ნივრის „ხრაშუნა“ მწნილის საუკეთესო რეცეპტები - კვირის პალიტრა

ნივრის „ხრაშუნა“ მწნილის საუკეთესო რეცეპტები

ვისაც ნედლი ნიორი არ უყვარს, ალბათ, ვერც ნივრის მწნილი მიიზიდავს. თუმცა საკმარისია ეს პიკანტური კერძი ერთხელ გასინჯოს, რომ მის მიმართ გულგრილობა დაივიწყოს, თანაც, თუ ბუნებრივი სახით ნივრის მირთმევა მეტად ცხარე გემოსა და ბევრისთვის არაკომფორტულ სუნს ტოვებს, ნივრის მწნილს ამგვარი თვისებები თითქმის არ ახასიათებს. გარდა ამისა, ის ნებისმიერ კერძს უხდება, ტკბილეულის გარდა. ნივრის ყველასთვის ცნობილ სასარგებლო თვისებებზე საუბრის გაგრძელება ალბათ, არც ღირს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ცივად მომზადებული ნივრის მწნილი ნივრის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და ჯანმრთელობით აჯილდოებს ადამიანს.

შემოდგომით დათესილი ნივრის აღება მაისის ბოლოდან იწყება, როდესაც ნივრის მწნილის დამზადებასაც შეგვიძლია შევუდგეთ, ამ დროს ნიორი ყოველდღიურ საკვებადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ და საზამთროდაც შევინახოთ. თუმცა ნივრის მოსავლის აღების დაწყებამდე შეგვიძლია მწნილი არა თვით ნივრისგან, არამედ მისი ღეროებისგანაც დავამზადოთ. მათ ხშირად ნახავთ ბაზრებში, სადაც ახალ ნიორს ღეროებთან ერთად შეიძენთ. ნივრის მწნილსა და მისი დამზადების რამდენიმე სახეობაზე მაღალმთიანი ხულოდან ნათელა კაიკაციშვილი გვესაუბრება. ნიორი ხულოსთვის ერთ-ერთი "საფირმო კულტურაა".

- ქალბატონო ნათელა, პირადად რომ არ მენახა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ნივრის მწნილი არა მხოლოდ ნივრის თავებისგან, არამედ მისი ნედლი ღეროებისგანაც მზადდება. არადა, ნივრის ღეროებს ყველგან ყრიან, მათ შორის ბაზრებშიც, კლიენტი ამბობს, რომ ღეროები არ სჭირდება.

- როგორც პრასს ვამწნილებთ ძალიან დიდი ხნიდან, ასევე ვამწნილებთ ნივრის ღეროებსაც. გემოთი ეს ორივე მწნილი ერთმანეთს არ ჩამოუვარდება, თუმცა ნივრის ღეროების მწნილს გაცილებით მეტი ჩ ვიტამინი აქვს, ვიდრე პრასისას, თანაც არც დამწნილებაა ძნელი და სხვა მწნილებისგან ბევრი ნიუანსითაა განსხვავებული. ნივრის ღეროების მწნილს, ჩემი აზრით, ძალიან უხდება კამა ან ცერეცო. კარგად გარეცხილი ნივრის ღეროები თავისივე ფოთლით (ფოთოლს წვერი წავაცალოთ) ქაფქაფა მდუღარე წყალში დაახლოებით 5 წუთით უნდა მოვწალოთ (დარბილებამდე). შემდეგ ფენა-ფენა უნდა დავალაგოთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში, სადაც ფენებს შორის ცერეცოს, დაფნასა და ოხრახუშს გემოვნების მიხედვით ჩავაწყობთ (წიწაკის დამატება არ სჭირდება). როდესაც ქილას მოწალული ნივრის ღეროებით ამოვტენით, უნდა დავასხათ მარილწყალი (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილი), შემდეგ კი გავასტერილოთ და მოვხუფოთ, თუ მწნილის საზამთროდ შენახვა გვსურს. თუ არა, შეგვიძლია ნივრის ღეროებით ამოტენილ ჭურჭელს ხუფი დავაფაროთ და მწნილიც ერთ კვირაში იქნება მზად. საუკეთესო საკვებია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წონაში კლება სურს, ნიორი და მისი ღეროები სამედიცინო ექსპერიმენტებით არის აღიარებული წონის კლების საშუალებად. გარდა ამისა, ყველა სასარგებლო თვისება აქვს შენარჩუნებული, რაც ცოცხალ ნიორს. მწნილის უპირატესობა ისიც არის, რომ შენახვის ხანგრძლივობა ბევრად მეტია, ვიდრე თავად ნივრისა, რომელიც ზამთრის დასასრულიდანვე იწყებს ე.წ. აბოლებას (ღეროს გამოტანა). ისე კი ნიორი ხახვთან ერთად ის მცენარეა, რომელსაც არც ყინვა აშინებს, არც სიცხე, Aამიტომაც არის ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც ასე მებრძოლი.

nnnn-1716965074.jpg

- თავად ნივრის მწნილი როგორღა მზადდება? ის რეცეპტები მითხარით, რომლებითაც ნიორი ხრაშუნა გამოდის და არა რბილი.

- ნივრის მწნილის "ხრაშუნობას" ხელს ძალიან უწყობს ძმარი, რომელსაც მწნილს მცირე რაოდენობით ამატებენ. მასთან ერთად კი კარგია სამწნილე ნივრიან ქილაში ადუღებული წყლის ჩასხმა და შემდეგ რამდენჯერმე გამოცვლა. ასე დამზადებულ მწნილში ნიორი, ასე ვთქვათ, ვერ "ასწრებს" მორბილებას და თავდაპირველი ხრაშუნა გემოთი ინახება როგორც საზაფხულო კერძად, ასევე საზამთროდაც. არსებობს ხრაშუნა ნივრის ცივი და ცხელი წესით დამწნილების რეცეპტები. ცივი წყლით დამწნილებას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ცხელი წყლით დამწნილებას. თქვენ რომელი გნებავთ?

- ორივე, ქალბატონო ნათელა.

- ნიორს შევაცლით გარეკანს (უნდა დავუტოვოთ ერთი ფენა), მოვაჭრით ყუნწებსა და ქვედა ნაწილს. ცხელი წყლით მწნილის მომზადებისას გარეცხილი და ფუჩეჩშემოცლილი ნიორი უნდა ჩავალაგოთ ჭურჭელში ფენა-ფენა, მოვალაგოთ ცოტაოდენი შავი წიწაკის მარცვალი და დაფნა, შემდეგ კი დავასხათ ადუღებული წყალი, რომელსაც ორ-სამჯერ გამოვუცვლით, როდესაც შენელდება. ბოლოს დავასხამთ ადუღებულ წყალს, რომელშიც მარილი გახსნილი იქნება პროპორციით 1 ლიტრზე 1 სუფრის კოვზი და მცირედი შაქარიც. ამის შემდეგ ქილას თავს დავახურავთ და გრილ ადგილას დავდგამთ. დაახლოებით ერთ კვირაში გემრიელი დამწნილებული ნიორი მზად იქნება.

რაც შეეხება ხრაშუნა ნივრის ცივი წესით დამზადებას, მას ერთი კვირის განმავლობაში სჭირდება ცივი წყლის გამოცვლა. ამ რეცეპტით ნიორი ყოველგვარი სანელებლის გარეშე უნდა ჩავაწყოთ ქილაში. დავასხათ ცივი წყალი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვუცვლით. ერთი კვირის შემდეგ ნივრის მწნილს ვუმატებთ მარილწყალს (1 ლიტრზე 1 სუფრის კოვზი მარილი), დაფნას, ძმარს (1 სუფრის კოვზი), შავი წიწაკისა და მიხაკის მარცვლებს (10 ცალამდე). ერთი კვირის გავლის შემდეგ შეგვიძლია ნივრის პიკანტური მწნილი მივირთვათ.

არსებობს სხვა, ოდნავ განსხვავებული რეცეპტიც. გარეცხილ ნიორს ჩავაწყობთY ქილებში, დავასხამთ ცივ წყალს და დავდგამთ ნახევრად თავახდილს უმზეო ადგილას. 3 დღის განმავლობაში ყოველდღე, დღეში 3-ჯერ ვუცვლით წყალს, მეოთხე დღეს კი ვასხამთ მარილწყალსა და ძმარს, დავაფარებთ პოლიეთილენის სახურავს. ერთი კვირის შემდეგ მწნილი მზად არის. აუცილებლად უნდა შევინახოთ გრილ ადგილას.

- რამდენი კილოგრამი ნიორი თავსდება, მაგალითად, 1-ლიტრიან ქილაში.

- 1-ლიტრიან ქილაში მწნილის გაკეთებას არ გირჩევთ, რადგანაც ქილა პატარაა, მწნილი კი იმდენად პიკანტური, რომ შეიძლება ერთ დიდ საოჯახო სუფრას არც ეყოს. ამიტომ 3-ლიტრიან ქილაში მოამზადეთ. ამ ქილაში დაახლოებით 2 კგ სამწნილე ნიორი თავსდება. 3-ლიტრიან ქილაზე 3 სავსე სუფრის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი ძმარი საკმარისია, თუმცა არის ხალხი, რომელიც 1-ლიტრიან ქილას 2 სუფრის კოვზ მარილს ამატებს. ნივრის მწნილი ისეთი გემრიელი რამ არის, მისი მომზადების "საიდუმლო" სიამოვნებით გადმოგეცით.