"კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება" - კვირის პალიტრა

"კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება"

კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება - ხოლო თქვენ, ვინც უსამშობლოები ხართ, ისევ იმ დაკვეთის და დაფინანსების მოლოდინში იქნებით, როგორ არიოთ ეს ქვეყანა და მოახდინოთ უკრაინიზაცია, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

ზარქუას თქმით, ის, ვინც გულწრფელად გულანთებულია, დღესაც გარეთ იდგებოდა, მაგრამ მათ „პაუზა გამოაცხადეს იმიტომ, რომ დაფინანსება შეწყდა და თქვეს, რომ ივნისის თვეში ისევ შევიკრიბოთო“.

„ჩვენ ვნახეთ ხელმოცარულების და უსამშობლოების ასეთი ბაქიბუქი, რომ „კანონს არ მიგაღებინებთ“, „თავზე გადაგახევთ“ - ამას ეუბნებოდნენ უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და პარლამენტს. კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო თქვენ, ვინც უსამშობლოები ხართ, ისევ იმ დაკვეთის და დაფინანსების მოლოდინში იქნებით, როგორ არიოთ ეს ქვეყანა, მოახდინოთ უკრაინიზაცია. „მაიდანი“ გინდათ ხომ? მერე გინდათ რომ მეორე ფრონტი გახსნათ? - ამაზე უარი გითხრათ ქართველმა ხალხმა და არ დაგიდგათ გვერდით. ამიტომაც არის რომ ახლა პაუზა გამოაცხადეთ. ის ვინც გულწრფელად ანთებულია დღესაც გარეთ იდგებოდა. არა, პაუზა გამოაცხადეს იმიტომ, რომ დაფინანსება შეწყდა. თქვეს, რომ ივნისის თვეში ისევ შევიკრიბოთო. მანამდე რა? თუ ასე ფიქრობ მანამდე სად არის სამშობლო შენს ნაწილში? - არა, ესენი არიან გაერთიანებული, შემოიკრიბეს ის ახალგაზრდები, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და ის ორგანიზატორები, ვინც წლებია ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტს, იდენტობას, ეკლესიას, მართლმადიდებლობას. ეს უსამშობლოები აგრძელებენ ამ მარაზმს“, - აღნიშნა ზარქუამ.

რაც შეეხება არასამთავრობოების განცხადებას, რომ „რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან“, ზარქუამ აღნიშნა, რომ ეს მათი უფლებაა, მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც ჯარიმებს ითვალისწინებს.

„ეს მათი უფლებაა. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჯარიმებს ითვალისწინებს. პირველ ჯერზე თუ არ ვცდები 20 ათასია, შემდეგ 25 ათასი. გააგრძელებენ და კი ბატონო, ბიუჯეტი შეივსება. ამ ბიუჯეტით შემდეგ ბევრ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, ინფრასტრუქტურას განვავითარებთ და კარგია. ის ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებს მოერგება, გააგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივად, ვინც არა - დაჯარიმდება”, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.