"რევოლუციის გეგმა" გია ხუხაშვილისგან?! - "დღეიდან ხალხმა პრეზიდენტთან ერთად დროებით უნდა აიღოს კონსტიტუციის დაცვის მცდელობა" - კვირის პალიტრა

"რევოლუციის გეგმა" გია ხუხაშვილისგან?! - "დღეიდან ხალხმა პრეზიდენტთან ერთად დროებით უნდა აიღოს კონსტიტუციის დაცვის მცდელობა"

„ხელისუფლებამ საბოლოოდ დატოვა კონსტიტუცირი წესრიგის ფარგლები“, - ამ განცხადებით ეხმაურება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფაქტს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, შესაბამისად ხალხი უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე - დაიწყოს პირდაპირი დემოკრატიული პროცესი. რას ნიშნავს ხალხის მიერ დემოკრატიული პროცესის დაწყება, დაიწყება თუ არა საყოველთაო დაუმორჩილებლობა და როგორი იქნება საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების რეაქცია თუ ხელისუფლების პასუხი, ამის შესახებ გია ხუხაშვილი გვიამბობს.

გია ხუხაშვილი

- რადგან ხელისუფლებამ საბოლოოდ დატოვა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების სივრცე და ამით ფაქტობრივად, კანონგარეშედ დააყენა საკუთარი თავი, დღეიდან ქვეყნის ცხოვრებაში იწყება პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი პრეზიდენტთან თანამშრომლობით, დროებით იღებს კონსტიტუციის დაცვის ფუნქციას, ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივი სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის მიზნით, ყველა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, თუ სხვა ტიპის პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ანტიკონსტიტუციური ქმედების დაუმორჩილებლობის გზით. ე.ი. ხალხი აიძულებს ხელისუფლებას დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში, თუ ვერ აიძულებს, იწყებს მის შეცვალას.

- თქვენი ვერსიით, ეს პროცესი სადამდე უნდა გაგრძელდეს?

- ჩემი აზრით, ეს პროცესი უნდა გაგრძელდესა 26 ოქტომბრამდე, როდესაც ხალხი არჩევნების გზით აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს და დააბრუნებს ქვეყანას უზენაესი კანონით განსაზღვრულ კალაპოტში. მანამდე პროცესი უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს, ექსკალაცია და დაპირისპირება ისევ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს, უფრო მეტიც, ეს ხელისუფლების ერთადერთი შანსია.

- დასაწყისისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეფერენდუმი შემოგვთავაზა. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა...

- პირადად მე რეფერენდუმს არ მივიჩნევ აუცილებლად, 26 ოქტომბრის არჩევნები თავისთავად იქნება რეფერენდუმი, იმიტომ, რომ ამ დღეს ის კი არ უნდა გადაწყდეს, რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, არამედ უნდა გადაწყდეს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ბედი - რუსეთში წავალთ თუ ევროპაში. აქედან გამომდინარე, არჩევნები ისედაც გამოდის რეფერენდუმი და დამატებითი ელემენტების შემოტანა შეიძლება არც იყოს აუცილებელი, თუმცა, წინააღმდეგიც არ ვარ.

- პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და „ქართული ქარტია“ არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, მადლობა მას ამისათვისო...

- დიდი მნიშვნელობა აღარც უნდა მივანიჭოთ რას იტყვის სოციოპათი კობახიძე. რეპრესიები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ჩვენ ამას მტკიცე ნება და კანონი უნდა დავუპირისპიროთ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყველა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული კუთხით, უნდა გამოვუცხადოთ სრული ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა. ამ პერიოდში, ყველა იურიდიული, თუ ფიზიკური პირი, რომელიც გახდება ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის მიღმა მყოფი უკანონო ქმედების მსხვერპლი, უნდა გამოცხადდეს პოლიტიკური დევნის სუბიექტად. შემდეგ კი, როდესაც ქვეყანა კონსტიტუციურ ფარგლებს დაუბრუნდება, ყველა დამნაშავეს უნდა გავცეთ პასუხი, სისხლის სამართლის შესაბმისი მუხლებით, ეს მათ წინასწარ უნდა იცოდნენ!

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)