ზელენსკი პუტინს სახლში "მიაკითხავს"?! - რა მოხდება, თუ უკრაინელები ამერიკულ იარაღს რუსეთის ტერიტორიას "დაურახუნებენ" - კვირის პალიტრა

ზელენსკი პუტინს სახლში "მიაკითხავს"?! - რა მოხდება, თუ უკრაინელები ამერიკულ იარაღს რუსეთის ტერიტორიას "დაურახუნებენ"

გინახავთ სიტუაცია, რომ რინგზე მებრძოლი ორი მოკრივიდან ერთს მარჯვენა ჰუკით დარტყმას უკრძალავდნენ, ხოლო მის მოწინააღმდეგეს ყველანაირი დარტყმის უფლება ჰქონდეს? სწორედ ასე ხდება რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელსაც, როდესაც მოქმედებს არაოფიციალური აკრძალვა, დაწესებული ნატოს წევრი ქვეყნებიდან უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის - ჩვენ მიერ მოწოდებული დასავლური წარმოების შეიარაღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეო...

ეს „წითელი ხაზი“ დასავლეთმა თავადვე გაივლო, რითაც კრემლს კოჭი გაუგორა - მოსკოვი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ მანამდე ანექსირებულ ყირიმში, ასევე, ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა თუ ხერსონის ოლქების ნაწილებში, „ჰაიმარსებიდან“ განხორციელებული ზუსტი სარაკეტო დარტყმები, თურმე, რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას ნიშნავდა, რადგან კრემლმა ისინი თავისად გამოაცხადა...

1-pet-1716970199.jpg
თეთრმა სახლმა, კიევს რომ გაუუქმოს აკრძალვა, უკრაინელი მეზენიტეები 160 კმ-მდე მოქმედი „პეტრიოტებით“ პუტინის „არწივებს“ ცას ჩაუკეტავენ ვორონეჟი-კურსკი-ორიოლი-ბრიანსკის ხაზამდე...

მართალია, საბედნიეროდ დასავლეთში ასე არ ფიქრობენ, მაგრამ ძალაში რჩება არაოფიციალური აკრძალვა - არც ერთი ამერიკული თუ ევროპული რაკეტა და ბომბი არ უნდა აფეთქდეს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთის ამ ტერიტორიებიდან ხორციელდება უკრაინის დაბომბვა და, სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე უპრიანია რუსული „ისკანდერების“ საპასუხო სარაკეტო დარტყმებით განადგურება, უშუალოდ ბელგოროდის ოლქის ტყეებში ან ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომზე 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული კასეტურქობინიანი აერობალისტიკური რაკეტებით თავდასხმა, რათა იქიდან ვეღარ აფრინდნენ ის რუსული საფრონტო ბომბდამშენები, რომლებიც უკრაინას პლანირებად და მართვად საავიაციო ბომბებს აყრიან...

მაგრამ თეთრი სახლი მაინც თავისზე დგას - ჩვენ არ ვიწონებთ და არ მიგვაჩნია შესაძლებლად, რომ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება გამოყენებულ იქნეს რუსეთში, ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილაო, - აცხადებს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი. რას უფრთხის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და განსაკუთრებით კი - მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი? - რა თქმა უნდა, კრემლის საპასუხო რეაქციას, რადგან პუტინის რეჟიმს ძალიან აღიზიანებს უკრაინის არმიის არსენალში ამერიკული წარმოების შეიარაღების ახალი ტიპების გამოჩენა და ყოველთვის მორიგი წითელი ხაზის გავლებას აანონსებს - თუკი აშშ უკრაინას მიაწოდებს ამა და ამ შეიარაღებას, მაშინ რუსეთი...

2-pet-1716970325.png

ამ რუკაზე ასახულია, თუ სადამდე შეიძლება მიწვდნენ უკრაინის საზღვრიდან უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმისკენ გაშვებული დასავლეთის მიერ კიევისთვის გადაცემული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე, საარტილერიო ჭურვები...

მაგრამ ამ რუსული წითელი ხაზებით დამუქრების ტაქტიკამ როდის იმუშავა? ასე იმუქრებოდა კრემლი უკრაინისთვის ამერიკული "ჰაიმარსების" "აბრამსებისა" თუ ბალისტიკური რაკეტების გადაცემის წინაც, თუმცა მერე რა? მალე უკრაინა ამერიკული წარმოების გამანადგურებელ თვითმფრინავებსაც მიიღებს, ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნიდან, რასაც რუსეთი ვერც ამ შემთხვევაში აღუდგება წინ. თუმცა რუსეთის დამუქრება წითელი ხაზების გავლებით მაინც იძლევა დროებით მოგებას კრემლისთვის, რადგან ფრთხილი ამერიკელები და ევროპელები უსაშველოდ აჭიანურებენ უკრაინის არმიისთვის ასე საჭირო შეიარაღების გადაცემას და რიგ შემთხვევაში, დაგვიანებულიც არის ხოლმე. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, შეუძლია უკვე მიღებული ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო დარტყმა მიაყენოს იმავე ვორონეჟის სამხედრო აეროდრომს, მაგრამ კიევში უფრთხიან, რომ გაბრაზებულმა თეთრმა სახლმა სულ არ შეუწყვიტოს შეიარაღების ახალი პარტიების მიწოდება უკრაინას. ისე კი, სიმართლე რომ ითქვას, ამერიკული წარმოების შეიარაღებას უკრაინელები მაინც იყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე, იქნება ეს შეჯავშნული "ჰამვებით" ბელგოროდის ოლქში "რუს მოხალისეთა კორპუსის" (რომელსაც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აკონტროლებს) სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები თუ ბელგოროდის ოლქის თავზე ოთხ წუთში ოთხი რუსული სამხედრო საფრენი აპარატის (ორი თვითმფრინავისა და ორი შვეულმფრენის) ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგდება, რაც იმ სიშორეზე მხოლოდ ამერიკული "პეტრიოტის" "მოხეტიალე" საზენიტო-სარაკეტო დანადგარს შეეძლო აღესრულებინა, ისევე, როგორც რუსული მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის აფეთქება.

3-pet-1716970408.png
როდესაც მტერი შენ უმოწყალოდ გბომბავს და გაქვს საკადრისი პასუხის გაცემის ტექნიკური საშუალება, მაგრამ ამის ნებას არ გრთავენ...

როგორც ახლა ირკვევა, ამერიკული „მოხეტიალე პეტრიოტით“ რუსეთის ბელგოროდის ოლქის თავზე რუსული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოგდებისთვის, თურმე, ვაშინგტონი დამუქრებია კიევს - კიდევ ერთხელ დაარღვევთ პირობას, რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენ მიერ მოწოდებული შეიარაღების გამოუყენებლობაზე და საერთოდ შეგიწყვეტთ სამხედრო დახმარების აღმოჩენასო... თუმცა ბოლო დღეებში ყინული გალღვა და დაიძრა -ერთმანეთის მიყოლებით ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინას სასწრაფოდ უნდა მოეხსნას ეს შეზღუდვა და დასავლური შეიარაღება გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ოღონდ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ არავითარ შემთხვევაში არ ამოიღოს სამოქალაქო ობიექტებიო... ასეთ დათმობაზე დასავლეთელი პოლიტიკოსები იმიტომ მიდიან, რომ დარწმუნდნენ შექმნილი სიტუაციის აბსურდულობაში - თუკი ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ მონაკვეთებზე რუსეთის საოკუპაციო ძალები შეჭრილები არიან უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში და უკრაინელებს შეუძლიათ დასავლური შეიარაღებით საპასუხო დარტყმები მიაყენონ უშუალოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩრდილოეთით ხელახლა გახსნილ ფრონტზე, ხარკოვთან და ვოვჩანსკთან, პუტინის არმია სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს აყენებს უშუალოდ რუსეთის ბელგოროდის ოლქის სიღრმიდან და წარმატებული კონტრსაბატარეო ბრძოლის საწარმოებლად უკრაინის გენშტაბს აუცილებლად სჭირდება მტრის საცეცხლე პოზიციების ჩაჩუმება უშუალოდ რუსეთისვე მიწაზე...