"ჩვენს ქვეყანაში მოდელობა არაა ის საქმე, რომელსაც შეიძლება "პროფესია" ვუწოდოთ, თავის გატანა შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში მოდელობა არაა ის საქმე, რომელსაც შეიძლება "პროფესია" ვუწოდოთ, თავის გატანა შეუძლებელია"

რამდენი სამსახური სჭირდება ადამიანს საქართველოში, ნორმალური შემოსავალი რომ ჰქონდეს? - ამ შეკითხვით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს მივმართეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ნინი გრძელიშვილი:

"ჩვენს ქვეყანაში მოდელობა არაა ის საქმე, რომელსაც შეიძლება "პროფესია" ვუწოდოთ: შემოსავლის თვალსაზრისით, ეს ისეთი სფერო არ არის, რომ ამით იცხოვრო. რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებზე არ მაქვს საუბარი, როცა საერთაშორისო, ცნობილი ბრენდების სახე ხარ და კარიერას საზღვარგარეთ აგრძელებ. ასე იშვიათად უმართლებთ. ამ რეალობის საფუძველზე, ვფიქრობ, სამოდელო სფეროში მუშაობით თავის გატანა შეუძლებელია..."

ნინუსი ტურავა:

"ფინანსური კუთხით თუ ვიმსჯელებთ, მგონია, რომ 3.000 ლარზე ნაკლები შემოსავალი არავის არ უნდა ჰქონდეს. ეს თანხა რომ გამოიმუშაო, დღესდღეობით, დაახლოებით 3-4-გან მაინც უნდა იმუშაო, რადგან თითქმის ყველგან ძალიან დაბალი ანაზღაურებაა. მაგალითად, 1 წელია, რაც ჩემი დაქალი სამსახურს ეძებს - მოძებნაში მეც ვეხმარები, მაგრამ გეფიცები, დამსაქმებლები 600-ლარიან ხელფასს ვერ გასცდნენ..."

ანანო სირბილაძე:

"1 რეკლამაში მიღებული თანხა შეიძლება, გარკვეული პერიოდი გეყოს, მაგრამ მერე, 3-4 თვე გადაღება საერთოდ აღარ გქონდეს. ასევე, არის შემთხვევები, როცა თვეში რამდენიმე გადაღებაა და ეს უკვე ნორმალურია. თუ ძალიან დაკავებული ხარ, შემოთავაზებები სისტემატურად გაქვს (რეკლამები, პროექტები, სერიალები), შესაძლოა საკუთარი შემოსავლით თავი ირჩინო, მაგრამ ასეთ მსახიობებს ნაკლებად ვიცნობ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი