობდი. სულ ვიყავი ყვავილებით დაინტერესებული, მიყვარდა, ჩემი გატაცება იყო. შინ მუდმივად მომქონდა და იმდენი იყო, ვერ ვატევდით.

სოფელში კორონას დროს რომ წამოვედით, ყვავილები ქალაქიდან წამოვიღე. მერე ქალაქში რომ მივდიოდი, მეგობრები სხვადასხვა მცენარეს მაბარებდნენ, რადგან ჩვენს ქალაქში, საჩხერეში, არ იყო ყვავილების მაღაზია ან რამე მსგავსი... 3 და 8 მარტი ახლოვდებოდა და იდეა მომივიდა, მოდი, რამდენიმე მცენარეს თბილისიდან წავიღებ-მეთქი. რომ ჩამოვიტანე, მარტო ვერ დავდექი, მომერიდა, ყვავილი როგორ უნდა გავყიდო-მეთქი, მაგრამ გვერდით მეგობარი დამიდგა და გამაყიდვინა. ისეთი მოთხოვნა იყო და ისე მოეწონათ, რომ ამან გამათამამა. თან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

მოკლედ, გადავწყვიტე, სოფელში დავრჩენილიყავი. მალე ინტერნეტში ჩემი გვერდიც გავაკეთე. თავიდან სოფელში მე და ჩემი მეუღლე წამოვედით (იმ დროისთვის ერთი შვილი გვყავდა). ჩემი მშობლები თბილისში დარჩნენ. ხალხის მოთხოვნებმა მიბიძგა, მცენარეები გაგვემრავლებინა. სათბურიც გავმართეთ.

- ანუ მცენარეებით თქვენი მეტად დაინტერესება და უკვე საქმიანობად გადაქცევა პანდემიამ გამოიწვია?

- კი, ასეა. სრულყოფილად გამართული სათბური წელიწადია გავაკეთეთ, მანამდე სახელდახელო სათბური გვქონდა, ჩვენ შესახებ კი უმეტესად ინტერნეტის საშუალებით გაიგეს.

ბევრ ყვავილს თესლითა და კალმით ვამრავლებდი, თან ვსწავლობდი ამ საქმეს. რაღაც რომ არ გამოვიდოდა, ხელახლა ვიწყებდი. ზოგი მცენარე არ მომყვებოდა, ფუჭდებოდა. ინტერნეტშიც ყველაფერი ისე ზუსტად არ წერია, რაც ჩემს ყვავილებს სჭირდებოდა. მოკლედ, ბევრ რამეს ჩემი გამოცდილებით ვსწავლობდი. ასე, ნელ-ნელა მცენარეებიც გამრავლდა. საქმეში მეუღლეც ჩაერთო. ახლა უკვე მასშტაბურად მთელი ოჯახი ვართ ამ საქმეში, რადგან უკვე ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ სხვანაირად არ გამოდიოდა.

- რამდენი დასახელების მცენარე გაქვთ, რომლებსაც ამრავლებთ და ყიდით?

- სულ ცოტა, 100 მაინც იქნება. მათ შორის არის მოყვავილეები, მარადმწვანეები, შიდა და გარე სივრცის მცენარეები - მაგალითად, პეტუნიები, რომლებიც კარგად ხარობენ, მიხაკები. დიდი მოთხოვნაა მონსტერაზე, აზალიაზე.

e8ef1362-aafb-4c50-845f-1d337639a915-1716965075.jpg

- მებაღე და მემცენარე გასაგებია, მაგრამ თავს მოგზაურადაც წარადგენთ. თქვენი მცენარეებით მოგზაურობთ?

- შემოთავაზებები სხვადასხვა რეგიონიდან რომ იყო, გადავწყვიტე, წავსულიყავი. ჯერ ჭიათურაში გადავედი, სადაც ხშირად დავდიოდი, მერე ზესტაფონში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმსა და ოზურგეთში... გარდა იმისა, რომ რეგიონებში მივდივარ, ყველას პერსონალურად ვუხსნი, რას როგორ მოუარონ, იმიტომ, რომ ბევრჯერ მიყიდია მცენარე და ჩემთვისაც არ აუხსნიათ. ასე რომ, მცენარეებთან ერთად ვმოგზაურობ.

საქართველოს ყველა კუთხეზე ვგიჟდები, სადაც ჩემი ყვავილებით ჩავდივარ, ვცდილობ ერთი საათი გამოვნახო, რათა ქალაქი დავათვალიერო, ამას დროს აუცილებლად ვუთმობ. იქაურ წესებს, ტრადიციებს ვეცნობი, ადამიანებს ვიმეგობრებ, ღირსშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას, გარემოს ფოტოებს ვუღებ, ვიღებ ვიდეოკოლაჟებსაც. ყველა კუთხეზე მაქვს ვიდეო გადაღებული და ინტერნეტში ჩემს გვერდზე ვტვირთავ.

საქმეს კი ავუდივართ, მაგრამ საერთოდ, დიდი შრომატევადი საქმეა. დრო აღარაფრისთვის არ გვრჩება. უამრავ მცენარეს პატრონობა და ყურადღება უნდა. მუდმივად იმასაც ვცდილობთ არსებულზე არ გავჩერდეთ, სულ ახალ-ახალი დავამატოთ და ჩვენი ორანჟერეა მრავალფეროვანი გავხადოთ.

036031e0-9661-42d9-a525-2a82d274b0e2-1716965327.jpg

- სათბური დიდია?

- არ არის დიდი, მაგრამ ყოველ კვირას ახალ-ახალი შეგვაქვს. ასეთი პრინციპით ვმუშაობთ, რაღაც ჩითილი რომ გაიზარდა, იქვე სანაცვლო მზად არის. მცენარეები მანამდეც მიყვარდა, ამ საქმემდე ამან მომიყვანა, თუმცა იმას კი მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სიყვარული ასეთ სახეს მიიღებდა.

- რას ნიშნავს დღეს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- თავიდან, როგორც ვთქვი, მცენარეებისთვის დიდი ადგილი არ მქონდა და არც დრო, მაგრამ მაინც, სადაც უნდა წავსულიყავი, ახალ-ახალ მცენარეს ვყიდულობდი და ტოტებით, კალმებით ვახარებდი. ეს ძალიან მსიამოვნებდა. განსაკუთრებით ის მიხაროდა, როცა რაღაც გაიშლებოდა, ახალ ფოთოლს გამოიტანდა... ეს საქმე ჩემთვის ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ყველანაირად სასიამოვნოა. არ მეზარება, დავჯდე და მცენარეს ხანგრძლივად ვუყურო. თუ უგუნებოდ ვარ, ისევ მათთან მიწევს კონტაქტი და გუნება მეცვლება, ხალისიანი ვხდები. ბევრ მეყვავილეს ვიცნობ და თითქმის ყველა მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია. არიან ისეთებიც, ვისაც, მაგალითად, მცენარეების მოვლით სიმსივნე დაუმარცხებია. იმდენი დრო არა მაქვს, რომ მცენარეებს ველაპარაკო, მაგრამ ყოფილა, მოვფერებივარ, ჩემი ლამაზები, ჩემი გოგოები, ჩემი პრინცესები, დედოფლები-მეთქი, მითქვამს.

- ბევრი მემცენარისგან მსმენია, რა განწყობასა და ენერგიასაც გადასცემ ყვავილებს, ზუსტად ისე იხარებენო...

- კი, მათ ესმით, რადგან ცოცხლები არიან. მათთან ურთიერთობა დიდი სიხარულია. შრომას გიფასებენ, გაცემულ ენერგიას თავიანთი ყვავილობით გიბრუნებენ. მაგ მოფერების დამსახურებაა, რომ მცენარეების დიდი ნაწილი ხარობს, ყვავილობს, იშლება.

...ისე, ადრე ვხატავდი, მხატვრობაში თვითნასწავლი ვარ და რაღაცებს ვაკეთებდი. მოკლედ, სიახლეები მიყვარს, სულ ძიებაში ვარ.

- სწრაფად ააწყვეთ თქვენი საქმე ანუ ყველაფერი შესაძლებელია. ეს რის ხარჯზე მოხდა, საკუთარი გამოცდილებიდან რას გაუზიარებთ სხვებს?

- რასაც აკეთებ, გულით უნდა გიყვარდეს, მხოლოდ ფულის გამო არ უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, საქმე ფინანსური მოძლიერებისთვისაც კეთდება, მაგრამ სიყვარულის გარეშე გაჭირდება.

ამ გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ უკან არ დამიხევია. სულ მარტოსაც ძალიან ბევრი მიშრომია. ჩემზე აგდებულად ნათქვამი ფრაზებიც მომისმენია, რა ყვავილი, კაცო, ბიჭს ყვავილები როგორ გიყვარსო, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან რაც გულით გინდა, ის უნდა აკეთო და რას იტყვიან, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, სურვილი, მოქმედება, მიზანმიმართულად სვლა და ყველაფერი აუცილებლად გამოგივა.

ლალი ფაცია